№ბს-862(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 თებერვლის №04-272/ო ბრძანება დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე ნ.ს-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 თებერვლის №04-272/ო ბრძანება დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე ნ.ს-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 2 დეკემბერს ნ.ს-ას სახელზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, სადაც მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იყო აფხაზეთი, ..., სოფ. ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად - ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №4, ბ. №.... იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოში, დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქე ნ.ს-ას მიმართ. ინფორმაციის დასაზუსტებლად დეპარტამენტმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საიდანაც გაეგზავნა გამოკითხვის ოქმები, რომელსაც დაეყრდნო დეპარტამენტი დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში დაცულია 2018 წლის 16 ნოემბერს გამოკითხული სამი მოქალაქის ოქმი: 1) 2018 წლის 16 ნოემბრის გამოკითხვის ოქმში მოქალაქემ მიუთითა, რომ მის მეზობლად, ...ის ქ. №31-ში ცხოვრობს თ.ხ-ას ოჯახი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა მისი ძმა, 1997 წელს გარდაცვლილი მ.ხ-ა. მ.ხ-ა ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ს-ასთან, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 1991 წლამდე (1989-1991 წლებში, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში). 1991 წელს ისინი განქორწინდნენ და ნ.ს-ა, შვილთან - ნ.ხ-სთან ერთად, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, თუ სად, არ იცის; 2) 2018 წლის 16 ნოემბრის გამოკითხვის ოქმში მოქალაქემ მიუთითა, რომ ცხოვრობდა ძმასთან - მ.ხ-ასთან ერთად, რომელიც გარდაიცვალა 1997 წელს. მ.ხ-ას 1989 წლიდან ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო 1990 წლის 16 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ს-ასთან. ეს უკანასკნელი მის ოჯახში ცხოვრობდა 1989 წლიდან 1991 წლამდე. მის ძმას და ნ.ს-ას 1991 წელს მოუვიდათ კონფლიქტი, პირადი უთანხმოება სოციალურ ნიადაგზე, რის საფუძველზეც ნ.ს-ამ მოითხოვა განქორწინება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1993 წლის 14 სექტემბერს მისი ძმა მ.ხ-ა და ნ.ს-ა განქორწინდნენ. განქორწინებამდე, 1990 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი - ნ.ხ-ა. 1991 წელს, ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, ნ.ს-ა, ქალიშვილთან ერთად, წავიდა მათი ოჯახიდან, საცხოვრებლად გადავიდა ...ას ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომელიც მისი ინფორმაციით, მისი ძმის შეძენილი იყო შვილის სახელზე, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ნ.ს-ა არ ადასტურებდა. ნ.ს-ა მათ ოჯახში ცხოვრობდა 1989 წლიდან 1991 წლამდე, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში და 1991 წლის შემდეგ, შვილთან ერთად, ჯერ ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე, შემდეგ ...ში, სოფ. ...ში, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში - ქ. თბილისში; 3) 2018 წლის 16 ნოემბრის გამოკითხვის ოქმში მოქალაქემ მიუთითა, რომ მისი ახლო მეზობელია ზუგდიდში, ...ის ქ. №31-ში მცხოვრები თ.ხ-ა, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ათეულობით წელია. თ.ხ-ასთან ერთად ცხოვრობდნენ ასევე მისი ძმა - მ.ხ-ა და რძალი - ნ.ს-ა, რომლებსაც ჰყავდათ შვილი - ნ.ხ-ა. ოჯახში კონფლიქტის შედეგად 1993 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა ნ.ს-ა ცალკე საცხოვრებლად გადავიდა განქორწინებამდე 1991 წელს, თუ სად, მისთვის უცნობია და მას შემდეგ მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. მოქალაქემ განაცხადა, რომ ნ.ს-ა ხ...ების ოჯახში ზუგდიდში, ...ის ქ. №31-ში ცხოვრობდა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ს-ა ზუგდიდში, ...ის ქ. №31-ში ცხოვრობდა მხოლოდ 1989-1991 წლებში და მ.ხ-ასთან ოფიციალურ განქორწინებამდე (1993 წლის 14 სექტემბერი) დატოვა მათი საერთო საცხოვრებელი სახლი - ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №31. ამის შემდგომ დაბრუნდა ...ში, სოფელ ...ში და საცხოვრებლის იძულებით დატოვება მოუხდია კომფლიქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს ასევე ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ.ჩ-ა, რომელმაც განმარტა, რომ ნ.ს-ა ქ. ზუგდიდში სამუშაოდ დადიოდა სოფ. ...დან და ხშირად მას დაჰყავდა მანქანით. მანვე ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა 1993 წლამდე მოსარჩელის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელე - ნ.ს-ა 1993 წლის ბოლომდე ...ის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად მცხოვრები პირად, რაც გამორიცხავს მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოში დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით, ნ.ს-ას მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება. ნ.ს-ა დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ..., სოფ. .... მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ვერ დგინდება იყვნენ თუ არა ნ.ს-ა და მისი შვილი - ნ.ხ-ა ...ის რაიონის სოფ. ...ის მუდმივი მცხოვრები პირები 1993 წლის 27 სექტემბრამდე.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ნ.ს-ასთან ჩატარდა გასაუბრება, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს, ...ში. 1977 წელს სკოლა დაამთავრა სოფ. ...ში. 1976-80წწ. მუშაობდა სოფ. ...ის ...ის მეურნეობაში მუშად. 1977-80წწ. სწავლობდა ტექნიკუმში, ქ. ზუგდიდში. 1989 წელს დაოჯახდა ქ. ზუგდიდში, სადაც 1990 წელს შეეძინა შვილი. მეუღლესთან განქორწინდა 1993 წელს. 1980 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა ქ. ზუგდიდში, ...ში ...ის ...ად. სოფ. ...ში ცხოვრობდა დედასა და შვილთან ერთად 1989 წლამდე, ხოლო დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდა ზუგდიდში. განქორწინების შემდეგ დაბრუნდა სოფ. ...ში, სადაც 1993-96წწ. ცხოვრობდა პერიოდულად, ხოლო 1996 წლიდან ცხოვრობს მუდმივად. აქვს საკუთრება ქ. ზუგდიდშიც, რომელიც შეიძინა 1996 წელს. მისმა შვილმა - ნ.ხ-ამ დაამთავრა ზუგდიდის №... საშ. სკოლა, სწავლის დროს ცხოვრობდა ზუგდიდში, საკუთარ სახლში, შაბათ-კვირას ისინი მიდიოდნენ სოფ. ...ში.
გასაუბრების დროს მიღებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული უწყებიდან საპასუხო წერილით გადაეცათ გამოკითხვის ოქმები, სადაც აღნიშნულია, რომ ნ.ს-ა, ზუგდიდში, ...ის ქ. №31-ში ცხოვრობდა დაახლოებით 1989-91 წლებში. ამის შემდეგ მისი საცხოვრებელი ადგილი მათთვის უცნობია. ერთ-ერთი მოქალაქე გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ ნ.ს-ა ქორწინებაში იმყოფებოდა მის ძმასთან და ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 1989-91 წლებში. 1991 წელს ნ.ს-ას და მის ძმას მოუვიდათ კონფლიქტი და 1993 წლის 14 სექტემბერს ისინი განქორწინდნენ. 1991 წელს, კონფლიქტის შემდეგ, ნ.ს-ა, შვილთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ...ას ქუჩაზე მდებარე ბინაში, ხოლო 1991 წლის შემდეგ ჯერ ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფ. ...ში, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში - ქ. თბილისში.
კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი. ზემოაღნიშნული ინფორმაციის და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად სააგენტო მიიჩნევს, რომ ნ.ს-ა დაოჯახების შემდეგ, 1989 წლიდან ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, სადაც მას 1990 წელს შეეძინა შვილი, რომელმაც დაამთავრა ქ. ზუგდიდის №... საშ. სკოლა. თავად 1980 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა ქ. ზუგდიდში. განქორწინებამდე ცხოვრობდა მეუღლის სახლში, ხოლო შემდეგ უკვე მის საკუთრებაში ქ. ზუგდიდში. შესაბამისად, იგი დაოჯახების და შვილის შეძენის შემდეგ უფრო მეტად იყო დაკავშირებული ქ. ზუგდიდთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი და სხვა ურთიერთობით, ვიდრე სოფ. ...თან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 2019 წლის 6 თებერვლის №04-272/ო ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნული კანონის მე-10 მუხლში ჩამოთვლილია პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2013 წლის 2 დეკემბერს ნ.ს-ას სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია აფხაზეთი, ..., სოფ. ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად - ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №4, ბ. №... (ს.ფ. 17-18); ბ) ზუგდიდის სასამართლოს 1993 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.ს-ას სარჩელი და შეწყდა ქორწინება ნ. ნა-ას ასულ ს-სა და ო. კ-ის ძე ხ-ას შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო 1990 წლის 16 აგვისტოს (ს.ფ. 23-24); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 თებერვლის №04-272/ო ბრძანებით დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 5 თებერვლის №04-1966 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნ.ს-ას (ს.ფ. 29); დ) დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 5 თებერვლის №04-1966 მოხსენებითი ბარათით წარდგენილ დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: ნ.ს-ა, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება - ..., სოფ. .... ნ.ს-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში, რომლის საპასუხო წერილის თანახმად, ვერ დგინდებოდა, იყვნენ თუ არა ნ.ს-ა და მისი შვილი - ნ.ხ-ა ...ის რაიონის სოფ. ...ის მუდმივი მცხოვრები პირები 1993 წლის 27 სექტემბრამდე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გასაუბრება ჩაუტარდა ნ.ს-ას. ასევე, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დეპარტამენტმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საიდანაც გაეგზავნათ გამოკითხვის ოქმები. ამასთან, ნ.ს-ამ №120095 განცხადებით წარადგინა ზუგდიდის სასამართლოს 1993 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება მისი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ნ.ს-ა დაოჯახების შემდეგ, 1989 წლიდან ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, სადაც 1990 წელს შეეძინა შვილი, რომელმაც დაამთავრა ქ. ზუგდიდის №... საშუალო სკოლა. ნ.ს-ა 1980 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა ქ. ზუგდიდში. განქორწინებამდე ცხოვრობდა მეუღლის სახლში, ხოლო შემდეგ უკვე მის საკუთრებაში, ქ. ზუგდიდში. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ იგი დაოჯახებისა და შვილის შეძენის შემდეგ უფრო მეტად იყო დაკავშირებული ქ. ზუგდიდთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი და სხვა ურთიერთობით, ვიდრე სოფ. ...თან და მასთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა (ს.ფ. 90-93); ე) საქმეში წარმოდგენილია შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს შედგენილი გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, გამოკითხულმა პირმა განმარტა, რომ მის მეზობლად, ...ის ქ. №31-ში ცხოვრობს თ.ხ-ას ოჯახი, რომელთან ერთად ცხოვრობდა მ.ხ-ა. ამავე მისამართზე 1991 წლამდე (1989-1991 წლებში, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში) ცხოვრობდა მ.ხ-ას მეუღლე - ნ.ს-ა. 1991 წელს ისინი განქორწინდნენ და ნ.ს-ა, შვილთან - ნ.ხ-სთან ერთად, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა (ს.ფ. 94-95); ვ) საქმეში წარმოდგენილია შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს შედგენილი გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, გამოკითხულმა პირმა განმარტა, რომ მის ძმას - მ.ხ-ას 1989 წლიდან ურთიერთობა ქონდა, ხოლო 1990 წლის 16 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ს-ასთან. ეს უკანასკნელი მის ოჯახში ცხოვრობდა 1989 წლიდან 1991 წლამდე (დაახლოებით წელიწად-ნახევრი). 1990 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი - ნ.ხ-ა. 1991 წელს, ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, ნ.ს-ა, ქალიშვილთან ერთად, წავიდა მათი ოჯახიდან და საცხოვრებლად გადავიდა ...ას ქუჩაზე მდებარე ბინაში, შემდეგ ...ში, სოფ. ...ში, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში - ქ. თბილისში (ს.ფ. 96-97); ზ) საქმეში წარმოდგენილია შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს შედგენილი გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, გამოკითხულმა პირმა განმარტა, რომ მისი მეზობელია ზუგდიდში, ...ის ქ. №31-ში მცხოვრები თ.ხ-ა, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ათეულობით წელია. თ.ხ-ასთან ერთად ცხოვრობდნენ ასევე მისი ძმა - მ.ხ-ა და რძალი - ნ.ს-ა, რომლებსაც ჰყავდათ შვილი - ნ.ხ-ა. ოჯახში კონფლიქტის შედეგად, 1993 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა ნ.ს-ა ცალკე საცხოვრებლად გადავიდა განქორწინებამდე, 1991 წელს (ს.ფ. 98-99); თ) 2021 წლის 30 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.ჩ-ამ განმარტა, რომ ნ.ს-ას ბავშვობიდან იცნობს, არიან ერთი სოფლის მაცხოვრებლები. ნ.ს-ა იყო დაოჯახებული და სოფელ ...ში დაბრუნდა 1991 წლის ბოლოს. ამავე სოფლიდან დადიოდა სამუშაოდ ქ. ზუგდიდში. მოწმემ დაადასტურა, რომ ომის პერიოდში ნ.ს-ა მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში (დატოვა 1993 წლის ბოლოს) შვილთან, დედასთან, ძმასა და რძალთან ერთად (ს.ფ. 141-153).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი 1993 წლის 27 სექტემბრამდე მოსარჩელისა და მისი შვილის აფხაზეთში, ...ში, სოფ. ...ში არცხოვრებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელისა და მისი შვილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ომამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, ..., სოფ. .... მოსარჩელე ოჯახით, შინასამეურნეო საქმიანობითა და სხვა გარემოებებით ძირითადად დაკავშირებული იყო აფხაზეთთან, სოფ. ...თან. სადავო პერიოდში ქ. ზუგდიდში მუშაობა კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დამადასტურებელ გარემოებად, რომ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ზუგდიდი და არა სოფ. .... მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა 1993 წლის 27 სექტემბრამდე მოსარჩელისა და მისი შვილის აფხაზეთში, ...ში, სოფ. ...ში ცხოვრების ფაქტს, არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული მოთხოვნა მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე