Facebook Twitter

საქმე #ბს-1194(კ-21) 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „მ...ი“

მესამე პირი – შპს „თ...ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 18 ივნისს შპს „მ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 27 აპრილს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოცემულ იქნა #30/8 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შპს „მ...ის“ მოთხოვნა, შპს „ყ...ისათვის“ შპს „მ...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის აკრძალვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რამდენადაც მოპასუხე მხარემ სრულყოფილად არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, შპს „მ...ის“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში უკანონოა. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის #30/8 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებს მოსარჩელე არ ასაჩივრებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის კანონიერი.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის #30/8 გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა და შპს „მ...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის შპს „თ...ისათვის“ (შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლე) აკრძალვის შესახებ შპს „მ...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ყ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „თ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის #30/8 გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები და მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული (საქმე #3/1841-17) გადაწყვეტილებით დადგენილი იყო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ყ...ის“ 03.02.2017წ. #01-07-02-01/234 წერილით შპს „მ...ს“ ეცნობა, რომ 2017 წლის 8 თებერვალს იგეგმებოდა შპს „ყ...ის“ წარმომადგენლების მიერ კომპანიის ხარჯით შპს „მ...ის“ ობიექტზე დამონტაჟებული „F...“ ტიპის მრიცხველის შეცვლა „E...“ ტიპის მრიცხველით (ელ. კორექტორით EK...). გამომდინარე აქედან, ობიექტის დემონტაჟის/მონტაჟის სამუშაოების ჩატარების მიზნით, გაზმომარაგება შეწყდებოდა 12:00-დან 17:00 საათამდე. კომპანიას უნდა უზრუნველეყო უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება.

2. 2017 წლის 7 თებერვალს შპს „მ...მა“ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და შპს „ყ...ის“ მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება მოითხოვა.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის წერილით შპს „ყ...ის“ სპეციალურ მმართველს დაევალა შპს „მ...ის“ განცხადებასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა.

4. შპს „ყ...მა“ 2017 წლის 21 თებერვლის წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ შპს „მ...ის“ ავტოგასამართ სადგურზე აღრიცხვის კვანძის შეცვლა იგეგმებოდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-7 და მე-12 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. წერილის თანახმად, „F...“ ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერი განკუთვნილია გაზის ნაკადის ლამინარული დინებისათვის. ავტოგასამართი სადგურების პირობებში ლამინარული დინების მიმართ მოთხოვნა ირღვევა, რაც აისახება ზემოთაღნიშნული ხარჯმზომი მოწყობილობის ამონაბეჭდში. ლამინარული დინების მიმართ მოთხოვნის დარღვევა გამოწვეულია ავტოგაზგასამართ სადგურებზე დამონტაჟებული კომპრესორების არათანაბარი მუშაობის გამო. აღნიშნულის გამო ხდებოდა როტაციული ტიპის მრიცხველებით ჩანაცვლება.

5. 2017 წლის 21 თებერვალს შპს „მ...მა“ კვლავ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მის ქსელზე უკვე არსებული მრიცხველის მონტაჟის თაობაზე დოკუმენტაცია წარუდგინა.

6. 2017 წლის 10 მარტს შპს „ყ...მა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა წერილით, რომელშიც ახსნილი იყო მრიცხველის შეცვლის აუცილებლობა. წერილს ერთვოდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანიზაციიდან - აკრედიტაციის ცენტრის წერილი და ამონაწერი სტანდარტიზაციის, მე...ისა და სერტიფიცირების სახელმწიფოთაშორისო საბჭოს ვებგვერდიდან.

7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2017 წლის 14 მარტის #06/4-18/103-3483 წერილით შპს „მ...ს“ ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა - შპს „ყ...ს“ არ შეეცვალა საკუთარი ხარჯით აღრიცხვის კვანძი, იყო უსაფუძვლო.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის #3/1841-17 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „მ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2017 წლის 14 მარტის #06/4-18/103-3483 წერილი და მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „მ...ის“ 07.02.2017წ. განცხადებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2017 წლის 14 მარტის #06/4-18/103-3483 წერილი არ შეიცავდა შპს „მ...ის“ მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხების თაობაზე მსჯელობას, ასევე, დასაბუთებას, თუ რატომ იქნა უსაფუძვლოდ მიჩნეული საჩივრის ავტორის პოზიცია მრიცხველის შეცვლასა და უკვე არსებული მრიცხველის ვარგისიანობასთან მიმართებით.

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს... ცენტრის“ მიერ 2015 წლის 15 იანვარს შპს „მ...ზე“ გაიცა #... დამოწმების მოწმობა, რომელიც ძალაში იყო 2019 წლის 15 იანვრამდე; ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი - „F...3“ (საქარხნო ნომერი ...). შპს „ყ...ის“ გაზგამანაწილებელ ქსელზე დაერთებული ავტოგაზების გამზომი კვანძები, რომლებიც „F...3“ ხარჯმზომ მოწყობილობაზე აგებული, დასტანდარტებულია „ГОСТ 8.563.-97“-ით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 დეკემბრის #6/01-3-12178 წერილით სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მე...ის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ეთხოვა კომისიისთვის ეცნობებინა: 1) ექვემდებარებოდა თუ არა ნაკადის გამომთვლელი „F...3“ ცალკე, ან მის ბაზაზე აწყობილი ხარჯმზომი მოწყობილობა მთლიანობაში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული წესით დაკანონებას, დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და პირველად/პერიოდულ დამოწმებას; 2) ექვემდებარებოდა თუ არა კომპანია „E...“-ის „EK“ სერიის (200-270) ბუნებრივი გაზის მოცულობის ელექტრონული კორექტორი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული წესით დაკანონებას, დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და პირველად/პერიოდულ დამოწმებას; 3) შეტანილი იყო თუ არა დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში კომპანია „E...“-ის „RVG-400“ ტიპის მრიცხველი; 4) რა სტატუსი ჰქონდა „სტანდარტიზაციის, მე...ისა და სერტიფიცირების სახელმწიფოთაშორისო საბჭოს“ მიერ 1997 წელს მიღებულ „ГОСТ 8.563.-97-ს“ საქართველოს ტერიტორიაზე: ა) აღიარებულია (ან გაუქმებულია) როგორც ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს აქტით; თუ ბ) რომელიმე მეწარმე სუბიექტის მოთხოვნით რეგისტრირებულია როგორც ნებაყოფლობითი სტანდარტი; 5) რა სტატუსი ჰქონდა „სტანდარტიზაციის, მე...ისა და სერტიფიცირების სახელმწიფოთაშორისო საბჭოს“ მიერ 2005 წელს მიღებულ „ГОСТ 8.563.-–2005“-ს საქართველოს ტერიტორიაზე: ა) აღიარებულია (ან გაუქმებულია) როგორც ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს აქტით; თუ ბ) რომელიმე მეწარმე სუბიექტის მოთხოვნით რეგისტრირებულია როგორც ნებაყოფლობითი სტანდარტი; 6) რა სტატუსი ჰქონდა საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის მიერ გამოცემულ სტანდარტ „ISO 5167-2003“-ს საქართველოს ტერიტორიაზე: ა) აღიარებულია (ან გაუქმებულია) როგორც ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს აქტით; თუ ბ) რომელიმე მეწარმე სუბიექტის მოთხოვნით რეგისტრირებულია როგორც ნებაყოფლობითი სტანდარტი; 7) მოქმედებდა თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც შეიძლება ჩაანაცვლოს „ГОСТ 8.563.-97“, „ГОСТ 8.563.-–2005“ ან „ISO 5167-2003“.

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის #523 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ:

1) კონტროლერი „F...3“ (ცალკე ან მის ბაზაზე აწყობილი ხარჯმზომი) და EK სერიის აირის მოცულობის კორექტორები არ შედის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (მუხლი 80) მოყვანილ დაკანონებული გაზომვის საშუალებების ჩამონათვალში და შესაბამისად, არ ექვემდებარება დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციასა და სავალდებულო დამოწმებას.

2) ფირმა „E...“-ის მიერ წარმოებული როტაციული მრიცხველი „RVG G-400“ შეტანილია დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში ნომრით საქ. 645-07.

3) წერილში მითითებული სტანდარტი „გოსტ 8.563.-97“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: გოსტ 8.563.1-97; გოსტ 8.563.2-97; გოსტ 8.563.3-97 სახელმწიფოთაშორისო სტანდარტების კატალოგის მიხედვით გაუქმებულია 2007 წელს. აღნიშნულ კატალოგში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

· „გოსტ 8.563.1-97“ შემცვლელად მითითებულია: „გოსტ 8.586.1-2005“; „გოსტ 8.586.2-2005“; „გოსტ 8.586.3-2005“; „გოსტ 8.586.4-2005“;

· „გოსტ 8.563.2-97“ შემცვლელია „გოსტ 8.586.1-2005“; „გოსტ 8.586.2–2005“; „გოსტ 8.586.3-2005“; „გოსტ 8.586.4-2005“; „გოსტ 8.586.5-2005“;

· „გოსტ 8.563.3-97“-ის შემცვლელზე ინფორმაცია არ არის მითითებული.

რაც შეეხება, სახელმწიფოთაშორისო სტანდარტის („გოსტ“) საქართველოში გამოყენებას, აღნიშნული სტანდარტები გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1993 წლის 13 მარტის „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მე...ის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1995 წელს.

6) საქართველოს სტანდარტად რეგისტრირებულია „ისო 5167-1:2003“; „ისო 5167-2:2003“; „ისო 5167-3:2003“; „ისო 5167-4:2003“; „ისო 5167-5:2016“.

აქვე კომისიას ეცნობა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია.

7) ზემოაღნიშნული სტანდარტების ჩამნაცვლებელი ტექნიკური რეგლამენტის არსებობაზე სააგენტოს ინფორმაცია არ გააჩნდა.

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 დეკემბრის #6/01-18-12196 წერილით სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ეთხოვა კომისიისთვის ეცნობებინა: 1) არსებობდა თუ არა საქართველოში სტანდარტული შემავიწროვებელი მოწყობილობების მეშვეობით სითხეებისა და გაზის რაოდენობის ხარჯის გაზომვის ობიექტების ინსპექტირების ორგანო(ები), რომლებიც იყენებდნენ „ГОСТ 8.563.-97“-ით, „ГОСТ 8.563.-– 2005“-ით ან „ISO 5167-2003“-ით გათვალისწინებულ მეთოდებსა და პროცედურებს; 2) არსებობდა თუ არა ზემოთ მითითებული ინსპექტირების ორგანო(ები) (ცენტრს ეთხოვა მათი სახელწოდებისა და აკრედიტაციის მოწმობის ნომრის მითითება).

სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის 3 იანვრის #GAC-04/1 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ შპს „მე...ს“ საკალიბრებელ ლაბორატორიას აკრედიტაციის სფეროთი აქვს განსაზღვრული „შემავიწოვებელი მოწყობილობის, დიაფრაგმის, სწორი მონაკვეთების და გეომეტრიული ზომების“ დაკალიბრება „გოსტ 8.563.1-97“ მეთოდით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 20 დეკემბრის #6/01-18-1283 წერილით შპს „ს... ცენტრისაგან“ გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1) ექვემდებარებოდა თუ არა ნაკადის გამომთვლელი „F...3“-ის ბაზაზე აწყობილი ხარჯმზომი მოწყობილობა მთლიანობაში ან მისი შემადგენელი ნაწილები (ნაკადის გამომთვლელი, შემავიწროვებელი დიაფრაგმა ან სხვა) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული წესით დაკანონებას, დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და პირველად/პერიოდულ დამოწმებას; 2) აკრედიტებული იყო თუ არა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ შპს „ს... ცენტრი“, როგორც სტანდარტული შემავიწროვებელი მოწყობილობების მეშვეობით სითხეებისა და გაზის რაოდენობის ხარჯის გაზომვის ობიექტების ინსპექტირების ორგანო; 3) თუ შპს „ს... ცენტრს“ გააჩნდა ზემოხსენებული აკრედიტაცია, ცენტრს ეთხოვა კომისიისთვის ეცნობებინა, რომელ სტანდარტს იყენებდა: „სტანდარტიზაციის, მე...ისა და სერტიფიცირების სახელმწიფოთაშორისო საბჭოს“ მიერ 1997 წელს მიღებულ „ГОСТ 8.563.-97“-ს, 2005 წელს მიღებულ „ГОСТ 8.563.-–2005“-ს თუ საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის მიერ გამოცემულ „ISO 5167-2003“-ს და კომისიისთვის მიეწოდებინა შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობა, ან მიეთითებინა აკრედიტაციის მოწმების ნომერი და აკრედიტაციის პერიოდი.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს... ცენტრის“ 2018 წლის 10 იანვრის #01/08.01 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა: 1) 2017 წლის 22 თებერვლის საქართველოს მთავრობის #99 დადგენილებით დამტკიცებულია სსიპ საქართველოს სტანდარტების და მე...ის ეროვნული სააგენტოს მე...ური მომსახურების დამოწმების საფასურები, რომელთა ჩამონათვალში .... ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული ბუნებრივი გაზის კომპლექსებისა და ხარჯმზომი შემავიწროვებელი მოწყობილობების დამოწმების ღირებულებები. ხარჯმზომი „F...3“ წარმოადგენს ხარჯსაზომი კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, ისევე, როგორც დიაფრაგმა, კამერა, მილის შიდა დიამეტრი და მილსადენის სწორი მონაკვეთები, რომელთა დამოწმებაც ხორციელდება „გოსტ 8.586-2005-ის“ მოთხოვნების შესაბამისად.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებაზე, აღიარებასა და რეესტრში რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს სტანდარტების და მე...ის ეროვნული სააგენტო, ხოლო პირველადი და პერიოდული დამოწმების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ როგორც სააგენტოს, ასევე, აკრედიტებულ პირს. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილია ერთწლიანი პერიოდული დამოწმების ვალდებულება ხარჯის საზომი საშუალებებისათვის - ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისათვის.

წერილის თანახმად, კანონში არსებული ხარვეზის გათვალისწინებით (იგულისხმება ტირე), აღნიშნული პუნქტის ჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს პერიოდულად დამოწმების ვალდებულებას ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, აგრეთვე, რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისათვის.

წერილში აღინიშნა, რომ კონტროლერი „F...3“ (ხარჯმზომი) წარმოადგენს კომპაქტურ მიკროპროცესორულ მოწყობილობას, რომელიც განკუთვნილია გაზისა და სითხეების ხარჯის გამოსათვლელად, მონაცემების ავტომატიზირებული შეგროვების, გადამუშავებისა და შენახვისათვის. პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობით რეალიზებულია კონტროლერ „F...3“-ის ფუნქციები, საშუალებას იძლევა იოლად ვაწარმოოთ გაზის რაოდენობრივი ხარჯის გამოთვლები. „F...3“ აწარმოებს გაზის ხარჯის გამოთვლას American Gaz Association (AGA), American Petroleum Institute (API) და „გოსტ 8.586-2005“-ის შესაბამისად. ხარჯმზომი „F...3“, სტანდარტულ შემავიწროვებელ მოწყობილობასთან (დიაფრაგმასთან), კამერასთან, მილის დიამეტრთან და სწორ მონაკვეთებთან ერთად, წარმოადგენს კომერციული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების კვანძს, ანუ ხარჯის საზომ საშუალებას. ასეთი კომერციული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების კვანძები დამონტაჟებულია საქართველო-რუსეთის, საქართველო-სომხეთის და საქართველო აზერბაიჯანის საზღვრებზე და მათი მეშვეობით ხორციელდება ფულადი ანგარიშსწორება საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის. გარდა ამისა, ამ ტიპის 200-ზე მეტი აღრიცხვის კვანძი დამონტაჟებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებულ ავტოგასამართ სადგურებში (მათ შორის, შპს „მ...ი“) საწარმოებში (შპს „ს...“, შპს „ქ...“, შპს „რ...“, შპს „ი...“, შპს „გ...“, შპს „ა...“, შპს „ჰ...“), კომპანიებში (სს „ქუ...“, შპს „რუ...“, შპს „ყ...ი“, შპს „აჭ...“) და ა.შ.

