№ბს-949(კ-22) 15 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 13 მაისს მ. ს. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 14 აპრილის №1000707720 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (მ. ს. ქ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე) დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ს. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით მ. ს. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 31 მარტის № SSG 8 20 00047882 წერილზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებითა და კანონის მიზნების უგულებელყოფით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მ. ს. ქ-ი (პასპორტის N ...) 2000 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. საქართველოში ჩამოსვლის დღიდან იმყოფება ლეგალურად და არ ჩაუდენია არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ამჟამად, დასაქმებულია შპს "ქ...ის" (ს/კ ...) დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, პროფესიით არის პედაგოგი.
ჰყავს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი. მისი მეუღლე გახლავთ შპს ... უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და აქვს ამავე უნივერსიტეტში ორი წლის მუშაობის გამოცდილება, ასისტენტის პოზიციაზე. ასევე, იგი მუშაობდა სხვადასხვა სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად.
კასატორი ახლაც ლეგალურად იმყოფება საქართველოში. მიმდინარე წლის 8-11 თებერვალს იმყოფებოდა ჰოლანდიაში, საიდანაც დაბრუნდა 12 თებერვალს. იქიდან გამომდინარე, რომ კასატორი არის თურქეთის მოქალაქე, აქვს საქართველოში შემოსვლიდან (12 თებერვლიდან) 1 წლის განმავლობაში ყოფნის უფლება. თუმცა, მისი მეუღლისა და შვილის ბინადრობის უფლებები დამოკიდებულია მ. ს. ქ-ის ბინადრობის ნებართვის არსებობაზე. შესაბამისად ის, რომ ამჟამად არის ბინადრობის ნებართვის გარეშე (2020 წლის 20 თებერვალს გაუვიდა ვადა წინა ბინადრობის ნებართვას), პრობლემა ექმნება მთელს ოჯახს, რადგან ვეღარ მიმართავს მისი ოჯახის წევრებისთვის ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით ოჯახის გაერთიანების მიზნით. ამ პრობლემით, დახმარების თხოვნით, 2020 წლის 6 მაისს მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.
დღესდღეობით, კასატორისა და მისი მეუღლის თურქეთის რესპუბლიკაში დაბრუნება შეუძლებელია, ვინაიდან თურქეთის მთავრობა ახორციელებს სერიოზულ პოლიტიკურ დევნას, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სივრცეში მომუშავე “...ის” მოძრაობის მიმდევრებისათვის, რომლებშიც, მათი დასკვნით, მ. ს. ქ-იც მოიაზრება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არათანაზომიერად ირღვევა კასატორის უფლებები. აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
კასატორი დარწმუნებულია, რომ ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის, აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ სასამართლოს ჯეროვნად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.
კასატორი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაცნობოდა კონტრდაზვერვიდან მოწოდებულ ინფორმაციას და შესაბამისი არგუმენტები წარედგინა, რაც გააქარწყლებდა მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, როგორც დავის განმხილველ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოს დაკისრებული ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, გულდასმით მოკიდებოდა საქმეს და ამგვარად მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მიღებულია სრულიად ფორმალური, შაბლონური სახის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პრიორიტეტულად მიიჩნია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხი, თუმცა კასატორი აცხადებს, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ბს-949(კ-22) განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დაევალა წერილობითი ინფორმაცია/მასალები (მათ შორის საიდუმლო) წარდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 14 აპრილის №1000707720 გადაწყვეტილებას მ. ს. ქ-ისთვის (...) (დაბ: ... წ., პასპორტის ნომერი: ...) შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მ. ს. ქ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ბინადრობის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 17 მარტის №1000707720/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა მ. ს. ქ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 31 მარტის № SSG 8 20 00047882 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს უცხოელთა და მოქალაქეთა არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე მ. ს. ქ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 14 აპრილის №1000707720 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ს. ქ-ის 2020 წლის 16 მარტის №1000707720 განცხადება. გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 31 მარტის № SSG 8 20 00047882 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს დასკვნას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმადაც, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
საკასაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 სექტემბერს №ბს-949(კ-22) განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დაევალა წერილობითი ინფორმაცია/მასალები (მათ შორის საიდუმლო) წარდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 14 აპრილის №1000707720 გადაწყვეტილებას მ. ს. ქ-ისთვის (...) (დაბ: ... წ., პასპორტის ნომერი: ...) შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონშესაბამისია გასაჩივრებული სადავო აქტი და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მირ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულიად აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს. თუმცა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს.
ამასთან, კასატორის არგუმენტზე, ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნების პირობებში საკუთარი უფლებების დაცვის შეუძლებლობასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Dalea v. France - 964/07; 02.02.2010), რომელშიც განიმარტა, რომ „განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაციის პირადად გაცნობის შეუძლებლობა, თავისთავად არ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ იყო გამართლებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა იყო მიზნის პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა და მხარის მიერ გაცნობის შეუძლებლობა ავტომატურად არ გულისხმობს პირის უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) თავისთავად სახელმწიფოს არ ავალდებულებს აღასრულოს პირთა, მათ შორის ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა არჩევანი იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყანაში სურთ მათ ცხოვრება (Jeunesse v. the Netherlands, 12738/10, [დიდი პალატა], § 107; (Biao v. Denmark, 38590/10, [დიდი პალატა], § 117).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ს. ქ-ს (...) 2022 წლის 21 ივლისის №3925380619 საგადახდო დავალებით, გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება;
3. მ. ს. ქ-ს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 21 ივლისის №3925380619 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი