Facebook Twitter

№2421-13 11 მარტი, 2013 წელი

მ-ი გ 2421-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ჟ-ს

მსჯავრდებულ - გ. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:

დამტკიცდა 2009 წლის 1 დეკემბერს განსასჯელ გ. მ-ა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.

გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. მ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გ. მ-ს მიმართ განაჩენით დადგენილი სასჯელის ნაწილი - 5 წელი მან უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და 5 წლით დაენიშნა გამოსაცდელი ვადა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 მარტიდან.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული გ. მ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებული გ. მ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ გ. მ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებულ გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი. გ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 4 წელი. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მსჯავრდებულ გ. მ-ს დაეწყო 2009 წლის 16 მარტიდან და იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელებისას სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-19 მუხლებით, ამავე კანონის მე-3, მე-16 მუხლებით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დანიშნული - 4 წელი უნდა შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს 3 წელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დანიშნული - 4 წელი შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს 3 წელი.

გასაჩივრებული განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე