№ბს-45(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ გ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მესამე პირი - ა(ა)იპ „ ბ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის №838 განკარგულება შპს „გ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 11 ოქტომბერს ა(ა)იპ „ ბ...სა“ და შპს „გ...ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს უნდა მოემზადებინა და შემსყიდველისათვის მიეწოდებინა ბ...ში საქართველოს „წითელი ნუსხით" დაცული მერქნიან მცენარეთა საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა დამატებით მოთხოვნებს, რომლის 3.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოიშობოდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, დამატებითი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა განხორციელდებოდა ანაზღაურების გარეშე და შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის სანაცვლოდ. საპროექტო დავალებით მოცემული იყო კონცეფცია, რომლის მიხედვითაც გეგმაში საფეხმავლო ბილიკები იღებდა დატოტილი მრავალწლიანი ხის ფორმას. ფეხსავალი ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები დატანილი იყო ტოპო რუკაზე, რომლის გრძივი და განივი პროფილების აგებისას აღმოჩნდა, რომ უმეტეს ადგილებში საჭირო იყო საფეხურები, ასევე საყრდენი კედლები, ვინაიდან ისედაც რთულ რელიეფს დაემატა ხელოვნური ტერასები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ბილიკები მიუყვებოდა გრძივი მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 მეტრი სიგანის ბილიკზე ცალი გვერდის ნიშნული მეორესთან შედარებით განსხვავდებოდა 1,5-2 მეტრით. ამასთან, დავალებით მოცემული 13-მეტრიანი ხიდის შეუღლება რელიეფთან შეუძლებელი იყო თუ მოსარჩელე არ გაზრდიდა სიგრძეს მინიმუმ 30 მეტრამდე, მით უფრო, სავალი ნაწილები ადაპტირებული უნდა ყოფილიყო შშმ პირებისათვის. შესაბამისად, სამუშაოთა მოცულობა გაიზარდა მინიმუმ სამჯერ, რაც მოითხოვდა დამატებით ვადას. შემსყიდველმა ისე, რომ არ შეუსრულებია ხელშეკრულების 10.5 პუნქტით დადგენილი ვალდებულება - რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღების განზრახვის მეორე მხარისათვის არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე შეტყობინების შესახებ, შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმართა მოპასუხეს მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მოპასუხემ, ცალმხრივად, შემსყიდველის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებანი და კომპანია დაარეგისტრირა შავ სიაში, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს შპს „გ...ს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით №3/2285-18 ადმინისტრაციულ საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა(ა)იპ „ბ...“.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,გ...ის“ სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შპს ,,გ...ი’’ რეგისტრირებულია 2009 წლის 29 მაისს, საიდენტიფიკაციო კოდი ..., იურიდიული მისამართი - ფოთი, ...ის ქუჩა №7, ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირი - დირექტორი ა; ბ) ერთი მხრივ, ა(ა)იპ „ ბ...სა“ და მეორე მხრივ, შპს ,,გ...ს’’ შორის 2017 წლის 11 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ბ...ში საქართველოს ,,წითელი ნუსხით’’ დაცული მერქნიან მცენარეთა საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება; გ) ა(ა)იპ „ბ...ს“ დირექტორის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს გამოიცა №119 ბრძანება შპს ,,გ...თან“ 2017 წლის 11 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანმდევი სამართლებრივი შედეგების განსაზღვრის შესახებ. ბრძანების მიხედვით შეწყდა მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის №125 ხელშეკრულება და შპს „გ...ს“ საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრა 970,20 ლარის გადახდა; დ) სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს 2018 წლის 18 დეკემბერს №01-17/519 განცხადებით მიმართა ა(ა)იპ „ბ...ს“ დირექტორმა და იმ საფუძველზე მითითებით, რომ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები, მოითხოვა კომპანიის შავ სიაში დარეგისტრირება; ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის №838 განკარგულებით შპს „გ...ი“ 2018 წლის 20 მარტიდან დარეგისტირდა შავ სიაში და განკარგულების აღსრულება დაევალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ი1“ და „მ“ ქვეპუნქტებზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-3 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; აღნიშნული ბრძანების მე-7 მუხლი ეხება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, სადაც განმარტებულია, რომ სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლის შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები საერთოდ არ შესრულებულა, რაც მის მიმართ რაიმე უფრო მსუბუქი ზომის გამოყენების საშუალებას გამორცხავდა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-5 მუხლის პირველ, მე-2, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტებზე, მე-7 მუხლის პირველ, მე-2, მე-4, მე-5 პუნქტებზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,გ...ის“ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამიტომ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №838 განკარგულება ,,შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიეტს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი ანონმდებლობის შესაბამისად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, შპს ,,გ...ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ...მა“.
კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ შპს „გ...მა“ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყო პროექტზე მუშაობა, თუმცა ტოპოგრაფიული რუკის გრძივი და განივი პროფილების აგებისას აღმოჩნდა, რომ საფეხმავლო ბილიკის უმეტეს ადგილებში საჭირო იყო საფეხურები, ასევე საყრდენი კედლები. გარდა ამისა, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული 13-მეტრიანი ხიდის რელიეფთან დაკავშირება შეუძლებელი იყო ხიდის სიგრძის 30 მეტრამდე გაზრდის გარეშე, მით უფრო, რომ მოთხოვნილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული სავალი ნაწილი. ამდენად, შესასრულებელ სამუშოთა მოცულობა გაიზარდა სამჯერ, რამაც გამოიწვია ვალდებულებების დაგვიანებით შესრულება. 2017 წლის 18 დეკემბერს შემსყიდველ ორგანიზაციას შპს „გ...მა“ აცნობა, რომ პროექტი ფაქტობრივად დასრულებული იყო და რამდენიმე დღეში მიაწვდიდა შესათანხმებლად, თუმცა შემსყიდველმა ორგანიზაციამ უარი განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე და ისე, რომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღების განზრახვის თაობაზე მეორე მხარისათვის 5 დღით ადრე შეტყობინების შესახებ, შეწყვიტა ხელშეკრულება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების” სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლი, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას, ანუ სააგენტოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. სწორედ მოცემული პროპორციულობის პრინციპის ეფექტურად უზრუნველყოფის მიზნით „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში 2020 წლის 24 თებერვალს შევიდა ცვლილება და მიეთითა, რომ მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით ამ პუნქტის მიზნებისთვის, თანაზომიერების პრინციპი დაირღვევა, თუ მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება.“
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „გ...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „გ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შპს ,,გ...“ რეგისტრირებულია 2009 წლის 29 მაისს, საიდენტიფიკაციო ნომერი .... კომპანიის იურიდიულ მისამართია ქ. ფოთი, ...ის ქუჩა №7, ხოლო ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის დირექტორი - დ.კ-ა (ს.ფ 19-20); ბ) 2017 წლის 11 ოქტომბერს ერთი მხრივ, ა(ა)იპ „ბ...სა“ და მეორე მხრივ, შპს ,,გ...ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ბ...ში საქართველოს ,,წითელი ნუსხით’’ დაცული მერქნიან მცენარეთა საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება (ს.ფ 21-24); გ) ა(ა)იპ „ბ...ს“ დირექტორის 2017 წლის 15 დეკემბრის №119 ბრძანებით შეწყდა ა(ა)იპ „ბ...ს“ და შპს „გ...ს“ შორის 2017 წლის 11 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულება (ს.ფ 33-35); დ) ა(ა)იპ „ბ...ს“ დირექტორმა 2017 წლის 18 დეკემბერს №01- 17/519 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და იმ საფუძველზე მითითებით, რომ შპს ,,გ...ის’’ მიერ არაჯეროვნად შესრულდა 2017 წლის 11 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულება, ითხოვა განხილულიყო შპს ,,გ...ის’’ შავ სიაში რეგისტრაციის საკითხი (ს.ფ. 149-150); ე) სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის №838 განკარგულებით შპს ,,გ...ი“ 2018 წლის 20 მარტიდან დარეგისტრირდა შავ სიაში. განკარგულების აღსრულება დაევალა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ს.ფ 174-178).
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“, რომლის მე-3 მუხლით განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირდება თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული სადავო პერიოდში მოქმედი „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე. მე-6 პუნქტის თანახმად კი, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს ა(ა)იპ „ბ...სა“ და შპს „გ...ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულება, რომლის 14.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 40 სამუშაო დღეში, 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით არ დასტურდება შპს „გ...ის“, როგორც მიმწოდებლის, მხრიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ა(ა)იპ „ბ...ს“ დირექტორის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება №119 ა(ა)იპ „ბ...ს“ და შპს „გ...ს“ შორის 2017 წლის 11 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანმდევი სამართლებრივი შედეგების განსაზღვრის შესახებ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას თანაზომიერების პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ კანონმდებელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დადასტურების პირობებში, შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვით. თანაბარზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ან დაარეგისტრიროს მიმწოდებელი შავ სიაში ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების პირობა არ შესრულებულა მოსარჩელის მიერ. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ან შემამსუბუქებელი რაიმე ობიექტური გარემოებების არსებობა და შესაბამისად, არ არსებობდა გაფრთხილების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების 10.5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ 5 დღის ადრე შეტყობინებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო განკარგულების თანახმად, ა(ა)იპ „ბ...ს“ მიმწოდებლისათვის 5 კალენდარული დღით ადრე არ უცნობებია ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, რაზეც შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავს, რომ აღნიშნულის განხორციელება უშედეგო იქნებოდა, რამდენადაც მიმწოდებელთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. ამ უკანასკნელს ასევე არ ჩაბარდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება იმ საფუძვლით, რომ კომპანიამ შეიცვალა მისამართი და არ მოახდინა ა(ა)იპ „ბ...ს“ ინფორმირება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ა(ა)იპ „ბ...ს“ და შპს „გ...ს“ შორის 2017 წლის 11 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობა. ამასთან, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის (2017 წლის 15 დეკემბერი) ამოწურული იყო ვალდებულების შესრულების ვადა (2017 წლის 7 დეკემბერი) და როგორც გასაჩივრებული განკარგულებით ირკვევა (რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მიმართვით ს.ფ. 156), მიმწოდებელმა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ შემსყიდველ ორგანიზაციას მიმართა მხოლოდ 2017 წლის 18 დეკემბერს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო ბ...ში საქართველოს ,,წითელი ნუსხით’’ დაცული მერქნიან მცენარეთა საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ 5 დღის ადრე არ აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახულობის თაობაზე, არ არის საკმარისი საფუძველი გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისათვის.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართებულად განხორციელდა შპს „გ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირება, სადავო განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 14.03.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. შპს „გ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.03.2022წ. №... საგადახდო დავალებით დ.კ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე