Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1214(კ-22) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.გ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 16 ოქტომბერს ნ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 22 ივლისის N04-00-დ/14321 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 06 აგვისტოს N04/17555 და 2020 წლის 08 ოქტომბრის N04/22030 გადაწყვეტილებები, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე მოსარჩელისთვის სამი თვის მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მიღებისთვის გადახდილი 45 ლარის ანაზღაურების დავალება; გარდა აღნიშნულისა, მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული დახმარების თანხა 2020 წლის მაისის და ივნისის თვეებზე, სულ 200 ლარის გაცემის დავალება და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 2020 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიურად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 335 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 22 ივლისის N04-00-დ/14321 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 06 აგვისტოს N04/17555 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 08 ოქტომბრის N04/22030 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ნ.გ-ის სასარგებლოდ 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე, სამი თვის მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურება; ასევე - მოსარჩელე ნ.გ-ის სასარგებლოდ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მიღებისთვის გადახდილი 45 ლარის ანაზღაურება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ნ.გ-ის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული დახმარების თანხის 2020 წლის მაისის და ივნისის თვეებზე, სულ 200 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით, ნ.გ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმადაც, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ხოლო ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში, სახელმწიფო გასაცემლის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი. სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (...) სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადებასთან ერთად მოსარჩელემ წარუდგინა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი და არა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი (სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი). შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიულმა ერთეულმა იმოქმედა კანონმდებლობის ფარგლებში და სახელმწიფო გასაცემლის მაძიებელს მოსთხოვა ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი.
კასატორის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ბენეფიციარს 1999 წელს დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, იგნორირება გაუკეთოს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობებით“ დადგენილ მოთხოვნას და გამოიყენოს იმ ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ არის სოციალური პაკეტის დასანიშნად გათვალისწინებული. ის გარემოება, რომ ბენეფიციარი ნამდვილად წარმოადგენს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, სააგენტოს სადავოდ არ უქცევია, თუმცა სააგენტოს ტერიტორიულმა ერთეულმა მოითხოვა იმ დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო გასაცემლის, კერძოდ, სოციალური პაკეტის დანიშვნის მიზნებისათვის.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებით და ასევე, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით, კერძოდ, მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, რომელიც პირდაპირ აკეთებს დათქმას, შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების ვალდებულებაზეც და ამავდროულად დოკუმენტის შინარსზე, თუ რა სავალდებულო მოთხოვნა აქვთ შესამაისი სოციალური პაკეტით მოსარგებლე ბენეფიციარებს. კასატორი მიიჩნევს, რომ ნ.გ-ის შემთხვევაში, სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოიცა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და 121 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სოციალური პაკეტი, რომელიც არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა და მისი დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; ამასთან, სოციალური პაკეტის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
პალატა მიუთითებს, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობების“ მე-7 მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში, სახელმწიფო გასაცემლის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი. რაც შეეხება სოციალური პაკეტის მიღების უფლების შეზღუდვას, ზემოაღნიშნული „წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი სოციალური პაკეტთან ერთად გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალური პაკეტის მიღების მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესის გათვალისწინებით ამოწმებს რამდენად აკმაყოფილებს განაცხადი ნორმატიულ მოთხოვნებს და წარდგენილია თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი იღებს სახელმწიფო პენსიას, მას ეზღუდება ერთდროულად სოციალური პაკეტის მიღების უფლება. ამრიგად, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოწესრიგება არ ითვალისწინებს ერთდროულად ორი სახის გასაცემლის მიღების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ ნ.გ-ი საპენსიო ასაკის მიღწევამდე, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის 07.12.1999 წლის სსეკ შემოწმების აქტის ამონაწერით (სერია IX N011761) დადგენილი უვადო შშმ პირის სტატუსის გამო იღებდა შესაბამის სოციალურ დახმარებას, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ იღებდა სახელმწიფო პენსიას და იმყოფებოდა აღრიცხვაზე თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრში. ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 1 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (...) და მოითხოვა ასაკის გამო დანიშნული პენსიიდან შშმ პირის სტატუსის საფუძვლით სოციალურ პაკეტზე გადაყვანა. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარადგინა აღნიშნული სტატუსის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, კერძოდ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ნ.გ-ის სახელზე გაცემული აქტის ამონაწერი N11761 გაცემულია უვადოდ (მუდმივია) და დოკუმენტი დღეის მდგომარეობით მოქმედია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ N11761 აქტის ამონაწერი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე წარსულშიც იღებდა შესაბამისი სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ დახმარებას, წარმოადგენს სწორედ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს და პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმება ასეთ შემთხვევაში ,,სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონით დადგენილი არ არის (მუხლი 14).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 122 მუხლისა და „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სათანადოდ გადაეწყვიტა ნ.გ-ის ასაკის პენსიის შშმ პირისათვის განსაზღვრული სოციალური პაკეტით შეცვლის საკითხი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტი გამოცემულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.
რაც შეეხება მიუღებელი სოციალური პაკეტისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მიღებისთვის გადახდილი თანხის, ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის N286 დადგენილებით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული დახმარების თანხის ანაზღაურების საკითხს, ამ მიმართებით მხარეს საკასაციო საჩივარში რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია სადავო აქტების კანონშეუსაბამობა, მითითებული მოთხოვნები, როგორც თანმდევი შედეგი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1, 1005.1 მუხლების შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება. სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, ამდენად, საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა