Facebook Twitter

საქმე №ბს-1022(2კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და გ.ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 22 ივნისს გ.ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ცხოვრობდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მდებარე: გორი, ...ის ქ. N63, შპს ,,ტ...“. ზემოაღნიშნული ობიექტის მესაკუთრეა შპს ,,ტ...“, რომელიც ითხოვს უძრავი ქონებიდან გ.ფ-ის პირადი ნივთების გატანას. მოსარჩელემ მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რათა "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესახებ" მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად მომხდარიყო მისი, როგორც დევნილის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით. თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის N111 ბრძანებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მითითებულ ფართში ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №111 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის გ.ფ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №111 ბრძანება, მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და გ.ფ-მა. გ.ფ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და გ.ფ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესზე“, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების პრიორიტეტულობა. ამასთან, აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტების შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ძირითად წესს განსაზღვრავს: 1) თუ დევნილი ოჯახი დროებით ცხოვრობს უსაფრთხო საცხოვრებელში - ქულათა (ზოგად საჭიროებათა) პრიორიტეტულობის საფუძველზე, თანმიმდევრულად და 2) თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ნგრევადსაშიშ შენობაში, სახელმწიფო ქულების მიუხედავად უპირატესობას ანიჭებს დევნილ ოჯახს და უზრუნველყოფს მას უსაფრთხო საცხოვრებლით.

პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ.ფ-ი არის ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია ქ. გორი, ...ის ქ. N63, შპს ,,ტ...“, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე წარმოადგენს მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნგრევად შენობას. მოსარჩელემ მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესახებ" მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად მისი, როგორც დევნილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №99 სხდომის ოქმით გ.ფ-ს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ განსახილველ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, თავისივე გასხვისებულ ფართში ცხოვრების გამო (დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა. დაემატა: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება - 1.5 ქულა). დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის N111 ბრძანებით გ.ფ-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, გორში, ...ის ქ.N63-ში, შპს ,, ტ...ში’’ ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 16 ოქტომბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმებზე, რომელთა თანახმად, ერთ შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა გორში, . ...ის ქ. N63, ,, ...’’, კორპ. 2, ბინა N3-ში, ხოლო მეორე შემთხვევაში გორში, ...ს ქ. N5-ში. ზემოაღნიშნული ოქმებიდან ირკვევა, რომ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მოსარჩელის მისამართზე კარი დახვდათ დაკეტილი, თუმცა გასაუბრება მოხდა გვერდით, N2 ოთახში მცხოვრებ გ.ფ-ის დასთან - მ...სთან, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელე და მისი შვილი წასულები არიან თბილისში, თუმცა კონკრეტული მისამართი არ იცის. რაც შეეხება, გორში, ...ს ქ. N5-ში განხორციელებულ მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტს, ზემოაღნიშნულ მისამართზე კარი გააღო მამაკაცმა, რომელმაც განაცხადა, რომ არის გ.ფ-ის მეუღლე, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შეტყობისას სააგენტოს თანამშრომლები სახლში აღარ შეუშვა.

პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და მხოლოდ მონიტორინგის მასალების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა გორში, ...ის ქ. N63, ,,..."-ში და მის საცხოვრებელს წარმოადგენდა თავისი გასხვისებული სახლი მდებარე - ქ. გორი, ...ს ქ. N5. სააპელაციო პალატამ განმარტა რომ ერთჯერადად საცხოვრებელ ფართში არყოფნა, ცალსახად არ გამორიცხავდა ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას, რის გამოც აღნიშნული მოტივით განმცხადებლისთვის უარის თქმა დაუსაბუთებელი იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქალაქო სასამართლოზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლითაც დასტურდებოდა მათი მოსარჩელეთან ერთად ...ში 1991 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრების ფაქტი. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ...ში დარჩენილია მოსარჩელის პირადი ნივთები, თუმცა შენობის მესაკუთრემ გ.ფ-ს შუქი ჩაუჭრა, ბინა დაუკეტა და მოსთხოვა შენობის დატოვება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს სადავო აქტის გამოცემის პერიოდთან მიმართებით, ვინაიდან მოსარჩელე ამჟამად ვერ ახორციელებს ხსენებული ფართის ფლობას. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოსარჩელე განაცხადს აკეთებდა შვილთან, შვილიშვილთან და მის არადევნილ რძალთან ერთად, რის გამოც მისი განსახლების საკითხი განხილულ იქნა 2-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების კუთხით, ვინაიდან ოჯახი შედგებოდა 4 სულისგან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახში განხორციელებული ცვლილების შემდგომ სარეგისტრაციო ნომერზე გ.ფ-ი არის მარტო და შემდგომი განცხადებები მის მიერ გაკეთებულია ინდივიდუალურად.

სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის პირობებში თავდაპირველად იმ გარემოების შეფასება რამდენად არსებობს მოსარჩელის კრიტერიუმების გარეშე განსახლების აუცილებლობა, ხოლო აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდგომ, ოჯახის წევრთა სულადობის შეცვლილი ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით იმ გარემოების შეფასება თუ რამდენ ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების საჭიროების წინაშე დგას მოსარჩელე, რადგან ერთ და ორ სულიან ოჯახებზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის საორიენტაციო სტანდარტს ერთოთახიანი ბინა წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სახეზე იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და გ.ფ-მა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. გ.ფ-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის - გ.ფ-ის მითითებით, იგი განაცხადის წარდგენის დროისთვის ფაქტობრივად ცხოვრობდა რეგისტრირებულ მისამართზე, რასაც ადასტურებს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსარკვევი იყო გ.ფ-ის რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის კომპაქტურად განსახლების ობიექტს, რის გამოც მისი დაკმაყოფილება უნდა განხორციელებულიყო კრიტერიუმების გარეშე. ამდენად, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა პირდაპირ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე და მოპასუხისთვის დაევალებინა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდებოდა გ.ფ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მითითებით, მოსარჩელის ოჯახის სადავო მისამართზე რეგისტრაციის მიუხედავად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული პირები სადავო შენობის ფაქტობრივ მაცხოვრებლებს არ წარმოადგენდნენ. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ გ.ფ-მა შვილთან - გ.მ-სთან, რძალთან - ა.ვ-სთან და შვილიშვილთან - გ.მ-სთან ერთად 2017 წლის 17 თებერვალს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების (ოჯახის წევრთა სულადობის) გათვალისწინებით გ.ფ-ის ოჯახი 2-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების კანდიდატი იყო, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ფაქტობრივი მოცემულობა შეცვლილია.

საქართველოს მთავრობის 2.02.2019წ. N281-ე განკარგულების შესაბამისად, გ.ფ-ის შვილები - გ.მ-ე და თ.მ-ე ოჯახის წევრებთან ერთად დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით ქ. გორში, ...ის ქ. N27-ში, კორპ. N31. ზემოაღნიშნული პერიოდიდან, გ.ფ-ი განაცხადს აკეთებს მარტო. კასატორი აცხადებს რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გ.ფ-ი ერთსულიანი ოჯახი და ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილების კანდიდატია. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს გ.ფ-ის ერთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტის არარსებობის პირობებში, კანონით დადგენილი პროცედურების და ეტაპების გავლის გარეშე სააგენტო ვერ გამოსცემს აქტს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს. სადავო აქტის გამოცემის შემდეგ შეცვლილი გარემოებები შეუძლებელს ხდის სადავოდ გამხდარი ბრძანების კანონიერების შემოწმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.ფ-ის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გ.ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2018 წლის 1 თებერვლის №111 ბრძანების კანონიერება, რომლითაც გორში, ... ქ. 63-ში, შპს ,,ტ...ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო, იმ ეტაპზე გ.ფ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. გორში, ...ის ქ. N1-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და სააგენტოსთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

დადგენილია, რომ მოსარჩელე გ.ფ-ი არის ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია ქ. გორი, ...ის ქ. N63, შპს ,,ტ...“, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე წარმოადგენს მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნგრევად შენობას.

გ.ფ-მა 2017 წლის 17 თებერვალს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. მხარე განაცხადს აკეთებდა შვილთან - გ.მ-სთან, რძალთან - ა.ვ-თან და შვილიშვილთან გ.მ-სთან ერთად. ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვდა 2-ოთახიანი ბინის მიღებას.

დადგენილია, რომ ქალაქ გორში, ...ის ქ. N63 შპს „ტ...ს“ კორპ. N1, N2, N3 შენობების ტექნიკური მდგომარეობის გამო, სამინისტროს მიერ განხორციელდა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №111 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №99), ქალაქ გორში, ...ის ქ. N1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა გ.ფ-ის ოჯახს ქ. გორში, ...ის ქ. N63, შპს „ტ...ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიიის 2017 წლის 20 დეკემბრის N99 სხდომის ოქმის შესაბამისად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით ქ. გორში 2-ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა გ.ფ-ს იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის გამო, თავისსავე გასხვისებულ ფართში ცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავოდაა გამხდარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის ბრძანების კანონიერება. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი კი გახდა გ.ფ-ის ნგრევად ობიექტში არცხოვრება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითია დადგინდეს სადავო აქტის გამოცემის პერიოდისთვის გ.ფ-ის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი, რადგან ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამ დროისთვის ვერ ახორცილებს შპს ,,ტ...ში“ არსებული ფართის მფლობელობას სადავო არ არის.

საქმეში დაცულია 2017 წლის 16 ოქტომბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმები, რომელთა თანახმად, ერთ შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა გორში,...ის ქ. N63-ში, ,,...’’, კორპ. 2, ბინა 3-ში, ხოლო მეორე შემთხვევაში გორში, ...ს ქ. N5-ში. აღნიშნული ოქმებიდან ირკვევა, რომ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მოსარჩელის მისამართზე კარი დახვდათ დაკეტილი, თუმცა გასაუბრება მოხდა გ.ფ-ის გვერდით N2 ოთახში მცხოვრებ მოსარჩელის დასთან - მ...სთან, რომელმაც განმარტა, რომ მისი და და დისშვილი წასულები არიან სტუმრად თბილისში, თუმცა ზუსტი მისამართი მისთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება გორში, ...ს ქ. N5-ში მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტს, კარი გააღო მამაკაცმა, რომელმაც განაცხადა, რომ არის გ.ფ-ის მეუღლე. ზემოაღნიშნულმა პიროვნებამ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებთან გასაუბრებაზე განაცხადა უარი, თუმცა აღნიშნა, რომ როგორც მოსარჩელე, ისე გ.ფ-ის შვილი - თ... ცხოვრობენ ...ში. ამასთან საქმეში დაცული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებულ კითხვარში გ.ფ-ს ოჯახის (თავად, რძალი, შვილი და შვილიშვილი) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვს ქ. გორი, ...ის ქ. N63, შპს „ტ...“, მე-2 კორპ, ბინა N3. იდენტური მისამართია ასევე დაფიქსირებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში.

სსიიპ„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მიხედვით, როგორც სადავო საკითხის გადაწყვეტის დროისთვის, ისე ამჟამად მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები გაანგარიშებულია დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, კერძოდ, მაქსიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა 1-2 მოსახლის შემთხვევაში შეადგენს ერთ ოთახიანს, ხოლო 3-4 მოსახლის შემთხვევაში შეადგენს ორ ოთახიანს.

საგულისხმოა, რომ საქმეში დაცული გ.ფ-ის 2020 წლის 26 ივნისის და 2019 წლის 28 ნოემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელე განაცხადს აკეთებს ინდივიდუალურად. ამასთან, გრძელვადიანი საცხოოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებულ კითხვარში გ.ფ-ის ოჯახის წევრებად მითითებულნი აღარ არიან სხვა პირები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია ზემოაღნიშნული წესი ითვალისწინებს კრიტერიუმების გარეშე, ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო პრიორიტეტულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას, თუმცა მოცემული დავის ბედი განსაზღვრა იმ გარემოებამ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას არ მოიძია დამატებითი მტკიცებულებები მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო დავის გადაწყვეტისათვის არსებითად მიიჩნევს გ.ფ-ის რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადგენას, რაც გამოიხატება აღნიშნულ მისამართზე ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით. მითითებული გარემოება კი შესაძლებელია დადასტურდეს გადასახადის გადახდის ქვითრებით, მეზობლების გამოკითხვით და სხვა მსგავსი მტკიცებულებების ერთობლიობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, გ.ფ-ის ჩართულობით, შეეძლო დაედგინა რიგი გარემოებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისთვის გააჩნია სხვადასხვა ბერკეტი, კერძოდ კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები პირების გამოკითხვა, კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვა და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული მ.დ-ის ჩვენებით, იგი მოსარჩელესთან ერთად 1991 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრობდა ...ში. მოწმე - ტ.ჭ-ე ასევე ადასტურებს, რომ იგი მოსარჩელესთან ერთად თითქმის ოცდაათი წელი ცხოვრობდა ...ში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ფ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყარობით უზრუნველყოფის სააგენტოს პოზიციით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 თებერვლის N281-ე განკარგულების საფუძველზე, გ.ფ-ის შვილები - გ.მ-ე და თ.მ-ე დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით ქ. გორში, ...ის ქ. N27-ში, კორპ. N3. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, კასატორ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მითითებას მასზედ, რომ ვინაიდან სადავო ბრძანება ეხება გ.ფ-ისთვის 2-ოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო მოცემული ფაქტობრივი მდგომარეობით მოსარჩელე ერთ ოთახიანი ბინის დაკმაყოფილების კანდიდატია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო ბრძანების კანონიერებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკასაციო საჩივარში თავადვე ადასტურებს, რომ გ.ფ-ის მიერ სადავო ბრძანების გამოცემის შემდგომ გაკეთებული 2019 და 2020 წლის განაცხადებების შესაბამისად, ის ერთ სულიანი ოჯახია.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა მისი ოჯახთან ერთად დაკმაყოფილება, თუმცა 2019 და 2020 წელს წარდგენილი განაცხადით იგი ითხოვს ინდივიდუალურ დაკმაყოფილებას, რაც ერთგვარ მოთხოვნის შემცირებას წარმოადგენს. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დევნილი პირის ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით წყვეტს მისაკუთვნებელი ბინის ფართს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გ.ფ-ი დამოუკიდებლად აკეთებს განაცხადს ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ მოცემული შეცვლილი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავა გადაწყვეტილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ დავა არსებითად გადაწყვეტილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხე ადმინინისტრაციულმა ორგანომ გ.ფ-თან მიმართებით ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმ პერიოდისთვის არსებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის პირობებში უპირველესად უნდა გადაწყდეს საკითხი არის თუ არა გ.ფ-ი კრიტერიუმების გარეშე განსახლების აუცილებლობის წინაშე მყოფი პირი. მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდგომ, შეცვლილი ფაქტობრივი მოცემულობის (სახელმწიფოს მიერ მისი შვილების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება, განაცხადის ინდივიდუალურად გაკეთება) გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დევნილის ოჯახის წევრთა სულადობა უნდა გაითვალისწინოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და გ.ფ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა