№ბს-286(კ-20) 14 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ.პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.პ-ი; მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირი (სასკ - 16.2) - მ.პ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 27 ივლისს ნ.პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნომბრის განჩინებით ნ.პ-ის ზემოაღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
2016 წლის 22 იანვარს ნ.პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვლის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №... და 2015 წლის 26 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ.პ-ე.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის საოქმო განჩინებით ნ.პ-ის ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინებით ნ.პ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 მარტის №..., რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვლის №..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 ივნისის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის მოტივით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.პ-მა, რომელმაც გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2016 წლის 14 დკემბრის განჩინებით ნ.პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის საოქმო განჩინებით მესამე პირის ლ.პ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა გ.პ-ე.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 350 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის ლ.პ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ში მდებარე 2011 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების ლ.პ-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 ივნისის №... გადაწყვეტილება და მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, ლ.პ-ის (უფლებამონაცვლე გ.პ-ე) მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას მითითებულ სადავო უძრავ ქონებებზე ნ.პ-ისა და გ.პ-ის (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობისა და ფარგლების შესწავლა, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდების, მესაკუთრეების (მოსარგებლეების), გეოგრაფიული მდებარეობის, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლების, უძრავი ქონების კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრების და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, ახალი გადაწყვეტილების საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, მიღება.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, მ.პ-მა და გ.პ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს, მ.პ-ისა და გ.პ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ლ.პ-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. შედეგად მომზადდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, კასპის რაიონში, სოფელ ... ში მდებარე 350 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., 2015 წლის 12 თებერვლიდან რეგისტრირებულია ლ.პ-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2015 წლის 5 თებერვალს დამოწმებული საარქივო ცნობა №...
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილებით ლ.პ-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. შედეგად, მომზადდა საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 9 მარტის ამონაწერი, რომლის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ... ში მდებარე 2011 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ... , ასევე, შენობა-ნაგებობები: №1 (103,04 კვ.მ.), №2 (60,16 კვ.მ.) და №3 (34,44 კვ.მ.), 2015 წლის 9 მარტიდან რეგისტრირებულია ლ.პ-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2015 წლის 5 თებერვალს დამოწმებული საარქივო ცნობა №...
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ამონაწერებზე. კერძოდ, საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 10 მაისის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ... ში მდებარე 3601 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., ასევე, შენობა-ნაგებობები: №1 (64,23 კვ.მ.), №2 (103,32 კვ.მ.) და №3 (34,44 კვ.მ.), 2013 წლის 1 მაისიდან რეგისტრირებულია ნ.პ-ისა და თანამესაკუთრის თანასაკუთრებად, ნ.პ-ს ეკუთვნის ½ წილი. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2013 წლის 27 მარტს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა და 2013 წლის 30 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ამავე სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ საარქივო ცნობითა და სამკვიდრო მოწმობით არ დგინდებოდა მ.ო-სა და მ.პ-ის იდენტურობა, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურს უნდა შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება და ნ.პ-ისთვის მოეთხოვა მ.ო-სა და მ.პ-ის ოდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი. შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აღნიშნულ ამონაწერებში დაფიქსირებულ, შენობა-ნაგებოების ფართობებზე, რომლებიც ფაქტობრივად ემთხვევა ერთმანეთს. კერძოდ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამი შენობა-ნაგებობა ფართებით - 64,23 კვ.მ; 103,32 კვ.მ. და 34,44 კვ.მ., მოცემული უძრავი ქონება კი 2013 წლის 1 მაისიდან 28 მაისამდე რეგისტრირებული იყო ნ.პ-ის საკუთრებად. №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე კი ასევე განთავსებულია სამი შენობა-ნაგებობა ფართებით - 103,04 კვ.მ, 60,16 კვ.მ. და 34,44 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ.პ-ის სახელზე.
ამდენად, შენობა-ნაგებობების ფართობების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლიოს ლ.პ-ის სახელზე სადავო რეგისტრაციით ხომ არ განხორციელდა იმ ქონების აღრიცხვა, რომელზეც იქამდე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრება. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსარჩელის სახელზე ქონება აღრიცხული იყო თანასაკუთრების უფლებით - ½ წილი, ამასთანავე, უძრავი ნივთის საერთო ფართობი იყო 3600 კვ.მ., რომლის ფართობიც აღემატება მესამე პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობს. მართალია, სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას ნ.პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებული იყო, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი გახდა არა საკუთრების უფლების არარსებობა, არამედ მ.ო-სა და მ.პ-ის იდენტურობის დადგენის აუცილებლობა. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრს სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია, ხომ არ ხდებოდა ნ.პ-ის საკუთრების უფლების ხელყოფა და რამდენად შესაბამისობაშია ლ.პ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის მახასიათებლები რეგისტრირებულ მონაცემებთან.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მართალია ნ.პ-ის სახელზე განხორციელებულია საკუთრების უფლების რეგისტრაცია ცალკეულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, რეგისტრაციათა ნაწილი გაუქმებულია. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაფასებელია რამდენად გააჩნია მოსარჩელეს ისეთი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებული არ არის და რამდენად ადასტურებს ასეთი დოკუმენტი სადავო მიწის ნაკვეთებზე ნ.პ-ის უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო აქტების დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.პ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დაუსაბუთებელია თავად სასამართლომ რატომ ვერ დაადგინა სადავო ფაქტები.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სარჩელის მიხედვით №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები თავის სახელზე უკანონოდ აქვს აღრიცხული ლ.პ-ეს, აღნიშნული ქონება წარმოადგენს ნ.პ-ისა და მისი ძმის - მ.პ-ის მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს, რაც მიწის რეფორმის დროს საკუთრებაში გადაეცა ნ.პ-ს, როგორც ცალკე კომლს. კასატორი მიუთითებს, რომ მსგავს განმარტებას სარჩელი არ შეიცავს, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ სადავო ნაკვეთი, საარქივო ცნობის თანახმად, აღრიცხულია ლ.პ-ზე და არა ნ.პ-ზე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ასახა ზ.ა-ის მითითება მასზედ, რომ მოსარჩელეს ჰყავს ძმა, რომელმაც ასევე მამაპაპისეული ქონებიდან მიიღო წილი მშობლების სიცოცხლეში.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ.პ-ს არ გააჩნია საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე არც ჩანაწერებით და არც ფაქტობრივად. რის გამოც, არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.პ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1991 წლის 13 ნოემბერს ...ის საკრებულს წევრების მიერ შედგენილია „გაყრილობის განაჩენი“ მასზედ, რომ „ლ.პ-ი, თავისი განცხადების საფუძველზე, ეყრება უფროს შვილს ნ.პ-ს. ლ.პ-ს მეუღლესთან ერთად ერგო თავისი საცხოვრებელი სახლის ნაწილი 180 კვ.მ., ხოლო მის შვილს - ნ.პ-ს ერგო ოცი კვადრატული მეტრი“.
კასპის რაიონის ...ის სოფლის გამგეობის მიერ 2002 წლის 18 სექტემბერს გაცემული №N345 ცნობის თანახმად, ნ.პ-ი ნამდვილად ცხოვრობს კასპის რაიონის სოფელ ...ში, მის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი ბინა, რომლის ფართობი შეადგენს 160 კვ.მ., საკარმიდამო მიწის ნაკვეთი - 0,25 ჰა და კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი - 1,25 ჰა.
მიწის (უძრავი ქონების) 2006 წლის 10 თებერვლის სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების გრაფაში მითითებულია: 1. 2006 წლის 10 თებერვლიდან - ლ.პ-ი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ...ის თემის საკრებულოს ცნობა №47, 08.02.2006წ. (გადახაზულია); 2. 2006 წლის 22 თებერვლიდან - მ.ო-ი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სამკვიდრო მოწმობა, 21.02.2006წ. (გადახაზულია); 3. 2006 წლის 14 მარტიდან, 2006 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრეებად მითითებულია გ.მ-ე და თ.მ-ე.
საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 4 აპრილის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 10000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... , 2006 წლის 14 მარტიდან აღრიცხულია გ.მ-ისა და თ.მ-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - 2006 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
კასპის არქივის 2013 წლის 27 მარტის №... საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცული, ...ის თემის საკრებულოს, სოფელ ...ის 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ.პ-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან - ლ.პ-ი - ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა), მ.პ-ი - ცოლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 180 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1,25 ჰა მიწის ფართობი.
კასპის არქივის 2013 წლის 18 აპრილის №... საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცული, ...ის თემის საკრებულოს, სოფელ ...ის 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ნ.პ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 ჰა მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლი მითითებული არ არის.
საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 23 აპრილის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 2501 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., 2013 წლის 23 აპრილიდან რეგისტრირებულია ნ. პ-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2013 წლის 18 აპრილს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა.
2013 წლის 30 აპრილის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2010 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა მ.ო-ი, რომლის სამკვიდრო ქონებიდან ½ მიიღო შვილმა - ნ.პ-მა.
საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 10 მაისის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 3601 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., ასევე, შენობა-ნაგებობები: №1 (64,23 კვ.მ.), №2 (103,32 კვ.მ.) და №3 (34,44 კვ.მ.), 2013 წლის პირველი მაისიდან რეგისტრირებულია ნ.პ-ისა და თანამესაკუთრის თანასაკუთრებად, ნ.პ-ს ეკუთვნის ½ წილი. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2013 წლის 27 მარტს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა და 2013 წლის 30 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საარქივო ცნობითა და სამკვიდრო მოწმობით არ დგინდებოდა მ.ო-სა და მ.პ-ის იდენტურობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.
კასპის ადგილობრივი არქივის 2013 წლის 28 ნოემბრის №39/12976 საარქივო ცნობის შესაბამისად, არქივში დაცული, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1967-1970 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ.პ-ი. კომლის შემადგენლობაში, მასთან ერთად, ირიცხებიან: მ.პ-ი (ცოლი), ნ.პ-ი ლ...ის ასული (შვილი), მ.პ-ი ლ...ის ძე (შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, ფართი მითითებული არ არის და 0,25 ჰა მიწის ფართობი.
1971-1973 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ.პ-ი. კომლის შემადგენლობაში, მასთან ერთად, ირიცხებიან: მ.პ-ი (ცოლი), ნ.პ-ი ლ...ის ასული (შვილი), რომელთან მიმართებით გაკეთებულია მინაწერი - წასულია თბილისში, ზ.პ-ი ლ...ის ძე (შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, ფართი მითითებული არ არის და 0,25 ჰა მიწის ფართობი.
1973-1975 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ.პ-ი. კომლის შემადგენლობაში, მასთან ერთად, ირიცხებიან: მ.პ-ი (ცოლი), ნ.პ-ი ლ...ის ასული (შვილი), ზ.პ-ი ლ...ის ძე (შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, ფართი მითითებული არ არის და 0,25 ჰა მიწის ფართობი.
1976-1979 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ. ნ...ას ძე პ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ.პ-ი (შვილი), მ.პ-ი (რძალი), ნ.პ-ი ლ...ის ასული (შვილიშვილი), ზ.პ-ი ლ...ის ძე (შვილიშვილი), ლ. შ-ას ასული პ-ი - ოჯახის უფროსი (ჩანაწერში იკითხება, რომ გარდაიცვლა). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, ფართი მითითებული არ არის და 1976 წლის I/I-ის ჩანაწერით 0,25 ჰა მიწის ფართობი, ხოლო 1976 წლის I/VI-ისა და 1977-1978 წლების ჩანაწერით - 0,35 ჰა მიწის ფართობი.
1980-1982 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ. ნ...ოს ძე პ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ.პ-ი - ოჯახის უფროსი, მ.პ-ი (ცოლი), ნ.პ-ი ლ...ის ასული (შვილი), ზ.პ-ი ლ...ის ძე (შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 200 კვ.მ. საცხოვრებელი და 0,35 ჰა მიწის ფართობი. იგივე ინფორმაციაა ასახილი 1983-1985 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში.
1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ.პ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ.პ-ი - ოჯახის უფროსი, მ.პ-ი (ცოლი), ნ.პ-ი ლ...ის ასული (შვილი), რომელთან მიმართებით გაკეთებულია მინაწერი - გამოეყო ცალკე კომლად, ზ.პ-ი ლ...ის ძე (შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 200 კვ.მ. საცხოვრებელი და 1986-1989 წლების ჩანაწერებით 0,35 ჰა მიწის ფართობი.
...ის თემის საკრებულოს, სოფელ ...ის 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ.პ-ი, კომპის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ.პ-ი - ოჯახის უფროსი, რომელთან მიმართებით გაკეთებულია ჩანაწერი „გარდაიცვალა“, მ. კ...ოს ასული პ...ი - ცოლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 180 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1,25 ჰა მიწის ფართობი.
... ის თემის საკრებულოს, სოფელ ...ის 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ნ.პ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 ჰა მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლი მითითებული არ არის.
... ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1967-1970, 1971-1973, 1973-1975, 1976-1979, 1980-1982, 1983-1985 და 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში ნ.პ-ის კომლი და უძრავი ქონება არ ირიცხება.
საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 12 დეკემბრის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 801 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო), საკადასტრო კოდით ..., ასევე, შენობა-ნაგებობები: №1 საცხოვრებელი (295,06 კვ.მ.) და №2 დამხმარე (11,20კვ.მ.) 2014 წლის 12 დეკემბრიდან რეგისტრირებულია მ.პ-ისა და თანამესაკუთრის თანასაკუთრებად, მ.პ-ს ეკუთვნის ½ წილი. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2013 წლის 27 მარტს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 2 თებერვლის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1638 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., 2015 წლის 2 თებერვლიდან რეგისტრირებულია მ.პ-ისა და ნ.პ-ის თანასაკუთრებად, თითოეულს ეკუთვნის ½ წილი. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2013 წლის 27 მარტს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობები.
საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 4 თებერვლის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 2504 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., ასევე, შენობა-ნაგებობები: №1, №2 და №3, 2015 წლის 4 თებერვლიდან რეგისტრირებულია ნ.პ-ისა და თანამესაკუთრის თანასაკუთრებად, ნ.პ-ს ეკუთვნის ½ წილი. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2013 წლის 27 მარტს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 23 თებერვლის ამონაწერის შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეგისტრაცია ბათილია 2015 წლის 23 თებერვლიდან.
საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 5 თებერვლის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 801 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო), საკადასტრო კოდით ..., ასევე, შენობა-ნაგებობები: №1 საცხოვრებელი (295,06 კვ.მ.) და №2 დამხმარე (11,20 კვ.მ.) 2015 წლის 5 თებერვლიდან რეგისტრირებულია მ.პ-ისა და ნ.პ-ის თანასაკუთრებად, თითოეულს ეკუთვნის ½ წილი. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2013 წლის 27 მარტს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობები.
კასპის არქივის 2015 წლის 5 თებერვლის №... საარქივო ცნობის შესაბამისად, არქივში დაცული, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ო. მ...ის ძე პ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ო. მ...ის ძე პ-ე - ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა), ლ. ო...ის ასული პ-ე - ცოლი, ზ. ო...ის ძე პ-ე - შვილი (გამოეყო), გ. ო...ის ძე პ-ე - შვილი (გამოეყო, ჩანაწერი გაკეთებულია ფანქრით), მ. ო...ის ასული პ-ე - შვილი (გამოეყო, ჩანაწერი გაკეთებულია ფანქრით), მი. ო...ის ძე პ-ე - შვილი (გამოეყო, ჩანაწერი გაკეთებულია ფანქრით). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1986-1987 წლების ჩანაწერებით 0,37 ჰა, 1989-1990 წლების ჩანაწერებით - 0,31 ჰა მიწის ფართობი.
... ის თემის საკრებულოს, სოფელ ... ის 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ლ. ო...ის ასული პ-ე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 20 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1995-1999 წლების ჩანაწერებით 1,25 ჰა, 2000 წლის ჩანაწერით - 1,24 ჰა მიწის ფართობი.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ... ის თემის საკრებულოს, სოფელ ... ის 1992-1994 წლებით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების სიით ო. მ...ის ძე პ-ეს პირად საკუთრებაში ერიცხება 1,25 მიწის ფართობი.
2015 წლის 9 თებერვალს ლ.პ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა კასპის არქივის 2015 წლის 5 თებერვალს დამოწმებული საარქივო ცნობა №... ასევე, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებად და მათ მესაკუთრეებად მითითებულია: 1. გზა; 2. ნ.პ-ი; 3. კ-ი. გ...; 4. სახელმწიფო მიწა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ლ.პ-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. შედეგად, მომზადდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, კასპის რაიონში, სოფელ ... ში მდებარე 350 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ... , 2015 წლის 12 თებერვლიდან რეგისტრირებულია ლ.პ-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2015 წლის 5 თებერვალს დამოწმებული საარქივო ცნობა №...
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ლ.პ-ის საკუთრების უფლება, ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ნ.პ-ს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.
2015 წლის 2 მარტს ლ.პ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილებით ლ.პ-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. შედეგად, მომზადდა საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 9 მარტის ამონაწერი, რომლის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 2011 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., ასევე, შენობა-ნაგებობები: №1 (103,04 კვ.მ.), №2 (60,16 კვ.მ.) და №3 (34,44 კვ.მ.), 2015 წლის 9 მარტიდან რეგისტრირებულია ლ.პ-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2015 წლის 5 თებერვალს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ... ) რეგისტრირებულია ლ.პ-ის საკუთრების უფლება, ნ.პ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 ივნისის №... გადაწყვეტილებით ნ.პ-ს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.
კასპის არქივის 2015 წლის 12 მარტის №... საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცული, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თემის საკრებულოში შემავალი სოფლების მოსახლეობის მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით (სია დათარიღებული არ არის) ნ.პ-ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,75 მიწის ფართობი. ...ის 1990-1999 წლების მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიები არ შესულა დაცვაზე კასპის ადგილობრივ არქივში.
კასპის არქივის 2015 წლის 12 მარტის №... საარქივო ცნობის შესაბამისად, არქივში დაცული, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ.პ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ.პ-ი (ოჯახის უფროსი), მ.პ-ი - ცოლი, ნ.პ-ი - შვილი (გამოეყო ცალკე კომლად), ზ. ლ...ის ძე პ-ი (ამოეწერა). კომლს პირად საკუთრებაში 1986-1990 წლების ჩანაწერებით 200 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1986-1989 წლების ჩანაწერებით 0,35 ჰა მიწის ფართობი.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თემის საკრებულის 1988 წლის საკარმიდამო მიწების აზომვის აქტების წიგნში ლ. ნ...ოს ძე პ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი: სახლთან - 0,076; ... ის გაღმა - 0,03; 0,244; 0,072; 0,124; 0,546 (გაშიფვრის გარეშე; ჩანაწერები გაკეთებულია ფანქრით).
1992-1994 წლებით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების სიით ლ.პ-ს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი: ზონარგაყრილი წიგნით - 0,35; ფაქტიურად ფლობს - 0,35; ეძლევა: ახლად გასაცემი - 0,40; სულ 0,75.
1993 წლის მიწების პრივატიზაციის აღრიცხვის ჟურნალით ლ.პ-ს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი: ფაქტიური - 0,35; მიიღო ვენახი - 0,10; სულ 0,45.
2017 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა ლ.პ-ე, რომლის სამკვიდრო ქონება, 2017 წლის 8 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, სრულად მიიღო გ.პ-ემ. სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ სამკვიდრო ქონებას, სხვა აქტივთან ერთად, მიეკუთვნება კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 7979 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდი ... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საკომლო წიგნიდან.
კასპის ადგილობრივი არქივის 2017 წლის 19 დეკემბრის №39/201472 წერილის შესაბამისად, არქივში დაცული, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თემის საკრებულოს, სოფელ ...ის 1978-1980, 1988 წლებით დათარიღებული საკარმიდამო მიწების აზომვის აქტების წიგნით ლ. ნ...ოს ძე პ-ს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი სულ: სახლთან - 0,076; ... ის გაღმა - 0,03; ... ის გაღმა - 0,244; ... ის გაღმა - 0,072; ... ის გაღმა - 0,124. იმავე წიგნში ჩანაწერები ო. მ...ის ძე პ-ის, ლ.პ-ის, ზ... პ-ის, გ.პ-ის, მ... პ-ის, მა... პ-ის, ზ.პ-ის, ნ.პ-ისა და ლ. პ-ის მიწის ფართობების შესახებ არ აღმოჩნდა. სოფელ ...ის 1989-1993 წლების საკარმიდამო მიწის ნაკვეთების აზომვის აქტები არ შესულა დაცვაზე კასპის ადგილობრივ არქივში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე გ.პ-ის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ი.ს-ის (გ.პ-ისა და მ.პ-ის მეზობელი) ჩვენებაზე, რომლის მიხედვით სადავო ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები ეკუთვნით პ-ეებს, სადაც ადრე განთავსებული ჰქონდათ წისქვილი; პ-ების ნაკვეთები მდებარეობს მოშორებით, სადაც მასაც გააჩნია ნაკვეთი; ერთ-ერთ სადავო შენობაში განთავსებულია საღორე, რაც ააშენა ზ.პ-მა გ.პ-ესთან შეთანხმებით და მშენებლობაში ეხმარებოდა თვითონაც (მოწმე); იქ არსებული სხვა შენობების მესაკუთრე მისთვის უცნობია; ნ.პ-ის კუთვნილი ნაკვეთი სადავო ნაკვეთებიდან 5-10 მეტრის მოშორებითაა განთავსებული.
ნ.პ-ის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ზ.ა-ის ჩვენების მიხედვით (გ.პ-ის მეზობელი, ნ... და მ.პ-ების ნათესავი - ბიძაშვილ-მამიდაშვილები), სადავო ნაკვეთები ეკუთვნოდა მის პაპას - ნ. პ-ს, სადაც მოჰყავდა პაპას მოსავალი და ბავშვობაში იქ დაყავდა თვითონაც (ზ.ა-ი); ნ...ას შემდეგ იმ ქონებას დაეუფლა ლ.პ-ი (ნ...ისა და მ....ის მამა), რომელმაც ქვებისაგან გაასუფთავა ნაკვეთი, გააშენა ვენახი; ნათესავები ხშირად სტუმრობდნენ იმ ადგილს, ეწყობოდა სუფრა; ნაკვეთებში პ-ების ოჯახს აშენებული ჰქონდათ შენობა, რაც შემდგომში გადასცეს ზ.ა-ს და თ.ა-ეს; მათ შენობა გადააკეთეს საღორედ, აფუნქციონირებდნენ ფერმას, რაშიც ეხმარებოდა გ.პ-ის ძმა, პროფესიით ვეტერინარი; ამ საკითხზე თანახმა იყო მ.პ-იც; გ.პ-ემ ზ.ა-ს მიმართა პრეტენზიით, რომ აწუხებდა სუნი და სთხოვდა საღორის სხვაგან გადატანას; გ.პ-ე აგულიანებდა სხვა თანასოფლელსაც (ხ-ეს), რომ ეჩივლათ ზ.ა-ისათვის. შემდგომში იმ მიწის ნაკვეთზე მოყავდა მოსავალი; ამ ყველაფერს ხედავდა გ.პ-ე, თუმცა პრეტენზია ამ საკითხზე არასდროს გამოუთქვამს; ლ.პ-მა იმ ადგილზე ააშენა ნაგებობა და გარკვეული ოდენობის მიწის ნაკვეთთან ერთად გაყიდა (რადგან სხვაგვარად მიწას ვერ გაყიდდა), რათა მ.პ-ისთვის ეყიდა ავტომანქანა ,,...”; ეს შენობა იყო პირველი, ამის შემდეგ ზ.ა-მა და თ.ა-ემ ააშენეს სხვა შენობებიც; ლ.პ-ის გარდაცვალების შემდეგ სადავო ნაკვეთებს განაგებდა ზ.ა-ი, ხოლო მ....ს უხდიდა გარკვეულ თანხას; 2010 წლის შემდეგ ფერმა აღარ ფუნქციონირებდა, გ.პ-ემ გამოთქვა ამ მიწის ნაკვეთების ყიდვის სურვილი, თუმცა მას განუმარტა, რომ იქ განთავსებული იყო ზ.ა-ის კუთვნილი ქონება; გ.პ-ის სახლი სადავო ნაკვეთთან ახლოსაა, თუმცა მომიჯნავე არაა; პ-ეებს ნაკვეთები სხვა ადგილზე აქვთ; წისქვილიც ასევე სხვა ადგილზეა.
ნ.პ-ის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის თ.ა-ის ჩვენების მიხედვით (ორივე მხარის თანასოფლელი), მას და ზ.ა-ს სადავო ნაკვეთები ნაქირავები ქონდათ მ.... (ზ... ) პ-ისაგან, სადაც მათ ააშენეს შენობები საღორისთვის და გაარემონტეს; მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გ.პ-ე მათთან არ გამოჩენილა; მან გადმოცემით იცის, რომ ეს მიწები პ-ების საკუთრებაა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით ლ.პ-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. შედეგად მომზადდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, კასპის რაიონში, სოფელ ... ში მდებარე 350 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., 2015 წლის 12 თებერვლიდან რეგისტრირებულია ლ.პ-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2015 წლის 5 თებერვალს დამოწმებული საარქივო ცნობა №...
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილებით ლ.პ-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. შედეგად, მომზადდა საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 9 მარტის ამონაწერი, რომლის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 2011 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., ასევე, შენობა-ნაგებობები: №1 (103,04 კვ.მ.), №2 (60,16 კვ.მ.) და №3 (34,44 კვ.მ.), 2015 წლის 9 მარტიდან რეგისტრირებულია ლ.პ-ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2015 წლის 5 თებერვალს დამოწმებული საარქივო ცნობა №...
საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 10 მაისის ამონაწერის შესაბამისად, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 3601 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდით ..., ასევე, შენობა-ნაგებობები: №1 (64,23 კვ.მ.), №2 (103,32 კვ.მ.) და №3 (34,44 კვ.მ.), 2013 წლის 1 მაისიდან რეგისტრირებულია ნ.პ-ისა და თანამესაკუთრის თანასაკუთრებად, ნ.პ-ს ეკუთვნის ½ წილი. უფლების დამდგენი დოკუმენტია - 2013 წლის 27 მარტს დამოწმებული საარქივო ცნობა №... საარქივო ცნობა და 2013 წლის 30 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ამავე სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ საარქივო ცნობითა და სამკვიდრო მოწმობით არ დგინდებოდა მ.ო-სა და მ.პ-ის იდენტურობა, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურს უნდა შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება და ნ.პ-ისთვის მოეთხოვა მ.ო-სა და მ.პ-ის ოდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი. შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლიოს ლ.პ-ის სახელზე სადავო რეგისტრაციით ხომ არ განხორციელდა იმ ქონების აღრიცხვა, რომელზეც იქამდე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრება. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის სახელზე ქონება აღრიცხული იყო თანასაკუთრების უფლებით - ½ წილი, ამასთან, უძრავი ნივთის საერთო ფართობი იყო 3600 კვ.მ, რომლის ფართობიც აღემატება მესამე პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობს. აღსანიშნავია, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას ნ.პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებული იყო, მაგრამ საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი გახდა არა საკუთრების უფლების არარსებობა, არამედ მ.ო-სა და მ.პ-ის იდენტურობის დადგენის აუცილებლობა.
შესაბამისად, საჯარო რეესტრს სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია, ხომ არ ხდებოდა ნ.პ-ის საკუთრების უფლების ხელყოფა და რამდენად შესაბამისობაშია ლ.პ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის მახასიათებლები რეგისტრირებულ მონაცემებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი.პ-ეს გ.პ-ის საკასაციო საჩივარზე 02.10.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ.პ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება;
3. გ.პ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. პ-ის მიერ 02.10.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი