Facebook Twitter

№ბს-1091(კ-20) 14 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე; გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბ-ეისა და ი. ნ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური; მესამე პირები (სასკ 16.2) - დ. ბ-ე; თ. ბ-ე; ზ. ჭ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 14 ივნისს ქ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ დ. ბ-ე, თ. ბ-ე და ზ. ჭ-ე.

2019 წლის 17 დეკემბერს ქ. ბ-ესთან ერთად, თანამოსარჩელედ მიეთითა ი. ნ-ე.

მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... და 2018 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების (რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა დ. ბ-ეის მოთხოვნა ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში 650 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მოსარჩელეების ეზოში დამატებით გადმოიწია საზღვარი), 2018 წლის 12 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელე მხარეს საჩივრის განხილვაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა), 2019 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილების (საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც შეწყვეტილ სარეგისტრაციო წარმოებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება), 2019 წლის 17 მაისის №... გადაწყვეტილების, 2019 წლის 17 მაისის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ), ასევე 1990 წელს ვ. ბ-ეის სახელზე გაცემული სახლის ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მიწის მიღება-ჩაბარების №177 აქტში მითითებული (№1, ეზო, სახლი) 560 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) გამოცემის დავალება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და საკანცელარიო ხარჯების - 59.20 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ეისა და ი. ნ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბ-ემ და ი. ნ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით ი. ნ-ეისა და ქ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მესამე პირების სახელზე სწორად მოახდინა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის როგორც პირველადი რეგისტრაცია, ასევე ცვლილების რეგისტრაცია, ვინაიდან არ არსებობდა განხორციელებულ რეგისტრაციებზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბ-ემ და ი. ნ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არსებითად სიტყვა-სიტყვით იმეორებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. არც მოსარჩელე მხარეს და არც მათ ადვოკატს არ მიეცათ სასამართლოსათვის შესაბამისი ახსნა-განმარტებების მიცემის საშუალება, ხოლო საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასდა არსებითად არასწორად. გასაჩივრებულ განჩინებაში გამოყენებულია არარელევანტური სამართლებრივი ნორმები და განჩინება არ პასუხობს სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბ-ეისა და ი. ნ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბ-ეისა და ი. ნ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1994 წლის 24 დეკემბერს ვ. ბ-ეის სახელზე გაიცა №53 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც გადაეცა ეზო სახლით - 650 კვ.მ, ეზოს ვენახი - 1400 კვ.მ, გარემოს ვენახი - 1290 კვ.მ, საერთო ჯამში - 3340 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

1995 წლის 5 თებერვალს ვა. ბ-ეის სახელზე გაიცა №177 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 9020 კვ.მ მიწა, 6 ნაკვეთად: ეზო სახლით-560 კვ.მ, გადაღმა ვენახი – 1150 კვ.მ, გადაღმა ვენახი – 50 კვ.მ, ვენახი– 880 კვ.მ, კოდები – 2120 კვ.მ, კოდები –3000 კვ.მ, ნასყიდა – 1260 კვ.მ.

1995 წლის 5 თებერვალს დ. ს.-ს ძე ბ-ეის სახელზე გაიცა №180 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 1510 კვ.მ მიწა, 3 ნაკვეთად: ეზო -520 კვ.მ, გარემოს ვენახი – 420 კვ.მ, გარემოს ვენახი – 570 კვ.მ.

ზესტაფონის რეგიონული არქივის 2018 წლის 5 სექტემბრის №33/119890 საარქივო ცნობის თანახმად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების 1986-1995 წლების მონაცემების თანახმად, კომლის წევრები იყვნენ: ვა. ს.-ს ძე ბ-ე - ოჯახის უფროსი, ლ. მ.-ის ასული ბ-ე - ცოლი, ქ. ვა.-ს ასული ბ-ე - შვილი, ს. ვა.-ს ძე ბ-ე - შვილი. 1986-1990 წლებში კომლს ეწერა მიწა 0.26 ჰა. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი 80 კვ.მ, სახლი აგებული იყო 1962 წელს. 1996-2003 წლებში კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ვა. ს.-ს ძე ბ-ე - ოჯახის უფროსი, ლ. მ.-ს ასული (გვარი მითითებული არ იყო) - ცოლი (ხაზი იყო გადასმული, გარდაცვლილი - 1996 წელს), ქ. ვა.-ს ასული (გვარი არ იყო მითითებული) - შვილი (ხაზი იყო გადასმული. ამოწერილი - 2002 წელს), ს. ვა.-ს ძე (გვარი არ იყო მითითებული) - შვილი. 1997-2002 წლებში კომლს ეწერა მიწა 0.90 ჰა. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი იყო 130 კვ.მ. 2004-2006 წლებში კომლი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ვა. ბ-ეე - ოჯახის უფროსი (ხაზი იყო გადასმული, გარდაცვლილი - 2004 წელს), ს. ბ-ე- შვილი, ოჯახის უფროსი, ქ. ბ-ე - და. 2004-2008 წლებში კომლს ეწერა მიწა 0.90 ჰა. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი - 100 კვ.მ, სახლი აგებული - 1970 წელს. ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიწის გადასახადის გადამხდელთა სია ზესტაფონის არქივში დასაცავად შესული არ ყოფილა.

ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ვ. ს.-ს ბ-ეის სახელზე, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, 1994 წლამდე აღრიცხული იყო ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1350 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 1990 წლის სააღრიცხვო მასალის საფუძველზე მის სახელზე ასევე აღრიცხული იყო ამავე სოფელში მდებარე ლიტერი „ა“ (ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 300.07 კვ.მ), ლიტერი „ბ“ (დამხმარე ნაგებობა, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 26 კვ.მ), ლიტერი „ტ“ (დამხმარე ნაგებობა - 5 კვ.მ). ვ. ს.-ს ბ-ეის სახელზე გაცემულ ტექნიკურ პასპორტში მითითებული იყო 1975 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, ვერანდა, დამხმარე სათავსო, საპირფარეშო (ტუალეტი) და ჭიშკარი.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ზესტაფონის რეგიონული არქივის 2017 წლის 11 იანვრის №AA2017000976-04 საარქივო ცნობისა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №53 აქტის (გაცემული 24.12.1994 წელს) საფუძველზე, დ. ბ-ეს, ზ. ჭ-ესა და თ. ბ-ეს თანასაკუთრებით რეგისტრირებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: №... საკადასტრო კოდით - 980 კვ.მ მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით - 1450 კვ.მ მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით - 1400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით - 1290 კვ.მ მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით - 240 კვ.მ, №... – 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით - 650 კვ.მ მიწის ნაკვეთი და №1 შენობა-ნაგებობა.

ზესტაფონის რეგიონული არქივის 2018 წლის 5 სექტემბრის №33/119890 საარქივო ცნობისა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №177 აქტის (გაცემული 05.02.1995 წელს) საფუძველზე, ქ. ბ-ესა და ს. ბ-ეს თანასაკუთრებით რეგისტრირებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: №... – 880 კვ.მ, №... – 1200 კვ.მ, №... – 3000 კვ.მ, №... – 1260 კვ.მ.

ვა. ს.-ს ძე ბ-ეის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების №177 აქტის (გაცემული 05.02.1995 წელს) შესაბამისად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №1 - 560 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ეზო) მოსაზღვრეებად მითითებულნი იყვნენ: ჩრდილოეთის მხრიდან - ნაქცევი, სამხრეთი მხრიდან - დ. ბ-ე, აღმოსავლეთის მხრიდან - ვ.ც-ი, დასავლეთი მხრიდან -ვ. ბ-ე. ნაკვეთის სიგრძე შეადგენდა ორივე გვერდზე - 20-20 მეტრს, სიგანე - უკანა გვერდზე შეადგენდა 13 მეტრს, წინა გვერდზე - 15 მეტრს.

ვ. ს.-ს ბ-ეის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №53 აქტის (გაცემული 24.12.1994 წელს) შესაბამისად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №1-650 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ეზო სახლით) მოსაზღვრეებად მითითებულნი იყვნენ: ჩრდილოეთის მხრიდან - თავისივე ნაკვეთი, სამხრეთი მხრიდან - გზა, აღმოსავლეთის მხრიდან - გზა, დასავლეთი მხრიდან - დ. ვ-ე. ნაკვეთის სიგრძე შეადგენდა ორივე გვერდზე - 30-50 მეტრს, სიგანე უკანა გვერდზე შეადგენდა 10 მეტრს, წინა გვერდზე -17 მეტრს.

2018 წლის 15 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დ. ბ-ემ და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია 650 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. უძრავი ნივთის მისამართი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სოფელი ...ი. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

2018 წლის 06 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დ. ბ-ემ და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია 650 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. უძრავი ნივთის მისამართი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სოფელი ...ი. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიეცა 30 დღიანი ვადა. დ. ბ-ეის მიერ, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რის შემდეგაც 2018 წლის 25 სექტემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

მესამე პირის - დ. ბ-ეის მიერ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და ნახაზის ფორმის მეორე გვერდის შესაბამისად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 650 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი იყვნენ: A-B მხარეს - დ. ბ-ე (საკუთარი ნაკვეთი), B-C მხარეს გზა, C-D მხარეს გზა, D-A მხარეს - რ. ვ-ე; როგორც სასამართლომ მიუთითა, დადგენილია, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეესაბამება მიწის ნაკვეთის №53 მიღება- ჩაბარების აქტს.

2018 წლის 8 ნოემბერს ს. ბ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში 560 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებას დაურთო აზომვითი ნახაზი და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

ს. ბ-ეის მიერ 2018 წლის 8 ნოემბრის განცხადებაზე დართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და ნახაზის ფორმის მეორე გვერდის შესაბამისად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: A-B მხარეს - საკუთარი ნაკვეთი, B-C მხარეს ვ. ც-ი, C-D მხარეს -ირინა ბ-ე, D-E მხარეს - გზა, E-A მხარეს - დ. ბ-ე; როგორც სასამართლომ მიუთითა, დადგენილია, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის №177 მიღება-ჩაბარების აქტს.

2018 წლის 14 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდებოდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქ. ბ-ეის მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

2018 წლის 18 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარობის შესახებ, რომლითაც განმცხადებელს განმეორებით ეცნობა ზედდების არსებობის შესახებ და მოეთხოვა კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა.

2019 წლის 3 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ მედიატორ ნოტარიუსად შერჩეულ იქნა ნოტარიუსი ნ. ფ-ე. ამასთან, ეცნობა ვიზიტის თარიღიც.

2019 წლის 10 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №..., ხოლო 25 იანვარს - №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საიდენტიფიკაციო მონაცემების სამოქალაქო რეესტრის ერთიანი ბაზაში გადამოწმების შედეგად ს. ბ-ე ფიქსირდებოდა გარდაცვლილად. შესაბამისად, განემარტა, რომ წარმოსადგენი იყო უფლებამოსილების, უფლებამონაცვლეობის განცხადება, ან კომლის აქტიური წევრის განცხადება დაინტერესებულ პირად ჩართვის თაობაზე.

2019 წლის 12 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან შეჩერების ვადაში დაინტერესებული მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. ბ-ეის საჩივარი, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №..., №..., №..., №..., №... და №... გადაწყვეტილებები, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 მაისის №... გადაწყვეტილებით ს. ბ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საიდენტიფიკაციო მონაცემების სამოქალაქო რეესტრის ერთიანი ბაზაში გადამოწმების შედეგად ს. ბ-ე ფიქსირდებოდა გარდაცვლილად. შესაბამისად, განემარტა, რომ წარმოსადგენი იყო უფლებამოსილების, უფლებამონაცვლეობის განცხადება, ან კომლის აქტიური წევრის განცხადება დაინტერესებულ პირად ჩართვის თაობაზე. ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდებოდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენისთანავე.

2019 წლის 18 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან შეჩერების ვადაში დაინტერესებული მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, 2019 წლის 25 დეკემბერს, ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი: მხარეთა საცხოვრებელი სახლები მდებარეობდა ერთმანეთის გვერდიგვერდ. ი. ნ-ეის ეზოში, შესასვლელში, იდგა პატარა ერთფრთიანი ჭიშკარი, რომლის სიგანე იყო 93 სმ. პატარა ჭიშკრის მომიჯნავედ იდგა ორფრთიანი ჭიშკრის ერთი ნახევარი, რომლის სიგანე იყო 1 მ 55 სმ. ორფრთიანი ჭიშკრის ერთი ნახევარი დამაგრებული იყო ერთ ბოძზე, ხოლო ორფრთიანი ჭიშკრის მეორე ფრთა და მეორე ბოძი ამოღებული იყო და არ იდგა. ორფრთიანი ჭიშკრის ერთი ბოძიდან დასავლეთ მხარეს 1 მ 90 სმ-ში მდებარეობდა დ. ბ-ეის მიერ გაკეთებული ღობის ფუნდამენტი, რომლის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან იყო 45 სმ, სიგანე 25 სმ. აღნიშნული ბეტონის ფუნდამენტი მიემართებოდა ჩრდილოეთის მიმართულებით 21 მ 40 სმ-ზე, ხოლო შემდეგ აკეთებდა კუთხეს და მიემართებოდა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 15 მ 80 სმ-ზე. აღნიშნული ღობის ბეტონის ფუნდამენტი ჰყოფდა მხარეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ეზოებს. ღობის ბეტონის ფუნდამენტიდან დასავლეთით 1 მ-ში აღინიშნებოდა მოჭრილი ჭიშკრის მეორე ფრთის ბოძის ნარჩენი. სასოფლო გზის მომიჯნავედ ი. ნ-ეის და დ. ბ-ეის (ვა. ბ-ეის ძმა) ეზოების საზღვრის წერტილიდან დასავლეთის მიმართულებით მესამე პირის - დ. ბ-ეის მიერ გაკეთებულ ღობის ფუნდამენტამდე მანძილი იყო 19 მ 25 სმ. (ეს მონაკვეთი მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო ნახაზზე წარმოადგენდა ED მონაკვეთს 1 მ 25 სმ გამოკლებით). ამ საზღვრის წერტილიდან ჭიშკრის მოჭრილ ბოძამდე მანძილი იყო 20 მ 50 სმ, რომელიც ნახაზზე იყო ED მონაკვეთი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვა. ვ. და დ. ბ-ეები ცხოვრობდნენ ერთ ეზოში. ვ. და ვა. ბ-ეეების ოჯახებს ჰქონდათ ერთი საერთო ჭიშკარი. ეზოში შემავალი გზაც (ჭიშკრიდან გარაჟამდე) იყო საერთო. ხეივანი (ტალავერი) ჭიშკრის ზემოთ გაკეთდა ს. ბ-ეის მიერ, ხოლო ვენახი ერთი მხრიდან წარმოადგენდა დ. ბ-ეის საკუთრებას, მეორე მხრიდან ს. ბ-ეის საკუთრებას. დავით და ს. ბ-ეები შეთანხმდნენ საერთო ეზოს გამიჯვნის საკითხზე და მოწმეთა თანდასწრებით გაკეთდა ნიშნულები (პირობითი საზღვარი). გამიჯვნისას საერთო ჭიშკრის ნაწილი მოხვდა დ. ბ-ეის მხარეს, რომელიც ს. ბ-ეის მხარეს უნდა გადაეტანა დ. ბ-ეს საკუთარი ხარჯით. დ. ბ-ეის სახლის აივანთან დაკავშირებით ვა. ბ-ეეს რაიმე პრეტენზია არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). მოცემული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები დადგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე-23-ე მუხლებით. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, არ მოახდინოს მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის დამაბრკოლებელ საფუძვლებს შორისაა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობა, რა დროსაც ხდება წარმოების შეჩერება, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, წარმოება წყდება (მუხლები 21, 23).

განსახილველ საქმეში, მოსარჩელის არგუმენტები ემყარება იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მათი ოჯახის საკუთრებას, რაც გამორიცხავდა სხვა პირ(ებ)ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ამავე მიწის ნაკვეთზე (ზედდების ფარგლებში). მოსარჩელეები უთითებენ, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა მესამე პირების საკუთრების უფლება იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა უფლებადამდგენ დოკუმენტებს და ამასთან, იჭრებოდა მათ საკუთრებაში, რითაც ხელყოფდა მათ კანონისმიერ უფლებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის 111 მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.

განსახილველ შემთხვევაში, უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, საკანონმდებლო ვალდებულებების დარღვევის შესახებ მითითება, რადგან არც ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოების მიმდინარეობისას და არც სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეზე არ დადასტურდა სადავო რეგისტრაციების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. არ არსებობს კასატორთა პოზიციის გაზიარების საფუძველი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (ზედდების/გადაფარვის ნაწილში), მისი საკადასტრო მონაცემების, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ მოსარჩელეებს და არა მესამე პირებს - დ. ბ-ეს, თ. ბ-ესა და ზ. ჭ-ეს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სახეზე არ არის განხორციელებული სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები და დასაბუთებული არგუმენტები, 1990 წელს ვ. ბ-ეის სახელზე გაცემული სახლის ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის თაობაზე. გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ სასამართლოს შეფასების მართებულობას, ასევე გამყარებულია სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებითა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. ნ-ეს საკასაციო საჩივარზე 11/11/2020 წ. საგადახდო დავალება №10100308289-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბ-ეისა და ი. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. ი. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11/11/2020 წ. საგადახდო დავალება №10100308289-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი