საქმე №ბს-923(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 24 დეკემბერს ი.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მშობლები აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შედეგად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ი.გ-ი 1998 წელს დაიბადა ქ. თბილისში და დევნილის სტატუსის მქონე პირია. ი.გ-ი დედასთან, ძმასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. N37-ში მდებარე კორპუსში. დაოჯახების შემდეგ მეუღლესთან - ა.ი-თან ერთად გადავიდა ქირით. მისი რეგისტრაციის მისამართზე მდებარე ობიექტში გაჩნდა ხანძარი, რის გამოც სახელმწიფომ უზრუნველყო მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა და 53.31კვ.მ ბინის გადაცემა. მოსარჩელის მითითებით, ზემოხსენებული ფართით დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება შეესაბამება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 9.08.2012წ. N320 დადგენილების დანართი N8-ის მიხედვით არსებულ სამსულიანი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების სტანდარტს, 5-6 მოსახლის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება კი ხდება 65 კვ-80 კვ.მ ბინით, რაც მისი ოჯახის მიმართ არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი.გ-ი მიიჩნევს, რომ დაკმაყოფილებულ პირთა რაოდენობაში გათვალისწინებული არ ყოფილა. მოსარჩელემ 2019 წლის სექტემბერში მოითხოვა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაზეც სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2296/ო ბრძანებით უარი ეთქვა სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საცხოვრისის არქონის გამო იძულებულია მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად განაგრძოს ქ. თბილისში, ...ის გამზ. N37-ში მდებარე ნგრევად, ავარიულ შენობაში ცხოვრება.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2296/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთ, ეკომიგრანტთა და საარსებო წაყროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის - ი.გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2296/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ი.გ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესზე“, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების პრიორიტეტულობა. ამასთან, აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტების შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №04-91/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №32), ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილი ს.ჩ-ის ოჯახი. წარმოდგენილი დანართის მიხედვით, დაკმაყოფილებულ პირებს წარმოადგენენ: ს.ჩ-ი, ი.გ-ი და მ.გ-ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 მაისის №25 სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიას მიეწოდა ინფორმაცია 05.06.2018 წლის №21 და 06.07.2019 წლის №32 ოქმებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის თაობაზე, რომლის თანახმადაც დევნილ - ს.ჩ-ს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი განსახლების ეტაპის ფარგლებში თანხმობა ეთქვა დაკმაყოფილებულიყო 2-ოთახიანი ბინით შვილთან - ი.გ-თან ერთად. რეალურად დევნილი ითხოვდა დაკმაყოფილებას მეორე შვილთან - ნ.გ-თან ერთად, ვინაიდან ი.გ-ი დაოჯახდა და ცხოვრობდა განცალკევებით. კომისიის გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილება დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.06.2018 წლის №21 და 06.07.2019 წლის №32 ოქმებში და დევნილ - ს.ჩ-ს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი განსახლების ეტაპის ფარგლებში თანხმობა ეთქვა დაკმაყოფილებულიყო 2-ოთახიანი ბინით, ოჯახის შემდეგი შემადგენლობით: ს.ჩ-ი, ნ.გ-ი და მ.გ-ი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივნისის №04-1064/ო ბრძანებით, „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №04-91/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი სხვაგვარად ჩამოყალიბდა. წარმოდგენილი დანართის მიხედვით, დაკმაყოფილებულ პირებს წარმოადგენდნენ: ს.ჩ-ი, ნ.გ-ი, მ.გ-ი.
ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 17 მარტის №03/4330 წერილით დგინდება, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი.გ-ი სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციით და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ არის.
დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 15 მარტის №03-1892 წერილის მიხედვით, დევნილთა მონაცემთა ბაზაში ი.გ-ის იურიდიულ მისამართად დაფიქსირებული ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქ. №22, „ ...“ არის ტექნიკური ხარვეზი და მისი შესწორება უნდა განხორციელებულიყო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების (06.07.2018წ. ოქმი №32) საფუძველზე. რეალურად აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ: ს.ჩ-ი, ნ.გ-ი და მ.გ-ი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2296/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), ი.გ-ის ოჯახს, სამინისტროს მიერ გამონთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა სამინისტროს მიერ გამონთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო, თუმცა თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილ აღწერის ოქმშიც დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელე ნგრევადი ობიექტის გამონთავისუფლებამდე ნამდვილად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება არ მომხდარა. ამასთან, მოსარჩელე ოჯახთან ერთად ამჟამადაც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 2019 წლის 19 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ ი.გ-ი, მეუღლესთან - ა.ი-თან და შვილთან - ა.გ-თან ერთად რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. კორპ. №37/5, ბინა №1.
პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში შესახლება მოხდა სამინისტროს მიერ ობიექტის გამონთავისუფლების შემდეგ. თავად აპელანტი მხარის მიერ მითითებული აღწერის ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. N37, კორპ N5-ში და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება არ მომხდარა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი ობიექტის გამონთავისუფლებამდე. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ი.გ-ი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დაქორწინდა და ცალკე ოჯახად დარეგისტრირდა, არ გამორიცხავს მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო. სააპელაციო სასამართლომ მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტით უდავოდ დასტურდება, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირებს წარმოადგენენ: ს.ჩ-ი, ნ.გ-ი და მ.გ-ი, ხოლო ი.გ-ის და მისი მეუღლის საკითხი არ განხილულა, მიუხედავად მათი მითითებულ ადგილზე ცხოვრებისა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - №8 დანართის შესაბამისად. აღნიშნული დანართის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 3-4 მოსახლეზე მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლადაშენებული და ცარიელი შენობებისთვის შეადგენს 45-60 მ2-ს (ოროთახიანი ბინა), ხოლო 5-6 მოსახლეზე 65-80 მ2-ს (სამ ოთახიანი ბინა). მოცემულ შემთხვევაში კი, ს.ჩ-ი, ნ.გ-ი და მ.გ-ი სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებულია 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინით, ხოლო აღნიშნულ ოჯახში ი.გ-ის და მისი მეუღლის - ა.ი-ის გათვალისწინების შემთხვევაში, ოჯახს 2-ოთახიანი ბინის ნაცვლად გადაეცემოდა 3-ოთახიანი ბინა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული უზუსტობის გამო მოსარჩელე დარჩა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გარეშე. აღნიშნული გარემოება დასტურდება ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 17 მარტის №03/4330 წერილითაც, რომელშიც მითითებულია, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი.გ-ი სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციით და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ არის.
მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დაასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნიდა მისი ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლის დასკვნას მასზედ, რომ სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის N04-91/ო ბრძანების დანართით დაკმაყოფილებულ პირებად განისაზღვრნენ: ს.ჩ-ი, ნ.გ-ი და მ.გ-ი, ხოლო ი.გ-ის და მისი მეუღლის საკითხი არ განხილულა, მიუხედავად მათი მითითებულ ადგილზე ცხოვრებისა. საქმეში დაცული მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის თანამშრომლებს ქ. თბილისში, ...ის გამზ. N37, კორპ N5-ში ი.გ-ის ოჯახის აღწერის დროს მონიტორინგის სამსახურს ადგილზე დახვდნენ მოსარჩელე - ი.გ-ი, მისი დედა - ს.ჩ-ი და მოსარჩელის და - მ.გ-ი. აღწერის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობს მხოლოდ სამი სული. აღნიშნულ ოქმში მითითებულნი არ არიან არც ი.გ-ის მეუღლე და არც მისი ძმა.
2018 წელს 5 ივნისის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის (N21 ოქმის) გადაწყვეტილებით საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე თანხმობა ეთქვა (ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ) ს.ჩ-ის ოჯახს შემდეგი შემადგენლობით: ს.ჩ-ი, ი.გ-ი, მ.გ-ი და მუ.გ-ი. 2019 წლის 15 იანვრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანების თანახმად, ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით მისამართზე ქ. თბილისი, ...ის რ-ნი, ...ის ქუჩა N22, კორპ. N21, ბინა 152. ბრძანების დანართის შესაბამისად, დაკმაყოფილებულ პირთა შორისაა თავად ი.გ-იც.
2018 წელს ს.ჩ-მა მიმართა დევნილთა საკითხების შემწავლელ კომისიას და მოითხოვა გარკვეული ცვლილებების შეტანა 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებაში, კერძოდ, კომისიის 05.06.2018 წლის N2 და 06.07.2019 წლის N32 ოქმებში არსებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. ს.ჩ-ის განმარტებით, ი.გ-ი მათთან ერთად არ ცხოვრობს, ცალკე ოჯახი აქვს და მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ მომხდარა. 2019 წლის 12 ივნისის N04-1064/ო ბრძანებით ცვლილება შევიდა 2019 წლის 15 იანვრის N04-91/ო ბრძანებაში და ი.გ-ი ჩანაცვლდა მისი ძმით - ნ.გ-ით.
მოსარჩელის განაცხადის საფუძველზე 2019 წლის 23 ივლისს მის მიერ მითითებულ მისამართზე ქ. თბილისში, ...ის გამზ. N37, N5-ში, განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო აღწერის ფორმა. მოსარჩელის მეუღლის - ა.ი-ის განმარტებით, ოჯახს ფართი მოკავებული აქვს 2018 წლის აპრილიდან, მანამდე ქირით ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N19-ში. მონიტორინგის მიერ მოკვლეული მასალები განსახილველად გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით, სამინისტროს მიერ მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო.
კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2566 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც სამინისტრომ განახორციელა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება ი.გ-ისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ თვითნებურად დაიკავა სააგენტოს მიერ კანონით დადგენილი წესით გამოთავისუფლებული ობიექტი.
კასატორმა მიუთითა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებზე, მე-12 პუნქტზე და განმარტა, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას (ოქმი N39) იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა-გამოკვლევის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2296/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც გამონთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო, იმ ეტაპზე მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და სააგენტოსთვის მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №37-ში მდებარე „ ...ის“ შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამო, სამინისტროს მიერ განხორციელდა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №04-91/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №32), ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი დანართის შესაბამისად. წარმოდგენილი დანართის მიხედვით, დაკმაყოფილებულ პირებს წარმოადგენენ: ს.ჩ-ი, ი.გ-ი და მ.გ-ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 მაისის №25 სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიას მიეწოდა ინფორმაცია 05.06.2018 წლის №21 და 06.07.2019 წლის №32 ოქმებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის თაობაზე, რომლის თანახმადაც დევნილ - ს.ჩ-ს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი განსახლების ეტაპის ფარგლებში თანხმობა ეთქვა დაკმაყოფილებულიყო 2-ოთახიანი ბინით შვილთან - ი.გ-თან ერთად. რეალურად დევნილი ითხოვდა დაკმაყოფილებას მეორე შვილთან - ნ.გ-თან ერთად, ვინაიდან ი.გ-ი დაოჯახდა და ცხოვრობდა განცალკევებით. კომისიის გადაწყვეტილებით ცვლილება განხორციელდა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.06.2018 წლის №21 და 06.07.2019 წლის №32 ოქმებში და დევნილ - ს.ჩ-ს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი განსახლების ეტაპის ფარგლებში თანხმობა ეთქვა დაკმაყოფილებულიყო 2-ოთახიანი ბინით, ოჯახის შემდეგი შემადგენლობით: ს.ჩ-ი, ნ.გ-ი და მ.გ-ი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 ივნისის №04-1064/ო ბრძანებით, „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №04-91/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც დაკმაყოფილებულ პირებს წარმოადგენენ: ს.ჩ-ი, ნ.გ-ი და მ.გ-ი.
ი.გ-მა 2018 წელს განცხადებით მიმართა სამინისტროს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (10.10.2019წ, ოქმი №39), სამინისტროში შეტანილი განცხადების და მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კომისიამ იმსჯელა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №37-ში მდებარე „...ის“ კორპ. №5-ში დარეგისტრირებული დევნილის - ი.გ-ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, ი.გ-ს, ა.გ-სა და ა.ი-ს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, სამინისტროს მიერ მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო.
მოცემულ შემთხვევაში სადავო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2296/ო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, სამინისტროს მიერ გამონთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2.1.12 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც სამინისტრომ განახორციელა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - №8 დანართის შესაბამისად. აღნიშნული დანართის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 3-4 მოსახლეზე მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლადაშენებული და ცარიელი შენობებისთვის შეადგენს 45-60 მ2-ს (ოროთახიანი ბინა), ხოლო 5-6 მოსახლეზე 65-80 მ2-ს (სამ ოთახიანი ბინა).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითია დადგინდეს ი.გ-ის ცხოვრების ფაქტი ნგრევად ობიექტში იმ პერიოდისთვის, როდესაც სამინისტროს მიერ მოხდა ზემოხსენებულ შენობაში მცხოვრები დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი ი.გ-ის ოჯახის ნგრევად ობიექტში არცხოვრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში დაცული 2017 წლის 5 ივნისის აღწერის ფორმაში მითითებულია, რომ მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. N37, ბინა 3ა. ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ ი.გ-ი, დედასთან - ს.ჩ-თან და დასთან - მ.გ-თან ერთად. ი.გ-ის ნგრევად ობიექტში ყოფნას ადმინისტრაციული ორგანო ასევე სააპელაციო საჩივარშიც აღნიშნავს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 2019 წლის 19 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ ი.გ-ი, მეუღლესთან - ა.ი-თან და შვილთან - ა.გ-თან ერთად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ის გამზ. კორპ 37/5, ბინა N1-ში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ობიექტის გამონთავისუფლებამდე მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების თაობაზე.
საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრის 15.11.2019წ. ამონაწერით ს.ჩ-ის, ნ.გ-ის და მ.გ-ის სახელზე აღრიცხულია 53 კვ.მ. ბინა მდებარე: ქ. თბილისი,...ის ქ. N22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ს.ჩ-ის ოჯახზე გადაცემულია 2-ოთახიანი კერძოდ, 53 კვ.მ ფართის ბინა, ხოლო ზემოაღნიშნულ ოჯახში ი.გ-ის და მისი მეუღლის - ა.ი-ის გათვალისწინების შემთხვევაში დევნილ ოჯახს უნდა გადასცემოდა 3-ოთახიანი ბინა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 15 მარტის №03-1892 წერილის მიხედვით, დევნილთა მონაცემთა ბაზაში ი.გ-ის იურიდიულ მისამართად დაფიქსირებული ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქ. №22, „ ...“ არის ტექნიკური ხარვეზი და მისი შესწორება უნდა განხორციელებულიყო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების (06.07.2018წ. ოქმი №32) საფუძველზე. რეალურად აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ: ს.ჩ-ი, ნ.გ-ი და მ.გ-ი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 17 მარტის №03/4330 წერილით დგინდება, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი.გ-ი სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციით და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ არის.
საგულისხმოა, რომ სადავო საკითხის განხილვის პროცესში, მონიტორინგის განხორციელებისას, მოსარჩელე იმყოფებოდა შესაბამის მისამართზე მდებარე ნგრევად ობიექტში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, უსაფუძვლოა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2296/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა