Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-435(კ-22) 6 მარტი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ც-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სამსახურში აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი:

2019 წლის 17 ივლისს გ.ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2021 წლის 21 ოქტომბრის სხდომის ოქმი, ს.ფ. 125-130), მოსარჩელემ მოითხოვა გ.ც-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 ივნისის № MIA 0 19 01572172 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გ.ც-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის დავალება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1981 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 2019 წლის 17 ივნისს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან კანონით გათვალისწინებული ზღვრული ასაკის (60 წლის) მიღწევის საფუძვლით.

სარჩელის თანახმად, გ.ც-ი ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომ სამინისტროს არ დაუსაბუთებია, რატომ იქნა დათხოვნილი მოსარჩელე თანამდებობიდან, ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, გ.ც-ის გათავისუფლების დროს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას, მოსარჩელისათვის არავის უკითხავს, სურდა თუ არა ესარგებლა უფლებით და გაეგრძელებინა სამუშაო პერიოდი.

მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 35-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ამავე ბრძანების მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის ზღვრული ასაკია 60 წელი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. წერილობითი ფორმით გამოცემული ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის Nბს-301-292(2კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 ივნისის №MIA 0 19 01572172 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის პოლკოვნიკი - გ.ც-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ პოლიციელისათვის დადგენილ ზღვრულ ასაკს განსაზღვრავს

სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის პოლიციელთათვის ზღვრული ასაკია 60 წელი. სასამართლომ ასევე მიუთითა აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი - პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გ.ც-ის გათავისუფლება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად - ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა მისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის 5 წლამდე ვადით გაგრძელება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვადის გაგრძელება არ წარმოადგენს იმპერატიულ დათქმას და მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიზანშეწონილობას ეფუძნება, მოსარჩელის სურვილის შემთხვევაში. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ გ.ც-ის მხრიდან ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ მუშაობის გაგრძელების ნების გამოხატვის ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის №MIA 5 20 00398062 წერილზე, რომლითაც თანახმად, გ.ც-ს ...ის რაიონული სამმართველოსთვის წერილობითი ფორმით ან/და ზეპირსიტყვიერად შინაგან საქმეთა სამინისტროში ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ მუშაობის გაგრძელების მოთხოვნით არ მიუმართავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ც-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ც-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 ივნისის № MIA 0 19 01572172 ბრძანება, გ.ც-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებდა მოსარჩელისათვის სამსახურის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებზე დაყრდნობით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უნდა ემსჯელა მისთვის სამსახურის ვადის გაგრძელების თაობაზე, ასევე გამოეკვლია მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებით და ისე მიეღო შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცული გ.ც-ის ახსნა-განმარტებზე, რომლის თანახმად, მან პირადად მიმართა მის უშუალო უფროსს - კ.შ-ეს და დაუდასტურა სურვილი მუშაობის გაგრძელების თაობაზე, აღნიშნულ საუბარს ასევე ესწრებოდა განყოფილების უფროსი - ლ.მ-ი, მაგრამ მიუხედავად მოსარჩელის მიერ გამოთქმული სურვილისა, ვადა არ გაუგრძელდა და მისი გათავისუფლების დროს, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში, მისთვის არავის უკითხავს-სურდა თუ არა ესარგებლა უფლებით და გაეგრძელებინა სამუშაო პერიოდი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველი დავის ფარგლებში ცალსახაა გ.ც-ის სურვილი გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ჩაატაროს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება და სრულყოფილად შეისწავლოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, როგორიცაა, მოსარჩელის სამსახურებრივი ინტერესი, დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მინისტრის თანხმობა, რაც კუმულაციურად შესაძლებლობას იძლევა მოსამსახურეს გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის № 995 ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ამავე ბრძანების მე-18 მუხლი ადგენს პოლიციელთა ასაკობრივ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის, როგორიცაა მოსარჩელე (პოლიციის პოლკოვნიკი), ზღვრულ ასაკად დადგენილია 60 წელი, ხოლო აღნიშნული მუხლის შენიშვნის თანახმად კი, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.

კასატორი ზემოაღნიშნულ ნორმების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სამსახურის გაგრძელების სურვილი უნდა გამოიხატოს თავად იმ თანამშრომლის მხრიდან, ვისაც სურს კიდევ 5 წლით სამსახურის გაგრძელება, ხოლო სურვილის გამოხატვა უნდა მოხდეს განცხადების/პატაკის დაწერით, რომლის მიხედვითაც იგი მოითხოვს გაუგრძელდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება კიდევ 5 წლის ვადით. ამდენად, ვინაიდან გ.ც-ს არ გამოუხატავს სურვილი სამსახურის გაგრძელების, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადასტურებულად მიიჩნია გ.ც-ის პოზიცია. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გ.ც-ს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა მისივე პოზიცია მოწმეების ჩვენებებით დედასტურებინა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ გადადო სხდომა და მოსარჩელეს მისცა შესაძლებლობა მისი უფროსის (ვისთანაც გამოთქვა სამუშაოს გაგრძელების სურვილი, როგორც თავად უთითებს) ახსნა-განმარტების წარდგენით დაედასტურებინა საკუთარი პოზიცია, თუმცა აღნიშნული ფაქტი მისი მხრიდან არ განხორციელებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და გ.ც-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში შესაფასებელია გ.ც-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებისა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის ზღვრული ასაკის მიღწევის საფუძვლით) და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის საკითხი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველოს უფროსის 2020 წლის 28 იანვრის №MIA 6 20 00226397 ცნობის თანახმად, გ.ც-ი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1981 წლის 21 იანვრიდან 1993 წლის 4 ნოემბრამდე და 1996 წლის 20 მაისიდან 2019 წლის 14 ივნისამდე, ასევე აქვს პოლკოვნიკის წოდება. აქედან, 2015 წლის 7 მაისიდან 2019 წლის 14 ივნისამდე დაკავებული ჰქონდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის თანამდებობა.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 ივნისის №MIA 0 19 01572172 ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (დათხოვნა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის პოლკოვნიკი - გ.ც-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს.

სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. პოლიციელისათვის დადგენილ ზღვრულ ასაკს განსაზღვრავს მითითებული წესის მე-18 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელთათვის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი. ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.

გ.ც-ი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას ძირითადად ამყარებს, იმ არგუმენტაციით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა მისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის 5 წლამდე ვადით გაგრძელება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმის შინაარსზე, რომლის თანახმად, მოსამსახურისათვის სამსახურის ვადის გაგრძელებისათვის კუმულაციურად რამდენიმე პირობის არსებობაა აუცილებელი. მათ შორის, კანონმდებელი ერთ-ერთ პირობად თავად მოსამსახურის ნებას ასახელებს გაუგრძელდეს სამუშაო ვადა ზღვრულ ასაკს ზევით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში იურიდიული მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ გამოვლენილ ნებას. ნების გამოვლენა კი უნდა დასტურდებოდეს ობიექტური მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან სამსახურის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ნების გამოხატვის ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. ერთადერთი რითიც მოსარჩელე ასაბუთებს საკუთარ პოზიციას, არის საქმეში დაცული, ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, გ.ც-მა პირადად მიმართა მის უშუალო უფროსს - კ.შ-ეს და დაუდასტურა სურვილი მუშაობის გაგრძელების თაობაზე, აღნიშნულ საუბარს ასევე ესწრებოდა განყოფილების უფროსი - ლ.მ-ი, მაგრამ მიუხედავად მოსარჩელის მიერ გამოთქმული სურვილისა, ვადა არ გაუგრძელდა და მისი გათავისუფლების დროს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში მისთვის არავის უკითხავს სურდა თუ არა ესარგებლა უფლებით და მუშაობა გაეგრძელებინა. აღნიშნულის საპირწონედ საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის №MIA 5 20 00398062 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ ...ის რაიონული სამმართველოსთვის გ.ც-ს წერილობითი ფორმით ან/და ზეპირსიტყვიერად შინაგან საქმეთა სამინისტროში ზღვრული ასაკის ზემოთ მუშაოს გაგრძელების მოთხოვნით არ მიუმართავს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გ.ც-ს არ წარმოუდგენია ზემოთ მოხსენებული წერილის საპირისპირო მტკიცებულება (გარდა ახსნა-განმარტებისა), რომელიც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება (სუსგ საქმეზე ბს-626-596(კ-07).

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხე მხარის მიერ შედავებულია და არ დასტურდება არც ერთი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, ვერ გახდება საკმარისი საფუძველი სადავო გარემოების უტყუარად დადასტურებისათვის (სუსგ საქმეზე №ბს-1076(კ-21)). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის პოზიცია მისი მხრიდან სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ ნების გამოხატვის თაობაზე, რამეთუ, მას არც ერთი მტკიცებულებით არ დაუდასტურებია აღნიშნული ფაქტის არსებობა.

რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას სამსახურში აღდგენის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა უკავშირდება მისი სამსახურებრივი ურთიერთობის 5 წლამდე ვადით გაგრძელებას. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომელიც ადგენს, რომ უფროსი სპეციალური წოდების მქონე პოლიციელთათვის ზღვრული ასაკი 60 წელია, ხოლო სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული ნორმების ანალიზის საფუძველზე, მოსამსახურისათვის ზღვრული ასაკის 5 წლამდე გაგრძელება წარმოადგენს არა აუცილებლად შესასრულებელ პირობას, არამედ სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას არ წარმოადგენს, ჩვეულებრივ ყველა შემთხვევაში მოსამსახურისათვის ზღვრული ასაკის მიღწევისას, სამსახურებრივი ურთიერთობის 5 წლამდე ვადით გაგრძელება.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის მოთხოვნაც, რადგან საქმეზე არ დგინდება, თავად გ.ც-ის მიერ სამსახურის გაგრძელების გამოხატული ნება და გამოხატული ნების არსებობს შემთხვევაშიც კი, სამინისტროს ექმნებოდა არა ასეთი ვადის გაგრძელების, არამედ საკითხის საკუთარი დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტის ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით ასკვნის, რომ გ.ც-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სასკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო სსკ-ის 55.3 მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე