Facebook Twitter

№ბს-955(კ-22) 14 დეკემბერი, 2022 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 9 დეკემბერს მ.ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სტიქიური მოვლენების შედეგად გაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. მოსარჩელემ ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №4/58123 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №4/58123 გადაწყვეტილება მოსარჩელე მ.ნ-ის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ.ნ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე მ.ნ-ის ოჯახი, მისი მეუღლე - ნ.ი-ი და შვილი - ბ.ნ-ე არიან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილი საცხოვრებლი სახლით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2019 წლის 27,28,29,30,31 მაისის და 3 ივნისის 2019 წლის №5 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ.ნ-ის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგან გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის მიზეზით. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №04/58123 გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, მ.ნ-ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და ძალაში დარჩა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2019 წლის 27, 28, 29, 30, 31 მაისის და 3 ივნისის სხდომის ოქმი №5 მ.ნ-ის ნაწილში. გადაწყვეტილების შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განიხილა მ.ნ-ის 2019 წლის 12 ივლისის №99030 ადმინისტრაციული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მ.ნ-ის შვილს - თ.ნ-ეს ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მშობლებისთვის შეძენილი ჰქონდა უძრავი ქონება (ს/კ ...), რომლითაც მათ შეეძლოთ შეუზღუდავად სარგებლობა. ამიტომ ოჯახს დააკლდა 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში და მ.ნ-ის მიერ შევსებული განაცხადის შეფასების შედეგად მინიჭებული 16 ქულა განისაზღვრა 10 ქულით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად ვერ დადასტურდა მოსარჩელის ოჯახის მიერ მითითებული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული ორგანოს წარმოების მასალების შესაბამისად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო რემონტის მიმდინარეობის გამო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა და დაკითხულმა მ.ნ-ის შვილმა - თ.ნ-ემ დაადასტურა, რომ ცხოვრობდა მარტო, არის მისი სახლი, არ აქვს მამასთან კარგი ურთიერთობა. მისი საკუთრება არ არის მოსარჩელისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის შესახებ და ამ კრიტერიუმში ოჯახისათვის 6 ქულის დაკლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებას - 2018 წლის 1 თებერვალს მოსარჩელემ ოჯახის წევრებთან - ნ.ი-თან და ბ.ნ-ესთან ერთად შეავსო განაცხადი ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 16 ქულა: საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია 1 კატეგორია - 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა.

კასატორის მითითებით, 2013 წლის 13 ნოემბრის №799-ე ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელის მისამართზე განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. შემოწმებისა და შვილის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხის შვილის საკუთრებაშია ორსართულიანი სახლი სოფელ ...ში, რომელიც თ.ნ-ემ ოჯახის უსაფრთხოდ საცხოვრებლად შეიძინა. მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ 2019 წლის 27, 28, 29, 30, 31 მაისის და 3 ივნისის №5 სხდომაზე იმსჯელა ეკომიგრანტთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელე სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქონის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა 2019 წლის 12 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა კომისიის გადაწყვეტილების ბათილობა, მისი საკითხის ხელახლა განხილვა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. საჩივრის განხილვის მიზნით 2019 წლის 17 სექტემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც გამოცხადდა განმცხადებელი - მ.ნ-ე და მოწმე - თ.ნ-ე. თ.ნ-ემ სხდომაზე განაცხადა რომ იგი ცხოვრობს სოფელ ...ში, ნათესავის ოჯახში. მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე მან იმავე რაიონში შეიძინა ორსართულიანი სახლი და წამოიწყო სარემონტო სამუშაოები, რაც ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაასრულა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ფართით შეუზღუდავად სარგებლობა.

კასატორის მითითებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელე მხარე უარყოფდა შვილის განმარტებას, სასამართლოს არაერთ სხდომაზე ცხადდებოდა შვილიც და არაერთხელ დაადასტურა ერთმანეთთან კონფლიქტის არარსებობა და ის, რომ გააჩნია საკუთრება, რომლითაც მოსარჩელის ოჯახს თავისუფლად და შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დანართი №1 განისაზღვრა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, დენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებას, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამავე მუხლის მე-16 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ხოლო მე-17 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ.ნ-ის ოჯახი, მისი მეუღლე - ნ.ი-ი და შვილი - ბ.ნ-ე არიან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილი საცხოვრებლი სახლით.

2018 წლის 1 თებერვალს მოქალაქე მ.ნ-ემ, ოჯახის წევრებთან - ნ.ი-თან და ბ.ნ-ესთან ერთად მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2019 წლის 20 ივნისის №04/33610 წერილით მ.ნ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2019 წლის 21 იანვარს მ.ნ-ის საცხოვრებელ მისამართზე სოფელ ...ში ჩატარდა მონიტორინგი, რომლის საფუძველზე გამოირკვა, რომ საცხოვრებელ საკარმიდამო ნაკვეთში დგას მეწყრული პროცესის შედეგად ძლიერ დაზიანებული სახლი, საკარმიდამო ნაკვეთიც დამეწყრილია და დატერასებულია მეწყრული საფეხურებით. აღნიშნულ მისამართზე მუდმივად ცხოვრობენ მ.ნ-ე, მისი მეუღლე - ნ.ი-ი და შვილი - ბ.ნ-ე, მეორე შვილი - თ.ნ-ე დაახლოებით სამი წელია ცხოვრობს ნათესავის სახლში, სოფელ ...ში. ამავე სოფელში თ.ნ-ემ 2017 წელს იპოთეკური სესხით შეიძინა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის სარემონტო სამუშაოები ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაასრულა. 2019 წლის 5 სექტემბერს დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა სოფელ ...ში, თ.ნ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც დაწყებულია კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია და საცხოვრებლად საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები არ არის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელე მ.ნ-ის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა ჯამურად 16 ქულა, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია პირველი - 10 ქულა, სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2019 წლის 27,28,29,30,31 მაისის და 3 ივნისის 2019 წლის №5 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ.ნ-ის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგან გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის მიზეზით. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №04/58123 გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, მ.ნ-ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და ძალაში დარჩა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2019 წლის 27, 28, 29, 30, 31 მაისის და 3 ივნისის სხდომაზე ოქმი №5 მ.ნ-ის ნაწილში. გადაწყვეტილების შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განიხილა მ.ნ-ის 2019 წლის 12 ივლისის №99030 ადმინისტრაციული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მ.ნ-ის შვილს - თ.ნ-ეს ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მშობლებისთვის შეძენილი ჰქონდა უძრავი ქონება (ს/კ ...), რომლითაც მათ შეუძლიათ შეუზღუდავად სარგებლობა. ამიტომ ოჯახს დააკლდა 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში და მ.ნ-ის მიერ შევსებული განაცხადის შეფასების შედეგად მინიჭებული 16 ქულა განისაზღვრა 10 ქულით.

საქართველოს ...ას მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 მარტის №1645 მიმართვის საფუძველზე გადაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმ ბენეფიციართა სია რომლებიც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, გასაყვანი იყო გეოლოგიურად მდგრად ადგილზე. სიის თანახმად, ...ის ადმინისტრაციული ერთეულში განსაზღვრული ბენეფიციარი არის ასევე - მ.ნ-ე -... (სიის ნომერი ...).

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის მიერ ალტერნატიული უძრავი ქონებით (მისი არსებობის შემთხვევაში) შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია თ.ნ-ის საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარების საჭიროება და აუცილებლობა და ის ფაქტი, რომ თავად თ.ნ-ეც ნათესავის ოჯახში ცხოვრობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსაკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი