საქმე №ბს-1004(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 13 მაისს ლ.ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს ორი შვილი - ა... და თ... პ-ბი, რომელთაგან უკანასკნელი შშმ პირია. მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი N48-ში მდებარე კოლექტიური ჩასახლების ობიექტში. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ მისი ოჯახის წინააღმდეგ გამოსახლების მოთხოვნით აღძრული სარჩელი იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილი განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მის ოჯახს მიენიჭა 9,5 ქულა, მათ შორის 3 ქულა - გამოსახლების ნაწილში, 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები, 3 ქულა - შშმ პირი, 1,5 ქულა - ვეტერანი მეუღლე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 20 აპრილს გამოსცა ბრძანება ლ.ნ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, ოროთახიანი ბინები მიიღეს უფრო დაბალი ქულის მქონე ოჯახებმა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული ბრძანება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების გარეშე.
ამდენად, მოსარჩელემ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-984/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და ლ.ნ-ასთან ერთად განსახილველ საქმეზე მოსარჩელეებად განისაზღვრნენ მისი ოჯახის წევრები: პ.პ-ი, ა.პ-ი და თ.პ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ნ-ას, პ.პ-ის, ა.პ-ის და თ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-984/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.ნ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 9.5 ქულა, მათ შორის, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, ან, მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3 ქულა; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2 ქულა; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (თ.პ-ი) – 3 ქულა; ომის ვეტერანი (პ.პ-ი) - 1.5 ქულა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელეთა ალტერნატიულ ფართან დაკავშირებით არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამხვილა მონიტორინგის განხორციელებისას, პ.პ-ის ახსნა-განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მის სახელზე წარსულში რეგისტრირებული ბინა ეკუთვნოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ლ.ნ-ას ბიძას, რომლის მეუღლის - ი.ფ-ას სახელზეც მოგვიანებით გადაფორმდა კიდეც ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
პალატამ მიიჩნია, რომ დღევანდელი მდგომარეობით დევნილი ოჯახი მინიჭებულ ქულათა გათვალისწინებით საჭიროებს უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. წარსულში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ გამორიცხავს დევნილის უფლებას საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით. ასევე არამართებულია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მოსარჩელეების მშობლების საკუთრებასთან დაკავშირებით და ამ გარემოებაზე ყურადღების მიქცევით სადავო აქტის კანონიერების დასაბუთება. სააპელაციო პალატამ აღნიშნავ, რომ სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი არ უნდა იყოს განმარტებული იმგვარად, რომ დევნილი ოჯახი მოცემული არგუმენტით არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები საჭიროებენ საცხოვრებელი ფართით სასწრაფოდ დაკმაყოფილებას. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცულ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმს, რომლის თანახმად ოროთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა. კასატორის განმარტებით, თავდაპირველად კომისიის მიერ დგინდება გამსვლელ ქულათა მინიმალური ოდენობა, თუმცა აღნიშნული იმპერატიულად არ გულისხმობს, რომ თუ დევნილი ოჯახის ქულათა ოდენობა კომისიაზე მისი საკითხის გასატანად საკმარისია, დევნილი ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს. კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქულათა კონკრეტული ოდენობის გარდა გასათვალისწინებელია საქმეზე მოპოვებული და კომისიის სხდომაზე წარდგენილი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი განაპირობა ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობამ. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ ლ.ნ-ას მეუღლემ - პ.პ-მა 2011 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, ...ას ქ. N2, ბინა N... ამასთან, პ.პ-მა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 2012 წელს ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ლ.ნ-ას ბოცოლაზე - ი.ფ-აზე. 2021 წლის 22 მარტს მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა პ.პ-ის მიერ გასხვისებულ ბინაში, მეზობლებთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ ქონება ეკუთვნის პ-ების ოჯახს. აღნიშნული ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელეების ოჯახი ქონების გასხვისების შემდეგაც სარგებლობს ბინით.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს მინისტრის N1-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამრიგად, მითითებული ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც უშუალოდ თვითონ ან მათმა ოჯახის წევრმა საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ასეთი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და მდგომარეობა განსხვავებულია იმ დევნილი ოჯახებისაგან, რომელთაც არა აქვთ და არც ჰქონიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა.
კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობდა ლ.ნ-ას ოჯახის განსახლების გადაუდებელი აუცილებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-956/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 25 ოქტომბერს ლ.ნ-ას მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. განაცხადის დამუშავების შედეგად, ლ.ნ-ას დევნილმა ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 9,5 ქულა. მათ შორის, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, ან, მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3 ქულა; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2 ქულა; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (თ.პ-ი) – 3 ქულა; ომის ვეტერანი (პ.პ-ი) - 1.5 ქულა.
2020 წლის 24 დეკემბრის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის გზატკ. N48-ში, მე-2 სართული, ბინა ....-ში. გასაუბრება მოხდა განმცხადებლის მეუღლესთან - პ.პ-თან, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 1996 წლიდან. მოსარჩელის მეუღლემ აღნიშნა, რომ წარსულში ქ. ბათუმში, ...ას ქ. N...-ში მდებარე მის სახელზე რეგისტრირებული ბინა რეალურად შეიძინა საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ლ.ნ-ას ბიძამ, რომლის ცოლზეც მოგვიანებით გადააფორმა კიდეც ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით (ოქმი №19) მოსარჩელე ლ.ნ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ალტერნატიული საცხოვრებლის გამო (დააკლდა 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს).
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილს გადაწყვეტილების (ოქმი №19) საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 20 აპრილს გამოსცა №03-984/ო ბრძანება ქალაქ თბილისში ლ.ნ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, იმ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ლ.ნ-ას ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, ოჯახს არც საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ.ნ-ას ქმრის - პ... პ-ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 24 ივლისს გადასცა სხვა პირს. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ მოსარჩელე - პ.პ-ს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება ს/კ ... .... (მის: ბათუმი, ...ას ქ. №...), რომელიც 2012 წლის 24 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ი.ფ-ას. ამასთან, საჯარო რეესტრის 22.11.2017წ. ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეების ფაქტობრივ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი, N48-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს ,, ა...“. ამდენად, დასტურდება ის გარემოება, რომ ლ.ნ-ას და მის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. მითუფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეების ფაქტობრივი საცხოვრებელი ობიექტის მესაკუთრე - შპს ,,ა..." სასამართლო წესით აწარმოებს დავას ლ.ნ-ას ოჯახის გამოსახლების თაობაზე.
საყურადღებოა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულთა ნაკლებობა, არამედ იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ალტერნატიული საცხოვრებლის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარსულში პ.პ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მითითებით მიიჩნევს, რომ ლ.ნ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ამ ეტაპზე არ არის პრიორიტეტული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ 28.10.2021წ საბანკო ამონაწერზე - სს ,,ს...ში“ შესრულებული ფულადი გზავნილის მიღების ოპერაციებზე, რომლის თანახმად 28.02.2011წ და 30.03.2011წ.- პ.პ-ს ი.ფ-ასგან მიღებული აქვს 5000-5000 აშშ დოლარი, ხოლო 28.02.2011წ და 30.03.2011 - პ.პ-ს ასევე მიღებული აქვს თანხები მ.მ-სგან (ლ.ნ-ას ბიძა). ამასთან, საქმეში დაცული ს...ის 29.10.2021წ. ამონაწერით, პ.პ-ის მიერ შპს ,, დ...ის“ ანგარიშზე თანხა შეტანილია 31.01.2011წ - 20 000 აშშ ექვივალენტი, 28.02.2011წ.- 5000 აშშ. დოლარის, 28.02.2011 – 650 აშშ დოლარის, 30.03.2011წ. 5650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ზემოხსენებული გზავნილების და სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე თანხების გადარიცხვის ქრონოლოგიის, თანხების ოდენობის და დღევანდელი მდგომარეობით უძრავი ნივთის მესაკუთრედ ი.ფ-ას მესაკუთრედ აღრიცხვის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ერთმნიშნელოვნად და უტყუარად იმ გარემოების დადგენა, რომ პ.პ-მა საკუთარი სახსრებით შეიძინა ბინა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით დგინდება, რომ ლ.ნ-ას, ა.პ-ის, პ.პ-ის სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ დევნილი ოჯახი მინიჭებულ ქულათა გათვალისწინებით საჭიროებს უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. წარსულში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ გამორიცხავს დევნილის უფლებას საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით. საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრის 2012 წლის ამონაწერით, პ.პ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მშენებარე სტატუსი გააჩნდა და ასეთივე მდგომარეობით გადაეცა ი.ფ-ას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სათანადო მტკიცებულებების გარეშე ვერ მოხდება იმ ფაქტის გაზიარება, რომ მოსარჩელე უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ.ნ-ას ჰყავს ორი შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი შშმ პირია, რომელთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებაზეც უნდა ყოფილიყო ორიენტირებული ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, გასაჩივრებული აქტით (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ N....... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონება პ.პ-მა გადაუფორმა ი.ფ-ას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომ პ.პ-ის მიერ გასხვისება მოხდა ფორმალურად, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება კი დამყარებულია მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც არ შეიძლება იქნეს მიჩნეული უძრავი ქონების ფორმალურად გასხვისების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა