საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-291(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნოტარიუსმა ბ. შ-ამ 2020 წლის 7 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, ბ. შ-ას სასარგებლოდ სანოტარო საქმიანობის უკანონოდ შეჩერების გამო მიყენებული ზიანის 12 804.56 ლარის ოდენობით, ანაზღაურების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ბ. შ-ას სასარგებლოდ სანოტარო საქმიანობის უკანონოდ შეჩერების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 12 804.57 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. შ-ა 2012 წლის 23 მარტიდან დანიშნულია ნოტარიუსად, ირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და წარმოადგენს მოქმედ ნოტარიუსს. დადგენილია აგრეთვე, რომ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებით ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსებს აეკრძალათ ამ ბრძანებით დადგენილი წესით გაუთვალისწინებელი ყოველგვარი სანოტარო საქმიანობა (ბრძანების პირვ. მუხ. პირვ.პუნქტ.). ნოტარიუს ბ. შ-ას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ამავე ნორმის საფუძველზე, სანოტარო საქმიანობის განახლების ნებართვა მიეცა 2020 წლის 2 ივნისიდან. ბ. შ-ამ 2020 წლის 16 ივნისს ავადმყოფობის გამო მის შემცვლელ პირად 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით დანიშნა მისივე სანოტარო ბიუროს კონსულტანტი ლ. მ-ი, რომელიც რეგისტრირებულია ნოტარიუსების შემცვლელ პირთა რეესტრში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის 2020 წლის 18 ივნისის ინსპექტირების აქტის მიხედვით, მოსარჩელე ბ. შ-ას სანოტარო ბიუროს ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი, ხოლო დისციპლინური კომისიის 2020 წლის 25 ივნისის დასკვნით, აღნიშნული ჩაითვალა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევად და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის გაუქმება. დადგენილია აგრეთვე, რომ ნოტარიუს ბ. შ-ას 2020 წლის 19 ივნისიდან შეეზღუდა სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელ ელექტრონულ პროგრამაზე - სანოტარო რეესტრზე წვდომა, რის გამოც იგი ვერ ახორციელებდა სანოტარო საქმიანობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის წლის 22 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული იქნა N255 ბრძანება ბ. შ-ას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე, რის საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის 2020 წლის 18 ივნისის ინსპექტირების აქტი, რომლის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბ. შ-ასთვის სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის გაუქმება. შესაბამისად, მოსარჩელეს 2020 წლის 19 ივნისიდან გაუუქმდა სანოტარო მომსახურეობის განხორციელების უფლება გარკვეული დროით (შეუჩერდა უფლებამოსილება), რაც დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილით ნოტარიუს ბ. შ-ას ეცნობა, რომ 2020 წლის 18 ივნისს განხორციელდა მისი სანოტარო ბიუროს ინსპექტირება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ სანოტარო ბიუროში დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი, ამდენად, სახეზე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილობითი მიმართვა ნოტარიუს ბ. შ-ას ჩაბარდა 2020 წლის 29 ივნისს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილი საინფორმაციო ხასიათისაა და არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება აგრეთვე, რომ ბ. შ-ას სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის გაუქმების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ რაიმე ბრძანება არ გამოცემულა მაშინ, როდესაც „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ნოტარიუსისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდება მხოლოდ მინისტრის ბრძანების საფუძველზე არის შესაძლებელი.
დადგენილია აგრეთვე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოსარჩელე ბ. შ-ას განცხადების საფუძველზე, 2020 წლის 30 ივნისს მიიღო დროებითი განჩინება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ბ. შ-ასათვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან წვდომის აღდგენა. ბ. შ-ას სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელი ელექტრონული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისს ჩაერთო. ამდენად, მოსარჩელეს 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 15 ივლისამდე არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა სანოტარო საქმიანობა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ დროებითი განჩინებაც, ისევე როგორც ნებისმიერი სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ემსახურება რეალური აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებას. დროებითი განჩინების ძირითადი მიზანია დავის დაწყების დროისათვის არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულობა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რამეთუ „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნ. ყ-ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვნად აღსრულება კი გულისხმობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სრულად შესრულებას, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით. ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც მოსარჩელე ბ. შ-ას უკანონოდ შეეზღუდა სანოტარო საქმიანობის უფლება.
პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებით განსაზღვრულია სანოტარო მომსახურების დროებითი წესები, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლით დადგინდა ის ტექნიკური პირობები, რომლებიც სანოტარო ბიუროს გახსნისთვის აუცილებელი ხასიათის მატარებელი იყო ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების დროს. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული ნორმის ამოქმედება გამოწვეული იყო სანოტარო მომსახურების გაწევის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების საჭიროებით, ასევე ნორმის მიზანს წარმოადგენდა დადგენილი პარამეტრების მქონე სანოტარო ბიუროს ფუნქციონირების შესაბამისობა კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნებთან.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მე-2 მუხლის საფუძველზე გაცემული საქმიანობის ნებართვა ქმნიდა სანოტარო ბიუროს გახსნისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციონირების საფუძველს ამავე ბრძანებით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით.
პალატამ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს მისი შემცვლელი პირი. ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა/მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივი მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით. ნოტარიუსის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. პალატამ აღნიშნა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მოქმედების შეჩერებას არ ადასტურებს ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი რომელიმე დროებითი წესი, მათ შორის, არც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებით განსაზღვრულ დროებითი ღონისძიებები.
დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ბ. შ-ას გადაწყვეტილება მისი შემცვლელის დანიშვნასთან დაკავშირებით მიიჩნია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევად, იმ საფუძვლით, რომ ბ. შ-ასათვის მინიჭებული ნებართვა, მისი პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავდა მისი, როგორც ნოტარიუსის უფლებამოსილების და პასუხისმგებლობების სხვისთვის გადაკისრების შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებართვა განსაზღვრავს მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის მიერ საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელიც მითითებულია ნოტარიუსის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაში. ნოტარიუსი არ არის უფლებამოსილი სანოტარო მომსახურების სხვა სანოტარო ბიუროში განხორციელებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო გაცემული ნებართვა ექვემდებარება გაუქმებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ნოტარიუსს ეძლევა უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში, რომელზეც გაიცა ნებართვა და მას შეუძლია საჭიროების არსებობის შემთხვევაში, მისი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით დანიშნოს ნოტარიუსის შემცვლელი, რაც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევად.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას ბ. შ-ას მიერ ნოტარიუსთა პალატასთან შეუთანხმებლად შემცვლელი პირის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის შეფასება სცდება განსახილველი დავის ფარგლებს, რამეთუ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენს ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის კანონიერების შეფასება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით. აგრეთვე, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. პალატამ აღნიშნა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო, თუმცა მოსალოდნელ შემოსავალს. ხსენებული შემოსავლის მიუღებლობა უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მოცემული საქმეზე დადგენილია, რომ იუსტიციის სამინისტროს უკანონო მოქმედებით ბ. შ-ას შეეზღუდა სანოტაროს საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. პალატამ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ანაზღაურება, რომელსაც ნოტარიუსს უხდიან მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის, ეკუთვნის ნოტარიუსს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით სანოტარო საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსარჩელე ბ. შ-ას სანოტარო ბიუროს მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 10544.94 ლარი დღგ-ს გარეშე. იმ პირობებში, როდესაც ბ. შ-ას სანოტარო საქმიანობის უკანონო შეზღუდვით მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის 12 804.57 ლარის ოდენობით ანაზღაურების იუსტიციის სამინისტროსთვის დავალების შესახებ. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის მიერ მიუღებელი თანხის ოდენობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ არ გამხდარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბ. შ-ას მიერ ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნით არ დარღვეულა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბ. შ-ას უსაფუძვლოდ შეეზღუდა სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან მას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად ჰქონდა მოპოვებული ნებართვა მის სანოტარო ბიუროში სანოტარო საქმიანობის განხორციელების თაობაზე, რაც ქმნიდა იმავე სანოტარო ბიუროში შემცვლელი პირის დანიშვნის საკმარის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.
კასატორი თვლის, რომ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების საფუძველზე სამინისტროს მიერ ბ. შ-ასთვის მინიჭებული ნებართვა, მისი პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავდა მისი, როგორც ნოტარიუსის უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობების სხვისთვის გადაკისრების შესაძლებლობას. ამასთანავე, №548 ბრძანების შესაბამისად, ნოტარიუსებს აეკრძალათ ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაუთვალისწინებელი ყოველგვარი სანოტარო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, შემცვლელი პირის დანიშვნა. კასატორი თვლის, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ნოტარიუსის შემცვლელის დანიშვნის მართლზომიერების შემთვევაშიც კი აღნიშნული ქმედება ჩაითვლება კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებულ ქმედებად, რამეთუ ბ. შ-ამ შემცვლელის დანიშვნის შესახებ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში არ შეატყობინა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. კასატორი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ დროებითი წესის (№548 ბრძანება) მოქმედების პერიოდში სხვა ნოტარიუსების მიერ არ დანიშნულა შემცლველი პირი, ამდენად, ყველა სხვა ნოტარიუსის მიერ, გარდა ბ. შ-ასი, №548 ბრძანების შინაარსი სწორად იქნა გაგებული. კასატორის თვლის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილი არ არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, ის აგრეთვე შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, კერძოდ, წერილში მითითებულია გამომცემი ორგანოს დასახელება, უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა. კასატორის მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის ბ. შ-ასათვის ანაზღაურების სამინისტროსთვის დაკისრება, რამეთუ მან თავადვე მოისპო ნოტარიუსის უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობა მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით, შემცვლელი პირის დანიშვნით, რომლის შედეგად ბ. შ-ამ დააღრვია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნები. ამდენად, კასატორის თვლის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბ. შ-ასთვის 2020 წლის 15 ივლისამდე სანოტარო საქმიანობის შეზღუდვა განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ბ. შ-ა 2012 წლის 23 მარტიდან დანიშნულია ნოტარიუსად, ირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და წარმოადგენს მოქმედ ნოტარიუსს. დადგენილია აგრეთვე, რომ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებით ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსებს აეკრძალათ ამ ბრძანებით დადგენილი წესით გაუთვალისწინებელი ყოველგვარი სანოტარო საქმიანობა (ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი).
ნოტარიუს ბ. შ-ას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ამავე ნორმის საფუძველზე, სანოტარო საქმიანობის განახლების ნებართვა მიეცა 2020 წლის 2 ივნისიდან. მოსარჩელემ 2020 წლის 16 ივნისს, ავადმყოფობის გამო, მის შემცვლელ პირად 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით დანიშნა მისივე სანოტარო ბიუროს კონსულტანტი ლ. მ-ი, რომელიც რეგისტრირებულია ნოტარიუსების შემცვლელ პირთა რეესტრში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ ბ. შ-ას სანოტარო ბიუროში განხორციელდა ინსპექტირება. 2020 წლის 18 ივნისის ინსპექტირების აქტის მიხედვით, მოსარჩელე ბ. შ-ას სანოტარო ბიუროს ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი. დადგენილია, რომ ნოტარიუს ბ. შ-ას 2020 წლის 19 ივნისიდან შეეზღუდა სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელ ელექტრონულ პროგრამაზე - სანოტარო რეესტრზე წვდომა, რის გამოც იგი ვერ ახორციელებდა სანოტარო საქმიანობას.
2020 წლის წლის 22 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული იქნა N255 ბრძანება ბ. შ-ას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე, საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის 2020 წლის 18 ივნისის ინსპექტირების აქტი. დისციპლინური კომისიის 2020 წლის 25 ივნისის დასკვნით, ბ. შ-ას მიერ მის სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნა ჩაითვალა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევად და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის გაუქმება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილით ნოტარიუს ბ. შ-ას ეცნობა, რომ 2020 წლის 18 ივნისს განხორციელდა მისი სანოტარო ბიუროს ინსპექტირება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ სანოტარო ბიუროში დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი, ამდენად, სახეზე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილობითი მიმართვა ნოტარიუს ბ. შ-ას ჩაბარდა 2020 წლის 29 ივნისს. დადგენილია აგრეთვე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოსარჩელე ბ. შ-ას განცხადების საფუძველზე, 2020 წლის 30 ივნისს მიიღო დროებითი განჩინება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ბ. შ-ასათვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან წვდომის აღდგენა. ბ. შ-ას სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელი ელექტრონული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისს ჩაერთო. ამდენად, მოსარჩელეს 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 15 ივლისამდე არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა სანოტარო საქმიანობა.
დადგენილია, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებით განისაზღვრა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიცემოდა სანოტარო ბიუროების გახსნის ნებართვა. №548 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასაშვები იყო ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში იმ სანოტარო ბიუროს გახსნა, რომელიც, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, აკმაყოფილებდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, და: მისი საერთო ფართობი, სველი წერტილის გარდა, არანაკლებ 30 მ2-ია; სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით; ნოტარიუსის სამუშაო ოთახი სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია, არ არის არავისთან საზიარო და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა; მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არანაკლებ 15 მ2-ია და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე იმავდროულად ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია – მისი ფართობი არანაკლებ 20 მ2-ია; თუ ნოტარიუსის თანაშემწისათვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში არ ხდება მოქალაქეთა მიღება და ამ სივრცეს არ აქვს ფანჯარა, შესაძლებელია მისი ბუნებრივი გზით განიავება; მოქალაქისთვის განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არანაკლებ 3 მეტრია; სანოტარო ბიუროში თარჯიმნის მუშაობის შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს ფართობი არანაკლებ 40 მ2-ია და თარჯიმანს აქვს ცალკე გამოყოფილი სამუშაო ოთახი; სანოტარო ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომლის (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა) შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არანაკლებ 50 მ2-ია. იმავე ბრძანების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის მისაღებად, ნოტარიუსს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტში) უნდა წარედგინა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფართობების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუ მასში ფართობები მითითებულია, ან 2019-2020 წლებში შედგენილი აზომვითი ნახაზი). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირობების შესამოწმებლად შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების ჩატარების შედეგად შედგენილი და სამინისტროში წარდგენილი შემოწმების აქტები და შესაბამისი ფოტოილუსტრაციები. სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვა გაიცემოდა საჭირო საბუთების სრულყოფილად წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. იმავე ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, ნებართვა იძლევოდა მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის მიერ საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელიც მითითებული იყო ნოტარიუსის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაში. ნოტარიუსი არ იყო უფლებამოსილი, სანოტარო მომსახურება გაეწია სხვა სანოტარო ბიუროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსს დაეკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო გაცემული ნებართვა ექვემდებარებოდა გაუქმებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 1 ივნისის N6780 წერილობითი მიმართვით, ბ. შ-ას განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 2 ივნისიდან გაიცა სანოტარო საქმიანობის განახლების ნებართვა ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე სანოტარო ბიუროში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, დასტურდება ბ. შ-ას სანოტარო ბიუროში არსებული მდგომარეობის ამავე ბრძანებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობა, რაც სანოტარო საქმიანობის განახლების ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა (№548 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2020 წლის 16 ივნისს, ავადმყოფობის გამო, 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, მის შემცვლელ პირად დანიშნა მისივე სანოტარო ბიუროს თანამშრომელი ლ. მ-ი, რომელიც რეგისტრირებულია ნოტარიუსების შემცვლელ პირთა რეესტრში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ ბ. შ-ას სანოტარო ბიუროში განხორციელდა ინსპექტირება. 2020 წლის 18 ივნისის ინსპექტირების აქტის მიხედვით, მოსარჩელე ბ. შ-ას სანოტარო ბიუროს ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი. დადგენილია, რომ ნოტარიუს ბ. შ-ას 2020 წლის 19 ივნისიდან შეეზღუდა სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელ ელექტრონულ პროგრამაზე - სანოტარო რეესტრზე წვდომა, რის გამოც იგი ვერ ახორციელებდა სანოტარო საქმიანობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილით ნოტარიუს ბ. შ-ას ეცნობა, რომ 2020 წლის 18 ივნისს მის სანოტარო ბიუროში განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ სანოტარო ბიუროში დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი, რაც მიიჩნეოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევად.
კასატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით, №548 ბრძანების საფუძველზე სამინისტროს მიერ ბ. შ-ასთვის მინიჭებული ნებართვა, მისი პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავდა ბ. შ-ას, როგორც ნოტარიუსის უფლებამოისლებისა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაკისრების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ №548 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, ნებართვა იძლეოდა ნოტარიუსის მიერ საქმიანობის განხორციელების უფლებას მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში, რომელიც მითითებული იყო ნოტარიუსის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაში. ნოტარიუსი არ იყო უფლებამოსილი, სანოტარო მომსახურება გაეწია სხვა სანოტარო ბიუროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსს დაეკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო გაცემული ნებართვა ექვემდებარებოდა გაუქმებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული ნორმის ანალიზი გამორიცხავს ბრძანების პერსონალურ ხასიათს, რამეთუ გამომცემი ორგანო ნებართვის გაცემას უკავშირებდა კონკრეტულ სანოტარო ბიუროში ამავე ბრძანებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების დაცვას, ნოტარიუსის მიმართ ადგენდა სხვა სანოტარო ბიუროში უფლებამოისლების განხორციელების აკრძალვას. ნებართვის გაცემა არ იყო დაკავშირებული კონკრეტული ნოტარიუსის ვინაობაზე, არ მოითხოვებოდა ნოტარიუსის შესახებ რაიმე სახის ცნობის სამინისტროში წარდგენა. №548 ბრძანების მე-14 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული იყო აგრეთვე სანოტარო ბიუროების ინსპექტირების აუცილებლობა მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობის შეფასების მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ ინსპექტირება მოიაზრებდა ადგილმდებარეობის დახასიათებას, სანოტარო ბიუროს ფართისა და ზოგადი მდგომარეობის აღწერას, დასურათებას და სხვ.. ამდენად, კონკრეტიზაცია მიმართული იყო არა ნოტარიუსის, არამედ სანოტარო ბიუროს ტექნიკური მახასიათებლებისაკენ. ზემოაღნიშნული ბრძანების არც ერთი დანაწესი გამორიცხავდა ნებადართულ სანოტარო ბიუროში სხვა ნოტარიუსის საქმიანობის დასაშვებობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემულ საქმეში, შემცვლელი პირის დანიშვნა საფრთხეს არ უქმნიდა მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობას, რამეთუ ნოტარიუსის შემცვლელად დანიშნული პირი ისედაც ამავე სანოტარო ბიუროს თანამშრომელი იყო. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების პერსონალური ხასიათი, როგორც ნოტარიუსის უფლებამოისლებისა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაკისრების შესაძლებლობის გამომრიცხველი გარემოება.
კასატორის მოსაზრებით, ნოტარიუსის უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავდა აგრეთვე №548 ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტის დანაწესი, რომლის შესაბამისად, ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსებს ეკრძალებოდათ ამ ბრძანებით დადგენილი წესით გაუთვალისწინებელი ყოველგვარი სანოტარო საქმიანობა. ნორმის ამგვარ განმარტებას არ იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ №548 ბრძანებით დადგენილი იყო სანოტარო საქმიანობის საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით განხორციელება, რაც არ ქმნიდა ქვეყანაში მოქმედი არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ქმედებების აკრძალვის საფუძველს, მათ შორის, არ გამორიცხავდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული შემცვლელი პირის დანიშვნის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ №548 ბრძანების მე-11 მუხლი ადგენდა სანოტარო მოქმედებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამდენად, გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო სანოტარო მოქმედებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის დაცვას უკავშირებდა და დამატებით განსაზღვრავდა ამ მოქმედებათა შესრულებას №548 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. არ დასტურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებით „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების შეჩერება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ №548 ბრძანება არ გამორიცხავდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული შემცვლელი პირის დანიშვნის შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ ბ. შ-ას სანოტარო ბიუროში განხორციელდა ინსპექტირება. 2020 წლის 18 ივნისის ინსპექტირების აქტის მიხედვით, მოსარჩელე ბ. შ-ას სანოტარო ბიუროში დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი. დადგენილია, რომ ნოტარიუს ბ. შ-ას 2020 წლის 19 ივნისიდან შეეზღუდა სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელ ელექტრონულ პროგრამაზე - სანოტარო რეესტრზე წვდომა, რის გამო იგი ვერ ახორციელებდა სანოტარო საქმიანობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილით ნოტარიუს ბ. შ-ას ეცნობა, რომ 2020 წლის 18 ივნისს მისი სანოტარო ბიუროში განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ სანოტარო ბიუროში დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი. ამდენად, სახეზე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილობითი მიმართვა ნოტარიუს ბ. შ-ას ჩაბარდა 2020 წლის 29 ივნისს. მანამდე კი, 2020 წლის წლის 22 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული იქნა N255 ბრძანება ბ. შ-ას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე, რის საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის 2020 წლის 18 ივნისის ინსპექტირების აქტი. დისციპლინური კომისიის 2020 წლის 25 ივნისის დასკვნის შესაბამისად, ბ. შ-ას მიერ მის სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნა ჩაითვალა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევად და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის სანოტარო ბიუროს გახსნის თაობაზე ნებართვის გაუქმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნოტარიუს ბ. შ-ას 2020 წლის 19 ივნისს უკვე შეზღუდული სანოტარო საქმიანობის შესახებ წერილობით ეცნობა 2020 წლის 25 ივნისს, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიმართ უკვე ჩატარებული იყო დისციპლინური წარმოება და არსებობდა დისციპლინური კომისიის 2020 წლის 25 ივნისის დასკვნა ბ. შ-ასთვის სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ. ამდენად, დგინდება, რომ ბ. შ-ას ჯერ შეეზღუდა საქმიანობის განხორციელება და შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილით ეცნობა მისი საქმიანობის შეზღუდვისა და აღნიშნულის საფუძვლის შესახებ. კასატორის მითითებით, ადმინისტრაციის უფროსის ზემოაღნიშნული წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 52-ე მუხლით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტისთვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ზემოაღნიშნული წერილის საინფორმაციო ხასიათისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ დასტურდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტისთვის დადგენილი რეკვიზიტების (კოდექსის 52-ე მუხლი) არსებობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის წერილით ნოტარიუს ბ. შ-ას ეცნობა, რომ 2020 წლის 18 ივნისს განხორციელდა მისი სანოტარო ბიუროს ინსპექტირება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ სანოტარო ბიუროში დანიშნული იყო ნოტარიუსის შემცვლელი პირი, ამდენად, სახეზე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული წერილი არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის განსაზღვრულ სავალდებულო ელემენტს - არ იწვევს სამართლებრივ შედეგს, მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა.
დადგენილია აგრეთვე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოსარჩელე ბ. შ-ას განცხადების საფუძველზე, 2020 წლის 30 ივნისს მიიღო დროებითი განჩინება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ბ. შ-ასათვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან წვდომის აღდგენა. ბ. შ-ას სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელი ელექტრონული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისს ჩაერთო. ამდენად, მოსარჩელეს 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 15 ივლისამდე არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა სანოტარო საქმიანობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ითვალისწინებს უფლების სასამართლო წესით დაცვას. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არამხოლოდ რეპრესიულ დაცვას, არამედ პრევენციული დაცვის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც, მათ შორის, დროებით დაცვას. ადმინისტრაციული სამართლისათვის დამახასიათებელია დაინტერესებული პირის უფლების პრევენციული დაცვის დუალისტური საშუალებები. უფლების დროებითი დაცვა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის (აქტის მოქმედების შეჩერება), აგრეთვე ამავე კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმის (დროებითი განჩინება) საფუძველზე. მხარეს შესაძლებლობა აქვს სარჩელის აღძვრამდე მიმართოს სასამართლოს დავის საგანთან დაკავშირებით დროებითი განჩინების მისაღებად, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზებას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს კონკრეტული დავის ფარგლებში არსებული გარემოებებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების გზით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების დროებითი დაცვის საშუალებით შესაძლებელია პირის დაცვა მმართველობის ღონისძიებების უარყოფითი შედეგებისაგან, დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულებამდე (სუს 2021 წლის 25 ნოემბრის №ბს-546(კს-ს-21) განჩინება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. სასამართლო აქტის აღსრულებას სავალდებულო, სახელისუფლებო-იმპერატიული ძალის ბუნება აქვს. სასამართლო გადაწყვეტილების იმპერატიულობა გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (სუსგ 2020 წლის 24 დეკემბრის საქმე Nბს-523-523(2კ-18)). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის დროებითი განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ბ. შ-ასათვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან წვდომის აღდგენა. ბ. შ-ას სანოტარო საქმიანობისათვის აუცილებელი ელექტრონული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისს ჩაერთო. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ აღასრულა სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისს მიღებული დროებითი განჩინება, რამდენადაც ბ. შ-ას სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ 2020 წლის 15 ივლისიდან განუახლდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. შ-ას მიერ ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნით არ დარღვეულა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მოთხოვნები, რამეთუ აღნიშნული ბრძანება არ გამორიცხავდა შემცვლელი პირის დანიშვნის შესაძლებლობას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ბ. შ-ასთვის საქმიანობის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს სანოტარო საქმიანობა 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 15 ივლისამდე შეეზღუდა უკანონოდ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით მოწესრიგებულ დელიქტურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები გამომდინარეობენ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის გამომწვევი ქმედების ადმინისტრაციული ორგანოსათვის შესარაცხად გადამწყვეტია ის, თუ ვის უფლებამოსილებაში შედიოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს შედეგის განსაზღვრას (სუს 2021 წლის 21 ივნისის Nბს-1031(კ-20) განჩინება). მოცემულ შემთხვევაში კასატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახეზეა ნოტარიუსი ბ. შ-ასთვის საქმიანობის უკანონო შეზღუდვა 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 15 ივლისამდე. სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა სანოტარო საქმიანობის ნებართვის გაცემასა და შეზღუდვაზე კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, განაცდურ ქონებრივ ნამეტს, რომელიც შესაძლოა მიღებულიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის კომერციულ ინტერესში შედის. სავარაუდოა შემოსავალი, რომლის მიღებაც მოსალოდნელი იყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების ისეთი ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველს. მხედველობაშია მისაღები მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება, ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს აკისრია. ამასთან, მოსალოდნელი შემოსავალი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით. შემოსავლის მიუღებლობა დასტურდება იმგვარი მტკიცებულებებით, რომლებიც ქმნიან ქონებრივი ნამეტის მიღების მოსალოდნელობასთან დაკავშირებით ობიექტურ, რეალურ სურათს და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე (სუსგ 2019 წლის 15 მაისის საქმე Nბს-740-736(კ-17)). მიუღებელი შემოსავლის ოდენობის გამოთვლისას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისგან განუყოფელი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის პრინციპი, რომელიც ემსახურება მხოლოდ მტკიცებულებებით დადასტურებული განაცდური ქონებრივი ნამეტის ანაზღაურებასა და პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებას. განსახილველ საქმეში, ნოტარიუსი ბ. შ-ას მოთხოვნას შეადგენს იმ შემოსავლის ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა მისთვის სანოტარო საქმიანობის შეზღუდვის პერიოდში - 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 15 ივლისამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. აღნიშნული ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ვალდებულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ვალდებულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით და/ან დაზარალებულის სუბიექტური შეხედულებებით. ამდენად, ანაზღაურებას დაქვემდებარებული ზიანის დადგენის კრიტერიუმია არა მისი წარმოშობის ზოგადი შესაძლებლობის არსებობა, არამედ მოვალისთვის წინასწარ სავარაუდოობა. ზიანის სავარაუდოობის გონივრულობის განსასაზღვრად დასაშვებია დაზარალებულის მიერ წარსულში განხორციელებული, ასევე განუხორციელებელი მოქმედებების გათვალისწინება (სუს 2021 წლის 21 ივნისის Nბს-1031(კ-20) განჩინება). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით (14 სამუშაო დღე) სანოტარო საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსარჩელე ბ. შ-ას სანოტარო ბიუროს მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 10544.94 ლარი დღგ-ს გარეშე (დღეში 753.21 ლარი). იმ პირობებში, როდესაც ბ. შ-ას სანოტარო საქმიანობის 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 15 ივლისამდე (17 სამუშაო დღე) უკანონო შეზღუდვით მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის სასარგებლოდ 12 804.57 ლარის (17 X 753.21) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებას.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე