Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-101(გ-23) 9 მარტი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე),

(მოსამართლეები) ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა კ. ქ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ქ-ემ 2022 წლის 9 ნოემბერს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 2 ივნისის №დად-80/09 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 11 ოქტომბრის №1-1/435 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა რა ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები და მათი სამართლებრივი საფუძველი, 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგი მოტივაციით:

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. განსჯადი სასამართლოს დადგენა კი უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე დავის თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები, რომლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა, განსჯადობის საერთო წესის დაცვით, მოპასუხეთა ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გადაწყდეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მისამართია თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №8, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი - თბილისი, ზვიად გამსახურდიას, სანაპიროს ქ. №1. შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე მოპასუხეებად დასახელებული ორგანოების ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, დავა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კ. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მნიშვნელოვნად მიიჩნია დავის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ისეთი კრიტერიუმების შეფასება, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, რის მიხედვითაც განიხილება სამართალდარღვევის საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საქმეთა განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით. დასახელებული საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომელსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილული იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემული დავა შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური განსჯადობის წესი, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, მითითებული მუხლის საფუძველზე, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დაფიქსირდა სამართალდარღვევის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათავლისწინებით, საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განსაზღვრა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით კ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, ხოლო დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. დასახელებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და ცალსახად მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობის ზოგადი წესებისა, სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტული დავების მიმართ განსაზღვრულია განსჯადობის მომწესრიგებელი სპეციალური წესები. სპეციალური და ზოგადი წესების კოლიზიისას კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორედ სპეციალურ წესს და მის საფუძველზე მოხდეს განსჯადი სასამართლოს დადგენა. განსჯადობის ასეთ, ერთ-ერთ სპეციალურ წესს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული მუხლით გათვალისწინებულ სპეციალური განსჯადობის წესზე მითითება განსახილველ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, რამეთუ დავის განსჯად სასამართლოსთვის დაქვემდებარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ სწორად იქნას დადგენილი მისი განხილვის საპროცესო წესი, რადგანაც საქმის განხილვის ამ ორ საპროცესო წესს (საჩივრის ან სარჩელის წარდგენის სახით) გარდა საგნობრივი თუ ტერიტორიული განსჯადობისა, ასევე განასხვავებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, ინსტანციურობა და სხვა. ამრიგად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსჯადი სასამართლო განისაზღვრება დავის საგნიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რას ხდის მოსარჩელე სადავოდ, ასევე არსებითია სადავო აქტების გამოცემის საფუძვლები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლში 2012 წლის 26 აპრილს შეტანილი იქნა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად დადგინდა პირველი ინსტანციით მაგისტრატი მოსამართლეების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განხილვა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით (,,ბ“ქვეპუნქტი). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სახდელის დადების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის) კანონიერების თაობაზე დავის განხილვის საპროცესო წესის (საჩივრის ან სარჩელის წარდგენა) არჩევა დაინტერესებული პირის პრეროგატივას წარმოადგენდა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ამ სახის დავები მხოლოდ საჩივრის წესით განხილვას დაექვემდებარა, შესაბამისად, ამ მიმართებით სამართალწარმოება სრულად მოექცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციის ფარგლებში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი იძლევა დავათა საპროცესო წესის განხილვის თვალსაზრისით ადმინისტრაციულ გადაცდომათა ორ ნაწილად დაჯგუფების და შემდეგი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სამართალდარღვევები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, განიხილება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის გზით, ხოლო სხვა საკანონმდებლო აქტებში მოცემული სამართალდარღვევები, განიხილება საერთო სასარჩელო წესით. მეორე შემთხვევიდან ასევე არსებობს გამონაკლისიც - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ასევე განიხილება იმ საკანონმდებლო აქტებში მოცემული სამართალდარღვევები, რომელთა განხილვაც, აღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოებით არის დაშვებული; მაგ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კოდექსის მეათე თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სასარჩელო და არასასარჩელო წესით საქმეთა დიფერენცირების მაგალითია ასევე საგადასახადო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული დავები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL თავით გათვალისწინებულია საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა, რომლის თანახმად, ამ სახის სამართალდარღვევებზე საქმის წარმოება არ ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და საგადასახადო ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სამართალდარღვევის ოქმის) გამოცემის შემთხვევაში, მისი გასაჩივრება, განხილვა-გადაწყვეტა წარმოებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი სასარჩელო წარმოების წესით, რადგან არ არსებობს საკანონმდებლო დათქმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული განსჯადობის წესების გამოყენების თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 2 ივნისის №დად-80/09 დადგენილების ბათილად ცნობა, რის საფუძველზეც კ. ქ-ე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის, კერძოდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის ქონის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მოწყობის გამო დაჯარიმდა 8000 ლარით. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 2022 წლის 11 ოქტომბრის №1-1/435 ბრძანებით კ. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასახელებული სადავო აქტების განსჯადი სასამართლოს დადგენის საკითხზე.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არ ითვალისწინებს მასში მოცემული სამართალდარღვევების განხილვის შესაძლებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესით, შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ განხილული უნდა იქნეს საერთო სასარჩელო წესით, ამდენად, ამ სახის დავის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით (საქმის განხილვის ადგილი), არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთო სასარჩელო წესით უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 2 ივნისის №დად-80/09 დადგენილება გამოცემულია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, რომლის ადგილსამყოფელის მისამართი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1-1/1527 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არის ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას №8, ხოლო ამავე დადგენილებაზე მიღებული აქტის გამომცემი ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი - თბილისი, სანაპიროს ქ. №1.

ამასთან, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისი №3 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, საერთო განსჯადობის შესახებ საპროცესო ნორმის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 11 ოქტომბრის №1-1/435 ბრძანებით, მოსარჩელეს განემარტა მისი გასაჩივრების წესი. კერძოდ, მას აღნიშნული გადაწყვეტილება შეეძლო გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს განემარტა სწორედ იმ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დავის განხილვაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ქ-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ, სამშენებლო სამართალდარღვევის დადგენილებისა და მისი გასაჩივრების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. კ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე