Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-499(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შ. ბ-ი (მოსარჩელე), სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (მოპასუხე);

მესამე პირი - სს „ს...ა“ (შპს „ე...ის“ უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ბ-მა 2017 წლის 4 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 10 მაისის №94-4 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების - „ვირტუალური უარის“ ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 2017 წლის 25 მაისის განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოსარჩელისთვის სრულად გადაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ე...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირის - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №... ბრძანება და ამავე სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ამასთანავე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შ. ბ-ის 2017 წლის 6 ივლისის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება („ვირტუალური უარი“). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სადავოდ გახადა იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შ. ბ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება - ე.წ. „ვირტუალური უარი“ (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით, მესამე პირის - შპს „ე...ის“ (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს...ა“ (ს/ნ ...).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, რაც საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. სწორედ ასეთი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის მიზნით, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გაიზიარა შპს „ე...ის“ წერილი და 2017 წლის 10 მაისის №... ბრძანებით ...ის შემაერთებელი 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი, პროექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები, საექსპერტო დასკვნა - 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ...ის მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე, საექსპერტო დასკვნა - 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ...ის მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე, საექსპერტო დასკვნა - 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ,,...ის“ ტექნოლოგიურ ნაწილზე და პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. შესაბამისად, შ. ბ-ის მოთხოვნა, გაცნობოდა შპს „ე...ის“ 500 კვ-იანი ძაბვის ...ის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მართებულად არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა იმ დოკუმენტაციის გადაცემაზე, რომელიც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდა, ხოლო არაკომერციული ხასიათის დოკუმენტაცია მას უკვე გადაეცა.

კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების - ე.წ. „ვირტუალური უარის“ ბათილად ცნობა, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისას, ასევე საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად მოსარჩელეს სრულად უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოსარჩელისთვის, კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საფუძვლით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, თუმცა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო, შემდეგ კი საკასაციო წესით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გასაჩივრების პირობებში, შესაფასებელია ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის - „ვირტუალური უარის“ კანონიერება. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №... ბრძანება და მოპასუხე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი), აგრეთვე იმ ნაწილში, რომლითაც „დანარჩენ ნაწილში შ. ბ-ს ამ ეტაპზე უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე“ (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი), სადავოდ არაა გამხდარი და შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს „ე...მა“ 2017 წლის 4 მაისს წერილით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ...ის შემაერთებელი 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის, პროექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემების, 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ...ის მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე მიღებული საექსპერტო დასკვნის, 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ...ის მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე მიღებული საექსპერტო დასკვნის, 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ,,...ის“ ტექნოლოგიურ ნაწილზე მიღებული საექსპერტო დასკვნის, კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებებისა და პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოითხოვა.

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №... ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული: ,,...ის“ ქვესადგურიდან ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...მდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ და ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...დან ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...მდე „...ის“ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეორე მონაკვეთის (პკ327+44დან-პკ.950+18-მდე) მშენებლობის პროექტი, პროექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები, საექსპერტო დასკვნა - 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ...ას მშენებლობის უბნებზე ჩატარებულ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე, საექსპერტო დასკვნა - 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ...ის მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე, საექსპერტო დასკვნა - 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ...ის ტექნოლოგიურ ნაწილზე, კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებები და პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია.

საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ შ. ბ-მა 2017 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და შპს „ე...ის“ 500 კვ-იანი ძაბვის ...ის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული სრული ადმინისტრაციული წარმოების (ყველა ეტაპის გამოცალკევებით) მასალების ასლების გადაცემა მოითხოვა. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის №09/845 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, შპს „ე...ის“ მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად. დასახელებული წერილი 2017 წლის 6 ივლისს შ. ბ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის ღიაობა და მასზე ხელმისაწვდომობის თავისუფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პერსონალური მონაცემები და კომერციული საიდუმლოება იმ პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შესაძლოა გახდეს ხელმისაწვდომი, რომლის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია (სზაკ. 371 მუხლი). ამასთან, ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს კომერციულ საიდუმლოებას, მოცემულია დასახელებული კოდექსის 272 მუხლში, რომლის თანახმად, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით - სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის №ბს-122-115(2კ-13) განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობებსა და დასკვნებზე, კერძოდ: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12 - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ეს სამართლებრივი დანაწესი არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. დასახელებული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში (რაც შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში ტენდენციის ხასიათს ატარებდეს) მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით სასამართლო ორგანოებს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს მიერ არ მომხდარა რეაგირება მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გადაუწყვეტია არსებითად სადავო საკითხი. ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა ასეთ შემთხვევაში უტოლდება „ვირტუალურ“ უარს, ხოლო მისი ბათილად ცნობა იმთავითვე გულისხმობს წარდგენილი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტას. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №... ბრძანება, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნითაც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მოსარჩელემ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილადაა ცნობილი ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შესული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაგეგმილი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება უშუალოდ ეხება გარემოს, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული და გარანტირებული ყველა ადამიანის ძირითადი უფლებაა. ამდენად, საკითხის კვლევისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაფასებელია ის გარემოება, შ. ბ-ს, როგორც დაინტერესებულ პირს აქვს თუ არა უფლება დაინტერესდეს იმ პროექტით, რაც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებებთან. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, შპს „ე...ის“ ინტერესი ინფორმაციის საიდუმლოდ დაცვის შესახებ და მეორე მხრივ, მოსარჩელის ინტერესი - ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე. ორივე შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს პირთა საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობას, რაც უნდა მოხდეს ინტერესთა შეფასების/შეპირისპირების საფუძველზე. ამასთან, მართალია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს პირის უფლებას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებაში ჩარევის შემთხვევებს/შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ინფორმაცია შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე