Facebook Twitter

საქმე №ბს-970(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ას და ი. კ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 14 მაისს ი. ი-იმა, დ. მ-ემ, მ. კ-იმა, ი. კ-ეემ, მ. მ-ამ და სხვებმა (სულ 93 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მესამე პირი - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის №19.476.627 განკარგულების არარად აღიარება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრისა და 11 სექტემბრის განჩინებებით წარმოდგენილ სარჩელზე, მ. მ-ას და ი. კ-ეის გარდა, შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ასა და ი. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ამ და ი. კ-ეემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით მ. მ-ას და ი. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგი: 2014 წლის 7 ივლისამდე მოქმედ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2006 წლის 29 დეკემბერს №4330-რს კანონის მე-3 მუხლით, 67-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 11-14 პუნქტები, კერძოდ: 12. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილებები: ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, წყლის რესურსების, გზებისა და ობიექტების (არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა) განსაზღვრის წესის შესახებ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №673 ბრძანებულების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. დასახელებული კანონის ამავე რედაქციის მე-11 მუხლის თანახმად, 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო), რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. კანონის ამავე რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის პირველი მუხლით დადგინდა, რომ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბებულიყო შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის მე-2 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭოს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო მმართველობის ორგანოს. 2. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარდგინებით, 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო დადგენილებების მიღება იმავე პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ამ კანონის შესაბამისად დაფუძნების მიზნით. საქართველოს მთავრობის დადგენილებების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებაში (დებულებაში) შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. 3. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომლის წესდება (დებულება) დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პარლამენტს, რომელმაც 2015 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს მისი რეორგანიზაციისა და წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ დადგენილების მიღება. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი. კანონის მე-3 მუხლით დადგინდა, რომ ეს კანონი ამოქმედებულიყო 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის მიზანი იყო 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებული უფლებამოსილებათა კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობის შეცვლით. შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს პრეზიდენტის კანონისმიერი უფლებამოსილება, დაეფუძნებინა და განესაზღვრა დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მაკონტროლებელი ორგანო, გადაეცა საქართველოს მთავრობას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო მმართველობის ორგანოს.

საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №673 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, რომლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცება, ამავე ბრძანებულების მიხედვით, დაევალა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

აქვე, პალატამ მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად გამოცემულ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით დამტკიცებული ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ბიბლიოთეკა, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრი, საკლუბო დაწესებულება (კულტურის სახლი), მუზეუმი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება და შემოქმედებითი კოლექტივები (ანსამბლები, გუნდები, ორკესტრები და სხვ.), გარდა ამ დადგენილების №1, №2, №3 და №4 დანართებში მითითებული დაწესებულებებისა, ჩაითვალა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებად, რომელთა ლიკვიდაციას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნებას და/ან რეორგანიზაციას, ასევე ხელმძღვანელი პირების დანიშვნა-გათავისუფლებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. არსებული დაწესებულებების ბაზაზე თვითმმართველი ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩაითვალა იმ დაწესებულებ(ებ)ის უფლებამონაცვლედ, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა აღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. აღნიშნული წესის №3 დანართში ასახულია ეროვნული მნიშვნელობის ბიბლიოთეკები - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკა და სსიპ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ბიბლიოთეკა, მათ შორის სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, ჩაითვალა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებად, რომლის ლიკვიდაციის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნების და/ან რეორგანიზაციის უფლებამოსილება გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. შესაბამისად, საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის ამოქმედების დროისათვის სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად გამოცემული საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით უკვე მიჩნეული იყო ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებად, რომლის ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

საკითხზე მსჯელობის ფარგლებში პალატამ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“ (სადავო აქტების დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა; 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება 75-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტს, აღნიშნულის თანახმად, მთავრობა თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას).

პალატამ მართებულად მიიჩნია აპელირება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. 2. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 10 აპრილის №19.404.530 განკარგულებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინა წინადადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 დადგენილებით დადგინდა, რომ განხორციელდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის №19.476.627 განკარგულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდატორად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორი - ზ. წ-ი. ლიკვიდატორს დაევალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის თითოეული თანამშრომლის წერილობითი გაფრთხილება, ლიკვიდაციის შედეგად, გათავისუფლების თაობაზე.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ (ს/კ 2020585203) სალიკვიდაციო კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №19.614.813 განკარგულებით, სალიკვიდაციო პროცედურების სირთულის გათვალისწინებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის სალიკვიდაციო კომისია და განისაზღვრა მისი შემადგენლობა. ამავე განკარგულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ (ს/კ 242058520) ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის №19.476.627 განკარგულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატამ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 დადგენილება გამოცემულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის №19.476.627 განკარგულება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 დადგენილების შესასრულებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სამინისტროებია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას და მონაწილეობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებაში. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურული მემკვიდრეობის, ხელოვნების, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება: „თ“ ქვეპუნქტით ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნება, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მათი წესდებების დამტკიცება და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; „ი“ ქვეპუნქტით, კომპეტენციის ფარგლებში, ლიტერატურული, საგამომცემლო საქმიანობისა და საბიბლიოთეკო სფეროს ხელშეწყობა. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო; დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური; ვ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; ზ) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; თ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა; ი) განათლების საერთაშორისო ცენტრი; კ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; ლ) საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; მ) პროფესიული სახელმწიფო თეატრები; ნ) მუსიკალური ცენტრები, კამერული ორკესტრი, ქალთა კამერული გუნდი, ფოლკლორული ანსამბლები, ფოლკლორის ცენტრი; ო) მუზეუმები; პ) სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები; ჟ) შემოქმედებითი საქართველო; რ) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; ს) მწერალთა სახლი; ტ) გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; უ) ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი; ფ) ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი; ქ) ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი; ღ) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი; ყ) საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი; შ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ აპელანტთა (მოსარჩელეები) მიერ სადავო აქტების არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემულად მიჩნევის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დანაწესი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი აგრძელებს არსებობას. ასევე მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად არ არის გამოცემული საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილება. აღნიშნულ მოსაზრებას მოსარჩელე აფუძნებდა კანონით დადგენილი 2007 წლის 1 მაისის შემდგომ, 2007 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ №131 დადგენილების გამოცემის ფაქტს.

მითითებული საკანონმდებლო აქტებისა და მათ შესასრულებლად გამოცემული ნორმატიული აქტების შინაარსით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №673 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნა და მასზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის დავალების სამართლებრივი საფუძველი შეცვალა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსმა და ამავე კანონის შესასრულებლად გამოცემულმა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებამ. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, თავად მოახდინოს მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების ლიკვიდაცია, გაწერილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონით. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება ასევე განმტკიცებულია თავად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, არც „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება არ ითვალისწინებს იმ უფლებამოსილებას, რომ საქართველოს მთავრობამ ან შესაბამისმა სამინისტრომ მოახდინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდაციის პროცედურის ინიცირება და წარმართვა.

პალატამ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიიჩნია საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძვლად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე აპელირებით მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის №19.476.627 განკარგულება გამოცემულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. შესაბამისად, არ არსებობდა მათი არარად აღიარების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ამ და ი. კ-ეემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს მხოლოდ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. სასამართლო უგულებელყოფს და განმარტების გარეშე ტოვებს სამართლებრივ აქტში შესული ცვლილებების პროცედურას და მნიშვნელობას, ასევე, სრულად უგულებელყოფს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/501 ბრძანებას, რომლითაც დამტკიცდა სსიპ ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დებულება მაშინ, როდესაც მთელი საქმიანობის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ იმ დებულების საფუძველზეა მიღებული და ლიკვიდაციის მიმდინარეობისას მთავარი. ბიბლიოთეკა აღნიშნული დებულებით სარგებლობს.

კასატორების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №673 ბრძანებულების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო განისაზღვრა ბიბლიოთეკის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და დებულების დამტკიცების განმახორციელებელ ორგანოდ. აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/501 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დებულება. აღნიშნული ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბიბლიოთეკას იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც ბიბლიოთეკის ჩვეულებრივ საქმიანობის ფარგლებს სცილდება, ესაჭიროება სამინისტროს თანხმობა. მიუხედავად იმისა, რომ „ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლების), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა ჩაითვალა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე დაწესებულებად, არანაირი ცვლილება არ შესულა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/501 ბრძანებაში და სადავო აქტი ან მისი რომელიმე მუხლი არც ძალადაკარგულად ყოფილა ცნობილი. მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე დაწესებულებად გამოცხადება არ გულისხმობს, რომ სამინისტროს დებულება ძალადაკარგულია. ამის შესახებ მითითება სავალდებულოა და როგორც სხვა შემთხვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკისთვის უნდა ყოფილიყო სხვა დებულებაც დამტკიცებული, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა და ლიკვიდაციის პროცესშიც, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული, ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/501 ბრძანებით, რაც სადავო არ გამხდარა მოპასუხეთა მიერ. სწორედ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/501 ბრძანებით დამტკიცებული დებულება წარმოადგენდა ერთ-ერთ სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურიდან. სხვა შემთხვევაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარეებს მისცემდა ინფორმაციას საკანონმდებლო აქტში შეტანილი ცვლილებებისა და ძალადაკარგულობის შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბიბლიოთეკას იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც ბიბლიოთეკის ჩვეულებრივ საქმიანობის ფარგლებს სცილდება და როგორიცაა ლიკვიდაცია, ესაჭიროება სამინისტროს თანხმობა.

აქედან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიკვიდაციაზე უფლებამოსილ პირს და მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ას და ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ას და ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის №19.476.627 განკარგულების არარად აღიარებას მოითხოვენ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 სადავო დადგენილებით დადგინდა, რომ განხორციელდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდაცია; ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის №19.476.627 სადავო განკარგულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდატორად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორი. ლიკვიდატორს დაევალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ თითოეული თანამშრომლის წერილობითი გაფრთხილება, ლიკვიდაციის შედეგად, გათავისუფლების თაობაზე. კასატორების მტკიცებით, სადავო აქტები გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რამეთუ ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიკვიდაციაზე უფლებამოსილ პირს და მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონით განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის კანონისმიერი უფლებამოსილება, დაეფუძნებინა და განესაზღვრა დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მაკონტროლებელი ორგანო, გადაეცა საქართველოს მთავრობას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო მმართველობის ორგანოს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ბიბლიოთეკა, მათ შორის სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, ჩაითვალა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებად, რომლის ლიკვიდაციის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნების და/ან რეორგანიზაციის უფლებამოსილება გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

შესაბამისად, საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის ამოქმედების დროისათვის სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად გამოცემული საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით უკვე მიჩნეული იყო ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებად, რომლის ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №673 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - ქ. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის დავალების სამართლებრივი საფუძველი შეცვალა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსმა და ამავე კანონის შესასრულებლად გამოცემულმა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებამ. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, თავად მოახდინოს მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების ლიკვიდაცია, გაწერილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება ასევე განმტკიცებულია თავად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, არც „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“ არ ითვალისწინებდა იმ უფლებამოსილებას, რომ საქართველოს მთავრობას ან შესაბამის სამინისტროს მოეხდინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდაციის პროცედურის ინიცირება და წარმართვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 დადგენილება გამოცემულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ; ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის №19.476.627 განკარგულება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის №41-30 დადგენილების შესასრულებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის საგანს სადავო აქტების არარად აღიარება წარმოადგენს, ხოლო საქმეზე დგინდება მათი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემის ფაქტი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობდა ძველი დებულებით, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობაზე და ვერ იქცევა მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. მ-ას და ი. კ-ეის საკასაციო საჩივარზე ჯ. ჭ-ეს 04.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ას და ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება;

3. ჯ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. მ-ას და ი. კ-ეის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 04.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა