საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-200(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირი - ლ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ა-ემ 2018 წლის 17 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 28 თებერვლის №A14018425-025/004 წერილის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება - მოსარჩელის მიერ 3808,1 ლარის გადახდის სანაცვლოდ №A14018425 სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 5 მარტს ლ. მ-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება. ნ. ა-ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე. სააღსრულებო ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 7300 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და 3808,1 ლარის გადახდის სანაცვლოდ სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. მანვე აღნიშნა, რომ საარსრულებო საქმისწარმოების ფარგლებში მას ნებაყოფლობით აქვს გადახდილი 5689,89 ლარი, ასევე სააღსრულებო საქმის წარმოებისთვის გათვალისწინებული წინასწარი საფასური - 352,77 ლარი, ხოლო თანხის ერთობლიობა იძლეოდა იმ ოდენობას, რაც გამოძიებამ ჩათვალა ზიანის ოდენობად და ბრალდებულ მ. ჯ-ს გადასახდელად დააკისრა ნ. ა-ის სასარგებლოდ. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს სადავო აქტით უარი ეთქვა.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 28 თებერვლის №A14018425-025/004 სადავო წერილი უხეშად არღვევდა ნ. ა-ის კანონიერ ინტერესს, რის გამოც მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საქმეს. ნ. ა-ე დაზარალებულია მესამე პირისა და მისი შუამავლის უკანონო ქმედებების გამო. აღსანიშნავია, რომ მან ერთხელ უკვე გადაიხადა სესხის თანხა დროულად და სრულად, თუმცა დასახელებული პირების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო თანხის გადახდა მეორედ უწევს, რომელსაც ვადაგადაცილების გამო დაერიცხა პირგასამტეხლო.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წლის თებერვალში ნ. ა-ემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და იმის გათვალისწინებით, რომ იგი დაზარალებულად იყო ცნობილი, მოითხოვა მის მიერ 9098 ლარის გადახდის შემდეგ შეწყვეტილიყო საააღსრულებო წარმოება, ვინაიდან აღნიშნული ოდენობა შეადგენდა სესხის ოდენობას და არა ის თანხა, რაც ლ. მ-ემ მოთხოვა. 2018 წლის 28 თებერვლის №A14018425-025/004 წერილით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღსრულების პოზიციას გაიზიარეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმაც და მიიჩნიეს, რომ ნ. ა-ემ არ შეასრულა ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენით საპირისპირო დასტურდება.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ მას სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში ნებაყოფლობით აქვს გადახდილი 6000 ლარი. აღსრულების ეროვნული ბიურო კი დამატებით სთხოვს 12904,15 ლარის გადახდას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევს შესაძლებლად სააღსრულებო საქმისწარმოების დასრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებით მოხდება ნ. ა-ის საცხოვრებელი სახლის აუქციონზე რეალიზაცია.
ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, ილახება მისი კანონიერი ინტერესი, რადგან მიუხედავად დაზარალებულად ცნობისა, კანონი ვერ იცავს მას და კვლავ საცხოვრებელი სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის დავალიანების სრულად გადაუხდელობის საფუძვლით, მის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების, მათ შორის, სანოტარო აქტის აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აღსასრულებელი გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური, რიგ შემთხვევებში არ გამოირიცხება აღსრულების შეწყვეტის, შეჩერების, გაუქმების აუცილებლობა ან/და აღსრულების პრაქტიკული შეუძლებლობა. ამასთან, იძულებითი აღსრულების პროცესში აღმასრულებელი შებოჭილია სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ფარგლებით. აქედან გამომდინარე, აღმასრულებელს უფლება არა აქვს მოახდინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია, გასცდეს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს და იმაზე მეტად ჩაერიოს მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში ან პირიქით, ვიდრე ამას აღსასრულებელი აქტი ითვალისწინებს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ. მ-ის მოთხოვნით, ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 26 თებერვალს, 2012 წლის 30 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალეს/მსესხებელს - ნ. ა-ეს კრედიტორის - ლ. მ-ის მიმართ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება - სესხის ძირითადი თანხის - 5500 აშშ დოლარის და 2013 წლის 1 აგვისტოდან პირგასამტეხლოს - 1800 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით, რაც ნ. ა-ის მიერ ნაწილობრივ იქნა შესრულებული და არსებული ვალდებულების კრედიტორის წინაშე შესრულების საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ დაწყებული არაერთი დავის მიუხედავად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით შუამავალზე გადახდილი თანხა არ ჩაითვალა კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებად. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის №ას-570-541-2015 გადაწყვეტილებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ა-ის მიერ მ. ნ-ისთვის თანხის გადახდა ვერ ჩაითვლებოდა ლ. მ-ის მიმართ ვალდებულების შესრულებად. შესაბამისად, აღმასრულებელს, მიუხედავად სისხლის სამართლის წესით დადგენილი გარემოებისა, არ გააჩნდა სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული აღსასრულებელი მოთხოვნის შემცირების კომპეტენცია, რამეთუ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება (ამ მიმართებით კი დავა მოსარჩელის საწინააღმდეგოდ დასრულდა).
საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება უცხოური ვალუტის კურსთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ვალდებულება განისაზღვრა უცხოური ვალუტით და ხელშეკრულებაში არ არის დათქმა ვალუტის კონვერტაციის პირობებზე, თანხის კონვერტაცია უნდა მომხდარიყო ვალდებულების შესრულების (თანხის გადახდის) დროს არსებული კურსით.
დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები არ არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება;
3. ა. ც-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 13 იანვარს №12392326468 საგადახდო მოთხოვნითა და 2022 წლის 17 მარტს №12849509915 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ 300 (150+150) ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე