Facebook Twitter

საქმე #ბს-1376(კ-22) 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 24 იანვარს ნ.კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისში, ...ის ... #1-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 400 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. მიწის ნაკვეთის ფლობის დასადასტურებლად მოსარჩელემ კომისიას წარუდგინა მოწმეების წერილობითი დასტური, ხოლო შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დასადასტურებლად - შპს „ე...ის“, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, კომისიის 2021 წლის 2 დეკემბრის #1502 განკარგულებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და უკანონოდ მიიჩნევს.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 2 დეკემბრის #1502 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც აღიარებულ იქნება ნ.კ-ას საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ... #1-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 400 კვ.მ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 2 დეკემბრის #1502 განკარგულება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ნ.კ-ას განცხადების არსებითად განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ... #1-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 400 კვ.მ და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 26 თებერვალს გამოცემული #252 განკარგულებით ნ.კ-ას უარი ეთქვა (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ... #1-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 400.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ 2005 წლის ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით) არ დადგინდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტი, ხოლო 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ ქმნიდა გადახურულ სივრცეს და შესაბამისად, იგი არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შენობის მახასიათებლებს. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი იყო საცხოვრებელი შენობა კარკასულ მდგომარეობაში, ხოლო წარდგენილი ჩვენებებით მოწმეები ნ.კ-ას უდასტურებდნენ მხოლოდ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს 1992 წლიდან. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც იგი არ აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნებს.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილები ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარს შეიცავს. კერძოდ, განკარგულების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, ნ.კ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუმცა სამოტივაციო ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-19 მუხლი, რომელიც განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობებს განსაზღვრავს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.კ-ამ განცხადებით განმეორებით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით და მიუთითა, რომ შეიცვალა სამართლებრივი მდგომარეობა, რაც აძლევდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. ამასთან, წარადგინა ახალი მტკიცებულებები - მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებული განმარტებები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, შპს ,,ე...ის“ საექსპერტო დასკვნა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე, რომ არსებითად არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და არ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით უთხრა უარი განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ნ.კ-ას განცხადება შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებზე (მტკიცებულებებზე), რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების განხილვის და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა აღნიშნულის შეფასება. გარდა იმისა, რომ სადავო აქტის სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი და სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძველი ერთმანეთის შეუსაბამოა, გასაჩივრებული განკარგულება არ შეიცავს დასაბუთებას, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა თუ განცხადების განუხილველად დატოვების ფაქტობრივი საფუძვლების თაობაზე. შესაბამისად, სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რომელსაც სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. მან ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტის კანონშესაბამისობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ ყოფილა გაანალიზებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის რეალური შინაარსი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის გამოყენების საფუძველი გახდა სწორედ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა საკითხის სრულყოფილად შესწავლა და გასაჩივრებული აქტით არ დგინდება, თუ რა ფაქტობრივი გარემოებებისა თუ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მიიღო კომისიამ სადავო გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ნ.კ-ას განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (2019 წლის 26 თებერვლის #252 განკარგულება). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ნ.კ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა ნ.კ-ას განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მხარის მიერ წარმოდგენილ 2022 წლის 10 თებერვლის შპს ,,ე...ის“ დასკვნის შინაარსობრივ მხარეზე და მიუთითებს, რომ შენობის ხანდაზმულობა ექსპერტის მიერ შეფასებულია მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, მასში არ არის მითითებული ის მეთოდიკა თუ რაზე დაყრდნობით მივიდა ექსპერტი იმ დასკვნამდე, რომ შენობა აშენებულია 2006-2007 წლებში.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენისთვის საკმარის მტკიცებულებად, რადგან ის შეიძლება იყოს დამატებითი მტკიცებულება, რამდენადაც ის ემყარება მოწმეთა სუბიექტურ დამოკიდებულებებს. საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოსა და მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთწინააღმდეგობისას კი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ორთოფოტოს, როგორც ფაქტების ობიექტურობის უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველმყოფ მტკიცებულებას.

კასატორი ასევე არ ეთანხმება განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 2 დეკემბრის #1502 განკარგულების კანონიერება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, ნ.კ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ხოლო სადავო განკარგულების დასაბუთება ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. მე-3 ნაწილის თანახმად კი, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. იგივე წესია დადგენილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლით, რომლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ნ.კ-ა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით წარდგენილ განმეორებით განცხადებაში მიუთითებდა, რომ შეიცვალა სამართლებრივი მდგომარეობა, რაც აძლევდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება ეხებოდა მშენებარე საცხოვრებელ სახლებსაც. ამასთან, ნ.კ-ამ წარადგინა ახალი მტკიცებულებები - მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებული განმარტებები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, შპს ,,ე...ის“ საექსპერტო დასკვნა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ნ.კ-ას განცხადება შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების განხილვისა და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა აღნიშნულის შეფასება.

რაც შეეხება საკუთრების უფლების აღიარების მიზნით ნ.კ-ას მიერ წარდგენილ მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებულ განმარტებებსა და ექსპერტიზის დასკვნებს, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საქმეზე სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად უნდა იქნეს მიღებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა