Facebook Twitter

განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ

საქმე Nზ-129-1 (ბ-23) 13 მარტი, 2023 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ გ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - შპს „დ...“

განმცხადებლის მოთხოვნა _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჭ-ემ 30.10.2019წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. სასამართლოს 18.11.2019წ. სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია. სასარჩელო მოთხოვნათა არაერთგზის დაზუსტების შემდეგ სასამართლოს 21.01.2020წ. სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 16.10.2019წ. N14 დადგენილების, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 04.11.2019წ. N19 დადგენილების, უძრავი ნივთის საპრივატიზაციოდ აუქციონის გამოცხადების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 15.08.2019წ. N1597 ბრძანების, 13.09.2019წ. ჩატარებული აუქციონის შედეგების, ხაშურის მუნიციპალიტეტსა და შპს „დ...-ს“ შორის 26.09.2019წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და 11.10.2019წ. გაცემული N11380 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 18.11.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „დ...“.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 25.08.2020წ. გადაწყვეტილებით გ. ჭ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათლად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 16.10.2019წ. N14 და 04.11.2019წ. N18 დადგენილებები, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ჭ-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2022წ. განჩინებით გ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინება.

07.03.2023წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ჭ-ემ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინების ბათილად ცნობის და საქმის ხელახლა განხილვის მოთხოვნით, განცხადება არ შეიცავს საკასაციო პალატის 16.12.2022წ. განჩინების ბათილად ცნობის რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გ. ჭ-ეის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 424.1 მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ეის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ ხაშურის რაიონულ სასამართლოს, რადგან გ. ჭ-ეის სასარჩელო მოთხოვნებზე არსებითად იმსჯელა და სარჩელი ნაწილობრივ არ დააკმაყოფილა სწორედ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ. მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა და გ. ჭ-ეის საჩივრებზე იმსჯელეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც, თუმცა მათ არ შეუცვლიათ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ეს განცხადებით უნდა მიემართა ხაშურის რაიონილი სასამართლოსთვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გ. ჭ-ეის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილი განცხადებით მართალია მოთხოვნილია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა, თუმცა განჩინების ბათილად ცნობის რომელიმე ნორმატიულ საფუძველზე მითითება არ ხდება, გ. ჭ-ე ყურადღებას ამახვილებს დავის განხილვის შედეგის უსწორობაზე და წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც მისი მოსაზრებით სარჩელის საფუძვლიანობას ასაბუთებს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ ეთანხმება სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგს და მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებდა დამატებითი მტკიცებულებების მოძიებასა თუ გამოკვლევას, არ ადასტურებს საკასაციო პალატის 16.12.2022წ. განჩინების მიმართ სსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის რომელიმე საფუძვლის არსებობას. ამდენად, არ დგინდება გ. ჭ-ეის მიერ წარმოდგენილი განცხადების განსჯადობით საკასაციო პალატისათვის დაქვედებარების წინაპირობების არსებობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით, სასკ-ის 26.2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჭ-ეის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა