საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1100(2კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოწინააღმდეგე მხარეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,, თ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 20 ივნისს სს „ თ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის QN1563333 გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტის იმ ნაწილის, რომლითაც დადგინდა ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 ივნისის N679 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის QN1563333 გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 ივნისის N679 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე“ მითითებით, განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება - თანხმობის შესახებ აქტის გამოცემისას განმცხადებელს, კანონმდებლობის შესაბამისად, დაუწესოს დადგენილებაში ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეზღუდვა ან/და პირობა. ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი, №19-75 დადგენილება განსაზღვრავს განმცხადებლისთვის თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენისა და ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის დავალებას, ასევე ქუჩის გადაკვეთას გვირაბული მეთოდით. ამასთან, კანონმდებლობა აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს ქონების მართვის სააგენტოს მიერ განმცხადებლისთვის, ზემოაღნიშნულის გარდა, სხვა შეზღუდვისა და პირობის დაწესებას, რა დროსაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
კასატორმა ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქონების მართვის სააგენტოს, კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებისას მან, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით განსაზღვრა ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების 2017 წლის 16 ოქტომბრის N-852 (...) პროექტის ელექტროტექნიკური ნაწილის განმარტებითი ბარათის საფუძველზე, საქმის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. N63-ის მიმდებარედ არსებული ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, იგეგმება მაღალი (6 კვ) ძაბვის საკაბელო ხაზის გაყვანა, 1 400 კვ.ა სიმძლავრის ქალაქური ტიპის კომპლექტური სატრ. ქვესადგურების დადგმა და 0,4 კვ ძაბვის საკაბელო ხაზის გაყვანა საცხოვრებელ კორპუსამდე, რომლის ფარგლებშიც საპროექტო მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს მიწის გათხრითი სამუშაოები.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საპროექტო მონაკვეთების ამსახველი ფოტომასალის
საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ადგენს, რომ საპროექტო მონაკვეთზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, არსებობს ტროტუარი ასფალტის საფარით, ამასთან, აღნიშნული ასფალტის საფარი კარგ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ინტერესს წარმოადგენს ქალაქის ინფრასტრუქტურისათვის ნაკლები ზიანის მიყენება და დედაქალაქის ბიუჯეტიდან კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხების რაციონალური ხარჯვა და აღნიშნული თანხების მოხმარება ქალაქის სხვა ლოკაციაზე არსებული დაზიანებული/განადგურებული ასფალტის საფარის კეთილმოსაწყობად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად დაზიანებული გზები/ტროტუარები არ შეესაბამება დედაქალაქის მოსახლეობის კეთილმოწყობილ გარემოში ცხოვრების ინტერესს, უზღუდავს მათ გადაადგილების საშუალებას და ზრდის ჯანმრთელობის დაზიანებების მიღების რისკს. რაც შეეხება კერძო ინტერესს, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით გაზრდილი ფინანსური დანახარჯები იმ შემთხვევაში თუ ის საპროექტო ტერიტორიაზე (...ის ქუჩაზე) ასფალტის საფარს, თხრილის ფარგლების ნაცვლად, მთლიან ფართზე აღადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად ხაზობრივი ნაგებობის განთავსება იგეგმება იმგვარად, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს მხოლოდ თხრილის ფარგლებში, ქონების მართვის სააგენტომ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე (...ის ქუჩაზე) ასფალტის აღდგენა უნდა განხორციელდეს მთლიან ფართზე. ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესები თანაბრად არის გათვალისწინებული, ვინაიდან ქონების მართვის სააგენტოს მიერ საპროექტო მონაკვეთებზე ასფალტის საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენის მიზანშეუწონლად მიჩნევა განაპირობა არსებულმა ფაქტობრივმა გარემოებამ, კერძოდ, საპროექტო ტერიტორიაზე (...ის ქუჩაზე) არსებული ასფალტის საფარი არის დაუზიანებელი, ამასთან, მნიშვნელოვანია ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
კასატორმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 13 დეკემბრის NQN1563333 გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-10 პუნქტში, არ დასტურდება ქონების მართვის სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-10 პუნქტს უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. ამასთან, დაცულია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა მათი მართლზომიერი დაბალანსება.
კასატორის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტების გარდა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალების წარმოდგენა. ხოლო, წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად, შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის ძირითად/სტანდარტულ პირობებს და შეზღუდვებს, თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით, სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს გარკვეული შეზღუდვით ანდა პირობით. კერძოდ: აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად - მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება განხორციელდეს იმგვარად, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
კასატორმა მიუთითა ასევე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად, ასევე საჯარო ინტერესის გათვალისწინება. სსიპ ქონების მართვის სააგენტო, დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ასევე ვალდებულია, საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურება და აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად ასევე გათვალისწინებული ყოფილიყო საჯარო ინტერესიც. 2017 წლის 13 დეკემბრის NQN1563333 გადაწყვეტილების მიღებისას სსიპ - ქონების მართვის სააგენტო მოქმედებდა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტერესები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული 2017 წლის 13 დეკემბრის NQN1563333 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის QN1563333 გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტის იმ ნაწილის, რომლითაც დადგინდა ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 ივნისის N679 ბრძანების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ამასთან, საგულისხმოა, რომ, მართალია, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული არჩევანი შეეჩერებინა საგამონაკლისო წესზე და გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტში მიეთითებინა სხვა პირობა, რომ მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, გამოიწვევდა თუ არა დადგენილი პირობა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარემ მიუთითა, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ ხარჯს, რაც გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 5 დეკემბრის N647 ბრძანების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 16.11.21წ. №03587 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.11.21წ. №03587 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე