Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-238(2კ-22) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.კ-ემ 2019 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნ.კ-ისათვის ბინის ქირის გადახდაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ37.01182088 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ნ.კ-ის სასარგებლოდ მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისათვის 2018 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ბინის ქირის დაანგარიშება და ქირის სახით თვეში 300 ლარის ოდენობით გადახდის დავალება იქამდე, ვიდრე ნ.კ-ე ქირით იცხოვრებს ამორტიზებული ბინის სანაცვლოდ ახალი ბინის გადაცემამდე ან შესაბამისი კომპენსაციის გადახდამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ37.01182088 ბრძანება ნ.კ-ისათვის ბინის ქირის გადახდაზე უარის თქმის ნაწილში. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას დაევალა ნ.კ-ის სასარგებლოდ ბინის ქირის (თვეში 300 ლარის ოდენობით) 2018 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაანგარიშება და მოცემული ბინის ქირის, შესაბამისი პირობების არსებობამდე გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, იგი მიღებულია კანონის დარღვევით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია ისე, რომ დეტალურად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მათთვის არ მიუცია სწორი სამართლებრივი შეფასება.

კასატორების განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ.კ-ის ოჯახის წევრს - ნი.კ-ეს საკუთრებაში გააჩნია სხვა, საცხოვრებლად ვარგისი ფართი ქ. თბილისში, ...ის გამზ. №59-ში, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის 2018 წლის 21 მარტის ამონაწერით. კასატორები მიიჩნევენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული გარემოება სათანადოდ არ შეაფასა. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №59-ში მდებარე ფართის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კასატორების მოსაზრებით, ხსენებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ბუნდოვანია და სასამართლომ ისე მიიღო მასში ასახული შეფასება მხედველობაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მისცემიათ მისი შეფასების შესაძლებლობა. ამასთან, ნი.კ-ეს, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ გაუჟღერებია, რომ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება საცხოვრებლად უვარგისია და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენიათ ამასთან დაკავშირებით. ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა, არაფერია მითითებული ვადებზე, თუ როდიდან შეიძლებოდა გამხდარიყო აღნიშნული ფართი საცხოვრებლად უვარგისი და განცხადების განხილვის დროისათვის იყო თუ არა იგი საცხოვრებლად უვარგისი.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორთა მოსაზრებით, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტების ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ.კ-ისათვის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში საცხოვრებლად ვარგისი ფართის არსებობის საფუძვლით, ბინის ქირის კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 15.10.1985წ. ევროპული ქარტიის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 აპრილიდან) 3.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობას განმარტავს ასევე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამავე კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ.კ-ე 2014 წლის 19 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, III მასივი, VI კვარტალი, კორპუსი 1, ბინა 1. 2017-2018 წლებში ნ.კ-ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის რაიონი III მასივი, VI კვარტალი, კორპუსი 1, ბინა 1. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის ცნობით დასტურდება, რომ ნ.კ-ეს 01.01.2016 წლიდან 01.06.2018 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება, ასევე 2019 წლის 16 ივლისის ცნობით დგინდება, რომ ნ.კ-ეს 01.07.2017 წლიდან 30.06.2019 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ...ის გამზირი №59, სარდაფი ფართით 42.39 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: ...) 2018 წლის 5 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნი.კ-ის სახელზე.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 4 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნ.კ-ემ, გ.კ-საგან იქირავა ქ. თბილისში, ...ის დასახლება, ქუჩა XII, №6-ში მდებარე უძრავი ნივთი, ქირავნობის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1 წლის ვადით, 2018 წლის 27 მაისიდან - 2019 წლის 27 მაისამდე, ხოლო ქირის ოდენობა განისაზღვრა 300 ლარით. ხოლო მხარეებს შორის კვლავ გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულება ძალაშია 2019 წლის 27 მაისიდან 2020 წლის 27 მაისის ჩათვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილებით დამტკიცებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესზე (ძალადაკარგულია 2019 წლის 1 იანვრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12/28/2018 N 35-119 დადგენილებით), რომელიც განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში - ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან, მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებული პირი, ამ წესის დანართი 1-ით განსაზღვრული ფორმით განცხადებით მიმართავს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ გამგეობას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს/მდებარეობდა მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული დანგრეული ან ამორტიზებული ფართი, ხოლო მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში - საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ივლისს ნ.კ-ემ განცხადებით მიმართა ...ის რაიონის გამგეობას აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ქირის კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით. 2018 წლის 27 ივლისს, ...ის რაიონის გამგებელს წარედგინა №37-01182082966 მოხსენებითი ბარათი, სადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილებით დამტკიცებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის პირობების შეუსაბამობის საფუძვლით, არ დაკმაყოფილდა ნ.კ-ის განცხადება ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგებლის 2018 წლის 27 ივლისის №ბ37.01182088 ბრძანებითა და ზემდგომი ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №1593 ბრძანებით ნ.კ-ეს უარი ეთქვა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ნ.კ-ის ოჯახის წევრს - ნი.კ-ეს გააჩნდა სხვა, საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში (ქ. თბილისში, ...ის გამზ. №59-ში).

საქმეში დაცულია კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს 2019 წლის 18 ნოემბრის №008098819 დასკვნა (ტ. 1, ს.ფ. 338-345), რომლის შინაარსის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №59ბ, 3ა-ში მდებარე ფართის იმჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობის მზიდ კედლებზე ფიქსირდება დანესტიანების კვალი, რაც საძირკველების ნესტიან გარემოში არსებობას მიანიშნებს. ასევე, აღნიშნული ფართი ქვეყანაში მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აღნიშნული ფართი საცხოვრებელად უვარგისია. ნიშანდობლივია, რომ ქ. თბილისში, ...ის რაიონის III მასივის VI კვარტალში, I კორპუსის ამორტიზირებულობის ფაქტი ასევე დგინდება ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 20 მარტის №0452181 დადგენილებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის

მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე- 3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ფაქტი, რომ ნ.კ-ეს ან მისი ოჯახის წევრს საკუთრებაში გააჩნდა სხვა, საცხოვრებლად ვარგისი ფართი ან მას ჰქონდა დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავენ მას. ასევე მართებულია სასამართლოს პოზიცია ნ.კ-ის სასარგებლოდ ბინის ქირის (თვეში 300 ლარის ოდენობით) 2018 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაანგარიშებასა და მოცემული ბინის ქირის, შესაბამისი პირობების არსებობამდე გაცემასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე