საქმე #ბს-813(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 8 ნოემბერს შპს „ა...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52413 გადაწყვეტილების (პაციენტების: ა.გ-ას, ა.პ-ის, ე.ა-ის, მ.ჩ-ას, ა.გ-ის სამედიცინო შემთხვევები) ნაწილობრივ ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება; 2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 1 თებერვლის #04-14/846 გადაწყვეტილების (პაციენტების: ა.გ-ას, ა.პ-ის, ე.ა-ის, მ.ჩ-ას, ა.გ-ის სამედიცინო შემთხვევები) ნაწილობრივ ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება; 3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52414 გადაწყვეტილების (პაციენტების: ე.ს-სა და მ.ლ-ის სამედიცინო შემთხვევები) ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება; 4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 22 თებერვლის #04-14/1494 გადაწყვეტილების (პაციენტების: ე.ს-სა და მ.ლ-ის სამედიცინო შემთხვევები) ნაწილობრივ ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება; 5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52419 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება; 6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 15 მარტის #04-14/2169 გადაწყვეტილების (პაციენტების: ე.ა-ის, ლ.ო-ის, ლ.ს-ას, ფ.მ-სა და ქ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევები) ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება; 1.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52422 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება; 1.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 22 აპრილის #04-14/3129 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო სამედიცინო შემთხვევებში, შპს „ა...ის“ მიერ მკურნალობა ჩატარებულია სრულფასოვნად, დიაგნოზების შესაბამისად, არსებული გაიდლაინების/პროტოკოლების დაცვით. კლინიკის მიერ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როგორც, სამედიცინო მომსახურების გაწევის, ასევე, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება-ასახვის კუთხით. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ინსპექტირების ეტაპზე თავად იმსჯელა და შეამოწმა ექიმის მიერ დადგენილ დიაგნოზთა სისწორე და მიზანშეწონილობა, იმ პირობებში, როდესაც ამგვარი უფლებამოსილება მას არ გააჩნია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელია, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნები წარმოდგენილია ზოგადი სახით, კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლების დაზუსტების გარეშე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ა...ის“ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52413 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, პაციენტ ა.პ-ის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 1 თებერვლის #04-14/846 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, პაციენტ ა.პ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52413 გადაწყვეტილება პაციენტების: ა.გ-ას, ე.ა-ის, მ.ჩ-ას, ა.გ-ის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 1 თებერვლის #04-14/846 გადაწყვეტილება, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, პაციენტების: ა.გ-ას, ე.ა-ის, მ.ჩ-ას, ა.გ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „ა...ის“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52414 გადაწყვეტილება პაციენტების: ე.ს-სა და მ.ლ-ის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 22 თებერვლის #04-14/1494 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, პაციენტების: ე.ს-სა და მ.ლ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „ა...ის“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52419 გადაწყვეტილება; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 15 მარტის #04-14/2169 გადაწყვეტილება (პაციენტების: ე.ა-ის, ლ.ო-ის, ლ.ს-ას, ფ.მ-ს, ქ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევები); მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „ა...ის“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52422 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 22 აპრილის #04-14/3129 გადაწყვეტილება; მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგად, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „ა...ის“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც პაციენტების - ა.გ-ას, ელ.ა-ის, ე.ა-ის, ლ.ო-ის, მ.ჩ-ას, მ.ლ-ის და ა.გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით ირკვევოდა, მასში დეტალურად იყო აღწერილი პაციენტების დიაგნოზი და ავადმყოფობის მთელი პერიოდის მიმდინარეობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მითითებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას, კერძოდ, არ იყო განმარტებული, რაში გამოიხატა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა, არ იყო წარმოდგენილი მითითება ცნობებში ან/და სამედიცინო ისტორიებში არსებული ხარვეზების შესახებ. ასევე, გაურკვეველი იყო, თუ რაში გამოიხატა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა მის მიერ ჩატარებული მკურნალობისას ან/და რა სახის არგუმენტები უნდა ყოფილიყო წარდგენილი ჩატარებული მომსახურების მართებულად მიჩნევისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით არ შეიცავდა დასაბუთებას, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროგრამული კოდებით დიაგნოზები რა გარემოებების, მტკიცებულებების, შეფასებების შედეგად გამორიცხავდა I დონის ინტენსიურ მკურნალობას/მოვლას, დადგენილ დიაგნოზს, ასევე, მკურნალობის ხანგრძლივობის აუცილებლობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა და დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა ან შესაბამისი დიაგნოზი და მკურნალობის ხანგრძლივობის აუცილებლობა არ დასტურდებოდა. მსჯელობა იმის თაობაზე, კონკრეტულად რატომ არ საჭიროებდნენ პაციენტები ამგვარ მკურნალობას (მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას და ა.შ.) და რა გარემოებები განაპირობებდა მათ გარკვეულ სტაბილურ ჯანმრთელობის მდგომარეობას, სადავო აქტებში მითითებული არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს კომპეტენციას და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რეგულირების სააგენტოს შორის მკვეთრადაა გამიჯნული უფლებამოსილებათა ფარგლები. სამედიცინო დაწესებულებამ სწორად უნდა აწარმოოს სამედიცინო დოკუმენტაცია და სააგენტოს უნდა მიაწოდოს რეალური ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი კლინიკისათვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა შეიძლება გახდეს. დასახელებული დარღვევის გამოვლენისთვის კი შესწავლილ უნდა იქნეს გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის სახე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეუსაბამობის ხასიათი და ხარისხი, უნდა გამოირიცხოს მხოლოდ მექანიკური შეცდომის არსებობის გამო სამედიცინო დაწესებულებისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დიაგნოზთა სისწორის სადავოობის შემთხვევაში, საკითხი უნდა შეფასებულიყო არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არამედ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რასაც, დასახელებულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება პაციენტების - ე.ს-ს, ლ.ს-ას, ფ.მ-ს და ს.გ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების საკითხს, სადავოდ ქცეული 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52414, #04/52419, #04/52422 გადაწყვეტილებებით დგინდებოდა, რომ შპს „ა...ას“ უარი ეთქვა აღნიშნული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ პაციენტებმა დროის მცირე მონაკვეთში მომსახურების გაწევის მიზნით განმეორებით მიმართეს სხვა ან იმავე სამედიცინო დაწესებულებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) 22-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ პაციენტების რეჰოსპიტალიზაცია უხარისხოდ ჩატარებულმა სამედიცინო მომსახურებამ გამოიწვია.
თავის მხრივ, პაციენტის - ქ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, დადგენილი იყო, რომ იგი ა...ში რეგისტრირებულია 02.08.2018 (17:00 სთ)-02.08.18 (18:00 სთ) პერიოდში. ჯანდაცვის ელექტრონულ პორტალზე არსებული ინფორმაციით 01.08.18 (11:25 სთ)-06.08.18 (12:00 სთ) პერიოდში პაციენტი, ასევე, გადიოდა მკურნალობას შპს „ ჯ...ში“. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „ა...ას“ პაციენტის - ქ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ჯანდაცვის ელექტრონულ პროგრამაში ფიქსირდებოდა პარალელურად პაციენტის სხვა კლინიკაში რეგისტრაციის ფაქტი.
ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აუცილებელი იყო კლინიკის ბრალეულობის საკითხის გამოკვლევა და დადგენა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. სადავო აქტის დასაბუთება ამ კუთხით არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით იქნა დადგენილი, დასახელებული ორი კლინიკიდან რომელმა გაუწია სამედიცინო მომსახურება პაციენტს, შეცდომის არსებობის შემთხვევაში, რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოირიცხა შპს „ ბ...ის“ ბრალეულობა. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება შპს „ ბ...ში“ პაციენტისთვის I დონის ინტენსიური მკუნალობის/მოვლის თაობაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული უპირობოდ არ გამორიცხავდა შპს „ა...ის“ მიერ ამავე პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს. შესაბამისად, სააპელაიცო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პოზიცია და არ გაიზიარა იგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულების მიერ არ მოხდეს სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდა.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეწინააღმდეგება დადგენილების პირობებს, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და სადავო გადაწყვეტილებები მომზადებული და გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლომ არასრულყოფილად შეისწავლა და გამოიკვლია საქმე და არასწორად განმარტა დადგენილების პირობები და კანონის მიზნები. ადმინისტრაციულმა ორგანომ დეტალურად განიხილა ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
საკსაციო პალატა, ასევე, მიუთითბს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც პაციენტების - ა.გ-ას, ელ.ა-ის, ე.ა-ის, ლ.ო-ის, მ.ჩ-ას, მ.ლ-ის და ა.გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით ირკვევა, მასში დეტალურად არის აღწერილი პაციენტების დიაგნოზი და ავადმყოფობის მთელი პერიოდის მიმდინარეობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მითითებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით, არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, კერძოდ, არ არის განმარტებული, რაში გამოიხატა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა, არ არის წარმოდგენილი მითითება ცნობებში ან/და სამედიცინო ისტორიებში არსებული ხარვეზების შესახებ. გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა მის მიერ ჩატარებული მკურნალობისას ან/და რა სახის არგუმენტები უნდა წარადგინოს ჩატარებული მომსახურების მართებულად მიჩნევისთვის. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით არ შეიცავს დასაბუთებას, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროგრამული კოდებით დიაგნოზები რა გარემოებების, მტკიცებულებების, შეფასებების შედეგად გამორიცხავდა I დონის ინტენსიურ მკურნალობას/მოვლას, დადგენილ დიაგნოზს, ასევე, მკურნალობის ხანგრძლივობის აუცილებლობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა და დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით I დონის ინტენსიური მკურნალობა ან შესაბამისი დიაგნოზი და მკურნალობის ხანგრძლივობის აუცილებლობა არ დასტურდებოდა. მსჯელობა იმის თაობაზე, კონკრეტულად რატომ არ საჭიროებდნენ პაციენტები ამგვარ მკურნალობას (მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას და ა.შ.) და რა გარემოებები განაპირობებდა მათ გარკვეულ სტაბილურ ჯანმრთელობის მდგომარეობას, სადავო აქტებში მითითებული არაა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა #IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე „პროგრამის“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად კი, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო ინფორმაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სააგენტოს კომპეტენციას და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი.
ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (დღეის მდგომარეობით - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო) შორის მკვეთრად იყო გამიჯნული უფლებამოსილებათა ფარგლები. სამედიცინო დაწესებულებამ სწორად უნდა აწარმოოს სამედიცინო დოკუმენტაცია და სააგენტოს უნდა მიაწოდოს რეალური ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი კლინიკისათვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ხსენებული დარღვევის გამოვლენისთვის კი შესწავლილ უნდა იქნეს გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის სახე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეუსაბამობის ხასიათი და ხარისხი, უნდა გამოირიცხოს მხოლოდ მექანიკური შეცდომის არსებობის გამო სამედიცინო დაწესებულებისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დიაგნოზთა სისწორის სადავოობის შემთხვევაში, საკითხი უნდა შეფასებულიყო არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არამედ რეგულირების სააგენტოს მიერ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება პაციენტების - ე.ს-ს, ლ.ს-ას, ფ.მ-ს და ს.გ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების საკითხს, სადავოდ ქცეული 2019 წლის 7 ოქტომბრის #04/52414, #04/52419, #04/52422 გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ ხსენებული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე შპს „ა...ას“ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულმა პაციენტებმა დროის მცირე მონაკვეთში მომსახურების გაწევის მიზნით განმეორებით მიმართეს სხვა ან იმავე სამედიცინო დაწესებულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) 22-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ პაციენტების რეჰოსპიტალიზაცია უხარისხოდ ჩატარებულმა სამედიცინო მომსახურებამ გამოიწვია.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები - ე.ს-ს, ლ.ს-ა, ფ.მ-ს და ს.გ-ი სამედიცინო მომსახურების შემდეგ კლინიკიდან გაეწერნენ მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ, სათანადო რეკომენდაციებით. ამასთან, დადგენილია, რომ ამ პაციენტებისთვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურების პროგრამული კოდი (დიაგნოზი) არ არის შპს „ა...ის“ მიერ წარდგენილი პროგრამული კოდის იდენტური. თავის მხრივ, მოპასუხის პოზიცია, რომ რეჰოსპიტალიზაცია არაჯეროვნად/არასრულად ჩატარებული მკურნალობის შედეგად განხორციელდა, არ არის დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხოლოდ განმეორებითი მიმართვიანობის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევის და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პაციენტების - ე.ს-ს, ლ.ს-ას, ფ.მ-სა და ს.გ-ის სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
პაციენტის - ქ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ პაციენტი ა...ში რეგისტრირებულია 02.08.2018წ. (17:00 სთ) - 02.08.18წ. (18:00 სთ) პერიოდში. ჯანდაცვის ელექტრონულ პორტალზე არსებული ინფორმაციით 01.08.2018წ. (11:25 სთ) - 06.08.2018წ. (12:00 სთ) პერიოდში პაციენტი, ასევე, გადიოდა მკურნალობას შპს „ჯ...ში“. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „ა...ას“ პაციენტის - ქ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ჯანდაცვის ელექტრონულ პროგრამაში ფიქსირდებოდა პარალელურად პაციენტის სხვა კლინიკაში რეგისტრაციის ფაქტი.
ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით იქნა დადგენილი, დასახელებული ორი კლინიკიდან რომელმა გაუწია პაციენტს სამედიცინო მომსახურება, შეცდომის არსებობის შემთხვევაში, რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოირიცხა შპს „ბ...ის“ ბრალეულობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 27.07.2022წ. #19345 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 20.09.2022წ. #23604 საგადახდო მოთხოვნით - 496.36 ლარის ოდენობით, სულ - 796.36 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 557.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.07.2022წ. #19345 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 20.09.2022წ. #23604 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 496.36 ლარის, სულ - 796.36 ლარის 70 პროცენტი - 557.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა