Facebook Twitter

№ბს-1453(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. გ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 სექტემბრის №MES 7 19 01209547 გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ...ს მიერ რ. გ-ის სახელზე გაცემული AA №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

სარჩელის თანახმად, რ. გ-ი ... წელს ჩაირიცხა თ...ში და ... წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი ...ის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1998 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია და ამავე წელს მიიღო დიპლომი AA №.... რ. გ-იმა 2019 წლის 15 აგვისტოს მოპასუხეს მიმართა განცხადებით დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც 1996 წლის 19 თებერვლამდე შპს „თ...“ არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა. მოსარჩელე არ ეთანხმება აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დამატებით განმარტავს, რომ მას კანონიერი ნდობა ჰქონდა უმაღლესი განათლების დიპლომის მიმართ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება №MES 7 19 01209547 ,,ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ’’; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ...ს მიერ 1998 წელს რ. გ-ის სახელზე გაცემული AA№... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. გ-ის მიერ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 15 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა რ. გ-იმა და მოითხოვა თ...ს მიერ რ. გ-ის სახელზე გაცემული AA№... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 სექტემბრის №MES 7 19 01209547 გადაწყვეტილებით რ. გ-ის უარი ეთქვა AA№... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ მოტივით, რომ უმაღლესი განათლების AA№... დიპლომის შესაბამისად რ. გ-იმა აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩააბარა 1995 წელს, 1996 წლის 19 თებერვლამდე შპს „თ...“ არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის სტუდენტთა ჩარიცხვა და მათთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა. აქედან გამომდინარე, თ...ში მოსარჩელის სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ; ბ) თბილისის გლდანის რაიონული სასამართლოს 05.02.1996წ. დადგენილებით, თ... დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 19.02.1996წ. გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/157 ლიცენზია, რომლითაც ნება დაერთო დამფუძნებლებს დაეარსებინათ თბილისში ...ის ინსტიტუტი, როგორც არასახელმწიფო საერთო უმაღლესი სასწავლებელი; გ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/39 გადაწყვეტილებით, თ...ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე; დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №313 ბრძანებით გაუქმდა შპს „თ...ს“ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/157 ლიცენზია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ’’ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, 25-ე მუხლზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” 1-ლი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებზე და განმარტა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 19.07.2021წ. გადაწყვეტილებით დადასტურებულია საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მიერ რ. გ-ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობა, რომლითაც დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი მფლობელს აძლევს უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ნებისმიერ ფაკულტეტზე/სპეციალობაზე. 30.03.1988წ. №216833 დიპლომის თანახმად, რ. გ-იმა 1985-1988წწ. გაიარა საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის სრული კურსი - საშუალო განათლების მიღებით და 1988 წელს მას მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. თავად მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 19.07.2021წ. დადასტურებით, რ. გ-ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება საბაზო პროფესიული განათლების კვალიფიკაციას, დაწყებითი პროფესიული განათლების №216833 დიპლომი მფლობელს უფლებას აძლევს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, ნებისმიერ ფაკულტეტზე, სპეციალობაზე. 1996 წლის 30 ივლისს გაცემული №ატ... დიპლომის მიხედვით, რ. გ-ი ... წელს შევიდა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის ...ში და ... წელს დაამთავრა აღნიშნული კოლეჯის სრული კურსი ...ის სპეციალობით. სახელწიფო საკვალიფიკაციო კომისიის ... წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია.

პალატამ მიუთითა მოსარჩელის მიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყების პერიოდში მოქმედ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 19.09.1995წ. №572 დადგენილებით დამტკიცებულ „განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამისა და მისი რეალიზაციის გეგმაზე“ (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 07.04.2006წ. №134 დადგენილებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.04.2004წ. №33 ბრძანებით დამტკიცებულ თბილისის ...ის წესდების პირველ და მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ კოლეჯის დამამთავრებელი სწავლების პერიოდი გათანაბრებული იყო უმაღლეს სასწავლებელში სწავლების დაწყებით პერიოდთან (კურსებთან).

პალატამ განმარტა, რომ ინსტიტუტის ულიცენზიოდ საქმიანობის პერიოდი (1995 წლის სექტემბრიდან 1996 წლის 19 თებერვლამდე) მოცულია რ. გ-ის მიერ კოლეჯის დამამთავრებელ კურსზე სწავლების პერიოდით, რომელთა პროგრამა მოიცავდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლების დაწყებითი ეტაპის პროგრამას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კოლეჯის დამთავრებამდე მოსარჩელეს დამთავრებული ჰქონდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ანიჭებდა უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ნებისმიერ ფაკულტეტზე/სპეციალობაზე. პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის დასრულების შემდეგ რ. გ-იმა სწავლა კოლეჯში განაგრძო, რომლის სრული კურსი 1996 წელს დაასრულა. ამდენად, მოსარჩელეს კოლეჯში სწავლის პერიოდში უკვე მოპოვებული ჰქონდა ინსტიტუტში სწავლების გაგრძელების უფლება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, შპს „თ...“ შექმნილი იყო კოლეჯის ბაზაზე. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, გლდანის რაიონული სასამართლოს 05.02.1996წ. დადგენილებით რეგისტრირებული შპს „თ...ს“ იურიდიული მისამართი (ქ. თბილისი, ... მე-... მკრ., ...-ე კორპ.) ემთხვევა თბილისის ...ის მისამართს. სარეგისტრაციო მასალების მიხედვით, კოლეჯის ადმინისტრაციამ ინსტიტუტის დამფუძნებლებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სახით იჯარით გადასცა კოლეჯის შენობა. იმის გათვალისწინებით, რომ ინსტიტუტი შექმნილი იყო კოლეჯის ბაზაზე, ინსტიტუტში სწავლება კოლეჯში სწავლების გაგრძელების ერთიან პროცესად აღიქმებოდა მოსარჩელის მიერ.

პალატამ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. სადავო დიპლომის საფუძველზე მოსარჩელე ასრულებდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებას, კერძოდ, ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა დაცული უნდა იყოს. კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ცენტრში 2019 წლის 15 აგვისტოს შევიდა №1047902 განცხადება 1998 წელს თ...ს მიერ რ. გ-ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების AA №... დიპლომის (სარეგისტრაციო №1) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1996 წლის 19 თებერვალს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/157 ლიცენზია, რომლითაც ნება დართო დამფუძნებლებს (ნ. გ-ი, პ. გ-ი, თ. წ-ი და დ. ლ-ე) დაეარსებინათ თბილისში ...ის ინსტიტუტი, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი. ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 თებერვლის დადგენილებით (რეგისტრაციის №1ა/4-109), რეგისტრაციაში გატარდა შპს „თ...“. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/39 გადაწყვეტილებით, თ...ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №313 ბრძანებით გაუქმდა შპს „თ...ს“ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/157 ლიცენზია. ცენტრის მიერ 2019 წლის 15 აგვისტოს №1050840 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდისა და მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის თაობაზე თ...ს საარქივო დოკუმენტაციის მფლობელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

კასატორი აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების AA №... დიპლომის შესაბამისად რ. გ-იმა აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩააბარა 1995 წელს, 1996 წლის 19 თებერვლამდე კი შპს „თ...“ არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, სტუდენტთა ჩარიცხვა და მათთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა. შპს „თ...ს“ მიერ 1995 წელს და 1996 წლის 19 თებერვლამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, რ. გ-ის სწავლის პერიოდი (შესაბამისად, 1998 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების AA №... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

კასატორის განმარტებით, 1996 წლის 30 ივლისს გაცემული ატ №... დიპლომის მიხედვით, რ. გ-ი ... წელს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის ...ში და ... წელს დაამთავრა აღნიშნული კოლეჯის სრული კურსი ...ის სპეციალობით. სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1996 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. 1995 წლისათვის რ. გ-ი ჯერ კიდევ იყო კოლეჯის მოსწავლე. მას მხოლოდ 1996 წლის 4 ივლისის სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. 1995 წლისთვის შპს „თ...“ რეგისტრირებულიც რომ ყოფილიყო, რ. გ-ი ვერ ჩაირიცხებოდა, რადგან მას ამ დროისთვის არ ჰქონდა კოლეჯის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ რ. გ-ის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების Б №216833 დიპლომი და ამ დიპლომის თაობაზე ცენტრის დადასტურების აქტი ინკვიზიციურობის პრინციპით დაურთო საქმეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი 2019 წლის 16 სექტემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ცნობილი არ იყო, რასაც მოწმობს თავად მოსარჩელის მიერ საკასაციო ეტაპზე წარმოდგენილი ცენტრის 2021 წლის 19 ივლისის №719522 აქტიც, რომლითაც ცენტრის მიერ დადასტურებულ იქნა 1988 წელს გაცემული დაწყებითი (საშუალო) პროფესიული განათლების Б №216833 დიპლომის ნამდვილობა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში დაარღვია კანონი, შეიჭრა ცენტრის დისკრეციაში და ისე იმსჯელა და შეაფასა კასაციის ეტაპზე ინკვიზიციურობის პრინციპით დართული ახალი მტკიცებულება, რომ ცენტრს არ მისცა მისი შეფასების საშუალება შპს „თ...ს“ მიერ 1998 წელს გაცემული დიპლომის ნამდვილობის საკითხთან მიმართებით. ცენტრმა რ. გ-ის დაუდასტურა საშუალო განათლების დიპლომი და განუმარტა, რომ იგი უთანაბრდებოდა საბაზო პროფესიულ განათლებას და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდა უმაღლესი განათლების პირველ ანუ ბაკალავრის საფეხურზე, ნებისმიერ ფაკულტეტზე/სპეციალობაზე. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მითითებული საშუალო განათლებით, მითუმეტეს ...ის კვალიფიკაციით პირი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ...ის ფაკულტეტის მე-3 კურსზე სწავლას ვერ გააგრძელებდა. მას შესაძლებლობა ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესში მხოლოდ პირველ კურსზე ჩარიცხვით, რადგანაც ...ის კვალიფიკაცია პირს ვერ მისცემდა ...ის მე-3 კურსზე ჩარიცხვისთვის სათანადო საბაზო ცოდნას.

კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეს 1995 წლისთვის არ ჰქონდა მოპოვებული ინსტიტუტში სწავლის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ცნობილი იყო კოლეჯის დამთავრების დრო - 1996 წელი და სადავო დიპლომის გამცემ სასწავლებელში სწავლის დაწყების დრო - 1995 წელი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რ. გ-ისთვის AA №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) რ. გ-ი ... წელს ჩაირიცხა თ...ში და ... წელს დაამთავრა თ...ს სრული კურსი ...ის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1998 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია (ს.ფ 16); ბ) 2019 წლის 15 აგვისტოს, რ. გ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თ...ს მიერ 1998 წელს გაცემული უმაღლესი განათლების AA №... დიპლომის ნამდვილების დადასტურების მოთხოვნით (ს.ფ 49-53); გ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MES 0 17 00755934 მოხსენებით ბარათში აღნიშნულია შემდეგი: უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „თ...ზე“ გაცემული იყო უმაღლესი და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიები. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ცენტრმა დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1996 წლის 19 თებერვალს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/157 ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №027), რომლითაც ნება დართო დამფუძნებლებს დაეარსებინათ თბილისში ...ის ინსტიტუტი, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი. აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში დაწესებულება უფლებამოსილი იყო კადრები მოემზადებინა სხვადასხვა სპეციალობებში, რომელთა ჩამონათვალშიც მითითებულია ასევე ...ა. ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 თებერვლის დადგენილებით (რეგისტრაციის №1ა/4-109), რეგისტრაციაში გატარდა შპს „თ...“. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/39 გადაწყვეტილებით, თ...ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №313 ბრძანებით გაუქმდა შპს „თ...ს“ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/157 ლიცენზია. შპს „თ...ს“ მიერ 1996 წლის 19 თებერვლიდან 2007 წლის 2 მაისამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ (ს.ფ 57-70); დ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/39 გადაწყვეტილებით, თ...ს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მესამე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2004 წლის 18 იანვრის №11 ოქმის საფუძველზე, უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, ვინც ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ჩაირიცხნენ თ...ში (ს.ფ 67-68); ე) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 სექტემბრის №MES 7 19 01209547 გადაწყვეტილებით, რ. გ-ის უარი ეთქვა AA №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე (ს.ფ 80-84).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. გ-ისთვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ რ. გ-იმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩააბარა ... წელს, 1996 წლის 19 თებერვლამდე შპს „თ...“ არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის სტუდენტთა ჩარიცხვა და მათთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა. საკასაციო საჩივარში კასატორი ასევე მიუთითებს, რომ 1995 წელს რ. გ-ი ვერ ჩაირიცხებოდა თ...ში, რადგან ამ დროისათვის მას არ ჰქონდა დამთავრებული კოლეჯი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

აღნიშნული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

საქმეში წარმოდგენილია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 19 ივლისის ,,დადასტურება’’ (ს.ფ. 235-238), რომლის თანახმად რ. გ-ის სახელზე გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების Б №216833 დიპლომი მფლობელს აძლევს უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ნებისმიერ ფაკულტეტზე/სპეციალობაზე. Б №216833 დიპლომის თანახმად, რ. გ-იმა 1985-1988წწ. გაიარა საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი საშუალო განათლების მიღებით და 1988 წელს მას მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №27/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რ. გ-ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება საბაზო პროფესიული განათლების კვალიფიკაციას.

შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელეს კოლეჯში სწავლის პერიოდში უკვე მოპოვებული ჰქონდა ინსტიტუტში სწავლების გაგრძელების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 19 სექტემბრის №572 „განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამისა და მისი რეალიზაციის გეგმის შესახებ“ დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 07/04/2006 №134 დადგენილებით), რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში, თუ კოლეჯის IV-V კურსების პროგრამა არსებითად შეესაბამებოდა უმაღლესი სასწავლებლის გარკვეული სპეციალობების I-II კურსების სასწავლო პროგრამებს, შესაძლებელი იყო კოლეჯის დამთარების შემდეგ პირი აუცილებელი გამოცდების ჩაბარების შემდგომ ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევში კონკურსის წესით ჩაირიცხულიყო უმაღლეს სასწავლებელში III კურსზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1996 წლის 30 ივლისს გაცემული ატ №... დიპლომის მიხედვით, რ. გ-ი ... წელს შევიდა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის ...ში და 1996 წელს დაამთავრა აღნიშნული კოლეჯის სრული კურსი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით. სახელწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1996 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია (ს.ფ. 22).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინსტიტუტის ულიცენზიოდ საქმიანობის პერიოდი (1995 წელს მოსარჩელის ჩარიცხვიდან 1996 წლის 19 თებერვლამდე) მოცულია რ. გ-ის მიერ კოლეჯის დამამთავრებელ კურსზე სწავლების პერიოდით, რომელთა პროგრამა მოიცავდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლების დაწყებითი ეტაპის პროგრამას. ამდენად, სწავლების დაწყების ეტაპზე ლიცენზიის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს დიპლომის დადასტურების შესაძლებლობას და გაცემული დიპლომის მიმართ კანონიერ ნდობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებულ საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში შესაფასებელია დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან.

პალატა განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). დიპლომი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე №516-516(კ-18). კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე, დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების შემთხვევაში, თუმცა აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სადავო დიპლომის საფუძველზე მოსარჩელე ასრულებდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებას, კერძოდ, ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას. ამასთანავე, ლიცენზიის გარეშე სწავლების პერიოდი სულ რამდენიმე თვეს შეადგენს. შესაბამისად, კანონიერების პრინციპის შეზღუდვას ადგილი ჰქონდა დროის მოკლე მონაკვეთში, რაც ადასტურებს კანონიერი ნდობის დაცვისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარზე 14.11.2022წ. №12025 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.11.2022წ. №12025 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე