Facebook Twitter

საქმე #ბს-571(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 24 აპრილს ზ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ე. ზ-ეის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა #... განცხადებით, რომლითაც ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას. 2020 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ დადგინდა ზედდება ე. ზ-ეის და რ. ზ-ეის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ თუ მხარეები არ ეთანხმებოდნენ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყვნენ წარედგინათ ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. ამასთანავე, მითითებული იყო, რომ კორექტირებული ნახაზის ან/და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში დავა გადაიგზავნებოდა მედიაციაზე. რ. ზ-ეის მიერ მოხდა თავის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის შეცვლა, ხოლო ე. ზ-ეის მხარეს ზედდების ნაწილში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი შესაბამისობაში იყო მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ნახაზით განსაზღვრულ ზომებთან, რადგან მიწის ნაკვეთზე დგას საცხოვრებელი სახლი და სახლიდან 4 მეტრი არის დაშორება ე. ზ-ეის კუთვნილ ნაკვეთამდე. მიუხედავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ისე, რომ მას არც მედიაციაზე გადაუგზავნია დოკუმენტები.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკანონოდ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება და უარი უთხრა უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილებები მის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, იმ იმედით, რომ დაიწყებოდა ადმინისტრაციული წარმოება და მხარეთა მოსმენის შემდეგ მიღებული იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია კანონი, არ მოიკვლია სწორად გარემოებები და მხარეთა მორიგების მიზნით საქმე არ გადააგზავნა მედიაციაზე, ადმინისტრაციულმა ორგანომაც მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელის მითითებით, ის ფაქტი, რომ ე. ზ-ეე უკანონოდაა შეჭრილი მის საკუთრებაში და მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის გეგმის მიხედვით გ. ზ-ეის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთ მხარეს, მიწის ნაკვეთის საზღვრამდე მითითებული მანძილი შეადგენს 4 მეტრს და დღეისათვის არსებულ მხარეს დარეგისტრირებულია ს/კ ... მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს ე. ზ-ეის საკუთრებას. მოსარჩელე თვლის, რომ მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზიც შეესაბამება რეალურ მდგომარეობას და სასაზღვრე მიჯნა არის ზუსტად ისე, როგორც ეს საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის გეგმის მიხედვით არის განსაზღვრული.

ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 იანვრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 24 თებერვლის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილებისა და უძრავი ქონების - ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ტ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს მიღებული #... გადაწყვეტილება ზედდების ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 24 თებერვალს მიღებული #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 იანვრის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-ემ, რომელმაც მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ე. ზ-ეემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ე. ზ-ეის, ზ. ტ-ეის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება #... (24.01.2020) მიღებულია #... 04.11.2019წ. განაცხადზე (განმცხადებელი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე - საჩხერის რაიონი, სოფელი ... (ზონა: საჩხერე, სექტორი: ...). სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა #... სარეგისტრაციო განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების გამო. ..., მესაკუთრე ე. ზ-ე (თანამესაკუთრეებით), ხოლო ს/კ ... - მესაკუთრე რ. ზ-ეე.

სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... (24.02.2020) გადაწყვეტილება მიღებულია #... 04.11.2019წ. განცხადებაზე (განმცხადებელი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). განცხადებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე - საჩხერის რაიონი, სოფელი ... (ზონა: საჩხერე, სექტორი: ...). საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებული იყო კომლის წევრების თანასაკუთრებაში (თანამესაკუთრეები: გ. ზ-ე, ე. ტ-ე, ზ. ტ-ე და ნ. ზ-ეე; საფუძვლები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების #3 აქტი, გაფორმების თარიღი: 12.10.1994წ. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საჩხერის არქივის საარქივო ცნობა #AA2013008087-03 (08.03.2013წ.)). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ #... (26.06.2019წ.) გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ #... (30.10.2019) გადაწყვეტილებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაცია გაუქმდა, ამასთან, მიღებულ იქნა #... პირობითი განცხადება, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1009 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე, გ. ბ.-ის ძე ზ-ეის კომლის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით 2020 წლის 23 იანვარს მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე მითითებულია ზედდება ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან.

თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი უფლებამოსილი პირის #53/3397 (05.06.2019) მომართვაზე დართული #251 ცნობისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #00666 ოქმის თანახმად, გ. ბ.-ის ძე ზ-ეის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების #3 აქტში მითითებული #1 ნაკვეთი და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობით და ფართობით იდენტურია, მაგრამ კონფიგურაციით განსხვავებული (საკადასტრო კოდი: ...). ამასთან, #53/3455 მომართვაზე დართული #250 ცნობისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #00667 ოქმის თანახმად, ე. ზ-ეის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების #162 აქტში მითითებული #1 ნაკვეთი და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, #... საკადასტრო კოდზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და #01 შენობა-ნაგებობა), იმერეთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ #... (04.11.2019) გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია ე. ზ-ეის საკუთრება (თანამესაკუთრეებთან ერთად), უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია საარქივო ცნობა #13/147660, 13/11/2018წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, #... საკადასტრო კოდზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 436.00 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა #1, 39.92 კვ.მ.) რეგისტრირებულია რ. ზ-ეის საკუთრების უფლება, საფუძველი: საჩხერის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს 18.09.2009წ. #548 ცნობა, ადგილზე დათვალიერების ოქმი #01064) #..., 24.09.2021წ. და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #152, 17.06.1995წ. (საჯარო რეესტრის სამსახურის #... 06.10.2021 გადაწყვტილება).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავ ნივთებთან მიმართებაში არსებობს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინება საქმეზე №2/474-18, რომლის თანახმად, ე. ზ-ეის სარჩელისა გამო მოპასუხეების, გ. ზ-ეის, ე. ტ-ეის, ზ. ტ-ეის და ნ. ზ-ეის მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის დადგენის თაობაზე დამტკიცდა მორიგება. ამასთან, მორიგების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა, რომ გ. ზ-ე, ე. ტ-ე, ზ. ტ-ე და ნ. ზ-ეე შეთანხმდნენ და მათ საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, წარდგენილი ნახაზის საფუძველზე, ისარგებლებდნენ ე. ზ-ეე და მისი ოჯახის წევრები ... საკადასტრო კოდით მათ საკუთრებაში რეგისტრირებული და მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული უძრავი ნივთებით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი სავალდებულოა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო ან დააკმაყოფილა წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის საკითხი საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან მიღებული იდენტურობის დადასტურების შესახებ დოკუმენტი არ იყო საკმარისი უფლების რეგისტრაციისთვის, მითუმეტეს, რომ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი უფლებამოსილი პირი #251 ცნობასა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #00666 ოქმში მიუთითებდა, რომ გ. ბ.-ის ძე ზ-ეის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების #3 აქტში მითითებული #1 ნაკვეთი და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობით და ფართობით იყო იდენტური, მაგრამ კონფიგურაციით - განსხვავებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლზე (ამოქმედდა 2020 წლის 1 იანვრიდან), 7.15 მუხლზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 133.1, 133.2, 134.1, 1341.1, 135.1, 135.2, 135.3 მუხლებზე და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმატიული დანაწესი გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს მსჯელობის მართებულობას, რომ თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარეგისტრაციო ობიექტის იდენტურობის დადგენა აპრიორი ადასტურებდა რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მოთხოვნის კანონიერებას და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი კვლევის ვალდებულებას უხსნიდა საჯარო რეესტრის სამსახურს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ რეგისტრაციით დაინტერესებული პირის უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახულ და სარეგისტრაციოდ წარდგენილი ობიექტის იდენტურობის ოქმი ერთმნიშვნელოვნად მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის საფუძველს ქმნიდა და მარეგისტრირებელ ორგანოს მისი შინაარსის გაანალიზება, ასევე მისი შეჯერება საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან - არ ევალებოდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გამოკვლეული უნდა იქნეს მოცემულ საქმეზე დავის საგანთან დაკავშირებით ჩატერებული ექსპერტიზის დასკვნები და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცეს შესაბამისი შეფასება.

პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიუხედავად, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესრულებას და იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც მოცემულ საქმეში სახეზე იყო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებდა უფლებამოსილებას, საქმე ხელახლა განსახილველად დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსთვის. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.

განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა მუნიციპალიტეტის მოხელის მიერ შედგენილი ოქმი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის შესახებ, მას მაინც ჰქონდა ვალდებულება გადაემოწმებინა ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიწოდებულ მონაცემთა სიზუსტე.

პალატამ მიუთითა, რომ სადავო რეგისტრაციის პერიოდში მოქმედებდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილი იყო ადგილზე შეემოწმებინა საკადასტრო აღწერის შედეგების სისწორე მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის 61 ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ გამოკვლევას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოაბათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო მხარეთა შორის წლების მანძილზე არსებული დავის შესახებ, ე. ზ-ეეზე ისე მოახდინა ქონების დარეგისტრირება, რომ სათანადოდ არ შეისწავლა და შეაფასა სადავო საკითხი და დაეყრდნო მხოლოდ მუნიციპალიტეის მიერ გაცემულ ცნობას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, არც მას გამოუკვლევია საკითხი სათანადოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილია მხოლოდ მოსარჩელის - ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი, ხოლო მოპასუხე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობა შეეხება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლიანობას.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 4 ნოემბერს დაიწყო #... სარეგისტრაციო წარმოება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1009 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე გ. ბ.-ის ძე ზ-ეის კომლის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის #... გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მარეგისტრირებელ ორგანოს დაევალა მიეღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილება და დაინტერესებული პირისათვის მოეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზის წარდგენა.

ასევე დადგენილია, რომ იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 24 იანვარს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #... გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ #... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ და ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება; ამასთან, თუ ის ეთანხმებოდა ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციასა და მდებარეობას, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო დავის გამოვლენის შემთხვევაში, განისაზღვრებოდა 3 სამუშაო დღის ვადა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის შესარჩევად, რომელთა სიის გაცნობა შესაძლებელი იყო საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას.

ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2020 წლის 24 იანვრის #... გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის #... გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალებით, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 იანვრის #... სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილებას, რომლითაც ზ. ტ-ეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.4 მუხლზე მითითებით, უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის #ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებასა და 2015 წლის 14 ივლისის #ბს-408-403(2კ-14) განჩინებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ მართალია, მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებული განმარტებებით, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა, თუმცა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ დავა არსებითად განიხილა, შეფასება მისცა სადავო გადაწყვეტილებების კანონიერებას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა იმ საფუძვლით, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ გამოკვლევას, რა დროსაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ დამატებით წარადგინონ საკუთარები მოსაზრებები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. თავის მხრივ, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გამოკვლეული უნდა იქნეს მოცემულ საქმეზე დავის საგანთან დაკავშირებული ყველა გარემოება და მიეცეს მათ შესაბამისი შეფასება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. ტ-ეს საკასაციო საჩივარზე 15.09.2022წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. ტ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. ზ. ტ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 15.09.2022წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა