Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-848(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ბ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ხ-მა 2019 წლის 16 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და „ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ ამავე სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ბ. ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სადავო სარდაფი წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი...-ის“ საკუთრებას, რომელმაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფართი საკუთრებაში გადასცა ბ. ხ-ს. სასამართლოს მტკიცება, რომ სარდაფი წარმოადგენდა ...ო ოლქის საკუთრებას, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქმეში არსებული ცნობით დასტურდება, რომ ფართი არ არის აღრიცხული ოლქის საკუთრებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ბ. ხ-მა 2010 წლის 17 მაისის განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ბმა „ი...-ის“ 2010 წლის 11 მაისის №21 კრების ოქმის საფუძველზე ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 2/3-მა დაადასტურა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე 73,70 კვ.მ სარდაფის ამხანაგობის წევრის - ბ. ხ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. დასახელებული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს დაევალა უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ბმა „ი...-ის“ წევრთა 100%-იანი თანხმობის წარდგენა.

ბ. ხ-მა 2010 წლის 10 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ბმა „ი...-ის“ 2010 წლის 3 ივნისის №3 კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის ყველა წევრმა დაადასტურა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის ბ. ხ-ის მიერ მის დაინტერესებაში არსებული სარდაფის ფლობისა და ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე უძრავ ნივთზე (73,70კვ.მ სარდაფი) დარეგისტრირდა ბ. ხ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე სარდაფის 233.70 კვ.მ ფართიდან 160 კვ.მ ფართზე რეგისტრირებულია ტ. ა-ის და ნ. ა-ის თანასაკუთრების უფლება, ხოლო 73,70 კვ.მ ფართზე - ბ. ხ-ის საკუთრების უფლება. აღსანიშნავია, რომ ბ. ხ-მა, 2010 წლის 7 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო სარდაფი აჩუქა შვილს - ნ. ხ-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. და ტ. ა-ების სარჩელი მოპასუხეების - ბმა „ი...-ის“, ბ. ხ-ის და ნ. ხ-ის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ი...-ის“ 2010 წლის 20 მარტის №20 კრების ოქმი, რომელიც შეეხებოდა ამხანაგობა „ი...-ის“ 2008 წლის 11 ივლისის კრების ოქმის გაუქმებას და ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №6-ში მდებარე 73.70 კვ.მ სარდაფის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი...-სათვის“ საკუთრებაში გადაცემას. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ი...-ის“ 2010 წლის 3 ივნისის №3 კრების ოქმი 73,70 კვ.მ ფართის სარდაფის ბ. ხ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 2010 წლის 7 ივლისის ბ. ხ-სა და ნ. ხ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე 73,70 კვ.მ სარდაფის ნ. ხ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე 73,70 კვ.მ სარდაფი აღირიცხა ნ. და ტ. ა-ების თანასაკუთრებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. და ნ. ხ-ების სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. და ნ. ხ-ების სარჩელი ბმა „ი...-ის“, ტ. და ნ. ა-ების მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ი...-ის“ 2008 წლის 11 ივლისის კრების ოქმი ტ. და ნ. ა-ებისთვის 73.70 კვ.მ სარდაფის (თითოეულს - 36.85-36.85 კვ.მ.) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

საქმის მასალების მიხედვით, ასევე დასტურდება, რომ ბ. ხ-მა სადავო სარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მას უარი ეთქვა ყოველ ჯერზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საბოლოოდ, ბ. ხ-მა „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ 2019 წლის 5 მაისის №..., 2019 წლის 16 მაისის №... და 2019 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრებით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლებითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე 73,7 კვ.მ სარდაფის ბ. ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრები; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 5 მაისის №... და 2019 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული წარმოების განახლება და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე აქტის სამართლებრივი დასაბუთების 2.7 პუნქტის შესაბამისად; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე აქტის სამართლებრივი დასაბუთების 2.9 პუნქტის შესაბამისად; ამავე გადაწყვეტილებით ბ. ხ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 16 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილშიც. ასევე დადგენილია, რომ ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული სარდაფის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარდგენილი იყო №... სარეგისტრაციო განცხადება ანალოგიური მოთხოვნით, რომლის თაობაზეც იმავე სამსახურის მიერ 2018 წლის 5 ნოემბერს მიღებული იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. ამასთან, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლის განხილვის შედეგად საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების 2.7 პუნქტში აღინიშნა, რომ 2019 წლის 5 მაისის №... გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძველი - სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა პირის უფლება - არასწორი იყო, ხოლო 2.9 პუნქტის მიხედვით, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული პირადი განცხადებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება თუ რა სახის ხარვეზის შესწორებას ითხოვდა განმცხადებელი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში განახლებული სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 20 ივნისს მიიღო №... გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ქონების რეგისტრაციის სამსახურში წარდგენილი იყო №... სარეგისტრაციო განცხადება ანალოგიური მოთხოვნით, რომლის თაობაზეც იმავე სამსახურის მიერ მიღებული იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. ამასთან, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე 73.70 კვ.მ სარდაფის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, მართალია, არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა, მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, რეგისტრაციამდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს მასთან დაცულ მონაცემებს და თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიიღოს გადაწყვეტილებას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ მისთვის სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის ფაქტი, რის შესახებაც შესაბამისი კრების ოქმის წარდგენის ვალდებულება მას განსაზღვრული ჰქონდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით და რომლის წარუდგენლობის გამოც შეწყდა საქმის წარმოება. რაც შეეხება სარეგისტრაციო დოკუმენტების სახით ბ. ხ-ის მიერ 2010 წლის 11 მაისის №21 კრების ოქმის წარდგენას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მითითებული ოქმის საფუძველზე ფართის რეგისტრაცია ვერ განხორციელდება, ვინაიდან იგი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არასრულყოფილ და არასაკმარის დოკუმენტად არის მიჩნეული, ხოლო ამავე პირის მიერ წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი. ამრიგად, მოსარჩელემ ვერ მიუთითა კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი, უფრო მეტიც, მან სადავოდ გახადა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლები მაშინ, როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით“. მოცემულ პირობებში საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე, ახალი უფლების დამდგენი ან სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ინარჩუნებს უფლებას კვლავ მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე