Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1162(2კ-22) 21 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ R....“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „R....“-მა 2017 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ოქტომბრის №28064 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც შპს „R....“-ს (ს/ნ ....) დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 62,631 ლარი, ჯარიმა 31,315 ლარი და საურავი შესაბამისი ოდენობით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №34669 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №081-242 საგადასახადო მოთხოვნის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც შპს-ს საშემოსავლო გადასახადის სახით დაერიცხა 62.631 ლარი, ჯარიმა 31.315 ლარი და საურავი შესაბამისი ოდენობით, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ოქტომბრის №28064 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, დავის საგნის არარსებობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „R....“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №081-242 საგადასახადო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „R....“-ს საშემოსავლო გადასახადის სახით დაერიცხა 62,631 ლარი, ჯარიმა 31,315 ლარი და საურავი. ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „R....“-ის საჩივართან დაკავშირებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 29 სექტემბერს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 13 თებერვალს მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა უარი განაცხადეს საკასაციო საჩივრებზე, რითაც ისარგებლეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა განემარტოთ, რომ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.

3. მხარეებს განემარტოთ, რომ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით (378-ე მუხლი).

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე