№ბს-1081(2კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარ, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 14 იანვარს მ.ზ-ამ, ნ.ღ-მა, მ.თ-მა, ა.ს-მა, რ.ს-ემ, თ.ა-ემ, ლ.ბ-ემ, ლ.თ-მა, ნ.კ-ემ, ხ.ე-ამ, ნ.მ-მა, მ.ო-მა, ლ.ბ-მა, დ.ჩ-ემ, გ.ო-ემ, მ.ლ-მა, ა.ვ-მა, ხ.ჯ-მა, ბ.ჯ-ამ, ლ.ჩ-ემ, მ.ც-მა, ლ.კ-ამ, ლ.ლ-ემ, მ.დ-მა, ლ.შ-მა, ს.ჯ-მა, თ.ო-მა, ნ.ლ-მა, ი.ნ-ემ, გ.კ-მა, თა.ა-მა, ლ.ა-მა, თ.ს-ემ, ლ.ხ-ემ, ქ.ზ-ემ, ი.მ-მა, ა.ო-მა, დ.ქ-მა, ნ.ბ-ემ, ც.მ-მა, გ.ს-მა, მ.ს-მა, რ.ლ-ემ, ნ.ზ-ემ, ა.ბ-მა, ა.პ-ემ, მ.ქ-ამ, ა.ბ-მა, ი.ქ-ამ, ი.ო-ამ, მ.ი-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, 2017 წლის 30 იანვარს სავაჭრო ცენტრ „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალდა რამდენიმე ასეული იქ მომუშავე/მოვაჭრე ადამიანი. აღნიშნულ ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქალაქ თბილისის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა თითოეულ დაზარალებულზე 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება მიიღო დაზარალებულთა ნაწილმა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილებით მოსარჩელეებს მინიჭებული აქვთ დაზარალებულ პირთა სტატუსი, მათ გაურკვეველი მიზეზების გამო მითითებული ერთჯერადი დახმარება ვერ მიიღეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეების მიმართ გაიცემა ერთჯერადი დახმარება, თითოეულის სასარგებლოდ 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეებისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ზ-ას, ნ.ღ-ის, მ.თ-ის, ა.ს-ის, რ.ს-ის, თ.ა-ის, ლ.ბ-ის, ლ.თ-ის, ნ.კ-ის, ხ.ე-ას, ნ.მ-ის, მ.ო-ის, ლ.ბ-ის, დ.ჩ-ის, გ.ო-ის, მ.ლ-ის, ა.ვ-ის, ხ.ჯ-ის, ბ.ჯ-ას, ლ.ჩ-ის, მ.ც-ის, ლ.კ-ას, ლ.ლ-ის, მ.დ-ის, ლ.შ-ის, ს.ჯ-ის, თ.ო-ის, ნ.ლ-ის, ი.ნ-ის, გ.კ-ის, თა.ა-ის, ლ.ა-ის, თ.ს-ის, ლ.ხ-ის, ქ.ზ-ის, ი.მ-ის, ა.ო-ის, დ.ქ-ის, ნ.ბ-ის, ც.მ-ის, გ.ს-ის, მ.ს-ის, რ.ლ-ის, ნ.ზ-ის, ა.ბ-ის, ა.პ-ის, მ.ქ-ას, ა.ბ-ის, ი.ქ-ას, ი.ო-ას, მ.ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეების მიმართ გაიცემა ერთჯერადი დახმარება, თითოეულის სასარგებლოდ 3 000 ლარის ოდენობით; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირთა თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ ეთქვას უარი ისეთივე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. თანასწორობის მოთხოვნა უპირობოდ ირღვევა, თუ პირთა შორის არსებული თუნდაც მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც, აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში არ არის გამოკვეთილი დაზარალებულ პირთა შორის რაიმე კონკრეტული კატეგორია, მათ შორის, დაზარალებულები, რომლებსაც საქონელი სრულად გაუნადგურდათ. თვითმმართველმა ერთეულმა მიიღო გადაწყვეტილება, ერთჯერადი დახმარება გაეცა ზოგადად, ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებზე, რომელსაც ასევე მიეკუთვნებიან მოსარჩელეები. ისინი წარმოადგენენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს იმ პირებთან მიმართებით, ვინც დაექვემდებარა დახმარებას. ადმინისტრაციული ორგანომ ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა, რით არის განპირობებული ან გამართლებული მოსარჩელეთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეთა მდგომარეობის განსხვავებას იმ პირებთან მიმართებით, ვისზეც გაიცა ერთჯერადი დახმარება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის არ არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები, თუმცა პირთა შორის თანასწორობის პრინციპი, პრინციპი არსებითად თანასწორთა შორის უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობის თაობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მოსარჩელეებზე, როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებზე გაავრცელოს იგივე რეჟიმი, რაც გამოყენებულ და გავრცელებულ იქნა დახმარებას დაქვემდებარებულ პირთა მიმართ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, მოსარჩელეები არიან თუ არა სავაჭრო ცენტრ „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, არამედ, მნიშვნელოვანია, რამდენად აკისრია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზღაუროს მათ ხანძრით მიყენებული ზიანი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არც საკუთარ და არც დელეგირებულ უფლებამოსილებათა შორის არ არის ნახსენები ვალდებულება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა აანაზღაუროს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი, მით უფრო, კერძო სუბიექტის საკუთრებაში არსებულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოშობილი ზიანი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა დახმარება აღმოუჩინა ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, მოცემული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კეთილი ნების საფუძველზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ხანძარი გაჩნდა დაუდგენელ ვითარებაში კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე. იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს მოსარჩელეებისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სახეზე უნდა იყოს სზაკ-ის ზემოაღნიშნული მუხლის შემადგენლობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და მოსარჩელეებს შეუძლიათ თავიანი მიზნების მისაღწევად დავა გააგრძელონ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალიწინებული ის გარემოება, რომ საკრებულოს სხდომის ოქმის მიხედვით ერთჯერადი დახმარება განხორციელდა იმ დაზარალებულებზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ნივთები და 3000 ლარიანი დახმარება გაიცა ხანძრიდან მალევე, რაც მიზნად ისახავდა იმ დროისათვის უმძიმესი მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულთა დახმარებას. სასამართლომ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის წერილები კონკრეტული მოსარჩელეების მიმართ, რომელთაც განემარტათ, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ანაზღაურება გაიცა „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ იმ პირებზე, რომელთაც სრულად დაუზიანდათ საქონელი და, რომ აღნიშნული სიები მოწოდებულ იქნა საინვესტიციო ჯგუფებისა და შესაბამისი იურიდიული პირების (შპს) მიერ. აღნიშნულ წერილებში მითითებულია, რომ სიების დასაზუსტებლად მათ უნდა მიემართათ საინვესტიციო ჯგუფისა და იმ იურიდიულ პირებისათვის, რომლებთანაც სამართლებრივ ურთიერთობაში (ხელშეკრულება) იმყოფებოდნენ, თუმცა ამ პირებს (მოსარჩელეებს) სადავოდ არ გაუხდიათ და არც კი მიუმართავთ შესაბამისი იურიდიული პირებისათვის იმ მოტივით, რომ მომხდარიყო მათი მხრიდან სიების დაზუსტება და წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
საკრებულომ იხელმძღვანელა სავაჭრო ცენტრ „ბ...ში’’ რეგისტრირებული კომპანიების მიერ წარდგენილი სიებით, საიდანაც მოვაჭრეების თვითნებურად ამოღებას ან დამატებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისი ორგანიზაციების მიერ, საკრებულოს მოთხოვნის საფუძველზე, დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია, განისაზღვრა 345 დაზარალებული, რომელთათვისაც სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით გამოიყო 1 035 000 ლარი. საჯარო ინტერესიდან, ხანძრის მოცულობისა და ზიანის ოდენობიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ისევ და ისევ კეთილი ნების საფუძველზე, გარკვეული დახმარება გაეწია იმ დაზარალებულებისთვის, რომელთა შესახებაც არსებობდა, მოძიებულ და მოწოდებულ იქნა შესაბამისი შპს-ების მიერ ინფორმაცია, გადაწყვეტილების მიღების დროს.
უდავო გარემოებაა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სავაჭრო ცენტრ „ბ...ს“ მესაკუთრეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით, როგორც ხანძრის გაჩენის დროისთვის, ასევე დღეის მდგომარეობითაც, წარმოადგენს სს ,,... ბ...“ (ს/ნ ...), რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. უდავო გარემოებას წარმოადგენს ასევე ის, რომ ხანძარი გაჩნდა დაუდგენელ ვითარებაში, კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეების მიმართ გაიცემა ერთჯერადი დახმარება, თითოეულის სასარგებლოდ 3 000 ლარის ოდენობით. ასევე, მოსარჩელეები მოითხოვენ დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მათ სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემა. სარჩელის ძირითადი არგუმენტი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეების მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა მოხდა მოსარჩელეთა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი სხვა დაზარალებულების მიმართ. მოსარჩელეებმა კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, მითითებული ერთჯერადი დახმარება ვერ მიიღეს.
საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი შეეხება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. 4.1 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპი მოითხოვს არა ადამიანთა შორის ფაქტობრივი უთანასწორობის მოსპობას, არამედ კრძალავს მათი უსაფუძვლო დიფერენცირების შესაძლებლობას. დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები - არსებითად არათანასწორები კონკრეტულ ურთიერთობაში. საკონსტიტუციო სასამართლო თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპით დაცულ სიკეთედ მიიჩნევს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობას პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, არამედ პირის უფლებას, ჰქონდეს თანაბარ პირობებში და გარემოებებში მყოფი ადამიანის ეკვივალენტური პრივილეგიები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირთა თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, არც ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ ეთქვას უარი ისეთივე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. თანასწორობის მოთხოვნა უპირობოდ ირღვევა, თუ პირთა შორის არსებული, თუნდაც მცირედი განსხვავება, არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა პირებმა 2017 წლის 22 მარტის №3587 განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვეს ზარალის ანაზღაურებამდე, ერთჯერადი დახმარების გაცემა, თითოეული დაზარალებულის სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, მათ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინეს კონტრაქტორების დირექტორების მიერ შედგენილი დაზარალებულთა იმჟამინდელი სიები (ტ.1. ს.ფ. 297-299); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 23 მარტის №3587 წერილების პასუხად, შპს „ბრ...მა“, შპს „ ნ...“-მა, ინდ. მეწარმე გ.ი-მა, შპს „დ...მა“, შპს „ თ...“-მა წარადგინეს 2017 წლის 30 იანვარს „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ იმ პირთა სიები, რომლებიც მათ კომპანიასთან იმყოფებოდა სამართლებრივ ურთიერთობაში (ტ.1. ს.ფ. 272, 273, 274-277, 278-285, 286-288, 289-291, 292-295); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 12 აპრილის №04-1/451 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გადაეგზავნა 2017 წლის 30 იანვარს „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა დაზუსტებული 345 (სამას ორმოცდახუთი) კაცისაგან შემდგარი სია და მასვე ეთხოვა, შეთანხმებისამებრ, თითოეულ მათგანზე გაეცა ერთჯერადი დახმარება 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 352-364); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-853 ბრძანებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნა და 2017 წლის 30 იანვარს „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებისათვის (345 დაზარალებული პირი), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარების სახით, გამოიყო 1 035 000 (ერთი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, თითოეულის მიმართ 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-853 ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 1 035 000 (ერთი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი გადაიტანა „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამაში, ხოლო შემდეგ, 2017 წლის 13 აპრილს - სს „ ...ში“ ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, შემდგომში დაზარალებული პირებისათვის გასაცემად (ტ.1. ს.ფ. 365-378); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1 მაისის №1-987 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება „2017 წლის 30 იანვარს “ბ...ში„ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1-853 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით (ტ.1. ს.ფ. 382-394); ვ) სავაჭრო ცენტრ „ბ...ს“ დაზარალებული პირების (მოსარჩელეთა) სახელით მ.ჩ-მა და ნ.ფ-მა მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვეს დაზარალებული პირებისათვის (მოსარჩელეებისათვის) ერთჯერადი დახმარების გაცემა თითოეულისათვის 3000 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 205, 206-210); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 აპრილის №4171 წერილით მოქალაქე მ.ზ-ას ეცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ანაზღაურება გაიცა „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ იმ პირებზე, რომელთაც სრულად დაუზიანდათ საქონელი. ამასთან, აღნიშნულ პირთა სიები ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდეს საინიციატივო ჯგუფმა და შესაბამისმა იურიდიულმა პირებმა. აქედან გამომდინარე, დასაზუსტებლად მათ უნდა მიემართათ საინიციატივო ჯგუფისთვის და იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებთანაც სამართლებრივი ურთიერთობა (ხელშეკრულება) ჰქონდათ (ტ.1, ს.ფ. 213); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 სექტემბრის №5831 წერილით მ.ჩ-ს ეცნობა, რომ სავაჭრო ცენტრი „ბ...“ წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად, ამ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის კერძო სუბიექტს, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას. მიუხედავად აღნიშნულისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, შესაბამისი თანამდებობის პირები, საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩართულნი იყვნენ პრობლემის მოგვარებაში, რათა დაზარალებულთათვის, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ საქონელი, აღმოეჩინათ დახმარება... საკრებულომ ყველა საშუალება გამოიყენა, რათა არ მომხდარიყო რომელიმე დაზარალებული პირის სიაში არგათვალისწინება. ამავე წერილის თანახმად, საკრებულოს მხრიდან მაქსიმალურად იყო მზაობა იმის თაობაზე, რომ რომელიმე დაზარალებული პირი, ვისაც სრულად გაუნადგურდა ქონება, არ დარჩენილიყო სიის გარეთ. თუ რომელიმე დაზარალებული ვერ მოხვდა კომპანიების მიერ გადაგზავნილ დაზუსტებულ სიაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის კერძო სამართლის სუბიექტს, რომლებთანაც აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ სამართლებრივ ურთიერთობაში და შესაბამისად, განმცხადებლებს შეეძლოთ აღნიშნულთან დაკავშირებით მიემართათ ხსენებული კომპანიებისთვის (ს.ფ. 211-212); ი) საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის №... საქმე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №7-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბ...სა“ და ბაზრობა „ ნ...ის“ ცეცხლის წაკიდებით განადგურების ფაქტზე. ასევე, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სისხლის სამართლის №... საქმეზე მოსარჩელეები ცნობილი იქნენ დაზარალებულად (ტ.1. ს.ფ.13-208).
საქმეზე დადგენილი დასახელებული გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს იმ პირებთან მიმართებით, ვინც დაექვემდებარა დახმარებას. აღნიშნული კი, ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულს ხდის მოსარჩელეთა მიმართ გაიღოს იმავე სახის ფინანსური დახმარება, როგორც „ბ...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული სხვა პირების მიმართ, ვინაიდან დაუშვებელია, სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსი მიეკუთვნოს კონკრეტულ ჯგუფს დისკრიმინაციულად, ამისათვის სათანადო გამართლების გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე