№ბს-1511(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 18 ივნისს თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-903/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე თ. ბ-ის და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს მშობლები - ნ. ბ-ი და ზ. ბ-ი. საკუთარი საცხოვრებლის არარსებობის გამო წლებია ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე, მათ შორის, ქირით. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს 2-ოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ 4.5 ქულის მქონე დევნილი ოჯახები, მოსარჩელის ოჯახს, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა 5.5 ქულა, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-903/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე - თ. ბ-ის და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თ. ბ-ის სახელზე გაცემული დევნილის მოწმობით დასტურდება, რომ თ. ბ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი; ბ) 2013 წლის 25 სექტემბერს, თ. ბ-მა, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა: დედა - ნ. ბ-ი (დაბ: ... წ); მამა - ზ. ბ-ი (დაბ: ... წ); ძმა - მ. ბ-ი; რძალი - მ. ჯ-ა; ძმისშვილები - ბ. და დ. ბ-ები. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ...ის ქ. №121. 2014 წლის 23 იანვარს წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ მისი ძმა გარდაიცვალა. 2016 წლის 21 ოქტომბერს წარდგენილი განაცხადით მოითხოვა მისი განაცხადიდან რძლისა და ძმისშვილების ამორიცხვა, ვინაიდან ისინი არიან ცალკე ოჯახი და მათთან ერთად არ ცხოვრობენ. 2019 წლის 24 ოქტომბრის განცხადებით მოითხოვა მისი განაცხადის გადატანა ერთოთახიან ბინაზე, ხოლო 2020 წლის 26 ივნისის განცხადებით მოითხოვა ისევ ოროთახიანის მიმღებთა სიაში დაბრუნება; გ) თ. ბ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ 2020 წლის 21 სექტემბერს, გადამოწმების შედეგად ოჯახს მიენიჭა - 5.5 ქულა (საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრების მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) - 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (65001-100000 შორის სარეიტინგო ქულა) - 1 ქულა). კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს დედა და მამა. განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადიდან ამოიღეს რძალი და ორი ძმისშვილი; დ) 2020 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა თ. ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის №15ა, ბ. №8, „...“. მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა თ. ბ-ი, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ქირის გარეშე, ნათესავთან - ლ. ბ-ესთან. 2016-2020 წლებში ცხოვრობდა ...ის ქ. №2-ში ქირით, 2014-2016 წლებში - ...ის ქუჩაზე ქირით, 2009-2014 წლებში ...ზე - ქირით, ხოლო 1993-2009 წლებში - ...ის ქ. №121-ში (დევნილებში). მიუთითა, რომ მისამართზე ცხოვრობს დედასთან - ნ. ბ-თან და მამასთან - ზ. ბ-თან ერთად. ამავე მისამართზე ცხოვრობს მისი ბიძაშვილი (დედის ძმისშვილი) - ლ. ბ-ე. თ. ბ-ის განმარტებით, და ხ. ბ-ი ცხოვრობს ...ის ქ. №121-ში მეუღლესთან - ნ. კ-ასთან ერთად, ძმები - ბ. და მ. ბ-ები გარდაიცვალნენ. მისი თქმით, მშობლები იმყოფებიან აფხაზეთში; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (02.04.2021 წ., ოქმი №19), თ. ბ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან მიჩნეული იქნა, რომ იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო; ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-903/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), თ. ბ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე; ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 ნოემბრის და 1 დეკემბრის წერილებით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით თეა, ნათელა და ზ. ბ-ების საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის; თ) 2021 წლის 1 დეკემბერს ლ. ბ-ემ სანოტარო წესით დაადასტურა, რომ 2019 წელს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიიღო ერთოთახიანი ბინა (ქ. თბილისში, ...ის ქ. №38, კორპუსი №15 „ა“-ში, მდებარე ბინა №8 „ა“), რომელიც არის 37 კვ.მ, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ ხუთნი, მათ შორის, მისი მამიდაშვილი - თ. ბ-ი, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი და იძულებულია იცხოვროს მასთან. ვინაიდან აღნიშნულ ბინაში უკვე ერთი წელია მუდმივად ცხოვრობენ მისი ოჯახის სხვა წევრები და ამავე დროს უახლოეს პერიოდში აპირებს ოჯახის შექმნას, თ. ბ-ი იძულებულია გადავიდეს ისევ ქირით, რადგან ლ. ბ-ე ვერ უზრუნველყოფს მის საცხოვრებელ ბინაში ცხოვრებას.
პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ, მე-2, მე-6, მე-9 და მე-10 პუნქტებზე, მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის განსახლების გადაუდებელი საჭიროება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს განაცხადში მითითებული ჰყავს დედა - ნ. ბ-ი და მამა - ზ. ბ-ი. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის №15ა, ბ. 8 ,,...’’) განახორციელეს ვიზიტი და 2020 წლის 21 დეკემბერს შეივსო მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმად მოსარჩელის ოჯახი ზემოაღნიშნულ მისამართზე ნათესავთან - ლ. ბ-ესთან ცხოვრობს 2020 წლის ოქტომბრიდან, ქირის გარეშე. ბინა (ს/კ ...) არის დედის ძმისშვილის - ლ. ბ-ის საკუთრება, რომელიც ცხოვრობს ამავე მისამართზე. 2016-2020 წლებში ცხოვრობდნენ ...ის №2-ში ქირით. მონიტორინგის განხორციელებისას სააგენტოს თანამშრომლებს მისამართზე დახვდათ მხოლოდ განმცხადებელი, მშობლები იმყოფებოდნენ აფხაზეთში, ისევე როგორც 2016 წელს განხორციელებული მონიტორინგის დროს. 2016 წლის 23 აგვისტოს და 2016 წლის 5 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის ოქმებიდან ირკვევა, რომ თავად თ. ბ-იც იმყოფებოდა აფხაზეთში. დოკუმენტებს ერთვის 2015 წლის 2 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის ფორმაც, რომლის თანახმადაც მონიტორინგის განხორციელების დროს თ. ბ-ის მშობლები აფხაზეთში, კერძოდ, გალში იმყოფებოდნენ.
მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, რომელმაც იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. იმ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-903/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც თ. ბ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თ. ბ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (ს.ფ. 13); ბ) 2013 წლის 25 სექტემბერს თ. ბ-მა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა: დედა - ნ. ბ-ი, მამა - ზ. ბ-ი, ძმა - მ. ბ-ი, რძალი - მ. ჯ-ა, ძმისშვილები - ბ. და დ. ბ-ები. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ...ის ქ. №121. თ. ბ-მა 2014 წლის 23 იანვარს წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ მისი ძმა გარდაიცვალა. 2016 წლის 21 ოქტომბერს წარდგენილი განაცხადით მოითხოვა მისი განაცხადიდან რძლისა და ძმისშვილების ამორიცხვა, ვინაიდან ისინი არიან ცალკე ოჯახი და მათთან ერთად არ ცხოვრობენ. 2019 წლის 24 ოქტომბრის განცხადებით მოითხოვა მისი განაცხადის გადატანა ერთოთახიან ბინაზე, ხოლო 2020 წლის 26 ივნისის განცხადებით მოითხოვა ისევ ოროთახიანი ბინის მიმღებთა სიაში დაბრუნება (ს.ფ 59-60, 73, 76, 104, 133, 135); გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ 2020 წლის 21 სექტემბერს, თ. ბ-ის ოჯახს მიენიჭა - 5.5 ქულა (საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) - 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (65001-100000 შორის სარეიტინგო ქულა) - 1 ქულა). შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მშობლები და განაცხადს აკეთებს მათთან ერთად (ს.ფ 53); დ) 2020 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა თ. ბ-ის ოჯახის მონიტორინგი, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის №15ა, ბ. №8, „...“. მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა თ. ბ-ი, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2020 წლის ოქტომბრიდან, ქირის გარეშე, ნათესავთან - ლ. ბ-ესთან. 2016-2020 წლებში ცხოვრობდა კონსტიტუციის ქ. №2-ში ქირით, 2014-2016 წლებში - ...ის ქუჩაზე ქირით, 2009-2014 წლებში - ...ზე ქირით, ხოლო 1993-2009 წლებში ...ის ქ. №121-ში (დევნილებში). ამავე მისამართზე ცხოვრობს მისი ბიძაშვილი (დედის ძმისშვილი) - ლ. ბ-ე. თ. ბ-ის განმარტებით, და - ხ. ბ-ი ცხოვრობს ...ის ქ. №121-ში მეუღლესთან - ნ. კ-ასთან ერთად, ძმები - ბ. და მ. ბ-ები გარდაიცვალნენ. მისი განმარტებით, მშობლები იმყოფებიან აფხაზეთში (ს.ფ 173-176); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (02.04.2021წ., ოქმი №19), თ. ბ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო (ს.ფ 47-52); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-903/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), თ. ბ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 22); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 ნოემბრის და 1 დეკემბრის წერილებით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით თეა, ნათელა და ზ. ბ-ების საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ 219-221); თ) 2021 წლის 1 დეკემბერს ლ. ბ-ის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების თანახმად, მან, 2019 წელს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიიღო ერთოთახიანი ბინა, (მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №38, კორპუსი №15 „ა“, ბინა №8 „ა“), რომელიც არის 37 კვ.მ. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ ხუთნი, მათ შორის, მისი მამიდაშვილი - თ. ბ-ი, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი და იძულებულია იცხოვროს მასთან. ვინაიდან აღნიშნულ ბინაში უკვე ერთი წელია მუდმივად ცხოვრობენ მისი ოჯახის სხვა წევრები და ამავე დროს უახლოეს პერიოდში აპირებს ოჯახის შექმნას, თ. ბ-ი იძულებულია გადავიდეს ისევ ქირით, რადგან ლ. ბ-ე ვერ უზრუნველყოფს მის საცხოვრებელ ბინაში ცხოვრებას (ს.ფ 238-239).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6, რომლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №8. დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ (დანართი №7) „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის ბინაში არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში ქირის გარეშე, არ წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ბ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი, ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე