საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-213(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. (ე.) კ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - პ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. (ე.) კ-ემ 2019 წლის 24 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 07 აგვისტოს N5287 წერილის ბათილად ცნობა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ის ...ის უბნის მცხოვრებთა საერთო კრების N7 ოქმის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 07 ოქტომბრის N1873 ბრძანების ბათილად ცნობა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება პ. კ-ე.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ლ. (ე.) კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. (ე.) კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია, რადგან არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული სააპელაციო საჩივარში მითითებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება.
კასატორის მითითებით, იგი 1997 წლის 29 მარტს გარდაცვლილი დედის - ნ. კ-ის კანონისმიერ მემკვიდრეა. შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის, საარქივო ცნობის, უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე 2017 წლის 24 ნოემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების სახელმწიფო პროექტების ფარგლებში რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრა, რომ დასადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რისთვისაც მიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, თუმცა მერიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, იდენტურობის დაუდასტურებლობის გამო, 2018 წლის 05 იანვარს შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნული საკითხი ლ. (ე.) კ-ემ გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მხრივ რაიმე პრეტენზია ან სარჩელი არც ამ შემთხვევაში წამოუდგენია ვინმეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ შეძლო საკითხის განხილვა და გადაწყვეტა.
2019 წლის 25 იანვარს ლ. (ე.) კ-ემ კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდენარე დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე (1184 კვ.მ) სახელმწიფო პროექტების ფარგლებში რეგისტრაცია. საარქივო ცნობის თანახმად, განმცხადებლის - ლ. (ე.) კ-ის დედა - ნ. (ნ.) კ-ე 1966-1990 წლების მონაცემებით ირიცხება კომლის წევრად, ხოლო 1976-1990 წლის მონაცემებით კომლის უფროსი და ერთადერთი წევრია ნ. (ნ.) კ-ე. კომლის სახელზე ირიცხება 1840 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწა. სახლის ფართზე საარქივო ცნობაში მითითება არ არის. საარქივო ცნობის თანახმად, 1983 წლის ჩანაწერებიდან მითითებულია საერთო სარგებლობის ფართი 40 კვ.მ. 1990 წლის შემდეგი მონაცემები საარქივო ცნობაში არ მოიპოვება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 16 ივლისს კვლავ მიიღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის წარმოდგენილი აზომვითი გეგმა ნახაზის იდენტურობის დადასტურების შესახებ და მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას მიწის ნაკვეთის და წარმოდგენილი გეგმა-ნახაზის იდენტურობის დადასტურების შესახებ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 აგვისტოს წერილით არ დადასტურდა მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ლ. (ე.) კ-ემ, მერიის უარი გაასაჩივრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან. მერის 2019 წლის 07 ოქტომბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი. მიწის ნაკვეთის და წარმოდგენილი აზომვითი გეგმა-ნახაზის იდენტურობის დადასტურების თაობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია უარს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ,,დადგინდა მიწის სადავოობის საკითხი პ. კ-ესა და ნ. (ნ.) კ-ეს შორის“.
კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მერიაში აღნიშნულ საკითხზე საჩივარი ან პრეტენზია არც ადმინისტრაციულ ორგანოში არც სასამართლოში და არც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არავის შეუტანია. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული დავა თვითნებურად მიიჩნია წარმოშობილად სოფლის კრების ოქმზე დაყრდნობით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მტკიცებულების გარეშე ადასტურებს უძრავ ნივთზე დავის არსებობას 1997 წლის 29 მარტს გარდაცვლილ ნ. (ნ.) კ-ეს და არაიდენტიფიცირებულ პირს - პ. კ-ეს შორის, მაშინ, როდესაც მათი ნათესაური კავშირის დამდგენი რაიმე საბუთი საქმეში არ არის წარმოდგენილი, გარდა 1967 წლის 23 აპრილით დათარიღებული ნ. (ნ.) კ-ის ოჯახიდან პ. კ-ის კომლის გაყოფილობის აქტისა. ეს გაურკვეველი წარმომავლობის „გაყოფილობის აქტი“ განიხილა სადავო საკითხად ადმინისტრაციულმა ორგანომ, მაშინ, როდესაც საქმეში და თავად ადმინისტრაციული ორგანოს მასალებით მოკვლეულია, რომ პ. კ-ემ 2018 წლის 24 ივნისს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2290 კვ.მ მიწის ნაკვთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ მოახდინა უფლების რეგისტრაცია და მიუთითა განმცხადებელს: „არ ხერხდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა და მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასევე ფიქსირდება ზედდება ლ. (ე.) კ-ის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მონაცემებთან.“ ამ ფაქტს ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ... და ... გადაწყვეტილებები, გამოტანილი განმცხადებელ პ. კ-ის მიმართ. პ. კ-ეს არც აღნიშნული გადაწყვეტილებები გაუსაჩივრებია ან რაიმე პრეტენზია გამოუთქვამს.
მუნიციპალიტეტის რწმუნებულის 07/08/2019 წერილს საფუძვლად დაედო სოფლის მცხოვრებთა 2019 წლის 07 აგვისტოს საერთო კრების ოქმი, თითქოს კრების მონაწილეები ადასტურებენ „1967 წელს კომლის გაყოფილობის ფაქტს, რომ მიწის ნაკვეთზე აზომვითი გეგმა ნახაზით წარმოდგენილი შენობა-ნაგებობები არასწორადაა დატანილი, სახლის აზომვითი გეგმა ნახაზზე მხოლოდ საცხოვრებელი სახლის 40კვ.მ-ია ასახული, მაშინ როდესაც სახლი ბევრად დიდი მოცულობისაა, ასევე მიწის ნაკვეთზე განლაგებულია დამხმარე შენობა-ნაგებობები, რაც გეგმა ნახაზებში შეტანილი არ არის. სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი გამიჯნული არ არის ღობით მეზობლის მიწის ნაკვეთებთან. მოსალოდნელია მხარეთა შორის დავის არსებობა. აღნიშნულის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაადასტურა მიწის ნაკვეთის იდენტურობა.“
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ საქმის განხილვისას სავალდებულო მოწვევის მესამე პირად პ. კ-ე უსაფუძვლოდ ჩააბა, რადგან პ. კ-ეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი საბუთი არ აქვს და ასეთის არსებობის შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მას რეგისტრაციაზე უარს არ ეტყოდა. ამასთანავე, თუ პ. კ-ე პრეტენზიას აცხადებდა საკუთრების უფლებაზე, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით ვერ მოხდებოდა საქმის განხილვა. მეტიც, პ. კ-ემ განსახილველ ადმინისტრაციულ დავაზე წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განაცხადა თანხმობა ორივე მხარეს მიეღო კუთვნილი ნაწილი, თუმცა შესაგებელი ხელმოწერის და დათარიღების გარეშეა. პ. კ-ეს განსახილველ დავაში შეგებებული სარჩელი საკუთრების უფლებაზე და უძრავი ნივთის საკუთრების წილზე არ წარუდგენია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე უნდა შეესწავლა და გამოეკვლია როგორც განსჯადობის საკითხი, ასევე - ნამდვილად არსებობდა თუ არა ქონებრივი დავა უძრავ ნივთზე, რა სახის იყო ეს დავა, ვინ ედავებოდა ლ. (ე.) კ-ეს - ადმინისტრაციული ორგანო თუ ფიზიკური პირი, დავის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, დავის განხილვისას უნდა შეფასებულიყო ადმინისტრაციული წარმოების კანონიერება, იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს კვლევის საგანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთისა და მიწის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება, თუმცა გასაჩივრებული აქტი შეიცავს მსჯელობას სხვისი საკუთრების უფლების დადგენასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში არ არსებობდა საჩივარი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით ილახებოდა თუ არა ლ. (ე.) კ-ის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, ადგებოდა თუ არა მას უშუალო ინდივიდუალური ზიანი, მით უფრო მაშინ, როდესაც ლ. (ე.) კ-ეს უფლების დამდგენი საბუთებით, როგორიცაა სამკვიდრო მოწმობა, საარქივო ცნობა, ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, უძრავ ნივთზე ფაქტობრივი მოდავე არავინაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით ლ. (ე.) კ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. (ე.) კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-16 მუხლის (ამოღებულია 11.12.2019წ. №5500 კანონით) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და სსიპ საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 25 ივნისს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1184 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითა სამკვიდრო მოწმობასა და საარქივო ცნობაზე, თუმცა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 16 ივლისს მიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებისთვის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის წერილი (იდენტურობის დადასტურებაზე მიმართვა) კასატორს არ გაუსაჩივრებია, ამდენად, დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა - სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობის დადგენის საჭიროება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებაზე, რაც დეტალურად განსაზღვრავდა საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზის შედგენის ტექნიკურ პირობებს, რომლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველ დოკუმენტს და იგი უნდა შესრულებულიყო ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით (მუხლი 25.2). ამასთან საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წამოდგენილი უნდა ყოფილიყო ობიექტთა შემდეგი ტიპები: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) ცალკე უფლების ობიექტი; დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები; ე) წერტილოვანი ობიექტი; ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები (მუხლი 26.4).
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 07 აგვისტოს N5287 წერილით ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამისად შედგენილი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ...ის უბნის მცხოვრებთა 2019 წლის 02 აგვისტოს N7 საერთო კრების ოქმის საფუძველზე, მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკითხი იყო სადავო. წარმოდგენილი საარქივო ცნობით (№-AA2017024235-03) ნამდვილად დასტურდებოდა ე. კ-ის დედის ნ. კ-ის 40 კვ.მ საცხოვრებელი სახლის კუთვნილება, ხოლო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ იყო გარკვეული. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, ადგილზე გასვლითა და მეზობლების გამოკითხვით დადასტურდა მიწის ნაკვეთის სადავოობა. სოფლის მცხოვრებთა გამოკითხვით, ე. კ-ეს საერთოდ არ უცხოვრია აღნიშნულ სახლში. ამდენად, არ დასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამავე წერილით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ საკითხის გადაწყვეტა სცდებოდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას და მხარეებს სამოქალაქო წესით უნდა გადაეწყვიტათ სადავო საკითხი (ს.ფ. 23). შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების შესაბამისად, კასატორის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული შენობა-ნაგებობის ფართი (40 კვ.მ (ტ.1, ს.ფ 180-181)) არსებითად განსხვავდებოდა ფაქტობრივად არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რაოდენობისა და ფართებისგან (ორთოფოტო, ტ.2. ს.ფ. 127). ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ კასატორის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე სრულყოფილად არ იყო ფიქსირებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1184 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად არსებული ყველა შენობა-ნაგებობა, რისი გათვალისწინებაც "საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით მკაცრად იყო განსაზღვრული. შესაბამისად, დასარეგისტრირებელ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უფლების სადავოობის გარდა, სახეზე იყო ურთიერთშეუსაბამობა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტში ასახულ მონაცემებსა და ფაქტობრივ მდგომარეობას შორის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ინსტრუქციის დარღვევით შედგენის თვალსაზრისით, რა გარემოებაც გამორიცხავდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის წერილზე კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება და გამოსცა შესაბამისი აქტი. კერძოდ, იდენტურობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ემყარება შესაბამის მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასებით, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. (ე.) კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მაკარიძე
ბ. სტურუა