ზემოთ მოყვანილი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, წერილის ავტორის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ხარჯმზომი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის „F...3“, სტანდარტული შემავიწროვებელი მოწყობილობა (დიაფრაგმა) კამერა და სწორი მონაკვეთები, წარმოადგენს სწორედ ისეთ გაზომვის საშუალებას, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო დამოწმებას, ხოლო, რაც შეეხება ტიპის დამტკიცებას, აღიარებისა თუ რეესტრში რეგისტრაციის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კომისიას უნდა მიემართა უფლებამოსილი პირისათვის - სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მე...ის ეროვნულ სააგენტოსათვის.

2. შპს „ს... ცენტრი“ სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული იყო 2012 წლის 18 ივნისს, 2013 წლის 18 დეკემბერს და შემდგომ 2015 წლის 19 ივნისს, „გოსტ 8.563.1-97“-ის მოთხოვნების შესაბამისად, როგორც სტანდარტული შემავიწროვებელი მოწყობილობის დიაფრაგმის, კამერის, მილის დიამეტრის და სწორი მონაკვეთების ინსპექტირობის ორგანო. ეს ხარჯმზომი მოწყობილობები წარმოადგენენ კომერციული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების კვანძის ნაწილს და მხოლოდ მათი მეშვეობით გაზის ხარჯის გაზომვა არ ხდება. ხარჯმზომი კომპლექსი წარმოადგენს კონტროლიორ „F...3“-ს, სტანდარტულ შემავიწროვებელ მოწყობილობასთან (დიაფრაგმასთან), კამერასთან და სწორ მონაკვეთებთან ერთად, რომელთა დამოწმება ხორციელდება ცალ-ცალკე.

3. 2017 წლის ივლისში შპს „ს... ცენტრმა“ ნებაყოფლობით გააუქმა „გოსტ 8.563.1-97“-ით მიღებული აკრედიტაცია, რადგან სსიპ საქართველოს სტანდარტების და მე...ის ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა აკადიტაციის ცენტრს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტანდარტიზაციის, მე...ის და სერტიფიკაციის სახელმწიფოთაშორისო საბჭომ 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, „გოსტ 8.563.1-97“ შეცვალა სახელმწიფოთაშორისო „გოსტ 8.586-2005“-ით, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო „ISO 5167-2003“ სტანდარტის საფუძველზე.

ამავე წერილით შპს „ს... ცენტრმა“ კომისიას აცნობა, რომ მას შეტანილი ჰქონდა განაცხადი სსიპ აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში ხარჯმზომი კომპლექსის და მისი შემადგენელი ნაწილების („F...3“-ის, დიაფრაგმის, კამერის, მილის შიდა დიამეტრის და მილსადენის სწორი მონაკვეთების) შემოწმებაზე „გოსტ 8.586-2005“ („ISO 5167-2003“) სტანდარტის შესაბამისად.

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ყ...ის“ 2018 წლის პირველი თებერვლის #01-07-02-01/263 წერილის თანახმად, შპს „ყ...ის“ მონაცემთა ბაზაში შპს „მ...ი“ აბონენტად (#...) ფიქსირდება 2015 წლის 20 იანვრიდან და აბონირების თარიღიდან ობიექტზე დამონტაჟებულია ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერი „F...3“ #....

სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის პირველი თებერვლის #000671218 დასკვნაზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გაზს მოიხმარს კომპრესორის გავლით, რომელიც პერიოდულად ირთვება და ითიშება, ამ დროს მილსადენში გამავალი ნაკადი იქნება პულსირებული ხასიათის და დროში შესაბამისად არასტაბულური, რომლის არასტაბილურობა კომპრესორის წარმადობაზე იქნება დამოკიდებული. ბუნებრივი აირის ნაკადი მილსადენში იქნება პულსირებული, როგორც კომპრესორის ჩართვა-გამორთვისას, ასევე, კომპრესორის მუშაობის პერიოდში.

სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის 1 თებერვლის #GAC-03/63 წერილის თანახმად, არსებული მდგომარეობით, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ არის აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო „სსტ ისო იეკ 17020:2012/2013“ სტანდარტის შესაბამისობაზე, რომელსაც შეეძლებოდა „ისო/რტ 3312“ სტანდარტის შესაბამისად ინსპექტირების ჩატარების შესაძლებლობა.

ასევე, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მე...ის სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის #33 წერილით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. აღნიშნული კანონის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულობა. ზემოთ აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 20 თებერვლის #001135318 დასკვნის თანახმად, „თუ ბუნებრივი გაზის გამზომი კვანძი აგებულია „F...3“ ხარჯმზომზე, „ISO 5167.1-4:2003“, „ISO 5167.5-2016“ ან „ГОСТ 8.586.1.-5:2005“ სტანდარტის შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი გამზომი კვანძით მომხმარებელზე მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის აღრიცხვის უზუსტობის გამომწვევი მიზეზი იყოს აღნიშნულ გამზომ კვანძში გამავალი ნაკადის პულსირებული ხასიათი; 2. პულსირებული გაზის ნაკადის დროს უფრო მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს როტაციული გაზის მრიცხველი“.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 თებერვლის #5001182718 წერილის თანახმად, პულსირებული ნაკადის შემთხვევაში, მომხმარებელზე მიწოდებული გაზის ოდენობა რეკომენდირებულია გაიზომოს როტაციული ან გრიგალისებული (Vortex) ტიპის მრიცხველებით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მარტის #001755518 დასკვნის თანახმად, „... F...3 ტიპის ხელსაწყო წარმოადგენს 32-ბიტიან მიკროპროცესორზე დაფუძნებულ ნაკადის მთვლელ კომპიუტერს (....) და არა მრიცხველს. აღნიშნული მოწყობილობა მხოლოდ შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრულ გამზომ კვანძთან ერთობლიობაში განიხილება როგორც გამზომი კომპლექსი და დამოუკიდებლად ის არ შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც გაზის მრიცხველი. ინფორმაცია იმ სტანდარტთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს გამზომი კვანძი და რომელზეც მონტაჟდება F...3 ტიპის ხარჯმზომი კონტროლერი, გადმოცემულია კომპანია E...-ის ოფიციალური ვებ გვერდიდან. ამ დოკუმენტის გვ. 2-ზე არსებობს შემდეგი სახის ჩანაწერი: „The F...3 unit can perform gas flow calculations to GOST standards and ISO 5167 standards, using user C programs“, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ F...3 ტიპის ხარჯმზომი კონტროლერისათვის გამზომი კვანძის აგება უნდა მოხდეს ISO 5167 ან შესაბამისი GOST სტანდარტით და ასეთი გამზომი კვანძი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღნიშნული სტანდარტის პირობებს.“ ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ხსენებული დოკუმენტი არ არის მოხვედრილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოტექნიკის სასწავლო სამეცნიერო საინჟინრო ცენტრის უფროსის მოადგილის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრის, პროფესორ ე. მ-ის მიერ წარდგენილი წერილის ჩამონათვალში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 6 მარტს შპს „მ...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს და ითხოვა პასუხი შემდეგ შეკითხვაზე - ბუნებრივი აირის მილსადენში, სავარაუდო პულსირებული ნაკადის არსებობა, მოქმედებს თუ არა გაზის საზომის „F...3“-ის ტიპის მრიცხველის აღრიცხვის სიზუსტეზე, რომელიც განთავსებულია გაზგასამართ სადგურზე არსებული კომპრესორიდან 480 მეტრში, ასევე, კომპრესორსა და მრიცხველს შორის განთავსებულია 500-ლიტრიანი გამაფართოებელი ჭურჭელი.

ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2018 წლის 7 მარტის #01-09-35/245 წერილით შპს „მ...ის“ დირექტორს ეცნობა ამავე უნივერსიტეტის პროფესორის - ე. მ-ის მოსაზრება, რომ: 1) გაეცნო ბუნებრივი გაზის მრიცხველის E... F...3-ის შესახებ ინტერნეტში არსებულ დოკუმენტებს; 2) ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან გაეცნო მითითებული მრიცხველის საპასპორტო მონაცემებს, მახასიათებლებს, დაყენებისა და ექსპლუატაციის პირობებს; 3) ამ დოკუმენტებში მითითებულია გაზომვის სიზუსტის უზრუნველსაყოფად ტემპერატურული დიაპაზონის დაცვის, შემაერთებელი კაბელის შესაბამისობის, დამიწების კონტურის სრულყოფილების, რადიოსიხშირული და ელექტრომაგნიტური გავლენების მოსპობის აუცილებლობის თაობაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათქვამია, რომ იზრდება გაზომვათა ცდომილება); 4) არც ერთ დოკუმენტში არ არის აღნიშნული გაზომვის სიზუსტეზე მრიცხველის შემდგომ არსებულ გაზსავალი ნაკადის სიჩქარისა და წნევის პულსაციის გავლენის თაობაზე; 5) აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესორის აზრით, მოცემული მრიცხველის მიერ გაზომილი სიდიდეების სიზუსტეზე ალბათ არ აქვს გავლენა ნაკადის სიჩქარისა და წნევის პულსაციას, რომ მრიცხველი პულსაციების წყაროდან საკმაოდ მოშორებულია და მრიცხველამდე დაყენებულია, ასევე, არც თუ პატარა მოცულობის სადემპფერო მოცულობა.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2018 წლის 27 მარტს შპს „მ...ის“ დირექტორმა #01-03/11 წერილით მიმართა შპს „ე...ის“ ხარჯის გამომთვლელების გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელს შემდეგი შეკითხვით: „ხარჯის კონტროლიორი F...3, რომელიც ამჟამად არის მუშა მდგომარეობაში, ექვემდებარება თუ არა ქსელიდან მოხსნას“; „ავტოგასამართ სადგურზე კომპრესორიდან 480 მეტრში დამონტაჟებულია ხარჯის კონტროლიორი F...3. ხარჯის კონტროლიორ F...3-ს და კომპრესორს შორის დამონტაჟებულია 0.5 მ3 რესივერი, სავარაუდო პულსირებული ნაკადის არსებობის შემთხვევაში, მოახდენს თუ არა ეს უკანასკნელი ხარჯის კონტროლიორ F...3-ის აღრიცხვის სიზუსტეზე გავლენას“.

ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, შპს „ე...ის“ ევროპასა და დსთ-ში მართვის ლოკალური სისტემების გაყიდვების დირექტორის 03.2018წ. წერილით კითხვის ავტორს ეცნობა, რომ „F...3“ 2017 წლის 30 სექტემბრიდან მოხსნილია წარმოებიდან; ხელსაწყოების ეს ხაზი გამოირჩევა დიდი სანდოობით; მუშა მდგომარეობაში მყოფი ხელსაწყოების დემონტაჟის აუცილებლობა არ არის; „F...3“ კონტროლერის გაზომვების სიზუსტეზე ნაკადის პულსაცია არ უნდა ახდენდეს გავლენას.

სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 7 მარტის #001520918 დასკვნაზე, რომლის თანახმად, „ბუნებრივი აირის დაბინძურების დროს, როტაციული მრიცხველი მასზე წნევის ვარდნის გამო ვერ აღრიცხავს გავლილი გაზის რაოდენობას ზუსტად. ძალზე მაღალი ალბათობით, ის აღრიცხავს იმაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ვიდრე რეალურად მასში გაივლის, რაც გულისხმობს აღრიცხვას მომხმარებლის სასარგებლოდ“. აღნიშნულ საკითხზე, ამავე ბიუროს 2018 წლის 29 მარტის პასუხის თანახმად, დასკვნის ნაწილში მოყვანილი მითითებული წინადადება არ ეფუძნება რაიმე ოფიციალურ ლიტერატურას ან სხვა წყაროს, არამედ არის ექსპერტის მოსაზრება და ის გამომდინარეობს უშუალოდ როგორც როტაციული მრიცხველის კონსტრუქციული თავისებურებიდან, ასევე, გავლილი ბუნებრივი აირის ნაკადის ათვლის მექანიზმიდან.

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 29 მარტის #002087818 დასკვნის თანახმად, 1) როტაციული მრიცხველი E... RVG G-400-ის, რომელიც დამონტაჟებულია საშუალო წნევის გაზსადენზე, ნორმალური მუშაობისათვის და აგრეთვე აღრიცხვის სიზუსტისათვის, აუცილებელია მასზე დაყენდეს ელ. კორექტორი EK-200; 2) ელ. კორექტორის EK-200-ის დაზიანების შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი, რასაკვირველია, იმოქმედებს ბუნებრივი აირის მრიცხველის E... RVG G-400-ის მუშაობაზე და შეუძლებელი გახდება მრიცხველის მიერ გატარებული აირის ზუსტი აღრიცხვა.

სასამართლომ, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის #30/8 გადაწყვეტილებით შპს „მ...ის“ მოთხოვნა, შპს „ყ...ისათვის“ შპს „მ...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მხარეებს განემარტათ, რომ ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ახალი კვანძის მოწყობის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო შპს „ყ...ის“ მიერ, მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯის დაკისრების გარეშე. ამასთან, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან.

ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილ იქნა შპს „ტ...“-ის 2019 წლის 18 ივნისის #01/19 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კვლევით და გაზომვით სამუშაოზე დაკვირვებით დგინდება, რომ: 1) წნევის გამზომი მოწყობილობა Honeywell MLH025BSB01A, ქარხნული ნომრით ..., რომელიც მუშაობს პიეზორეზისტორულ სენსორებზე, თავისი, როგორც კონსტრუქციული, ასევე, ტექნიკური მახასიათებლებით - სრულიად ვარგისია მაღალსიხშირული წნევის ცვლილების გაზომვისათვის, კერძოდ, ბუნებრივი აირის წნევის ცვლილების გასაზომად კომპრესორის მუშაობის პროცესში; 2) ბუნებრივი აირის წნევის გაზომვის მიმდინარეობისას, რომელშიც ვმონაწილეობდი დამკვირვებლის სტატუსით, არ დაფიქსირებულა ისეთი შეუსაბამობა, რომელსაც შეეძლო რაიმე გავლენის მოხდენა გაზომვის შედეგების სიზუსტეზე; 3) შპს „მ...ის“ გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივი აირის შემყვან მილში არსებული პულსაციის სიდიდის მნიშვნელობა და მისი გავლენის შესაძლებლობა „F...3“ ტიპის მრიცხველის აღრიცხვის სიზუსტეზე, მოცემულია დანართის სახით წარმოდგენილ (5 ფურცელი) ნ. ი-ას, ნ. ქ-ისა და ზ. გ-ის ხელმოწერილ #1/17.06.2019 გამოცდის ოქმში, კონკრეტულად მის დასკვნით ნაწილში.

2019 წლის 17 ივნისის #1/17.06.2019 ოქმის დასკვნითი ნაწილის თანახმად, ჩატარებული პრაქტიკული კვლევიდან ჩანს, რომ წნევის ცვლილების ამპლიტუდა არ აღემატება 32 მილიბარს კომპრესორიდან 4 მეტრის მანძილზე, რაც შეადგენს შეწოვის წნევის 32/1831x100=1.7%-ს. წნევის ცვლილების სიხშირეა 25 ჰერცი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იყო ცალსახად გაკეთებულიყო დასკვნა, რომ გაზის ხარჯის „F...3“ ტიპის მრიცხველზე წნევის პულსაციური ზემოქმედება გამორიცხული იყო, რადგან იგი კომპრესორისგან განმხოლოებული იყო 180-ლიტრიანი ბუფერული მოცულობით და ამავე დროს, დაშორებული იყო მისგან 420 მეტრით.

სასამართლოს მითითებით, ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, სადავო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა, რომ „სსტ ისო 5167-1:2003/2017“ სტანდარტის შესაბამისად, FLOBOSS-ის ტიპის აღრიცხვის კვანძის გამოყენება დასაშვები იყო მხოლოდ არაპულსირებული დინებებისათვის, ხოლო ვინაიდან, კომპრესორი, როგორც მისი მუშაობის, ასევე, ჩართვა-გამორთვის მომენტში წარმოქმნიდა პულსაციებს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის პირველი თებერვლის #000671218 დასკვნის შესაბამისად), უფრო ზუსტი გაზომვისათვის, როდესაც უშუალოდ აღრიცხვის კვანძთან არ ხორციელდება სიმკვრივის გაზომვა, უმჯობესი იყო გამოყენებულიყო როტაციული მრიცხველი, რომელიც აღრიცხავდა მოცულობას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული (საქმე #3/1841-17) გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლითაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა სათანადოდ დაესაბუთებინა, თუ რატომ იქნა უსაფუძვლოდ მიჩნეული საჩივრის ავტორის პოზიცია მრიცხველის შეცვლასა და უკვე არსებული მრიცხველის ვარგისიანობასთან მიმართებით.

სასამართლოს შეფასებით, აღსანიშნავი იყო, რომ სადავო გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული, შპს „ყ...ის“ დაკვეთით შესრულებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის პირველი თებერვლის #000671218 დასკვნის, ასევე, 2018 წლის 20 თებერვლის #001135318, 2018 წლის 16 მარტის #001755518 და 2018 წლის 29 მარტის #002087818 დასკვნების შეფასების საგანს წარმოადგენდა შპს „ყ...ის“ მიერ დასმული ზოგადი ხასიათის, თეორიული სახის შეკითხვები, რომელიც აბსტრაქტული დაშვების პირობით იყო ფორმულირებული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული დასკვნების საფუძველზე, შეუძლებელი იყო შპს „მ...ზე“ აღრიცხვის კვანძზე არსებული მდგომარეობის შეფასება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი იყო შპს „ტ...“-ის 2019 წლის 18 ივნისის #01/19 ექსპერტის დასკვნა, რომელიც შესრულებული იყო უშუალოდ გაზომვით სამუშაოზე დაკვირვებით და რომელიც ადგენდა, რომ გაზის ხარჯის „F...3“ ტიპის მრიცხველზე წნევის პულსაციური ზემოქმედება გამორიცხული იყო, რადგან იგი კომპრესორისგან განმხოლოებული იყო 180-ლიტრიანი ბუფერული მოცულობით და ამავე დროს დაშორებული იყო მისგან 420 მეტრით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის პრინციპული იყო გარკვეულიყო, არსებობდა თუ არა ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის საჭიროება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხელახლა უნდა ემსჯელა, იყო თუ არა სახეზე ისეთი ობიექტური გარემოება, რომელმაც განაპირობა დამოწმების მოწმობის მოქმედების პერიოდში ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის მოთხოვნის აუცილებლობა. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე აპელირებდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის „F...3“-ის გამართულად მუშაობის და მისი შეცლის საჭიროების არარსებობაზე, მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო, სახეზე იყო თუ არა იმგვარი აუცილებელი წინაპირობის არსებობა, რომელიც წარმოშობდა ლიცენზიატის - შპს „ყ...ის“ უფლებას, დამოწმების მოწმობის მოქმედების პერიოდში მოეთხოვა არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლა, რაც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით. მხოლოდ ამ გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ შეიძლებოდა სათანადოდ შეფასებულიყო სადავო საკითხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და მიწოდების წესების“ მე-7 მუხლის პირველ, მე-5 და მე-9 პუნქტებზე, საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სტანდარტი არის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. მწარმოებელს შეუძლია შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურ რეგლამენტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 65-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სტანდარტი არის კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად კი, სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.

სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით ირკვევოდა, რომ 2015 წლის 15 იანვარს შპს „მ...ზე“ გაცემული #... დამოწმების მოწმობის, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 იანვრამდე, გაცემისას გაუქმებული იყო (გაუქმებულია 2007 წელს) „ГОСТ 8.563.-97“ სტანდარტი, რომლითაც დასტანდარტდა ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერი „F...3“ (#...). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღსანიშნავი იყო, რომ „ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და მიწოდების წესების“ შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა განაწილების ლიცენზიატი და არა მომხმარებელი, რომელიც თავის მხრივ, ენდობოდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დამოწმების მოწმობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დამოწმების მოწმობის გაცემის დროისათვის „ГОСТ 8.563.-97“-ის სტანდარტის გაუქმებაზე (გაუქმებულია 2007 წელს) და ის ფაქტი, რომ 2015 წელს ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერი - „F...3“ დასტანდარტდა 2007 წელს გაუქმებული „ГОСТ 8.563.-97“-ის სტანდარტით, რაზეც მოსარჩელე არ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს, არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული #... დამოწმების მოწმობის მოქმედების პერიოდში მრიცხველის შეცვლის საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ კანონმდებელი შესაბამისი სტანდარტის გამოყენების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთოხებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი სტანდარტის გამოყენების ნებაყოფლობითობას ადგენდა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და მიწოდების წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სადავო აქტში ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმასთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება ლიცენზიატის უპირობო უფლებაზე - მრიცხველის დამოწმების პერიოდის ვადის გასვლამდე შეცვალოს მრიცხველი. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს პოზიციას, რომ მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი შეეცვალა უკვე დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის მრიცხველი, თუ არსებობდა აღნიშნული მრიცხველის შეცვლის გადაუდებელი საჭიროება, რაც არსობრივად დასაბუთებული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის უფლება არ განიმარტებოდა უპირობო უფლებად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლისას ლიცენზიატი ვალდებული იყო, არგუმენტირებულად მიეთითებინა, თუ რა არსებითი ხასიათის გარემოებებმა განაპირობა მრიცხველის შეცვლის გადაუდებელი საჭიროება, ამასთან, უზრუნველეყო აღნიშნული გარემოებების სათანადო დასაბუთებაც.

განსახილველ შემთხვევაში, ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, სადავო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა, რომ „სსტ ისო 5167-1:2003/2017“ სტანდარტის შესაბამისად, FLOBOSS-ის ტიპის აღრიცხვის კვანძის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ არაპულსირებული დინებებისათვის, ხოლო ვინაიდან, კომპრესორი, როგორც მისი მუშაობის, ასევე, ჩართვა-გამორთვის მომენტში წარმოქმნის პულსაციებს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის პირველი თებერვლის #000671218 დასკვნის შესაბამისად), უფრო ზუსტი გაზომვისთვის, როდესაც უშუალოდ აღრიცხვის კვანძთან არ ხორციელდება სიმკვრივის გაზომვა, უმჯობესია გამოყენებული იყოს როტაციული მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს მოცულობას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული (საქმე #3/1841-17) გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა სათანადოდ დაესაბუთებინა, თუ რატომ იქნა უსაფუძვლოდ მიჩნეული საჩივრის ავტორის პოზიცია მრიცხველის შეცვლასა და უკვე არსებული მრიცხველის ვარგისიანობასთან მიმართებით. სააპელაციო პალატის მითითებით, აღსანიშნავი იყო, რომ სადავო გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული, შპს „ყ...ის“ დაკვეთით შესრულებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის პირველი თებერვლის #000671218 დასკვნის, ასევე, 2018 წლის 20 თებერვლის #001135318, 2018 წლის 16 მარტის #001755518 და 2018 წლის 29 მარტის #002087818 დასკვნების შეფასების საგანს წარმოადგენდა შპს „ყ...ის“ მიერ დასმული ზოგადი ხასიათის, თეორიული სახის შეკითხვები, რომელიც აბსტრაქტული დაშვების პირობით იყო ფორმულირებული. შესაბამისად, მითითებული დასკვნების საფუძველზე შეუძლებელი იყო შპს „მ...ზე“ დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძზე არსებული მდგომარეობის რეალური შეფასება და სარწმუნო დასკვნების გაკეთება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნიშანდობლივი იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი იყო შპს „ტ...“-ის 2019 წლის 18 ივნისის #01/19 ექსპერტის დასკვნა, რომელიც შესრულებული იყო უშუალოდ გაზომვით სამუშაოზე დაკვირვებით და რომელიც ადგენდა, რომ გაზის ხარჯის „F...3“ ტიპის მრიცხველზე წნევის პულსაციური ზემოქმედება გამორიცხული იყო, რადგან იგი კომპრესორისგან განმხოლოებული იყო 180-ლიტრიანი ბუფერული მოცულობით და ამავე დროს დაშორებული იყო მისგან 420 მეტრით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის პრინციპული იყო გარკვეულიყო, არსებობდა თუ არა ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის საჭიროება, რაც უნდა დაფუძნებოდა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების სრულყოფილ შეფასებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი შესწავლისას საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლო განხილვის ეტაპზე წარმოდგენილილი ექსპერტიზის დასკვნის სხვა არსებულ დასკვნებთან ურთიერთშეჯერებისა და შეფასების პირობებში, უნდა იმსჯელოს, არის თუ არა სახეზე ისეთი ობიექტური გარემოება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განაპირობა დამოწმების მოწმობის მოქმედების პერიოდში ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის მოთხოვნის გადაუდებელი აუცილებლობა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელე მხარე აპელირებდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის „F...3“-ის გამართულად მუშაობის და მისი შეცლის საჭიროების არარსებობაზე, მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო, სახეზე იყო თუ არა იმგვარი აუცილებელი წინაპირობის არსებობა, რომელიც წარმოშობდა ლიცენზიატის - შპს „ყ...ის“ უფლებას, დამოწმების მოწმობის მოქმედების პერიოდში მოეთხოვა არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლა, რაც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი მტკიცებულებებით. მხოლოდ ამ გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი სადავო საკითხის სათანადო შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ქალაქ თბილისში ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი - შპს „თ...ი“ (ყოფილი შპს „ყ...ი“), მისთვის კანონქვემდებარე სპეციალური ნორმატიული აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქალაქ თბილისში, მის სალიცენზიო არეალში არსებულ ყველა ავტოგაზგასამართ სადგურთან მიმართებით, ადგენს აღრიცხვის ერთიან სტანდარტს - ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის არასრულად აღრიცხვიანობისა და დანაკარგების გაზრდის გამო, ყველა სადგურზე ცვლის ხარჯთაღმრიცხველ კონტროლერს - „F...3“-ს ხარჯმზომი მოწყობილობა „E... RVG G-400“ მრიცხველით (ელ. კორექტორით EK-200).

კასატორის მითითებით, ჩნდება პრეცედენტის დაშვება, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სადავო გახადოს ლიცენზიატის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მისთვის გაცილებით სასურველია ის მრიცხველი, რომელიც მოხმარებული ბუნებრივი გაზის უფრო ნაკლებ მოცულობას აღრიცხავს და მიუღებელია ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილი, უფრო ზუსტად აღმრიცხველი მოწყობილობა. ასეთ შემთხვევაში, შეიქმნება ნორმატიული დანაწესებით დადგენილი რეგულირების საწინააღმდეგო ერთგვარი მდგომარეობა, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ნებისმიერ მსხვილ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს მიეცემა უფლება, სხვადასხვა ხერხით იდავოს მასთან მოწყობილ აღრიცხვის კვანძზე და დავის ხანგრძლივი გაჭიანურებით თვითნებურად განსაზღვროს ლიცენზიატთან ანგარიშსწორების წესი და პირობები.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის ასახული სააპელაციო სასამართლოს დამოუკიდებელი არგუმენტაცია და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების ანალიზი.

კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში ნორმატიულ საფუძვლად მიუთითებს, რომ კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს, რომ რამდენადაც ბუნებრივი აირის აღრიცხვის მიზნით, აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატი, სწორედ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება მის მიერ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან (მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლის 31 პუნქტი, მე-7 მუხლის პირველი, მე-5 და მე-9 პუნქტები, 22-ე მუხლი).

კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ უარყო მარეგულირებელი კომისიის პოზიცია იმის თაობაზე, რომ რადგან ლიცენზიატმა გამოავლინა, რომ შპს „მ...ის“ აღრიცხვის კვანძი თავიდანვე ყოფილა ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შეუსაბამო და ფაქტობრივად დაუმოწმებელი და რომ ლიცენზიატმა მისთვის კანონქვემდებარე სპეციალური ნორმატიული აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის სალიცენზიო არეალში არსებულ ყველა ავტოგაზგასამართ სადგურთან მიმართებით დაადგინა აღრიცხვის ერთიანი სტანდარტი და ავტოგაზგასამართი სადგურების მფლობელი მომხმარებლებისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის არასრულად აღრიცხვიანობისა და დანაკარგების გაზრდის გამო, ყველა სადგურზე დაამონტაჟა ერთი ტიპისა და სტანდარტის აღრიცხვის კვანძები, ლიცენზიატს ჰქონდა აღრიცხვის კვანძის შეცვლის უფლება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არც ერთ სხვა ავტოგაზგასამართ სადგურს სადავოდ არ გაუხდია მრიცხველის შეცვლა.

კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ნორმატიული დანაწესების საფუძველზე, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ რეგლამენტებს და სტანდარტებს, აღრიცხვის კვანძის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილებას და მომხმარებელთან საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის შეუსაბამობა ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან გამოვლენილ იქნა განაწილების ლიცენზიატის მიერ.

კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ 2019 წლის 15 იანვრის შემდგომ ჰქონდა შპს „თ...ის“ დამოწმების ვადაგასული შპს „მ...ის“ კუთვნილ აღრიცხვის კვანძის შეცვლის უფლება. ამასთან, შპს „მ...ი“ ნორმატიული დანაწესების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ დღემდე აგრძელებს სადავო მრიცხველით ფუნქციონირებას.

კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც თავად სასამართლომ დაადგინა მრიცხველის შეცვლის საჭიროება, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლისას ლიცენზიატს კიდევ სხვა რა უნდა მიეთითებინა და რა დამატებით გარემოებებზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი.

კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ სადავო გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის 27 აპრილს, მოდავე მხარეების მიერ დავის განხილვის პერიოდში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებისა და მოწმე-სპეციალისტთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, მათ შორის, იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რამდენიმე დასკვნა, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ შეფასდა, როგორც აბსტრაქტული დაშვების პირობით ფორმულირებული, რომელთა საფუძველზეც, თითქოს შეუძლებელი იყო შპს „მ...ის“ აღრიცხვის კვანძზე არსებული მდგომარეობის შეფასება. აღნიშნულის საპირწონედ კი, ორივე ინსტანციის სასამართლო აქცენტს აკეთებს შპს „მ...ის“ მიერ სასამართლოში წარდგენილ შპს „ტ...“-ის 2019 წლის 18 ივნისის #01/19 დასკვნაზე. შესაბამისად, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა შპს „მ...ის“ მითითებები და კომისიაში სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტიდან 1 წლისა და 2 თვის შემდეგ მომზადებული დასკვნა.

ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პასუხი ვერ გასცეს არგუმენტაციას კომისიისათვის სადავო საკითხის ხელახლა დაბრუნებისას მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ, კასატორისათვის გაუგებარია, რომელ სამართლებრივ შედეგზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. კომისია ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტზე, რომლის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს არ ჰქონდა უპირობო უფლება, შპს „მ...ის“ კუთვნილ ავტოგაზგასამართ სადგურზე შეეცვალა აღრიცხვის კვანძი, რომელიც 2007 წელს გაუქმებული სტანდარტის საფუძველზე დამოწმებული იყო 2019 წლის 15 იანვრამდე ვადით და შპს „მ...ი“ ენდობოდა უფლებამოსილ ორგანოს - შპს „ს... ცენტრის“ მიერ გაცემულ დამოწმების მოწმობას. თუმცა 2019 წლის 15 იანვრიდან დღემდე შპს „მ...ი“, ნორმატიული დანაწესების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, განაგრძობს ბუნებრივი გაზის მოხმარებას. შესაბამისად, კასატორისათვის გაურკვეველია, ადმინისტრაციული ორგანო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ 2019 წლის 15 იანვრამდე პერიოდით, თუ უფლებამოსილია გასცდეს მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლო მთავარ მტკიცებულებად მიუთითებს შპს „ტ...“-ის 2019 წლის 18 ივნისის #01/19 დასკვნას - მტკიცებულებას, რომელიც კომისიის სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს (2018 წლის 27 აპრილს) არ არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოცულობის კორექტორი, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი ან/და მოცულობის კორექტორი), ასევე სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.

ამავე წესების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე, განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მას სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

მითითებული წესების მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, საცალო მომხმარებლისა და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან: ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, შეცვლას, მოხსნას, შემოწმებას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მე...ის ეროვნული სააგენტოში და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა). ამავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად კი, ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ შპს „ს... ცენტრის“ მიერ 2015 წლის 15 იანვარს შპს „მ...ზე“ გაიცა #... დამოწმების მოწმობა, რომელიც ძალაში იყო 2019 წლის 15 იანვრამდე (ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი - „F...3“ (საქარხნო ნომერი ...)). ამასთან, მესამე პირი - განაწილების ლიცენზიატი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს „ყ...ის“ მონაცემთა ბაზაში შპს „მ...ი“ აბონენტად (#...) ფიქსირდება 2015 წლის 20 იანვრიდან და აბონირების თარიღიდან ობიექტზე დამონტაჟებულია „ГОСТ 8.563.-97“-ით დასტანდარტებული ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერი „F...3“ #....

ასევე, დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოთაშორისო სტანდარტების კატალოგის მიხედვით, სტანდარტი „გოსტ 8.563.-97“ გაუქმებულია 2007 წელს და მის შემცვლელზე ინფორმაცია არ არის მითითებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა განაწილების ლიცენზიატს უფლებამოსილება, უპირობოდ მოეთხოვა შპს „მ...ის“ კუთვნილ გაზგასამართ სადგურზე აღრიცხვის კვანძის შეცვლა, რომელიც 2007 წელს გაუქმებული სტანდარტის საფუძველზე, 2019 წლის 15 იანვრამდე ვადით იყო დამოწმებული.

საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 64-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა ისახავდეს წარმოების ეფექტიანობის და თავსებადობის ზრდას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, იზრდება ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების საჭიროება. ტექნოლოგიური ნოვაციებისათვის ტემპის შეთავსება და ეტაპობრივი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას წარმოების ხარისხის, მისი ეფექტიანობის დახვეწისა და ზრდისათვის. საერთაშორისო თუ ეროვნულ სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევით პრეზუმირდება, რომ უმჯობესდება ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შედეგები. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ლიცენზირებად საქმიანობაში ნოვატორული ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა არ არის კანონმდებლის თვითმიზანი, მას გააჩნია ობიექტური ახსნა და ასეთი მიდგომა განპირობებულია თანამედროვე ტექნიკური საშუალებების მეტი ეფექტიანობითა და სიზუსტით.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართალია, შპს „ს... ცენტრის“ მიერ 2015 წლის 15 იანვარს შპს „მ...ზე“ გაცემული #... დამოწმების მოწმობის საფუძველზე, შპს „მ...ის“ ობიექტზე დამონტაჟებულია ჯერ კიდევ 2007 წელს გაუქმებული სტანდარტ „ГОСТ 8.563.-97“-ით დასტანდარტებული ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერი „F...3“ #... და დასახელებული დამოწმების მოწმობის მოქმედების ვადა 2019 წლის 15 იანვრამდე იქნა განსაზღვრული, თუმცა ხსენებულ გარემოებას არ შეეძლო შეეფერხებინა განაწილების ლიცენზიატის მხრიდან შპს „მ...ის“ FLOBOSS-ის ტიპის აღრიცხვის კვანძის მრიცხველის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი მრიცხველით ჩანაცვლება. დაუშვებელია, თუნდაც წინმსწრებ პერიოდში არასათანადო წესით დამონტაჟების პირობებში, განაწილების ლიცენზიატს - შპს „ყ...ის“ (შპს „თ...ის“ წინამორბედს) წაერთვას შესაძლებლობა, დამოწმების მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში ხარვეზის აღმოფხვრისათვის ობიექტზე მოახდინოს ბუნებრივი გაზის დანახარჯის მეტი სიზუსტით აღმრიცხველი მრიცხველის მონტაჟი, მით უფრო, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა განაწილების ლიცენზიატს არსებული აღრიცხვის კვანძის ჩანაცვლებისათვის საჭირო ყველა ღონისძიების საკუთარი სახსრებით განხორციელებას ავალდებულებს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ის გარემოება, რომ 2015 წელს ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერი - „F...3“ დასტანდარტდა 2007 წელს გაუქმებული „ГОСТ 8.563.-97“-ის სტანდარტით, არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული #... დამოწმების მოწმობის მოქმედების პერიოდში მრიცხველის შეცვლის საფუძვლად. აღნიშნულის საპირისპიროდ, ზემოთ განვითარებულ მსჯელობაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც სტანდარტი 2007 წელს იყო გაუქმებული, დამოწმების მოწმობის 2019 წლის 15 იანვრამდე მოქმედება არ აბრკოლებდა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, შეეცვალა შპს „მ...ის“ ობიექტზე არსებული „F...3“ ტიპის აღრიცხვის კვანძი.

საკასაციო სასამართლო, აქვე, აღნიშნავს, რომ უმთავრესი მიზეზი, რითიც ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი შპს „მ...ის“ ობიექტზე არსებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის საჭიროებას ხსნიდა, იყო ის, რომ „F...3“ ტიპის მრიცხველს არ შეეძლო პულსირებული ნაკადის წარმოქმნის შემთხვევაში, სრულად აღერიცხა მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა.

ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმეში წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნებზე, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის პირველი თებერვლის #000671218 დასკვნის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გაზს მოიხმარს კომპრესორის გავლით, რომელიც პერიოდულად ირთვება და ითიშება, ამ დროს მილსადენში გამავალი ნაკადი იქნება პულსირებული ხასიათის და დროში შესაბამისად არასტაბულური, რომლის არასტაბილურობა კომპრესორის წარმადობაზე იქნება დამოკიდებული. ბუნებრივი აირის ნაკადი მილსადენში იქნება პულსირებული, როგორც კომპრესორის ჩართვა-გამორთვისას, ასევე, კომპრესორის მუშაობის პერიოდში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 20 თებერვლის #001135318 დასკვნით განსაზღვრულ იქნა, რომ „F...3“ ტიპის ხარჯმზომი დამყარებულია სტანდარტული შემავიწროვებელი დიაფრაგმის გამოყენებაზე და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის შეიძლება გახდეს პულსირებული ნაკადის არასწორად აღრიცხვის მიზეზი. ამავე დასკვნით განისაზღვრა, რომ პულსირებული გაზის ნაკადის დროს მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს როტაციული გაზის მრიცხველი. ამრიგად, დასკვნაში აღინიშნა, რომ „1. თუ ბუნებრივი გაზის გამზომი კვანძი აგებულია F...3 ხარჯმზომზე, ISO 5167.1-4:2003, ISO 5167.5-2016 ან ГОСТ 8.586.1.-5:2005 სტანდარტის შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი გამზომი კვანძით მომხმარებელზე მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის აღრიცხვის უზუსტობის გამომწვევი მიზეზი იყოს აღნიშნულ გამზომ კვანძში გამავალი ნაკადის პულსირებული ხასიათი; 2. პულსირებული გაზის ნაკადის დროს უფრო მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს როტაციული გაზის მრიცხველი“.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 თებერვლის #5001182718 წერილის თანახმად, პულსირებული ნაკადის შემთხვევაში, მომხმარებელზე მიწოდებული გაზის ოდენობა რეკომენდირებულია გაიზომოს როტაციული ან გრიგალისებული (Vortex) ტიპის მრიცხველებით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მარტის #001755518 დასკვნის თანახმად, „... F...3 ტიპის ხელსაწყო წარმოადგენს 32-ბიტიან მიკროპროცესორზე დაფუძნებულ ნაკადის მთვლელ კომპიუტერს (....) და არა მრიცხველს. აღნიშნული მოწყობილობა მხოლოდ შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრულ გამზომ კვანძთან ერთობლიობაში განიხილება როგორც გამზომი კომპლექსი და დამოუკიდებლად ის არ შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც გაზის მრიცხველი. ინფორმაცია იმ სტანდარტთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს გამზომი კვანძი და რომელზეც მონტაჟდება F...3 ტიპის ხარჯმზომი კონტროლერი, გადმოცემულია კომპანია E...-ის ოფიციალური ვებ გვერდიდან. ამ დოკუმენტის გვ. 2-ზე არსებობს შემდეგი სახის ჩანაწერი: „The F...3 unit can perform gas flow calculations to GOST standards and ISO 5167 standards, using user C programs“, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ F...3 ტიპის ხარჯმზომი კონტროლერისათვის გამზომი კვანძის აგება უნდა მოხდეს ISO 5167 ან შესაბამისი GOST სტანდარტით. და ასეთი გამზომი კვანძი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღნიშნული სტანდარტის პირობებს.“

ზემოაღნიშნულ საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი შპს „ტ...“-ის 2019 წლის 18 ივნისის #01/19 ექსპერტის დასკვნის შინაარსის მიუხედავად, საქმის მასალები ადასტურებს, რომ „F...3“ ტიპის გაზის მრიცხველის გამოყენებას პრაქტიკაში შესაძლებელია თან სდევდეს საექსპერტო დასკვნებში მკაფიოდ გადმოცემული რისკები. თუმცა სააპელაციო სასამართლომ პრაქტიკულად უგულებელყო აღნიშნული საექსპერტო დასკვნების შინაარსი, რომელიც ცხადყოფდა, რომ „F...3“ ტიპის აღრიცხვის კვანძის გამოყენება არ არის ყველა შემთხვევაში სანდო. სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა შპს „ყ...ის“ (შპს „თ...ის“ წინამორბედის) ის მოტივი, რამაც უბიძგა განაწილების ლიცენზიატს, შეეცვალა ყველა ავტოგაზგასამართ სადგურზე დამონტაჟებული F...3“ ტიპის გაზის მრიცხველი.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დავის განხილვის დროს არ გაუთვალისწინებია ის სამომავლო რისკები, რომელიც შესაძლოა მრიცხველის მხოლოდ ვარგისიანობისა და აღრიცხვიანობის სიზუსტის მაჩვენებლებით შეცვლის პრაქტიკაში დანერგვას გამოეწვია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბების საჭიროობასა და ეფექტურობაზე, ასევე, მხედველობაში არ მიუღია საექსპერტო დასკვნებით დადასტურებულად არასანდოდ მიჩნეული მრიცხველის პრაქტიკაში გამოყენების რისკები და მისი გამოყენებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის პროცესში ცდომილების დაშვების მაღალი ალბათობა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატას საბოლოო დასკვნის გაკეთების პროცესში არ შეუფასებია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და მასთან ადაპტირების მნიშვნელობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია სტანდარტის გამოყენების ნებაყოფლობითობა, თუმცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილით უპირატესობა ენიჭება შესაბამის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების გამოყენებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლისას სახელმწიფოთაშორისო სტანდარტების კატალოგის მიხედვით გაუქმებულ სტანდარტზე მომუშავე მრიცხველის შეცვლის მიმართ განაწილების ლიცენზიატის დაინტერესებასა და მოთხოვნას აჩენს სწორედ ზემოხსენებული საკანონმდებლო ჩანაწერი, კერძოდ, ის ფაქტი, რომ საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების სანდოობის მხედველობაში მიღებით, განაწილების ლიცენზიატს აქვს მათი პრაქტიკაში დამკვიდრების განსაკუთრებული ინტერესი. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საექსპერტო დასკვნებით პრაქტიკულად დადასტურებულია „F...3“ ტიპის გაზის მრიცხველის ზოგადი არასანდოობა პულსირებული ნაკადის წარმოქმნის დროს, გაურკვეველია, თუ რა განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს ძველი, გაუქმებულ სტანდარტზე მომუშავე მრიცხველის შენარჩუნებისა, რა მიზეზით ეწინააღმდეგება მოსარჩელე ახლებური სტანდარტის მის მიმართ გამოყენებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გაზის მრიცხველის შეცვლა განაწილების ლიცენზიატის ხარჯებით მიმდინარეობს.

ზემოხსენებულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ობიექტზე დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძის სათანადო საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მრიცხველით შეცვლის გარეშე, განაწილების ლიცენზიატს მოუწევდა ყველა მიმწოდებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის გატარება, რაც შექმნიდა ქაოტურ მდგომარეობას და გააჭიანურებდა მოქმედ სტანდარტებთან თავსებადი აღრიცხვის კვანძების ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესს. მრიცხველის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არსებით, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა კონკრეტულ ობიექტზე მისი გამოყენების შედეგები, ანუ დამონტაჟებული მრიცხველის ამ ობიექტზე აღრიცხვიანობის სიზუსტე, არამედ უშუალოდ მითითებული აღრიცხვის კვანძის ზოგადი ვარგისიანობა და სანდოობა. თავად გაზის მრიცხველის მახასიათებლები უნდა იყოს მაქსიმალურად სარწმუნო, რათა მისი ექსპლუატაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის აღრიცხვის პროცესში მაქსიმალურად იქნეს დაზღვეული ყველანაირი რისკისა და ლაფსუსის პოტენციურად წარმოშობა. სხვაგვარად, განაწილების ლიცენზიატი ვერ შეძლებდა ყველა ობიექტზე დროულად და ეფექტურად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი აღრიცხვის კვანძების შეცვლა-დამონტაჟებას, რასაც, ობიექტთა სიმრავლის გათვალისწინებით, უკვე არსებული გაზის მრიცხველების უზუსტობის შემთხვევაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა უშუალოდ განაწილების ლიცენზიატისათვის. აღნიშნულის საპირწონედ, არც საქმის მასალებით და არც მოსარჩელის არგუმენტაციით არ იკვეთება შპს „მ...ისათვის“ გაზის მრიცხველის შეცვლის შედეგად რაიმე ხელშესახები ზიანის მიყენების რისკი ან ამგვარი რისკის წარმოშობის გონივრული საფრთხეები, რაც სასამართლოს სხვაგვარი მსჯელობის საფუძველს მისცემდა.

ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განსახილველი დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-643(2კ-20) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები“ (იხ. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. #ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა სრულ საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს დამატებით დაედგინა და გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სხვაგვარი შეფასება მიეცა საქმეზე უკვე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებისათვის. მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების შესაძლებლობის არსებობის პირობებში კი, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა სრული პროცესუალური შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი და არსებითად ემსჯელა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. მითითებული პროცესუალური ხარვეზი, ასევე, საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ გარშემო განვითარებული მოსაზრებების დავის გადაწყვეტის პროცესში გათვალისწინების საჭიროება, ქმნის სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა გასახილველად დაბრუნების საფუძველს. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს წინამდებარე განჩინებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული გარემოებების თაობაზე და თავად მიიღოს გადაწყვეტილება სადავო სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა