საქმე №ბს-941(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 2 აგვისტოს ა.ა-ემ და დ.ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
სარჩელის თანახმად, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის 1 მაისს №286 და №287 დადგენილებით ა.ა-ეს და დ.ქ-ეს დააკისრა საურავი, 2014 წლის 15 აპრილის №212 და №214 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, თითოეულს 3000 ლარის ოდენობით. მოსარჩელეებმა აღნიშნული დადგენილებები ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურში, მაგრამ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის №02/189 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეთა მტკიცებით, ზედამხედველობის სამსახურმა მათ კანონის დარღვევით დაარიცხა საურავები, ვაინაიდან სადავო აქტების გამოცემის დროისათვის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებები, რითაც ისინი დაჯარიმდნენ 3000-3000 ლარის ოდენობით, მათ მიერ გასაჩივრებული იყო სასამართლოში და დავა არ იყო დასრულებული.
მოსარჩელეთა განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის 1 მაისის №286 და №287 დადგენილებების აღწერილობით ნაწილში მიუთითა, რომ 2014 წლის 15 აპრილს №212 და №214 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დააკისრა მათ საურავი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახდელის დადების თაობაზე დადგენილება დაუსაბუთებულია, რადგანაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და ისინი იხდიან დაკისრებულ ჯარიმას, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსარჩელეთა მითითებით, დადასტურებული ფაქტია, რომ მიმდინარეობს სააღსრულებლო წარმოება დ.ქ-ისა და ა.ა-ის მიმართ აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროში „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2014 წლის 13 მაისის №549 ბრძანების შესაბამისად, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოვალე დ.ქ-ეზე დაკისრებული თანხის განწილვადების შესახებ და შეიქმნა გრაფიკი, რომლის შესაბამისად ხდება გადახდა, ყოველთვიურად. ზედამხედველობის სამსახურის მიერ საურავების დარიცხვა მოხდა იმ დროს, როცა მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, რასაც მოსარჩელეები უკანონოდ მიიჩნევენ და მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგელობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ხოლო მათ მიერ ფაქტობრივად განმეორებით რაიმე ადმინისტრაციული სახის სამართალდარღვევა არ არის ჩადენილი, სააღსრულებო წარმოება აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს და ისინი ყოველთვიურად იხდიან ხელფასიდან ჯარიმის დასაფარავ თანხას.
ამდენად, მოსარჩელეებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 15 აპრილის №212 და №214 დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1 მაისის №286 და №287 დადგენილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 10 ივლისის №02/189 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ა-ისა და დ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 15 აპრილის №214 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1 მაისის №286 დადგენილება, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 15 აპრილის №212 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1 მაისის №287 დადგენილება და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 10 ივლისის №02/189 ბრძანება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
საქმეში არსებული მასალით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №212 და №214 დადგენილებების საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის გამზირის №14ა-ს №... და №... ბინებში უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო დ.ქ-ე და ა.ა-ე დაჯარიმდნენ 3000-3000 ლარით, მათვე დაევალათ მათ მიერ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი). აღნიშნული დადგენილებები დ.ქ-ის და ა.ა-ის მიერ გასაჩივრდა ჯერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/467-14წ.) დ.ქ-ის და ა.ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №214 და №212 დადგენილებები ჯარიმის დაკისრების ნაწილში დარჩა ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი, საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2016 წლის განჩინებით დ.ქ-ის და ა.ა-ის საკასაციო საჩივარი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2016წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსის 26.12.2016 წლის №22543-25 წერილით მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.2015 წლის (საქმე №3/467-14წ.) გადაწყვეტილება დ.ქ-ის და ა.ა-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.04.2016 წლის განჩინება (საქმე №3/ბ-35-16) დ.ქ-ის და ა.ა-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლზე და საქმეში არსებული მასალით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 12.04.2017 წლის შემოწმების აქტით დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დ.ქ-ის და ა.ა-ის მიმართ, 2014 წლის 15 აპრილის №212 და №214 დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობასთან დაკავშირებით. 27.04.2017 წელს ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობდნენ დ.ქ-ე და ა.ა-ე. მათი განმარტებით, ვინაიდან საქმეზე მიღებული იყო სასამართლო გადაყვეტილება, შესაბამისად ისინი ელოდებოდნენ გადაწყვეტილების სააღსრულებო წესით აღსრულების შესახებ შეტყობინებას, ამდენად, მათთვის უცნობი იყო საურავის დარიცხვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 15.04.2014 წლის №212 და №214 დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო დ.ქ-ეს და ა.ა-ეს ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1 მაისის №286 და №287 დადგენილებებით დაერიცხათ საურავები, თითოეულს 3000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულ დადგენილებებში მითითებულია, რომ დ.ქ-ემ და ა.ა-ემ დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში, თუმცა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის მითითებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წარმომადგენელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.2015 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად დაასახელა 2016 წლის 26 დეკემბერი, რაც დაუკავშირა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსის 2016 წლის 26 დეკემბრის №22543-25 წერილს, რომლითაც მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.2015 წლის №3/467-14წ. გადაწყვეტილება დ.ქ-ის და ა.ა-ისა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.04.2016 წლის №3/ბ-35-16წ. განჩინება, დ.ქ-ის და ა.ა-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.04.2016 წლის განჩინებით არ დასრულებულა სასამართლო დავა. ზემოაღნიშნული განჩინება (13.04.2016 წლის) დ.ქ-ის და ა.ა-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2016 წლის განჩინებით დ.ქ-ის და ა.ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2016წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
პალატის აზრით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.04.2016 წლის განჩინებით სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული დავა დასრულებულად ჩათვალა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საბოლოო გადაწყვეტილების მხედველობაში მიუღებლად გააკეთა დასკვნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.2015 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე. როგორც საქალაქო, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტი (მოპასუხე) მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ როდის გაეცნენ მოსარჩელეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.2015 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც ამ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2016 წლის საბოლოო განჩინებაა. მხარეებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მხარეთა დასწრებით არ განუხილავს საკასაციო საჩივარი და შესაბამისად, მხარეები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას (განჩინებას) უნდა გაცნობოდნენ, მათთვის მისი ჩაბარების გზით. აპელანტი (მოპასუხე) მხარე კი ვერ აკონკრეტებდა, თუ როდის მიიღო ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ან როდის ჩაიბარეს მოსარჩელეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 08.12.2016 წლის განჩინება, რითაც მათთვის ცნობილი გახდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.2015 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26.1 მუხლით განსაზღვრული, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის 30-დღიანი ვადის დინება მოცემულ შემთხვევაში უნდა ათვლილიყო იმ მომენტიდან, როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საჯარიმო სანქცია შეფარდებული პირების, ა.ა-ისა და დ.ქ-ისთვის ცნობილი გახდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, იქნებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.2015 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამდგენი დოკუმენტი, რის შემდეგაც მოსარჩელეებს გაუჩნდებოდათ ვალდებულება დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადახდის შესახებ.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დ.ქ-ეს და ა.ა-ეს დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულება უნდა დაწყებოდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, რამდენადაც მათ მიერ დაწყებული იყო სასამართლო დავა, ჯარიმების დაკისრების შესახებ დადგენილებების კანონიერებასთან დაკავშირებით, თუმცა აპელანტმა (მოპასუხე) მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს, როდის დადგა ჯარიმის გადახდის ვალდებულების დაწყების ეს კონკრეტული მომენტი და რატომ ჩათვალა ზედამხედველობის სამსახურმა 12.04.2017 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისას და 01.05.2017 წლის №286 და №287 დადგენილებების გამოცემის დროისათვის, რომ დ.ქ-ე და ა.ა-ე ან თავად ზედამხედველობის სამსახური იყვნენ გაცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.ქ-ე და ა.ა-ე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში 27.04.2017 წელს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზეც აცხადებდნენ, რომ ისინი ელოდებოდნენ გადაწყვეტილების სააღსრულებო წესით აღსრულების შესახებ შეტყობინებას. ამდენად, მოსარჩელეებმა ამ დროს არ იცოდნენ გადახდის ვალდებულების დაწყების შესახებ, ხოლო ზედამხედველობის სამსახურში 2017 წლის 27 აპრილს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომის შემდეგ, ფაქტობრივად არ მიეცათ დრო, გადაეხადათ ჯარიმები და სხდომის ჩატარებიდან უკვე 4 დღეში, 01.05.2017 წელს გამოიცა №286 და №287 დადგენილებები საურავის დაკისრების შესახებ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გადაწყვიტა 2014 წლის 15 აპრილის №212 და №214 დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დ.ქ-ისათვის და ა.ა-ისათვის 3000-3000 ლარის ოდენობით საურავის დაკისრების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია და კანონის შესაბამისად არ შეუფასებია ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმომშობი სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2017 წლის 1 მაისის №286 და №287 დადგენილებების გამოცემისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, 2014 წლის 15 აპრილის №214 და №212 დადგენილებები ა.ა-ისა და დ.ქ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ჯერ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.15 წლის №3/467-14 გადაწყვეტილებით ა.ა-ისა და დ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №214 და №212 დადგენილებები ჯარიმის ნაწილში დარჩა ძალაში, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოსა და საკასაციო სასამართლოში. კასატორის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა ა.ა-ისა და დ.ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ზედამხედველობის სამსახურის მიერ ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 26 დეკემბრიდან. კასატორი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ ა.ა-ეს და დ.ქ-ეს 2014 წლის 15 აპრილის №214 და №212 დადგენილებებით დაკისრებული საჯარიმო თანხა უნდა გადაეხადათ კანონით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 26 დეკემბრიდან 30 დღის ვადაში, რაც მათი მხრიდან არ განხორციელდა, შესაბამისად, 2017 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაეწყო საურავის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 15 აპრილის №212 და №214 დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1 მაისის №286 და №287 დადგენილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 10 ივლისის №02/189 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში; 26.2 მუხლის თანახმად კი, დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №212 და №214 დადგენილებები დ.ქ-ის და ა.ა-ის მიერ გასაჩივრდა ჯერ ქალაქ ბათუმის მერიაში, ხოლო შემდგომ - სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლით განსაზღვრულია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალაში შესვლის წესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე. 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26.1 მუხლით განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის 30-დღიანი ვადის დინება უნდა აითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საჯარიმო სანქცია შეფარდებული პირებისთვის ცნობილი გახდება მათ მიმართ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, რის შემდეგაც მათ გაუჩნდებათ ვალდებულება დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადახდის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ დ.ქ-ე და ა.ა-ე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში 27.04.2017 წელს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე აცხადებდნენ, რომ ისინი ელოდებოდნენ გადაწყვეტილების სააღსრულებო წესით აღსრულების შესახებ შეტყობინებას, მოსარჩელეებმა ამ დროს არ იცოდნენ გადახდის ვალდებულების დაწყების შესახებ, ხოლო ზედამხედველობის სამსახურში 2017 წლის 27 აპრილს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომის შემდეგ, ფაქტობრივად არ მიეცათ დრო, გადაეხადათ ჯარიმები და სხდომის ჩატარებიდან 4 დღეში, 01.05.2017 წელს გამოიცა №286 და №287 დადგენილებები საურავის დაკისრების შესახებ, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართებულად დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სარჩელი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა