Facebook Twitter

№ 2251 –13 5 მარტი, 2013 წელი

ქ-ა მ, 225–13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - მ. ც-ას

მსჯავრდებულ - მ. ქ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ას საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით მ. ქ-ა, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. ქ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 ივლისიდან.

მ. ქ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განაჩენით ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქეთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ პალატის 2012 წლის 11 ოქტომრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ მ. ქ-ას დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ქ-ას გაუნახევრდა ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 7 თვე, 26 დღე და განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 ნოემბრიდან.

(მ.ქ-ა ადრე ოთხჯერ ნასამართლევია: 1) მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1982 წლის 29 მარტის განაჩენით, სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2) მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1984 წლის 19 აპრილის განაჩენით, სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 3) მსჯავრდებულია ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 27 აპრილს, სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 252-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; 4) მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 2009 წლის 15 ივნისს).

ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ მ. ქ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ქ-ას ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლით განსაზღვრული, ,,ამინისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონით განახევრებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით, 9 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 ნოემბრიდან.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ქ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის შეხება არა მოსახდელად დარჩენილ, არამედ - დანიშნულ სასჯელზე და სასჯელის ვადის სწორად ათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.

იმავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად კი: ,,პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.

მართალია, მ. ქ-ას დანაშაულებრივ ქმედებას მაკვალიფიცირებელ ნიშნად აქვს ნარკოტიკული საშუალების გასაღება, მაგრამ იგი არის განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი. ამიტომ მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის გამოყენება ვერ მოხდება. შესაბამისად, მ. ქ-ას არ აღუდგება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.

განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის გამო მის მიმართ ასევე ვერ იქნება გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლი.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ მ. ქ-ას მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც: ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება, მაგრამ პალატასასევე მიაჩნია, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს არა მოსახდელად დარჩენილ, არამედ - დანიშნულ სასჯელს.

ამნისტიის კანონის მე–17 მუხლის თანახმად: „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“

ამდენად პალატა თვლის, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ქ-ას საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე უნდა შეუმცირდეს 1/4-ით სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით მ. ქ-ას სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ქ-ას, რომელსაც ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელი – 6 წელი და 9 თვე (6 წელსა და 9 თვეს დააკლდა 3 წელი, 4 თვე, 4 დღე – სასჯელის ათვლიდან –2 009 წლის 18 ივლისიდან ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოცემის თარიღამდე – 2012 წლის 22 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელი) გაუნახევრდა, საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლით, 8 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 22 ნოემბრიდან.

მსჯავრდებულ მ. ქ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-19 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ქ-ას საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 1/4-ით შეუმცირდეს სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით მ. ქ-ას სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ქ-ას, რომელსაც ხობის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელი – 6 წელი და 9 თვე (6 წელსა და 9 თვეს დააკლდა 3 წელი, 4 თვე, 4 დღე – სასჯელის ათვლიდან –2 009 წლის 18 ივლისიდან ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოცემის თარიღამდე – 2012 წლის 22 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელი) გაუნახევრდა, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 1 წლით, 8 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 22 ნოემბრიდან.

მსჯავრდებულ მ. ქ-ვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“ – დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი