Facebook Twitter
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№2631-13 6 მარტი, 2013 წელი

მ-ი რ, 2631-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ფ-ის

ადვოკატ – გ. გ-ის

მსჯავრდებულ _ რ. მ-ის

თარჯიმან – ქ. ა-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის განაჩენით დამტკიცდა 2010 წლის 16 ივლის დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ რ. მ-ს შორის.

რ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 23 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 6 დეკემბრის განკარგულებით მსჯავრდებულ რ. მ-ს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომელიც შემცირდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით და 2012 წლის 6 დეკემბრისათვის მოსახდელად დარჩა საპატიმრო სასჯელი - 1 წელი, 2 თვე და 8 დღე, 2 წელი – პირობითი მსჯავრი და 3 წელი – გამოსაცდელი ვადა, შეუმცირდა ¼ -ით და მოსახდელად განესაზღვრა 10 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი და 6 თვე – პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 6 დეკემბრიდან.განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის უზუსტობის გასწორების შესახებ განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შემდეგ რ. მ-ის მიმართ გავრცელდეს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 6 დეკემბრის განკარგულების მოქმედება.“

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა ითხოვა ცვლილების შეტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში. კერძოდ, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჯერ პრეზიდენტის აქტის გამოყენება, შემდეგ კი მოსახდელად დარჩენილ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ ეთანხმება სასჯელის დაანგარიშების პრინციპს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“.

იმავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.“

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. მ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ¼-ით ერთნაირად და პროპორციულად უნდა შემცირდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობით მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შეუმცირდეს 1/4-ით. ასევე 1/4-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წელი და გამოსაცდელი ვადა – 3 წელი, რის შემდეგაც მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი – 1 წელი და 6 თვე, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 6 დეკემბრის №06/12/01 განკარგულებით შეწყალებულ რ. მ-ს, რომელსაც საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი – 1 წელი, 1 თვე და 17 დღე (3 წელსა და 9 თვეს დააკლდა 2 წელი, 7 თვე, 12 დღე – სასჯელის ათვლიდან პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის თარიღამდე მოხდილი სასჯელი) გაუნახევრდა, საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 6 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-19 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა –შეუმცირდეს 1/4-ით. ასევე 1/4-ით შეუმცირდეს დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წელი და გამოსაცდელი ვადა – 3 წელი, რის შემდეგაც მოსახდელად განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი – 1 წელი და 6 თვე, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 6 დეკემბრის №06/12/01 განკარგულებით შეწყალებულ რ. მ-ს, რომელსაც საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი – 1 წელი, 1 თვე და 17 დღე (3 წელსა და 9 თვეს დააკლდა 2 წელი, 7 თვე, 12 დღე – სასჯელის ათვლიდან პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის თარიღამდე მოხდილი სასჯელი) გაუნახევრდა, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 6 დეკემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი