Facebook Twitter

№ბს-382(კ-22) 5 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარ, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ს-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 24 აგვისტოს გ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ივლისის №03/21/შ/პ/-0340 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება შუამდგომლობა გ. ს-ეის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.

სარჩელის თანახმად, გ. ს-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. მოსარჩელე თავდაპირველად მოთავსებულ იქნა №16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც დაწესებულების ხელმძღვანელი პირების მიერ მის მიმართ განხორციელდა წამება, რის გამოც მოცემული დაწესებულების თანამშრომლები მიცემულ იქნენ პასუხისგებაში. აღნიშნულის შემდეგ გ. ს-ე გადაყვანილ იქნა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამჟამად იხდის სასჯელს. ვინაიდან გ. ს-ემ მოიხადა სასჯელის 2/3-დი, მან მიმართა თხოვნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, რაზედაც განმცხადებელს საბჭოს 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იმ მოტივი, რომ იგი არის წარსულში ნასამართლევი და აღნიშნული დანაშაული ჩადენილი აქვს პირობით მსჯავრის მოქმედების პერიოდში, ასევე საკითხის განხილვისას საბჭო მხედველობაში იღებს დაზარალებულის პოზიციას, რაც მოცემულ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელის ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახს, ფაქტობრივად, უმუშევარ დედას და ორ დას, არ შეუძლია დააკმაყოფილონ დაზარალებულის მოთხოვნები, რათა თავის მხრივ, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნდეს. მოსარჩელეს ადრეულ ასაკში მამა გარდაეცვალა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია მოზარდის ფსიქიკაზე. ოჯახში გ. ს-ე ერთადერთი მამაკაცია, რომელმაც თავისი ქცევით პენიტენციურ დაწესებულებაში დაამტკიცა, რომ ვადაზე ადრე განთავისუფლების შემთხვევაში, იგი იქნება ერთადერთი მარჩენალი ოჯახის, მით უფრო, მისი სამომავლო გეგმაა დასაქმება და ოჯახზე ზრუნვა.

მიუხედავად იმისა, რომ გ. ს-ემ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს განიცადა წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა დაწესებულების თანამშრომლებისაგან, იგი მაინც ზრდილობიანი და თავაზიანია პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ, ასევე თავაზიანია მსჯავრდებულების მიმართ, რაც ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობაზე შეცვლისათვის. ყოველივე აღნიშნული კი მის ადამიანურობასა და გამოსწორებაზე მიუთითებს. როგორც პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, ასევე მეზობლებისაგან იგი ხასიათდება დადებით პიროვნებად, სასჯელის მოხდის პერიოდში რაიმე დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა და უფრო მეტიც, დადებითი ქცევის გამო პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ გ. ს-ე არის წახალისებული, კერძოდ, მას მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანით სარგებლობის უფლება, ასევე მონაწილეობას იღებდა დაწესებულებაში მიმდინარე ეკლესიის მშენებლობაში, რისთვისაც დაჯილდოვდა საპატრიარქოს სიგელით, ... თ. (ნ-ი) გ. ს-ეს დახასიათებაში მოიხსენიებს თავის სულიერ შვილად და უწევს რეკომენდაციას. რაც შეეხება მის წარსულს, კერძოდ, პირობითი მსჯავრის დროს დანაშაულის ჩადენას - ეს ფაქტია და მისი გამოსწორება შეუძლებელია. გ. ს-ემ ფაქტობრივად 11 წელი მოიხადა ჩადენილი დანაშაულისათვის, საუკეთესო წლები გაატარა საპატიმროში, იგი პენიტენციურ დაწესებულების მხრიდან სამაგალითოდაა მოხსენებული, გამოსწორებულია და მისი ერთადერთი მიზანია დაუბრუნდეს ოჯახს, შეძლებისდაგვარად მიაღწიოს დაზარალებულთან შერიგებას, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იქნება. ასევე, თავისი კეთილსინდისიერი შრომითა და ქცევით გამოასწოროს ახალგაზრდობაში ჩადენილი დანაშაული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ივლისის №03/21/შ/პ/-0340 გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესზე“ და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ერთი მხრივ, კანონმდებლობითვე არის გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, შინაპატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, საყურადღებოა საბჭოს შექმნის მიზანი, როგორიცაა რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. დანაშაულის ხასიათის კრიტერიუმის შეფასებასთან ერთად, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით უნდა შეეფასებინა დამატებითი გარემოებები, როგორც ეს დადგენილია ზემოაღნიშნული წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ს-ეს აქვს დადებითი დახასიათება პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში, სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა დასჯილი და არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი, ასევე წახალისებულია. მისი გეგმები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ოჯახსა და დასაქმებას უკავშირდება, სასჯელის მოხდის პერიოდში რაიმე დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, დაწესებულების ადმინისტრაციისა და მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია. უფრო მეტიც, წარმოდგენილია დაზარალებულთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არქონის, ასევე, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

პალატამ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში ვერ შეძლებს.

პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, არ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ სადავო საკითხის ხელახლა შეფასებაზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილ ფარგლებში. კანონით დადგენილი ფარგლები კი, სწორედ ის ხუთი კრიტერიუმია, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც, იღებს საბჭო გადაწყვეტილებას, კერძოდ: 1. დანაშაულის ხასიათი - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაცია; 3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; 4. ოჯახური პირობები – მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; 5. მსჯავრდებულის პიროვნება - მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებსა და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია - სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ.

საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, ის გარემოება, რომ წახალისებულია დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით. მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვისას საბჭო ასევე მხედველობაში იღებს დაზარალებულის პოზიციას, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია სოციალურ აქტივობებში, ასევე ნასამართლევია. ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ნასამართლობა, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისთვის. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გარკვევით არის მითითებული, რომ საბჭომ უარყოფითად შეაფასა რამდენიმე კრიტერიუმი და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ უარყოფითად შეფასებული კრიტერიუმების ერთობლიობით მიიღო. საყურადღებოა, რომ სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ მსჯელობს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც უარყოფითად შეფასდა, როგორც საბჭოს მიერ, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს.

რა თქმა უნდა, სადავო გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია გ. ს-ეის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე. ეს ბუნებრივია, რადგან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, განსაკუთრებული სისასტიკით, კერძოდ, დაზარალებულისთვის მიყენებული 51 ჭრილობით კისრის არეში. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მსჯავრდებული განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა მხოლოდ აღნიშნული კრიტერიუმი არ გამხდარა მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი. საბჭო გადაწყვეტილებაში მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. დაწესებულებიდან გადმოგზავნილი დახასიათებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასამართლობის მქონე იყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, კერძოდ, ჯგუფურად გაუპატიურებისთვის. შესაბამისად, უარყოფითად შეფასდა 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანების მე-13 მუხლში მოცემული კრიტერიუმი: მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა. მსჯავრდებულს ასევე დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დახასიათებით სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა არ აქვს მიღებული სოციალურ აქტივობებში, შესაბამისად, ეს კრიტერიუმიც უარყოფითად შეფასდა.

მსჯავრდებულ გ. ს-ეის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არც ერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. შესაბამისად, იმ დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმი, რასაც „სამართლებრივი სიკეთის“ ხელყოფას გულისხმობს. საბჭო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულს, რომლის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, იქედან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულს 2010 წლიდან მონაწილეობა არ მიუღია დაწესებულებაში არსებულ სოციალურ აქტივობებში, უდავოდ ვერ იქნება მიჩნეული, რომ მიღწეულია სასჯელის მიზანი და მინიმუმამდე შემცირდა მსჯავრდებულის მიერ განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში ახსნა-განმარტების ეტაპზე მსჯავრდებულმა არ ისურვა პირადად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია სხდომის დარბაზში, რაც შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ მსჯავრდებული გულწრფელად არ ინანიებდეს მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

კასატორის განმარტებით, გაურკვეველია სააპელაციო პალატა მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ საფუძვლად რატომ უთითებს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დაზარალებულთა ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არქონის თაობაზე, რადგან აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს საკითხის განხილვისას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა და გამოეკვლია დაზარალებულის პოზიცია. ადმინისტრაციული წარმოების დროს მხარე განმარტავდა, რომ ვერ მოხდა დაზარალებულთან შეთანხმება. ასევე აღნიშნული დოკუმენტები არ იყო საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე. საბჭოს მიერ 2021 წლის 2 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა საბჭოს განხილვის დროს. საყურადღებოა, რომ აღნიშნული დოკუმენტს (დაზარალებულის თანხმობას) შესაბამისი საკითხის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სხვა გარემოების სახით და დაზარალებულის თანხმობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრულ 5 კრიტერიუმში არ არის მოცემული. შესაბამისად, ამ დოკუმენტს გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ აქვს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, მსჯავრდებულის ნასამართლობას, სოციალურ აქტივობებში მონაწილეობაზე უარის თქმას.

შესაბამისად, საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას. არსებული მოცემულობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საბჭოს მიეღო მსჯავრდებულ გ. ს-ეის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითზე უარის თქმის გადაწყვეტილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ეის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით გ. ს-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით განესაზღვრა 3 (სამი) წელი და 9 თვე პირობითი (ს.ფ. 5-9); ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით გ. ს-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, გ. ს-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 (ოცდასამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც 20 (ოცი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, ხოლო, 2 (ორი) წელი, 9 (ცხრა) თვე და 22 (ოცდაორი) დღე ჩაეთვალა პირობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებით აღმოიფხვრა უზუსტობა და პირობით სასჯელი განისაზღვრა - 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი (ს.ფ. 5-9); გ) 2019 წლის 19 აგვისტოს გ. ს-ე №18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციური სამსახურის დირექტორის 2018 წლის 11 აპრილის №5436 ბრძანების საფუძველზე, გ. ს-ეს სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განთავსდა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში (ს.ფ. 5-9); დ) გ. ს-ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის 2/3 მოიხადა 2020 წლის 12 ნოემბერს. მისი სასჯელის მოხდის დასაწყისია - 2010 წლის 12 ნოემბერი, ხოლო, სასჯელის მოხდის დასასრული - 2025 წლის 12 ნოემბერი (ს.ფ. 5-9); ე) სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ივლისის №03/21/შ/პ/-0340 გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოში შესული შუამდგომლობა, გ. ს-ეის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 5-9);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა პატიმრობის კოდექსი და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ (შემდგომში – წესი) იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.

აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია. ხოლო, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის‘’ მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა - საბჭომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის გარემოება, რომ გ. ს-ე წახალისებულია ორჯერ, თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით. ამასთან, მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვისას საბჭომ, ასევე, მხედველობაში მიიღო, დაზარალებულის პოზიცია, რაც მოცემულ საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. ასევე, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია სოციალურ აქტივობებში. ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის, განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი და მისი ნასამართლობა. საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)).

შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. Nბს-1655-1627 (კ-11), 20.10.10წ. Nბს-342-331 (კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას გათვალისწინებულია მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, ის გარემოება, რომ წახალისებულია, თუმცა ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია სოციალურ აქტივობებში, ასევე ნასამართლევია. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკითხის განხილვისას საბჭოს ნამსჯელი აქვს შეფასების ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა დანაშაულის ხასიათი – მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით გ. ს-ეს სასჯელის განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამასთან დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; საბჭოს ასევე გათვალისწინებული აქვს მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასამართლობის მქონე იყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, კერძოდ, ჯგუფურად გაუპატიურებისთვის.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ტ. ბ-ეის და ა. ბ-ეის ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებებს (ს.ფ. 160, 234), სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მათ, როგორც დავით ბარბაქაძის მკვლელობის საქმეზე დაზარალებულ პირებს, მსჯავრდებულ გ. ს-ეის მიმართ არავითარი საჩივარი და/ან პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმანი არიან, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალოს შინაპატიმრობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სადავო აქტის კანონიერებას სწავლობს და აფასებს აქტის გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ხელწერილები ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა და შესაბამისად, ცხადია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს მათი გათვალისწინება ვერ მოხდებოდა. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოება მეტად ინკვიზიციური ელემენტებით გამოირჩევა, სადაც ადმინისტრაციული ორგანო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის თავად გამოითხოვს მტკიცებულებებს და განიხილავს მათ, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულების ხასიათის (დაზარალებულის თანხმობა) გათვალისწინებით, თავად დაინტერესებული მხარე იყო ვალდებული წარედგინა ისინი ადმინისტრაციულ საქმის განხილვაზე, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მხოლოდ ტ. ბ-ეის და ა. ბ-ეის ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებებზე მითითებით სადავო გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი ვერ დადასტურდება, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული აქტის ამ საფუძვლით ბათილად ცნობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ეის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის - გ. ს-ეის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 (100 (ს.ფ. 71) +150 (ს.ფ. 162) ლარის ანაზღაურება მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს არ დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ. ს-ეის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 (100+150) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე