Facebook Twitter

საქმე №ბს-111(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; ნ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2018 წლის 26 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის აკრძალვა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. რ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით №..., სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დაშვებას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ შეფასებას, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობას, რაც იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს.

კასატორი უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრების პირველადი რეგისტრაციისას, სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მიიჩნია სრულად, შესაბამისად არ გამოვლენილა რაიმე ხელშემშლელი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთი კანონის მოთხოვნათა დაცვით დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად და შემდეგ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება/განჩინებებზე (სუსგ №ას-189-182-2013 16.01.2014წ. №ას-394-373-2013 20.05.2014წ. სუსგ №ას-1089-1009-2017 05.12.2017წ.) მითითებით სსიპ ქონების მართვის სააგენტო მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და მასზე უნდა გავრცელდეს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი, ხოლო ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ უგულვებელყოფილ იქნა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კეთილსინდისიერება, აღნიშნული წარმოადგენს განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

კასატორის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ არასწორად დააფუძნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სადავო გადაწყვეტილება სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია ახლად გამოვლენილ გარემოებებს, ...ში, ...ის ქუჩის №17-ში მდებარე 31 785 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად შეესწავლა საქმის საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და შემდეგ მიეღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ვინაიდან მარეგისტრირებელმა ორგანომ სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მიიჩნია სრულად და არ გამოკვეთილა რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, შესაბამისად იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული 2005 წლის რეგისტრაცია და შემდეგ ქონების იდენტურობის დადგენა, ვერ განიხილება ახლად აღმოჩენილ ან/და ახლადგამოვლენილ გარემოებად (მითუმეტეს ფიზიკურ პირთა (მეზობლების) სუბიექტური განმარტების საფუძველზე, რაც მითითებულია გამგეობის წერილში).

კასატორი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მიერ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება ნ. რ-ის მიერ 2005 წლის 18 აპრილით დათარიღებულ განცხადებასა და სიტუაციური გეგმით ასახულ 0.8 ჰა. მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას. უკანონო გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, როგორც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს, მიადგებოდა შედარებით ნაკლები ზიანი, ვინაიდან ნ. რ-ის სახელზე დარეგისტრირებული ქონება, თავისი კონფიგურაციით არ აღმოჩნდებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო ერთეულის ფარგლებში და მხოლოდ ნაწილი იქნებოდა ზედდებაში. ეს ყოველივე, კასატორის მოსაზრებით, ქმნის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... სადავო გადაწყვეტილების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიღების დასაბუთებულ ვარაუდს. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხემ დარღვია არა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობა, ასევე უგულებელყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება და უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თუ არა დარგის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კანონმდებლობით მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან წინააღმდეგობრივი მონაცემები. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №17-ში მდებარე 31 785 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციამდე, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 20 იანვარს №... გადაწყვეტილებით და შემდგომ უკვე ვიდრე 2015 წლის 18 თებერვალს მასზე დარეგისტრირდებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება საკადასტრო კოდით ..., 2005 წლის 18 აპრილიდან №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, დაუზუსტებელი ფართობით 0.08 ჰა, დარეგისტრირებული იყო ნ. რ-ი საკუთრების უფლება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... სადავო გადაწყვეტილებით, ნ. რ-ის საჩივრის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება და 2015 წლის 18 თებერვლის №... გადაწყვეტილება ...ში მდებარე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 31785 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე არსებული რეგისტრაცია ნ. რ-ის მოთხოვნის ნაწილში; კერძოდ გაუქმდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები 2018 წლის 13 აპრილის სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ნივთთან ზედდების ნაწილში და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ნ. რ-ის განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში ნ. რ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავო გადაწყევტილების მიღებისას მოქმედებდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, კერძოდ, არსებობდა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებული საკუთრების უფლება, მესაკუთრე ითხოვდა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციას, ამასთან წარდგენილი ჰქონდა აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ვინაიდან არსებობდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული ურთიერთშეუსაბამო მონაცემები, მარეგისტრირებელი ორგანო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო გადაემოწმებინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება წარმოადგენს იმ გამონაკლის შემთხვევას, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თუნდაც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოაცხადოს ძალადაკარგულად.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 აპრილის №175/38 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომლის თანახმად, 2017 წლის ნ. რ-ის სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობაა დადგენილი, რა გარემეობაც წარმოადგენდა სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან იგი შეესაბამება დარგის მომწესრიგებელ კანონმდებლობას.

სსიპ ქონების მართვის სააგენტო სამოქალაქო კოდექსსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს უძრავი ნივტის კეთილსინდისიერ შემძენს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სახელმწიფოში ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრება და სრულფასოვანი რეალიზაცია მიზნად ისახავს: საჯარო ხელისუფლების რეფორმაციას, მისი დეცენტრალიზაციის გზით სახელისუფლებო უფლებამოსილებების განხორციელების დაახლოებას ინდივიდთან და, როგორც შედეგი, ადგილობრივი ინიციატივის ორგანულ შერწყმას საჯარო ინტერესებთან. ადგილობრივი თვითმმართველობა სრულიად არ არის მოწყვეტილი სახელმწიფოს. ადგილობრივი თვითმმართველობა რთული და კომპლექსური მოვლენაა, ის ადგილობრივი საჯარო ხელისუფლებაა და არა მოსახლეობის თვითორგანიზაციის მარტივი ფორმა. მუნიციპალური საკუთრება არის ქონებრივი კომპლექსი, რომელშიც შედის მიწის ნაკვეთები, მოძრავი და უძრავი ქონება. სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემა წარმოადგენს ხელისუფლების ორგანოებს შორის ქონების განაწილებას. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოს საკუთრებაში გადაცემა ასევე არ გამორიცხავს სარგებლობაში არსებული ნაკვეთის ფიზიკური პირების, კერძო სამართლის იურიდიული პირების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესაძლებლობას (სუსგ. 28.10.2019წ. №ბს-504-501(კ-17)). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ქ. თბილისში, ...ში, ...ის №17-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა არ გამორიცხავს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციას, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა არ გულისხმობს უძრავი ნივთის განკარგვას, გასხვისებას, იგი ისევ სახელმწიფოს საკუთრებად (ფართო გაგებით) რჩება, შესაბამისად, აღნიშნული გარემეობა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კეთილსინდისიერ შემძენად ვერ გადააქცევს.

დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას, ასეთი განმარტება არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას (სუსგ 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12)). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფიზიკურ პირზე დარეგისტრირებული დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის, შემდგომ სახელმწიფოს (ადგილობრივი თვითმმართველობის) საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი, მეტადრე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოსგან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღო უსასყიდლოდ.

სსიპ ქონების მართვის სააგენტო ასევე ეჭქვეშ აყენებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვტილების კანონიერებას, რომლითაც ნ. რ-ის მოთხოვნა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციაზე ქ. თბილისში, ...ში მდებარე 900 კვ.მ უძრავ ქონებაზე, დაკმაყოფილდა.

განსახილველი დავის საგანი არ უკავშირდება უძრავ ნივთზე მესამე პირის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებას, სარჩელის საფუძველს იმთავითვე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების უკანონოდ აღიარება წარმოადგენდა, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს რეგისტრაციის მართლზომიერებას, ვინაიდან იგი სცილდება მოცემული დავის საგნის ფარგლებს. თუმცა საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით დადგინდება, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობს არაუმეტეს 15 პროცენტით აღემატება, მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება მისი საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული ფართობის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული ფაქტების კონსტანტაციის შესახებ №F18000521 ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ნ. რ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გააჩნია მყარი სასაზღვრო მიჯნა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. რ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექცევა ზემოხსენებული კანონის 11.1 მუხლით გათვალისწინებულ მოწესრიგებაში. ამასთან, ცნობილია, რომ ფართობების სხვაობა შეადგენს 100 კვ.მ (უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულია 800 კვ.მ), რომელიც არ აღემატება 800-ის 15%-ს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის მიერ ნ. რ-ის 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ არის უკანონო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების ნამდვილობას და გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნის მცდარობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე