საქმე №ბს-146(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ...ის კომპანია ...ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ღ-ე
თავდაპირველი მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; ბ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ღ-ემ 2019 წლის 10 იანვარს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მოსარჩელის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ...ის კომპანია ...ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბ. ჭ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 12 ოქტომბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები, აგრეთვე 2012 წლის 18 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ფიქსირდება ზედდება მოსარჩელის ნაკვეთთან და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ...ის კომპანია ...ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ...ის კომპანია ...ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ...ის კომპანია ...ის წარმომადგენლის მიერ.
კასატორის მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად გამოიკვლია გ. ღ-ის განცხადება, ვინაიდან მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, სააგენტომ მართებულად განაცხადა გ. ღ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი. მოსარჩელის მიერ სარჩელის ფარგლებში არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ბ. ჭ-ის მიწის ნაკვეთი და სადავო მიწის ნაკვეთი აღარაა ზედდებაში მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწასთან, ან რომ ეს ნაკვეთები არასწორადაა რეგისტრირებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ...ის კომპანია ...ი საქართველოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება ...ის გაფართოების პროექტი, რომლის ფარგლებშიც დადებულია საერთაშორისო ხელშეკრულება. საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფომ ...ის გაფართოების პროექტისათვის „...ას“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცა სადავო მიწის ნაკვეთი, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, დაირღვევა საერთაშორისო ხელშეკრულების პირობები და მოთხოვნები, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, ამასთან სადავო მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემა საფრთხეს უქმნის პროექტის შეუფერხებელ და უსაფრთხო განხორციელებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ...ის კომპანია ...ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...ის კომპანია ...ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 04 აგვისტოს გ. ღ-ემ, როგორც გ. ღ-ის მემკვიდრემ, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ გ. ღ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბ. ჭ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთებზე (მესაკუთრე - სახელმწიფო) დგინდებოდა ზედდება, შესაბამისად განმცხადებელს აცნობა, რომ თუ დაეთანხმებოდა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და მდებარეობას, უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ხოლო დავის შემთხვევაში მიემართათ მედიატორისთვის. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გ. ღ-ის წარმომადგენელსა და ბ. ჭ-ეს შორის მედიაციის პროცესი შედგა, რის შედეგადაც ბ. ჭ-ემ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია, რაზედაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა, ვინაიდან მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დგინდებოდა ზედდება. აღსანიშნავია, რომ მიწს ნაკვეთის რეგისტრაციას (38987 კვ.მ) უფლების დამდგენი დოკუმენტის სახით საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს 2012 წლის 12 სექტემბრის №05/19523 მიმართვა, ხოლო გ. ღ-ეს სამკვიდრო მოწმობასთან ერთად უფლების დამდგენ დოკუმენტად სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ჰქონდა №658 მებაღის წიგნაკი 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას გაატაროს რეგისტრაციაში სახელმწიფოს სახელზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ ყოფილა სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შეფასებულა სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად უკვე სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული, სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ბ. ჭ-ის მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია სხვადასხვა კონფიგურაციით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო მიემართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, რათა აღმოფხვრილიყო მიწის ნაკვეთებზე დაფიქსირებული ზედდება, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბ. ჭ-ე თანახმა იყო უძრავ ნივთზე ცვლილებების რეგისტრაციაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე მსჯელობას (სუსგ. 16.01.2020წ. საქმეზე №ბს-978(კ-18)).
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ დასაბუთებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირი, მისცეს მათ აზრის გამოთქმის საშუალება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის, მათ შორის გ. ღ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის უტყუარად დადგენის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობის აღმოფხვრის შედეგად სარჩელის უარყოფის შესაძლებლობას. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ...ის კომპანია ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე