საქმე №ბს-493(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლე)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „ კ...“
მესამე პირი - გ.კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „კ...მ“ 2018 წლის 06 მარტს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიმართ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 15 თებერვლის №გ-1/076/2018 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ.კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სს „კ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „კ...ს“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 დეკემბრის განჩინებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „კ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „კ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 15 თებერვლის №გ-1/076/2018 გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.
კასატორი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმა, რადგან მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი, ასევე არ გამოიყენა ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპები და ამავე კანონის მე-5 მუხლის ის ნორმა, რომელიც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სადავო შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემდგომი დამუშავებისთვის. სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, გაიზიარა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პოზიცია სადავო აქტის გამოცემის დროისათვის არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ, კასატორის მოსაზრებით, ჯეროვნად ვერ შეაფასა და არ გაითვალისწინა აღნიშნული რეალური მოცემულობა, შესაბამისად, მიიღო არსებითად მცდარი გადაწყვეტილება და კანონის ნორმების არასწორი განმარტებისა და რეალური ვითარების გაუთვალისწინებლობის პირობებში, სავსებით უსაფუძვლოდ, სრულად გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, ამასთან, სს „კ...ს“ მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი არასწორად, მთლიანად დააკისრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 04 სექტემბერს გ.კ-ემ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სს „კ...ს“ მიერ მისი მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა მოითხოვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სს „კ...ს“ გ.კ-ის საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვაზე ჰქონდა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შემდგომ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, გ.კ-ემ მოითხოვა ბაზაში მისი შესრულებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის წაშლა, რაზედაც მიიღო დაუსაბუთებელი უარი. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტი ეწინააღმდეგება კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვის ვალდებულებას.
კასატორი მიიჩნევს, რომ ყველა ვალდებულების შესრულებისა და სამართალურთიერთობების მონაცემთა სუბიექტისათვის დასრულების შემდგომ, კრედიტორებმა მიიღეს შესრულება და არანაირი პრეტენზია მის მიმართ არ ჰქონიათ. სხვა ნებისმიერი მესამე პირის ან მონაცემთა დამმუშავებლის ნებისმეირი ლეგიტიმური ინტერესის არსებობა უნდა განმტკიცებულიყო შესაბამისი ნორმატიულ რეგულაციებით, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამოქმედებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მსგავსი რეგულირება არ არსებობდა, განსხვავებით ამჟამინდელი ვითარებისგან, როდესაც უკვე არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეგულაცია, რომელიც სწორედ ამგვარი საფუძვლის არსებობის საჭიროებამ განაპირობა. საგულისხმოა, რომ იმ პირობებში, როდესაც მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, რომელიც საბანკო დაწესებულებას სუბიექტმა მისცა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნით, ბუნებრივია, რომ ამ მიზნის ამოწურვის შემდგომ მონაცემთა სუბიექტს, მონაცემთა შემდგომი დამუშავებისათვის აუცილებელი, სხვა, ნორმატიულად გაფორმებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, ვერ შეეზღუდებოდა საკუთარი თანხმობის გაუქმების უფლება, მიუხედავად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, რადგან აღნიშნული შეზღუდვა სწორედ მესამე პირების ან მონაცემთა დამმუშავებლის და მათი შესაძლო ინტერესების არსებობის შემთხვევაში მოქმედებს, რაც, თავის მხრივ, მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს ასახული (გაფორმებული) შესაბამისი რანგის (ნორმატიული) სამართლებრივ დოკუმენტში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს სს „კ...ს“ გენერალური დირექტორის 2010 წლის 01 ივლისის ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორის ბრძანება არ არის საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი - სამართლებრივი აქტი. იგი მიღებულია კერძო სუბიექტის მიერ, მისი შეხედულებისამებრ, შესაბამისად, ვერ იქნება კანონის მოთხოვნებზე უპირატესი. ამასთან, მონაცემთა ნებისმიერი დამმუშავებელი, ვალდებულია მონაცემთა დამუშავების პროცესში დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მონაცემების დამუშავებას კრძალავს. ამდენად, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ შემუშავებული დებულებები უნდა შეესაბამებოდეს და ეფუძნებოდეს მხოლოდ მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ცალკეული საკითხების გონივრულობის საკითხი შეაფასა, მაშინ როცა არ არსებობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ცალსახად დადგენილი, მონაცემთა დამუშავებისათვის აუცილებელი, შესაბამისი ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი.
საკრედიტო ბიუროს საქმიანობის მნიშვნელობასა და მასშტაბს კასატორი უცილობლად გასათვალისწინებლად მიიჩნევს. მისი მოსაზრებით, კომპანიის მონაცემთა ბაზაში მილიონობით ადამიანის მონაცემია ასახული, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ფორმითა და ხანგრძლივობით მუშავდება, თავის მხრივ, ეს მონაცემები ეხება ფინანსურ ვალდებულებებს, რომელიც სუბიექტისთვის მეტად პირადული და მგრძნობიარეა. ამასთან, მონაცემებზე წვდომა, სს „კ...სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არაერთ სხვადასხვა საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიას აქვს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სს „კ...ს“ მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება საზოგადოების ფართო წრეს ეხება და დამუშავების პროცესში კომპანიის მიერ კანონის მოთხოვნების განუხრელი დაცვა განსაკუთრებით და უპირობოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მნიშვნელობის გააზრებით იმსჯელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას.
კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, „„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი არ ვრცელდებოდა განსახილველ შემთხვევაზე, ვინაიდან იგი ამოქმედდა მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა წაშლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემდგომ, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხ.).
ამდენად, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონისმიერი უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემის ცნების დეფინიციას; კერძოდ, პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით (მე-2 მუხ. „ა“ ქვ.პ.). პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება, მათ შორის, პირის საკრედიტო ინფორმაცია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „კ...“ ამუშავებდა გ.კ-ის პერსონალურ ინფორმაციას.
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, უკეთუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა. ამასთან, მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია ასევე კონკრეტული გარემოებების არსებობის დროსაც, მაგალითად: მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით. მონაცემთა დამუშავების ამომწურავ საფუძვლებს განსაზღვრავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი. მონაცემთა დამუშავება მოიცავს არა მხოლოდ მონაცემების შეგროვებას, ჩანაწერის გაკეთებას, აღბეჭდვას, მათ ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაჯგუფებას, კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას, განადგურებას, არამედ გადაცემასა და გავრცელებას. ცხადია, პიროვნების თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე არ უნდა გულისხმობდეს დამუშავებული მონაცემების გადაცემას და მით უფრო გავრცელებას, ვინაიდან აღნიშნული მოქმედებები თავისი ბუნებით სცილდება მონაცემთა დამუშავების სახეობებს და წარმოადგენს ისეთ მოქმედებებს, რომლებიც დაცვის უფრო მკაცრი რეჟიმით უნდა სარგებლობდნენ (სხირტლაძე ნ., „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ასპექტები“, 2017 წ., თბილისი).
საქმეში დაცული მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „კ...“ გ.კ-ის მონაცემთა დამუშავებას ახორციელებდა მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, ვინაიდან ცნობილია, რომ სს „კ...ს“ გ.კ-ის შესახებ საკრედიტო ინფორმაცია გადასცა სს „თ...მა“ და შპს „ ქ...ამ“, ხოლო გ.კ-ემ, თავის მხრივ, სს „თ...სა“ და შპს „ქ...ასთან“ ხელშეკრულების დადებისას თანხმობა განუცხადა მითითებულ სუბიექტებს თავისი მონაცემების სს „კ...სთვის“ გადაცემაზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „კ...სთვის“ მონაცემების გადაცემა და კომპანიის მიერ საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა განხორციელდა მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება, ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სადავო აქტი ეხება გ.კ-ის შესახებ საკრედიტო ინფორმაციის წაშლას სს „კ...ს“ მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც საფუძვლად დაედო გ.კ-ის მიერ კანონის 25-ე მუხლის გამოყენება.
კასატორი მიუთითებს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება უკვე დასრულებულ სამართალურთიერთობებზე, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ კანონმდებელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა მისი განზრახვა, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობაზე უარის უფლება არ ვრცელდება ფულადი ვალდებულებების შესახებ მისივე თანხმობით დამუშავებულ ინფორმაციაზე. აღნიშნული განპირობებულია, ერთი მხრივ, საკრედიტო საქმიანობის სტაბილურობის შენარჩუნებით, ხოლო, მეორე მხრივ, მონაცემთა სუბიექტის უფლებით შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობებში. როგორც კასატორი აღნიშნავს, სს „კ...ს“ მონაცემთა ბაზაში მილიონობით ადამიანის მონაცემია ასახული, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ფორმითა და ხანგრძლივობით მუშავდება, აღნიშნული მონაცემები ეხება ფინანსურ ვალდებულებებს. ამასთან, მონაცემებზე წვდომა, სს „ კ...სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არაერთ სხვადასხვა საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიას გააჩნია.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორი ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და დამატებით აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავება კანონიერ მიზანს უნდა ისახავდეს. სს „კ...“ საქმიანობას ახორციელებს საკრედიტო ინფორმაციის სფეროში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, მიკროსაფინანსო და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის მიწოდებასთან. აღნიშნული ინფორმაცია სს „კ...სთან“ ხელშემკვრელ პირებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ იურიდიული თუ ფიზიკური პირების ფინანსური მდგომარეობის, სანდოობისა და სტაბილურობის ხარისხი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, თითოეულ საქმეში უნდა შეფასდეს ლეგიტიმური და აღმატებული მიზეზების არსებობა, რომელიც გამონაკლისის სახით გაამართლებს სუბიექტის უფლების შეზღუდვას, მოცემულ შემთხვევაში, თანხმობაზე უარის გაუვრცელებლობას ფულადი ვალდებულებების შესახებ დამუშავებულ ინფორმაციაზე. აღნიშნული ემსახურება მესამე პირების (ბანკების, მიკროსაფინანსო თუ სხვა ორგანიზაციების) ინტერესების დაცვას, სამართლებრივ განჭვრეტადობას, პირის კეთილსინდისიერებას, რაც აღემატება განმცხადებლის უფლებას უარი თქვას უკვე მისივე თანხმობით დამუშავებული მონაცემების დამუშავებაზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.კ-ის საკრედიტო მონაცემების ბაზაში შენახვა ზეგავლენას მოახდენდა საბანკო, მიკროსაფინანსო და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან ურთიერთობებთან, რასაც ვერ გადაწონის პირის მიერ უარის გაცხადების უფლებას. ამასთან გასათვალისწინებელია სს „კ...ს“ მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავების მიზანი და ის გარემოებაც, რომ სს „კ...ს“ ბაზა ხელმისაწვდომია არა ნებისმიერი პირისთვის, არამედ წვდომა მხოლოდ ზემოხსენებულ ორგანიზაციებს აქვთ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „კ...ს“ მიერ გ.კ-ის საკრედიტო ინფორმაციის შესახებ მონაცემების დამუშავება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, რომელზედაც არ ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, რაც განპირობებულია მონაცემთა დამუშავების მიზნიდან გამომდინარე, რომელიც ემსახურება მესამე პირების (საბანკო, მიკროსაფინანსო და სხვა ორგანიზაციების) ინტერესების დაცვას.
კასატორი აღნიშნავს, რომ უნდა შეფასებულიყო სს „კ...ს“ გენერალური დირექტორის 2010 წლის 01 ივლისის ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით დამუშავებულ ინფორმაციაზე არ ვრცელდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობაზე უარის გაცხადების შესახებ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული უფლება, ამასთან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომელისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახულ იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის საჭირო ვადაზე მეტი ხნით (უვადოდ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შენახვა შეფასდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დარღვევად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 09.02.2017წ. №1/2/622 გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე - ე. გოგუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ“). საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ჩანაწერი პოზიტიური ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინახება აღნიშნული ვალდებულების სრულად შესრულებიდან 7 წლის განმავლობაში, ხოლო ვადაგადაცილებული ფინანსური ვალდებულების/სესხის შემთხვევაში ინფორმაცია ვალდებულების სრულად შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, შეუსრულებელი/გადაუხდელი ფინანსური ვალდებულების/სესხის შემთხვევაში ჩანაწერი ინახება ვალდებულების ხანდაზმულად აღიარებიდან 5 წლის განმავლობაში („საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის შესახებ“ 2017 წლის 01 ივლისის ბრძანების 5.3 პ.). ამდენად, ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონი არ შეიცავს ვადას, თუ რა დროით უნდა მუშავდებოდეს ზემოაღნიშნული მონაცემები, აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „კ...“ მონაცემებს ამუშავებდა გარკვეული, წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია მონაცემთა დამმუშავებლის მიერ, მონაცემთა დამუშავების მიზნის განჭვრეტადობისთვის, მონაცემთა დამუშავების ვადებისა პროცედურების განსაზღვრა, რაც არათუ ეწინააღმდეგება, არამედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა