საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-634(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ.მ-ე
მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შ.მ-ემ 2019 წლის 28 მარტს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შ.მ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟი) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 თებერვლის №02/19 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შ.მ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟი) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2019 წლის 25 თებერვლის №02/19 ბრძანება ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №9-ში, შ.მ-ის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალდებულების ნაწილში. შ.მ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ და შ.მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა და შ.მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობა. კასატორის მითითებით, შ.მ-ე მართებულად იქნა დაჯარიმებული 3000 ლარით, ვინაიდან იგი უნებართვოდ ახორციელებდა კომერციული ფართი მშენებლობას. კასატორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. კასატორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ შ.მ-ისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილების შესახებ ცნობილი იყო 2018 წლის 17 დეკემბერს, იგი უფლებამოსილი იყო 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი. შ.მ-ემ კი 2019 წლის 11 იანვარს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რის გამოც მას უარი ეთქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოებანი არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამ კოდექსის მიზნად ასახელებს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფას სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ხსენებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის 2018 წლის 27 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №9-ში მდებარე 253.00 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 82,5 კვ.მ. №1 შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: ...) საჯარო რეესტრის 2018 წლის 27 სექტემბრის ამონაწერის შესაბამისად, ირიცხება, მოსარჩელე შ.მ-ის საკუთრებაში. ხოლო საჯარო რეესტრის 2019 წლის 31 იანვრის ამონაწერის მიხედვით, შ.მ-ის საკუთრებაში ირიცხება ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №9-ში მდებარე 253.00 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 ერთეული შენობა-ნაგებობა - №1 საერთო ფართით 49.00 კვ.მ. და №2 საერთო ფართით 33.5 კვ.მ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მისი ავტოფარეხი, რომლის ნაცვლად შ.მ-ემ გადაწყვიტა დამხმარე ნაგებობის აშენება და დაიწყო სამშენებლო სამუშაოები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 24 სექტემბრის №88 მითითების საფუძველზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შ.მ-ის მიმართ. მითითების მიხედვით გამოვლინდა, რომ შ.მ-ემ, ბათუმში, ...ის ქუჩა №9-ში განახორციელა მშენებლობა. სამშენებლო სამართალდარღვევის ნებაყოფლობით გამოსასწორებლად მხარეს დაევალა წარედგინა მშენებლობის ნებართვა ან მოეხდინა უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის დემონტაჟი 20 დღის ვადაში.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს შ.მ-ის მიმართ შედგენილ იქნა შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 24 სექტემბრის №88 მითითების პირობები არ იყო შესრულებული.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2018 წლის 12 დეკემბერს გამოიცა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შ.მ-ის დაჯარიმების, უნებართოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე №252 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და დაევალა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ აწარმოა კომერციული დანიშნულების ობიექტის უნებართვო მშენებლობა, რომელსაც, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სჭირდებოდა მშენებლობის ნებართვა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შ.მ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა წარმოადგენს ახალ მშენებლობას და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიეკუთვნება პირველი კლასის მშენებლობას, რაც არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, თუმცა ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია, განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამგვარად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შ.მ-ის მიერ უნებართვო მშენებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენადაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ მითითების გაცემისა და სადავო დადგენილების გამოტანის დროისთვის მენაშენეს ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის №9-ში, მის საკუთრებაში არსებულ 253.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 49 კვ.მ. ფართის ნაგებობის აშენების ნებართვა არ გააჩნდა, შესაბამისად, მას კანონიერად დაედო ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 3000 ლარი ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილების გამოცემამდე, უნებართვოდ აშენებული 49 კვ.მ. ფართი და მე-2 სართულის სახით მასზე განთავსებული 33.5 კვ.მ. ფართობი, როგორც ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №9-ში მდებარე 253.00 კვ.მ. ფართობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, შ.მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №252 სადავო დადგენილების მშენებლობის დემონტაჟის დავალდებულების ნაწილში ბათილად ცნობას და კასატორის საყურადღებოდ განმარტავს, რომ სადავო 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილების გამოცემამდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე უნდა სცოდნოდა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №9-ში მდებარე 253.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... და მასზე განთავსებული, ორ ერთეულად გაყოფილი შენობა-ნაგებობები (№1 შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მოსარჩელის მიერ უნებართვოდ აშენებულ 49.0 კვ.მ. ფართის პირველ სართულს და №2 ნაგებობა - მე-2 სართულის 33.5 კვ.მ. ფართს) 2018 წლის 27 სექტემბრიდან რეგისტრირებული იყო მოსარჩელე შ.მ-ის საკუთრებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შ.მ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია და სამართლებრივად არ შეუფასებია, რომ სადავო უნებართვო მშენებლობა საჯარო რეესტრში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის საკუთრებად იყო რეგისტრირებული, რაც საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 22-ე ნაწილით განსაზღვრულია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ.მ-ემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილება 2019 წლის 11 იანვარს №564/25 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2019 წლის 25 თებერვლის №02/19 ბრძანებით, შ.მ-ის საჩივარი წარმოებაში არ იქნა მიღებული იმ დასაბუთებით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შ.მ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟი) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილება შ.მ-ისათვის 2018 წლის 17 დეკემბერს, საფოსტო გზავნილის ოჯახის წევრზე (მეუღლე) ჩაბარების გზით იქნა გაცნობილი. შ.მ-ემ 2019 წლის 11 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე, გასაჩივრების ვადის აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ იგი გაშვებულად იქნებოდა მიჩნეული.
აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში, შ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც აქტის გასაჩივრების ვადა 1 თვით განისაზღვრება. აღნიშნული კი იძლეოდა საჩივრის წარმოებაში მიღების და მისი არსებითი განხილვის შესაძლებლობას. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ არც ეს წესი გამოიყენა და არც გაშვებულად მიჩნეული გასაჩივრების ვადა აღუდგინა შ.მ-ეს, რის გამოც შეფასების გარეშე დატოვა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №252 დადგენილების კანონშესაბამისობა.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 თებერვლის სადავო №02/19 ბრძანება ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე