Facebook Twitter

საქმე #ბს-930(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 10 მაისს ს.ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულებით მას უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. რუსთავი, ...სა და ...ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორია, ნაკვეთის ფართობი: 1198.1 კვ.მ; განაშენიანების ფართობი: არასაცხოვრებელი ფართი - 288.4 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი - 26.8 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 აპრილის #4 სხდომაზე არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და განხილვა. უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად კი კომისიამ მიუთითა საჯარო ინტერესების გათვალისწინება (ინვესტირება), რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, არის უკანონო. შესაბამისად, მოსარჩელე კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის მიერ მიღებულ განკარგულებას.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულების ნაწილობრივ, კერძოდ, 1153.16 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში (... შენობის გამოკლებით) ბათილად ცნობა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. რუსთავი, ...სა და ...ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 1153.16 კვ.მ, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობი - 288.4 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულება (გარდა ... შენობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში) და მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს.ჯ-მა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა ს.ჯ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულებით მოსარჩელე ს.ჯ-ს უარი უთხრა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე შემდეგი საფუძვლით: „სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში განთავსებულ მიწის ნაკვეთს - ორ დამხმარე ნაგებობასთან ერთად, აქედან ერთ-ერთი წარმოადგენს ყოფილ ... შენობას (26.8 კვ.მ), რომელიც გასხვისებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (12284) განკარგვის საკითხს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან“.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ განკარგულება სადავო გახადა მხოლოდ მიწის ნაკვეთთან და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე მეორე შენობა-ნაგებობასთან (288.4 კვ.მ) მიმართებით, ყოფილი ... შენობის (26.8 კვ.მ) და ამ შენობით დაკავებული მიწის ნაკვეთის გამოკლებით. ადმინიტრაციულმა ორგანომ კი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად არ გამოიკვლია და, შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა ს.ჯ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას სადავო მიწის ნაკვეთის იმ ფართობთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაშვებია კერძო სამართლის სუბიექტებზე საკუთრების უფლების აღიარება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულება ს.ჯ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე არ იყო დასაბუთებული და მოპასუხეს არ ჰქონდა გამოკვლეული საკითხთთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული განცხადებები, რომელთა თანახმადაც, მოსარჩელე ს.ჯ-ი 1986 წლიდან დღემდე ფლობს ქალაქ რუსთავში, ...სა და ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1198 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავისი შენობა-ნაგებობებით და ბაღ-ვენახით და სარგებლობს ხსენებული უძრავი ქონებით. მითითებული განცხადებების თანახმად, საწყობის (შენობა-ნაგებობის) კონსტრუქცია შეძენილ იქნა რუსეთში და საქართველოში შემოტანილ იქნა ს.ჯ-ის მიერ. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის მიერ არ იქნა შესწავლილი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან საწყობის შიგნიდან ამოყვანილ ბეტონის კედლებზე გაწეულ იქნა ფინანსური სახსრები.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელშიც ამომწურავადაა მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება. კერძოდ, მითითებული პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ დაფუძნებია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ანალიზს. ამასთან, მხედველობაში არ იქნა მიღებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა ს.ჯ-ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარსა და ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების თაობაზე და აღნიშნა, რომ ს.ჯ-ის მოთხოვნის დაზუსტების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და კანონით განსაზღვრული პროცედურის გამოყენებით შეაგროვოს მტკიცებულებები, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ ს.ჯ-ს 1996 წლიდან თვითნებურად აქვს დაკავებული მიწის ნაკვეთი (ყოფილი ...ზე) და მასზე განთავსებული ორი შენობა. აღნიშნული დასტურდება მოწმეების - გ.ჩ-სა და ვ.მ-ის ნოტარიულად დამოწმებული აქტით. ამასთან, შედგენილია ადგილის დათვალიერების აქტი (2018 წლის 14 დეკემბერი და 2019 წლის 15 აპრილი). შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად უნდა დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მითითებაზე ადგილის დათვალიერებისას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების, მეზობლების გამოკითხვის შემდგომ კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთთა მესაკუთრეების გამოკითხვა ვერ დაადგენს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის სავალდებულოობას, რამდენადაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართს ორ დამხმარე ნაგებობასთან ერთად, რომლიდანაც ერთ-ერთი ნაგებობა არის ყოფილი ... შენობა (26.8 კვ.მ), რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტია და საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება.

ამასთან, კასატორი მიუთითებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 284 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ინვესტიციის კუთხით საინტერესო მიწის ნაკვეთს. აღნიშნული მიწა მოიცავს, ასევე, ს.ჯ-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსაც. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით შეილახება საჯარო ინტერესი. კასატორის განმარტებით, საჯარო დაინტერესების არსებობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა სასამართლოს შპს „ს...ას“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

კასატორის მითითებით, მოსარჩელემ ... შენობის ნაწილში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და სასამართლოში ითხოვა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ - ... შენობის გამოკლებით, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება ეხება ... შენობის ქვეშ არსებულ მიწასაც.

კასატორის შეფასებით, სასამართლოს კონკრეტულად არ მიუთითებია, თუ რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, არსებითად გადაეწყვიტა დავა და მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულების ნაწილობრივ, კერძოდ, 1153.16 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში (... შენობის გამოკლებით) ბათილად ცნობა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. რუსთავი, ...სა და ...ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 1153.16 კვ.მ, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობი - 288.4 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საგულისხმოა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. თავის მხრივ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი, ასევე, ს.ჯ-ის მიერ. თუმცა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თუმცა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით აღარ გაუსაჩივრებია მოსარჩელე ს.ჯ-ს, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო პრეტენზიის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების დასახელებული ნაწილის კანონიერებაზე.

საქმის მასალებით, კერძოდ, წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილია ქალაქ რუსთავში, ...ის და ...ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი 1198.1 კვ.მ ფართის ოდენობით. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 288.4 კვ.მ და 26.8 კვ.მ ორი არასაცხოვრებელი ფართი აშენებულ მდგომარეობაში.

ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით #... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე ასახული უძრავი ნივთი ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემთან საკადასტრო კოდით .... მითითებული საკადასტრო კოდით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 აპრილის #... მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკითხის შესასწავლად გადაუგზავნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

საქმეში მოიპოვება ვ.მ-ის, გ.ჩ-სა და ზ.მ-ის განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ს.ჯ-ი 1986 წლიდან დღემდე ფლობს ქალაქ რუსთავში, ...სა და......ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1198 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავისი შენობა-ნაგებობებით და ბაღ-ვენახით და სარგებლობს მისით. მითითებული განცხადებების თანახმად, საწყობის (შენობა-ნაგებობის) კონსტრუქცია შეძენილ იქნა რუსეთში და საქართველოში შემოტანილ იქნა ს.ჯ-ის მიერ. განცხადების თანახმად, შენობის მონტაჟი განხორციელდა 1986-1987 წლებში, ხოლო ბაღის შეღობვა - 1996 წელს. მოსარჩელის სახსრებით საწყობის შიგნიდან ამოყვანილ იქნა ბეტონის კედლები.

ამასთან, 2018 წლის 14 დეკემბრის აქტის თანახმად, კომისიამ ადგილზე გასვლით დაადგინა, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ღობით და დგას მიწასთან მყარად დამაგრებული რკინის კონსტრუქცია. 2019 წლის 15 აპრილის აქტის მიხედვით კი, ადგილზე გასვლით კომისიამ დაადგინა, რომ რკინის ბადით შემოღობილ მიწის ნაკვეთში დგას დამხმარე შენობები და მრავალწლიანი ნარგავები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულებით ს.ჯ-ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. განკარგულებაში აღინიშნა, რომ „სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში განთავსებულ მიწის ნაკვეთს - ორ დამხმარე ნაგებობასთან ერთად, აქედან ერთ-ერთი წარმოადგენს ყოფილ ... შენობას (26.8 კვ.მ), რომელიც გასხვისებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის საკითხს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ს.ჯ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულება არ არის დასაბუთებული და მოპასუხეს არ აქვს გამოკვლეული საკითხთთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოპასუხეს არ შეუსწავლია და გამოუკვლევია საქმეში არსებული განცხადებები, რომელთა თანახმადაც, მოსარჩელე ს.ჯ-ი 1986 წლიდან დღემდე ფლობს ქალაქ რუსთავში, ...სა და ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1198 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავისი შენობა-ნაგებობებით და ბაღ-ვენახით და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით. მითითებული განცხადებების თანახმად, საწყობის (შენობა-ნაგებობის) კონსტრუქცია შეძენილ იქნა რუსეთში და საქართველოში შემოტანილ იქნა ს.ჯ-ის მიერ. მოპასუხის მიერ, ასევე, არ იქნა შესწავლილი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან საწყობის შიგნიდან ამოყვანილ ბეტონის კედლებზე გაწეულ იქნა ფინანსური სახსრები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ანალიზს. ამასთან, მხედველობაში არ იქნა მიღებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 25 აპრილის #69 განკარგულება არ შეიცავს საკმარის წერილობით დასაბუთებას, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება (... შენობის გარდა). ამასთან, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ მოპასუხეს სრულად არ აქვს შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე, რამაც შედეგად გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა