Facebook Twitter

№ბს-942(კ-20) 28 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.ს-ა; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი (სასკ 16.2) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 18 სექტემბერს გ.ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილების (,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №... (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე’’) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ.ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №... (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2397-12) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით (საქმე №3ბ/759-12) განიმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა დაზუსტებული მონაცემებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი მოთხოვნების დაცვით. რაც შეეხება მოსარჩელე გ.ს-ას მიწის ნაკვეთს, იგი რეგისტრირებული იყო ადგილობრივ კოორდინატთა სისტემაში და მისი მდებარეობა იყო დაუზუსტებელი, რის გამოც მისი იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა ერთიან საკადასტრო მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად, სახეზეა დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოშობილი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება, რომელთა მიმართ თავის მხრის მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვერ ადასტურებს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის უსწორობას, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლოს გადაწყვეტილებებით ნათლად განიმარტა, რომ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა დაზუსტებული მონაცემებით და არ არსებობს მისი კონფიგურაციის შეცვლის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ისევე როგორც ნებისმიერი მესაკუთრე, ფიზიკური ან იურიდიული ფიზიკური პირი, ვალდებულია დაიცვას როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. აღნიშნული გათვალისწინებული იყო როგორც სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს მოქმედი - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით, ისე დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 109-ე მუხლით, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილობა და იგი ითხოვს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 582 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 195 კვ.მ-ის მის საკუთრებად რეგისტრაციას. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, ზემდგომი სასამართლოს მხრიდან სრულად უნდა შეფასდეს საქმის შინაარსი (სასარჩელო მოთხოვნები და მოთხოვნის საფუძვლები). მოსარჩელე 2012-2019 წწ. ჩატარებული სასამართლო განხილვებისას სასარჩელო მოთხოვნებს აყალიბებს იმგვარად, რომ 195 კვ.მ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო საზღვრებში, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩატარებული არაერთი ადმინისტრაციული წარმოებით იკვლევს და ადგენს, რომ 582 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ... ) მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონიერია, რაც გულისხმობს, რომ დაინტერესებული პირი გ.ს-ა არ ფლობს კონკრეტული კოორდინატებით მდებარე 195 კვმ. მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. შესაძლოა მოსარჩელეს 655 კვ.მ მიწის ნაკვეთის გარდა რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს 195 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თუმცა არა იმ მიმართულებით სადაც მდებარეობს მუნიციპალიტეტის ქონება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2020 წლის 10 იანვრის სადავო გადაწყვეტილებით, აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელეს უფრო ადრე ჰქონდა ქონება რეგისტრირებული, დაუზუსტებელი მონაცემებით და შესაბამისად, მოქმედებს რიგითობის პრინციპი. აღნიშნულ გარემოებას სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ იზიარებს, რადგან რიგითობის პრინციპის არსებობას და მის დარღვევას მოცემულ საქმეზე ადგილი არ აქვს. პრობლემა/სადავო საკითხი ისაა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მოთხოვნილი კონკრეტული ლოკაციით/კოოორდინატებით მდებარე 195 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, გ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.14წ. №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, სადავო საკითხს სწორედ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული - ,,რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №... (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და შესაბამისად სააპელაციო განჩინება სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე - გ.ს-ას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მცხეთაში, სოფელ ... ში მდებარე 0.085 ჰა დაუზუსტებელი ფართის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი... , სექტორი - ... , კოდი ... , კვარტალის №... , ნაკვეთის №... , მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №... ... ... ... ) საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მ.ჩ-ის სახელზე, 1997 წლის 14 სექტემბრის №16697 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მცხეთის რაიონის, სოფელი ... ის მიერ 1997 წლის 14 სექტემბერს გაცემული №16697 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მ.ჩ-ს გადაეცა 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა რეფორმამდე არსებულ 600 კვ.მ. და დამატებით გამოყოფილ 250 კვ.მ. ფართს. მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმა, რომელიც ასახავდა ნაკვეთის საზღვრების შესახებ ინფორმაციას. გადაცემულ მიწის ნაკვეთს A-დან B-მდე ესაზღვრებოდა გზა, B -დან C - მდე №64, C -დან D-მდე №60, ხოლო D-დან A-მდე გზა.

2007 წლის 28 დეკემბერს, მ.ჩ-სა და გ.ს-ას შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.ს-ამ საკუთრებაში მიიღო სოფელ ... ში მდებარე 0.085 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, ,,ნასყიდობის საგანი’’ უფლებრივად უნაკლო იყო. საჯარო რეესტრის 2008 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, სოფელ ... ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 850.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა გ.ს-ას სახელზე №... .... .... .... საკადასტრო კოდით, 2007 წლის 28 დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №06/11957 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სოფელ ... ში არსებული 582 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 02 ნოემბერს მიღებული №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, სოფელ ... ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 582.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №06/11957 მიმართვის საფუძველზე.

2011 წლის 06 დეკემბერს გ.ს-ამ მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელ ... ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო მონაცემები... .... .... .... ) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 12 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით გ.ს-ას განცხადებაზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში.მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 იანვრის №... გადაწყვეტილებით გ.ს-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, არ აღმოფხვრილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ.ს-ას ადმინისტრაციული საჩივარი 2012 წლის 12 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე 2011 წლის 12 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ს-ას უარი ეთქვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების კორექტირებაზე, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია სრულყოფილად იქნა მიჩნეული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ და მასზე რეგისტრირებული იყო თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2012 წლის 18 ოქტომბერს წარედგინა გ.ს-ას № ... განცხადება, რომლითაც მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ... განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ ვერსია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქ. თბილისში, სოფელ ... ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი №... ) შეადგენდა 195 მ2-ს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 18 ოქტომბერს მიღებული იქნა № ... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ... .... კოდით უძრავი ნივთის ფართობი შეადგენდა 655 კვ.მ.-ს, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი იყო 195 კვ.მ.-ზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა № ... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2012 წლის 26 სექტემბერს კვლავ წარედგინა გ.ს-ას № ... განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელ ... ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდი და ელ. ვერსია. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქ. თბილისში, სოფელ ... ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეადგენდა 655 კვ.მ.-ს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 27 სექტემბერს მიღებული № ... გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილება სოფელ ... ში მდებარე 850.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში და წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელიც დაზუსტებული იქნა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, გ.ს-ას საკუთრებამ ზემოხსენებულ მისამართზე შეადგინა 655.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:... ....). საჯარო რეესტრის 2015 წლის 16 ივლისის № ... გადაწყვეტილებით ზემოხსენებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დ.ს-ას სახელზე, 2015 წლის 13 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 25 აპრილს №... განცხადებით მიმართ გ.ს-ამ, რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის თვითმმართველი ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა. ამასთანვე, გ.ს-ამ 2014 წლის 05 მარტს №... განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მისი საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესწავლასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ნოემბრის №... გადაწყვეტილება მიღებული და გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც თავის მხრივ არღვევდა გ.ს-ას კანონისმიერ უფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა გ.ს-ას საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკითხის შესწავლისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ გ.ს-ას 2014 წლის 25 აპრილის №... განცხადების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის 15 მაისის №181/04-5/0621-13 რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული 2010 წლის 02 ნოემბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, სოფელ ... ში მდებარე 582.00 კვ.მ. უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ... ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმების ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძვლების გამოვლენის მიზნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 აგვიტოს №... გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 02 ნოემბერს მიღებული რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება. სააგენტომ მიიჩნია, რომ სოფელ ... ში მდებარე 582.00 კვ.მ. უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ... ) რეგისტრირებული მონაცემები კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების ან/და ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის №3/3490-14 გადაწყვეტილებით გ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.14წ. №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის №3ბ/1308-16 განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ №... (22.11.2017) გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარდა ქ. თბილისში, სოფელ ... ის შემოგარენში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №... ) ადგილზე დათვალიერება. ამავე ოქმით ირკვევა, რომ სადავო უძრავი ნივთის საზღვრები სააგენტოს წარმომადგენლებს მიუთითა მ.ს-ამ, ვინაიდან სწორედ მის მიერ მოხდა გ.ს-აზე სადავო უძრავი ნივთის გასხვისება. სადავო ფართი, დაზუსტებული სახით დაურეგისტრირებელი 195 კვ.მ, გ.ს-ას წარმომადგენლებისა და მ.ს-ას მითითებით იჭრებოდა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკუთრების უფლებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ სადავო ფართი, გ.ს-ას მიერ დაზუსტებულ 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, არ იყო მყარი მიჯნით შემოსაზღვრული, ხოლო შენობა-ნაგებობის ნანგრევები მოყოლილი იყო დაზუსტებულ, 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთში.

2018 წლის 02 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... ის რაიონის გამგეობას. მიაწოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი დოკუმენტაცია და სთხოვა დაედასტურებინა, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის (195 კვ.მ) და მ.ჩ-ის სახელზე გაცემულ №16697 მიღება-ჩაბარების აქტში დაურეგისტრირებელი 195 კვ.მ უძრავი ნივთის იდენტურობის ფაქტი. ასევე მიეთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ დგინდებოდა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიეთითებინა აღნიშნული უძრავი ნივთის (195 კვ.მ) მდებარეობის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 11 ივლისს, განმეორებით, №... წერილით მიმართა ... ის რაიონის გამგეობას და სთხოვა ეცნობებინა 2018 წლის 02 აპრილს №... წერილზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დადასტურდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №... (02.11.2010) გადაწყვეტილების კანონიერება და განახლდა აღნიშნული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სააგენტომ განმარტა შემდეგი: ,,ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ სადავო ფართი, გ.ს-ას მიერ დაზუსტებულ 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, არ იყო მყარი მიჯნით შემოსაზღვრული, ხოლო შენობა-ნაგებობის ნანგრევები მოყოლილია დაზუსტებულ, 655.00 კვ.მ მიწის ნაკვეთში (საკადასტრო კოდი №... .... .)’’... ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემებისა და 1997 წლის 14 სექტემბრის №16697 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და კონფიგურაციის შესახებ მონაცემების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად არ დასტურდება, რომ ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებული 582 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოიცავს 1997 წლის 14 სექტემბრის №16697 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მ.ჩ-ისთვის გადაცემული 850 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით ... ის რაიონის გამგეობას დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.04.2018 წლის №... და 11.07.2018 წლის №... განცხადებების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების წარმოდგენა. ... ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 11 მარტის №34-01190702554 წერილით სასამართლოს გამოეგზავნა ამავე თარიღის (11.03.2019) №34-0119070833 წერილი, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვინაიდან სააგენტოს №... წერილით წარდგენილი მოთხოვნა არ შეეხებოდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიმდინარე წარმოებას, მოთხოვნილი საკითხი სცდებოდა რაიონის გამგეობის წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო, „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის და განმარტებების შესაბამისად, „რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია - კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ეტაპზე, სადავო უძრავ ქონებებზე არ ფიქსირდებოდა დაზუსტებულად რეგისტრირებული საკუთრების უფლება, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ყოველმხრივ გადაემოწმებინათ სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, რათა არ დაეშვათ ერთსა და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე- 13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მცხეთაში, სოფელ ... ში მდებარე 0.085 ჰა დაუზუსტებელი ფართის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა, კოდი... , სექტორი - ... , კოდი ... , კვარტალის №... , ნაკვეთის №... , მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №... ... ... ... ) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ.ჩ-ის სახელზე, 1997 წლის 14 სექტემბრის №16697 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მცხეთის რაიონის, სოფელი ... ის მიერ 1997 წლის 14 სექტემბერს გაცემული №16697 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მ.ჩ-ს გადაეცა 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა რეფორმამდე არსებული 600 კვ.მ. და დამატებით გამოყოფილ 250 კვ.მ. ფართს. მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვის მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმა, რომელიც ასახავს ნაკვეთის საზღვრების შესახებ ინფორმაციას, კონკრეტულად, გადაცემულ მიწის ნაკვეთს A-დან B-მდე ესაზღვრება გზა, B -დან C - მდე №64, C -დან D-მდე №60, ხოლო D-დან A-მდე გზა.

2007 წლის 28 დეკემბერს, მ.ჩ-ს და გ.ს-ას შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.ს-ამ საკუთრებაში მიიღო სოფელ ... ში მდებარე 0.085 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, ,,ნასყიდობის საგანი’’ უფლებრივად უნაკლოა. საჯარო რეესტრის 2008 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, სოფელ ... ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 850.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა გ.ს-ას სახელზე №... .... .... .... საკადასტრო კოდით, 2007 წლის 28 დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №06/11957 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სოფელ ... ში არსებული 582 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 02 ნოემბერს მიღებული №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, სოფელ ... ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 582.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №06/11957 მიმართვის საფუძველზე.

ამდენად, უდავოდ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია დროში უსწრებდა კასატორის უფლების რეგისტრაციას, რაც უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების იდენტურობის შემთხვევაში, გამორიცხავდა კასატორის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, უძრავ ქონებაზე ორი ურთიერთგამომრიცხავი უფლების რეგისტრაციის პირობებში, უპირატესია პირველად რეგისტრირებული საკუთრების უფლება და სახეზეა მომდევნო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ბს-381(4კ-20) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციისას არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტებთან, ცნობებთან და ამონაწერებთან, არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციების შეუსაბამობა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი