№ბს-1326(კ-20) 1 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 დეკემბერს გ. შ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 14 იანვრის №MOD 4 19 00027119 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 10 იანვრის №MOD 019 00018971 წერილობითი პასუხების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის 5.1.9. პუნქტით დადგენილ დებულებათა შესრულების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (რომლის მიხედვითაც გ. შ-ის გადაეცემა - 40 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი ბინა (უძრავი ქონების ღირებულება - 20 000 (ოცი ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 24 ივლისს, ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ გ. შ-ის შორის, გაფორმდა №19049 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
მხარეთა შორის „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტი) მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 4 წელს, რომელიც აითვლებოდა შეირაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.
2009 წლის 28 იანვარს, ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ გ. შ-ის შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანების საფუძველზე გაფორმდა №612 კონტრაქტი „ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს, რომელიც აითვლებოდა შეირაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.
„თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 28 იანვრის №280 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლების დეპარტამენტის თავდაცვის ეროვნული აკადემიის 2008 წლის „სამხედრო-საჰაერო ძალების უმცროს ოფიცერთა მომზადების დაჩქარებული კურსების“ კურსდამთავრებული ლეიტენანტი გ. თ.-ის ძე შ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ...ად 2008 წლის 30 დეკემბრიდან, საშტატო კატეგორია „კაპიტანი” (შტატი №48/205-51), გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ...ის თანამდებობიდან (შტატი №48/204-51).
კაპიტან ტ. ჯ.-ის ძე ე-ის რეკომენდაცია-დახასიათების თანახმად, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ...ის უფროსი ლეიტენანტი გ. თ.-ის ძე შ-ი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2007 წლიდან. 2007 წლის 24 ივლისიდან 2008 წლის 13 მარტამდე მსახურობდა სამხედრო-საჰაერო ძალების ...ად. 2008 წლის 13 მარტიდან 2008 წლის დეკემბრამდე მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ...ად. 2008 წლის დეკემბრიდან 2011 წლის 01 ნოემბრამდე მსახურობდა ...ად. 2011 წლის 01 ნოემბრიდან 2017 წლის 20 მარტამდე მსახურობდა საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ...ად. 2017 წლის 20 მარტს დაინიშნა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ...ად, სადაც მსახურობს დღემდე. უფროსი ლეიტენანტი გ. თ.-ის ძე შ-ი არის სანდო, მოწესრიგებული დისციპლინირებული სამხედრო მოსამსახურე. საკმაოდ მტკიცეა გადაწყვეტილების მიღებისას და ძირითადად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს და მუშაობის უნარს. აქვს დაგეგმვის, ორგანიზების და ხელმძღვანელობის კარგი უნარი. შესაბამისად, კაპიტან ტ. ჯ.-ის ძე ე-ის რეკომენდაციას უწევს: ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ...ის უფროსს (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“; შტატი №48/233) უფროსი ლეიტენანტ გ. თ.-ის ძე შ-ის, რათა წარდგენილ იქნას 2017 წლის აგვისტოდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე, ...ის რესპუბლიკაში დაგეგმილ ...ის კურსზე.
2018 წლის 13 ნოემბერს გ. შ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მიუთითა, რომ გ. შ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი. წარმომადგენლის მითითებით, მისი მარწმუნებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და ხარისხიანად, დათქმულ დროსა და ვადაში, ხოლო თავდაცვის სამინისტრო თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას - საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, წარმომადგენელმა სამინისტროსაგან მოითხოვა ეცნობებინა მისთვის რა პერიოდში აპირებდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას გ. შ-ის წინაშე და გამოითხოვა ადმინისტრაციული ორგანოსაგან გარიგების დედანი ან დამოწმებული ასლი ათი დღის ვადაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 10 იანვრის №MOD 019 00018971 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას 2018 წლის 28 დეკემბრის №MOD 0 18 01320380 წერილის საფუძველზე ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უფროს ლეიტენანტ გ. თ.-ის ძე შ-ის (პ/ნ ...) შორის არ გაფორმებულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურ გავლის შესახებ" კონტრაქტი (საფუძველი - გ. შ-ის პირადი საქმე).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 14 იანვარის №MOD41900027119 წერილით გ. შ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 10/01/2018 წლის №18971 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უფროს ლეიტენანტ გ. თ.-ის ძე შ-ის (პ/ნ ...) შორის არ გაფორმებულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 23 იანვრის №MOD21900062785 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ გ. შ-ის (პ/ნ ...) მონაცემები არ წარედგინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 04 აპრილის №441 ბრძანებით შექმნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისიას, ვინაიდან მას არ ჰქონდა გაფორმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” №135 ბრძანებით დამტკიცებული 5 წლიანი კონტრაქტი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გ. შ-ის არ გაეგზავნა თავდაცვის სამინისტროს დაპირება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების (ბინის გადაცემის) თაობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 8 აპრილის №MOD31900350678 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის გასაფორმებლად კრიტერიუმი დადგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანების პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, დატკიცდა და სამოქმედოდ იქნა შემოღებული „კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. დადგინდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობათა სარდლებმა და ცალკეული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი უნდა გაუფორმონ ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ გ. შ-ის შორის №612 კონტრაქტი გაფორმებულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანების და არა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანების საფუძველზე და აღნიშნული კონტრაქტით მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს არ უკისრია ვალდებულება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის გაფორმების ფაქტს, აღნიშნა რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომელსაც ხელს აწერს პოლკოვნიკი ზ. ფ-ა და რომლის 5.1.9. პუნქტის თანახმად, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას დაეკმაყოფილებინა გ. შ-ი, საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს - 40 კვ.მ-სა, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა გადასცემოდა უსასყიდლოდ საკუთრებაში. გ. შ-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, ხარისხიანად, დათქმულ დროსა და ვადაში, ხოლო თავდაცვის სამინისტრო თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული კონტრაქტის დედანი ინახება სამინისტროში.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თითქოს გ. შ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ზემოაღნიშნული კონტრაქტი გაფორმებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანების და არა „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანების საფუძველზე და აღნიშნავს, რომ მან ოფიცრის სამხედრო წოდება მიიღო 2008 წლის 30 დეკემბერს და 2009 წლის 28 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა კონტრაქტი №612, შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ გაუფორმდებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. კასატორი თავის მოსაზრებას ამყარებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანება გამოიცა 2009 წლის 27 აპრილს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წერილით თავადვე აღიარებს რომ „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანება მოქმედებდა 2009 წლის 27 აპრილამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. შ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით გ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გ. შ-ი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2007 წლიდან, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ...ის უფროსს ლეიტენანტად. 2007 წლის 24 ივლისიდან 2008 წლის 13 მარტამდე მსახურობდა სამხედრო-საჰაერო ძალების ...ად. 2008 წლის 13 მარტიდან 2008 წლის 30 დეკემბრამდე მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ...ად. 2008 წლის 30 დეკემბრიდან 2011 წლის 01 ნოემბრამდე მსახურობდა ...ად. 2011 წლის 01 ნოემბრიდან 2017 წლის 20 მარტამდე მსახურობდა საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ...ად. 2017 წლის 20 მარტს დაინიშნა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ...ის უფროსად, სადაც მსახურობს დღემდე.
2009 წლის 28 იანვარს, ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ გ. შ-ის შორის გაფორმდა №612 კონტრაქტი „ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
2018 წლის 13 ნოემბერს გ. შ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მიუთითა, რომ გ. შ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 5.1.9. პუნქტის თანახმად, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას დაეკმაყოფილებინა გ. შ-ი საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს – 40 კვ.მ-სა, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა გადასცემოდა უსასყიდლოდ, საკუთრებაში. წარმომადგენლის მითითებით, მისი მარწმუნებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და ხარისხიანად, დათქმულ დროსა და ვადაში, ხოლო თავდაცვის სამინისტრო თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, წარმომადგენელმა სამინისტროსაგან მოითხოვა ეცნობებინა მისთვის რა პერიოდში აპირებდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას გ. შ-ის წინაშე, ამავე განცხადებით მოთხოვნილი იქნა გ. შ-ისა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების – გარიგების დედანი ან დამოწმებული ასლი.
მოსარჩელე გ. შ-ის პირადი საქმის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 10 იანვრის №MOD01900018971 წერილით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას 2018 წლის 28 დეკემბრის №MOD01801320380 წერილის საფუძველზე ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უფროს ლეიტენანტ გ. თ.-ის ძე შ-ის შორის არ გაფორმებულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურ გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 14 იანვარის №MOD41900027119 წერილის თანახმად, გ. შ-ის წარმომადგენელს მისი 2018 წლის 14 ნოემბრის №1155002 განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 10/01/2018 წლის №18971 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უფროს ლეიტენანტ გ. თ.-ის ძე შ-ის შორის არ გაფორმებულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 8 აპრილის №MOD31900350678 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის გასაფორმებლად კონკრეტული კრიტერიუმი დადგენილი არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ადგენს საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, რომლის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ 2009 წლის 28 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. შ-ის შორის გაფორმდა კონტრაქტი „ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ამასთან, დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ კონტრაქტის გაფორმების ეტაპზე, 2009 წლის 28 იანვარს, მოქმედებდა „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანება, რომლის საფუძველზე დამტკიცებული კონტრაქტის 5.1.9 პუნქტი ითვალისწინებდა სამინისტროს მიერ ოფიცრის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების (არაუმეტეს 40 კვ.მ) ვალდებულებას, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის ბრძანება, რომელზეც მოპასუხე მხარე და ქვედა ინსტანციის სასამართლოები მიუთითებდნენ ამოქმედდა და იურიდიული ძალა მიენიჭა 2009 წლის 27 აპრილიდან. აღნიშნულს ადასტურებს თავად მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს №MOD 3 19 00824852 წერილიც. ამდენად, 2009 წლის 28 იანვარს გ. შ-ის ვერ გაუფორმდებოდა კონტრაქტი იმ ბრძანებით დამტკიცებული პირობებით, რომლის მიღებაც და ძალაში შესვლაც ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის შემდეგ განხორციელდა.
სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ გ. შ-ის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოიცა 2009 წლის 28 იანვარს და გ. შ-ის შრომის სტაჟში ჩათვლილი აქვს 2009 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდი. ამდენად, უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება რომ გ. შ-ითან კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 28 იანვარს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანების მოქმედების პირობებში. აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 8 აპრილის №MOD31900350678 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის გასაფორმებლად კონკრეტული კრიტერიუმი დადგენილი არ ყოფილა. იგივე განმარტება გაკეთდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოსამოწმებლად გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მხრიდანაც. ასევე განიმარტა, რომ სადავო პერიოდში (2009 წლის 28 იანვარი) ოფიცრებთან გასაფორმებელი განსხვავებული კონტრაქტის ფორმა დამტკიცებული არ ყოფილა. ამდენად, ცალსახაა, რომ 2009 წლის 27 აპრილამდე (ახალი ბრძანების ამოქმედებამდე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ოფიცრებთან ფორმდებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი მისი სტანდარტული პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. სტანდარტული პირობები ყოველთვის არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები, რომლებსაც შემთავაზებელი აყალიბებს ხელშეკრულების დადებამდე და მათი შეთავაზება ხდება ყველა მომხმარებლისათვის სტანდარტული ფორმით და არ დგინდება ინდივიდუალურად.
სტანდარტული პირობით მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად აუცილებელია, პირობების შემთავაზებელმა მეორე მხარისათვის უზრუნველყოს ამ პირობების გაცნობის შესაძლებლობა. სტანდარტული პირობების ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად გადაქცევისათვის აუცილებელი მოთხოვნები ჩამოყალიბებულია ამავე კოდექსის 343-ე მუხლში, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა: ა) შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ბ) ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 344-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ისეთი დებულებები, რომლებიც იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არ იქცევა. იმავეს ადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც, რომლის თანახმადაც, თუნდაც სტანდარტული პირობა აკმაყოფილებდეს კანონმდებლის მოთხოვნებს, იგი ვერ გადაიქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, თუ მეორე მხარისათვის ასეთი პირობების არსებობა მოულოდნელი იყო (იხ. სახელშეკრულებო სამართალი (სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისთვის) ავტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია; იან კროპჰოლერის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი; სუსგ 2012 წლის 10 სექტემბრის №ას-755-811-2011; 2015 წლის 3 ივნისის №ას-368-349-2015; 2020 წლის 24 ივლისის №ას-740-2019; 2015 წლის 29 ივნისის №ას-1338-1376-2014).
ამდენად, ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მოწინააღმდეგე მხარისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, კონტრაქტის არსებული პირობებით გ. შ-ის მიერ ხელმოწერისა და დათანხმების შესახებ და აღნიშნავს, რომ 2009 წლის 28 იანვარს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანების მოქმედების პირობებში, გ. შ-ისათვის ცალსახად შეუძლებელი იყო სტანდარტული კონტრაქტისაგან განსხვავებული პირობებისა და დებულებების გათვალისწინება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორცილებაზე. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (სუსგ 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანების პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმადაც, დამტკიცდა და სამოქმედოდ იქნა შემოღებული „კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. დადგინდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობათა სარდლებმა და ცალკეული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი უნდა გაუფორმონ ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს. აღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლი შეიცავდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებებს, რომლის 5.1.9. პუნქტის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია სამხედრო მოსამსახურე, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო თავის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე. კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. აქვე საყურადღებოა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი თანასწორობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2009 წლის 28 იანვარს გ. შ-ითან კონტრაქტის გაფორმების ეტაპზე მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი პირდაპირ ითვალისწინებდა სამინისტროს მხრიდან ოფიცრის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულებას, ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გ. შ-ის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, 2009 წლის 27 აპრილის კონტრაქტზე მითითებით, ცალსახად არღვევს კანონიერებისა და თანასწორობის პრინციპს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლიდან გამომდინარე, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. შ-ის საცხოვრებელი ბინით უზრუნველსაყოფ პირთა სიაში შეყვანის საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №441 ბრძანებით საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნა შესაბამისი კომისია (რომლის შემადგენლობა და საქმიანობის მარეგულირებელი წესები პერიოდულად შეიცვალა საქართველოს თავდაცვის მინისტრის შემდგომი ბრძანებებით), ხოლო დასაკმაყოფილებელ პირთა თანმიმდევრობის წესი განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №608 ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (შესაბამისი ქულათა ჯამის თანმიმდევრობით). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შესაბამისმა კომისიამ) უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება გ. შ-ისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და თანმიმდევრობის გათვალისწინებით. ამასთან, რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად, ქონების ღირებულებაზე მითითების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული მუხლის გამოყენებისა და ქონების ღირებულების მითითების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე გ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე... საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო. ამდენად, მოცემულ საქმეზე მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-9 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 14 იანვრის №MOD 4 19 00027119 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 10 იანვრის №MOD 019 00018971 წერილი;
5. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. შ-ის საცხოვრებელ ბინით დასაკმაყოფილებელ პირთა სიაში შეყვანა და საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40 კვ.მ) საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა