საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-661(კ-21) 21 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ს...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ს...მა“ 2019 წლის 18 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ შპს „ს...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №933 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით შპს „ს...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №933 განკარგულების მოქმედება შეჩერდა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...მა“.
კასატორის განმარტებით, შემსყიდველმა მომსახურების გაწევა მოითხოვა დაუყოვნებლივ, რაც შეუძლებელი იყო. მოთხოვნილი სერვისის გაწევას ესაჭიროებოდა გარკვეული ვადები, ვინაიდან ავტომობილების შეკეთებისათვის საჭირო ნაწილები ჩამოსატანი იყო საზღვარგარეთიდან. ასეთ შემთხვვაში, შემსყიდველ ორგანიზაციას, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით, დამატებითი ვადები უნდა მიეცა მიმწოდებელი ორგანიზაციისთვის.
კასატორის მითითებით, მოპასუხეს, სადავო განკარგულების გამოცემის მომენტში სრულად უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომპანიის შავ სიაში განთავსება განაპირობებს კოპანიის გადახდისუუნარობამდე მიყვანას მაშინ, როდესაც შპს წარმატებულად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, გამოირჩევა დაბალი ფასებით, მოგებული აქვს მრავალი ტენდერი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შავ სიაში რეგისტრაციის დროისათვის, იგი განთავსებული იყო მიმწოდებელთა თეთრ სიაშიც. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე. აღნიშნული პერიოდისთვის კი, კომპანიას შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს 100%.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს „ს...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 10 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შპს „ს...ის“ შორის დაიდო №23/ბ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსყიდველმა განახორციელა ელექტრონული ტენდერი (...) სამინისტროს კუთვნილი 5 წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე (CPV კოდი ...), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეული იქნა „მიმწოდებლის“ სატენდერო წინადადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ღირებულების მიხედვით 245 930,28 ლარზე. სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 70 700 ლარი. მომსახურების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. ამასთან, დადგენილია, რომ ორგზის შედგა დამატებითი შეთანხმება №23/ბ-1 და №23/ბ-2 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „ს...ის“ შორის, რომლის თანახმადაც, ტენდერში გამარჯვებულად მიჩნეული იქნა „მიმწოდებლის“ სატენდერო წინადადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ღირებულების მიხედვით 245 930,28 ლარზე.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება ჩატარდება მხარეთა მიერ შედგენილი და შეთანხმებული დეფექტური აქტის საფუძველზე. ყოველ ავტომანქანაზე გაწეულ მომსახურებაზე მხარეები შეადგენენ გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების შუალედურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა, გამოყენებული სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალების რაოდენობა, ერთეულის და საერთო ღირებულება. ამავე ხელშეკრულების 7.1 პუნქტის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს შემსყიდველის ხარისხიანი და გარანტირებული მომსახურება ოპერატიულად, შემსყიდველის მიმართვისთანავე. ამასთან, დროულად განიხილოს შემსყიდველის მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2018 წლის 4 ოქტომბერს და 2018 წლის 20 დეკემბერს წერილობით მიმართა შპს „ს...ის“ ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების დროს ხშირად წარმოშობილ მნიშვნელოვან ხარვეზებთან დაკავშირებით, კერძოდ, უმეტესად ადგილი ჰქონდა ტექნიკური მომსახურების პროცესის გაუმართლებელ და მნიშვნელოვან გაჭიანურებას, რაც გულისხმობს სამინისტროს მხრიდან შპს „ს...სგან“ მოთხოვნილი ინფორმაციის არმიწოდებას ან დაგვიანებით მიწოდებას, სათადარიგო ნაწილების დაგვიანებით და ხშირ შემთხვევაში შეცდომით მიწოდების გამო შესაკეთებლად წარმოდგენილი ავტომანქანების დაყოვნებას, მათ განმეორებით მიყვანას ერთი და იმავე ხარვეზის გამოსასწორებლად. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“, რომლის მე-3 მუხლით განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
საგულისხმოა, რომ შპს „ს...“ გაფრთხილებულ იქნა მის მიმართ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების“ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციების განხორციელების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 დეკემბრის შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს „ს...ის“ მიერ ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2018 წლის 10 იანვრის №23/ბ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების, ხელშეკრულების შეწყვეტის და მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელე 2019 წლის 19 თებერვალს დარეგისტრირდა შავ სიაში. აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობები“ ავალდებულებს შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა, კერძოდ, ზემოხსენებული №19 ბრძანების 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესის და პირობების“ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
შპს „ს...ის“ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარეს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სასამართლო აღნიშნავს, დადგენილია, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს №4454 წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს „ს...ის“ აცნობა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების თაობაზე, რომლითაც ის მოითხოვდა მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირებას და ითხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა განმარტება ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. ასევე, სამუშაოების ჯეროვნად შესრულების მიზნით მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიას არც აღნიშნული გაუთვალისწინებია.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტება მოსარჩელე კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე. ამასთან, სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №933 სადავო განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე შპს „ს...ის“ 15.06.2021წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ს...ის“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება.
3. შპს „ს...ის“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.06.2021წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე