Facebook Twitter

ბს-1313(კ-22) 16 მარტი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-ამ 27.05.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 20.04.2021წ. №03-1059/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კანონით დადგენილი წესითა და ვადებში მოსარჩელისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალდებულება. საქალაქო სასამართლოში დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და ი. ა-ასთან ერთად მოსარჩელეებად დასახელდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები გ. დ-ე და ქ. დ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2022წ. გადაწყვეტილებით, ი. ა-ას, გ. დ-ისა და ქ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1059/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ი. ა-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2022წ. განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს და მის არასრულწლოვან შვილებს საკითხის განხილვის დროს საკუთრებაში არ გააჩნდათ უძრავი ქონება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. ოქმის მიხედვით, ი. ა-ას ოჯახისთვის მინიჭებული 8 ქულა ადმინისტრაციული წარმოებისას არ შეცვლილა, ამასთან, ამავე ოქმით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა. აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. დაუსაბუთებელია სააგენტოს მიერ ი. ა-ას ოჯახზე უარის თქმის საფუძვლად ალტერნატიულ საცხოვრებლზე მითითება, ვინაიდან ბინა, სადაც მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს არ იმყოფება მოსარჩელის კერძო საკუთრებაში, მოსარჩელე ცხოვრობს ქირით, ქირის თანხას უხდის სამგორის რაიონის გამგეობა, როგორც სოციალურად დაუცველს და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს, ამასთანავე, მონიტორინგის მასალებით დგინდება, რომ საცხოვრებელი, სადაც ი. ა-ა მის შვილებთან ერთად ბოლო წლებია ცხოვრობს არ არის არასრულწლოვანებისთვის, მათი ზრდა-განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფილი. დაუშვებელია გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დევნილ ოჯახს გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო ეთქვას უარი აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითების გარეშე. სწორედ ხსენებული ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა უნდა გამორიცხავდეს მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროებას. ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ გამოირიცხება მოსარჩელეების მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს შეადგენს ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით მოსარჩელის დევნილის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, შესაბამისად, უნდა შეფასდეს არა ქულათა საკმარისი რაოდენობა ფართით უზრუნველყოფისთვის, არამედ სხვა ალეტრნატიული ფართის არსებობა. ასპინძის რაიონში, სოფ. ...ში მოსარჩელის მეუღლის სახლში ცხოვრობს ჟ. კ-ი - დედამთილი თავის ქალიშვილთან - ს. დ-ესთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე ადრე ცხოვრობდა მოსარჩელეც ოჯახთან ერთად. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით მოსარჩელის დედას - თ. ა-ას საკუთრებაში გააჩნია ქ. თბილისში, ...აში, … მასივში, ...ზე, კორ. 43-ში მდებარე ბ. 39. აღნიშნულ მისამართზე მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელდა ვიზიტი, სადაც სამსახურს ადგილზე დახვდა ი. ქ-ი. მისი განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 3 წელია ქირით, ოჯახთან ერთად, ხოლო მესაკუთრე თ. ა-ა, რომელსაც უხდის ქირას, ცხოვრობს ...აში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის დედა 1999 წლიდან ფლობს უძრავ ქონებას ქ. თბილისში, რომელსაც აქირავებს, ასევე მეუღლის მამაპაპისეული სახლი მდებარეობს ასპინძის რაიონში, შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლი უზრუნველყოფის წესის“ 1.3 მუხლის თანახმად განხილული უნდა იქნეს სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით ი. ა-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები გ. დ-ე და ქ. დ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილის მოწმობებში მოსარჩელეების დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, სამგორი … მასივი ... კორ. 43, ბ. 39. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ი. ა-ას, რომლის ოჯახი შედგება სამი პირისაგან. უარის თქმის საფუძვლად ოქმში მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა დედის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1059/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) ი. ა-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეში დაცული მასალებით ქ. თბილისში, ...აში, … მასივში, ...ში, კორ. 43-ში მდებარე ბ. 39 წარმოადგენს თ. ა-ას საკუთრებას. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 10.03.2021წ. ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მითითებულ მისამართზე - ი. ა-ას დედის, თ. ა-ას საკუთრებაში, სადაც ადგილზე დახვდათ ი. ქ-ი, ი. ქ-ის განმარტებით, ამ მისამართზე ცხოვრობს ქირით 3 წელია, ხოლო თ. ა-ა ცხოვრობს ...აში. საქმეში ასევე დაცულია სანოტარო წესით დამოწმებული 17.03.2020წ. და 15.01.2021წ. უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებები, რომლითაც ი. ა-ამ ვ. ა-ისგან იქირავა ქ. თბილისში, ...ის II ჩიხში №4-ში მდებარე ფართი, ქირის საფასურად განისაზღვრა ყოველთვიურად 250 ლარი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის II ჩიხში №4-ში მდებარე საცხოვრებელი ფართზე რეგისტრირებულია ვ. ა-ის თანასაკუთრების უფლება, ხოლო სამგორის რაიონის გამგეობის 12.04.2021წ. წერილის თანახმად, გამგეობა ი. ა-ას უხდის ბინის ქირის კომპენსაციას 250 ლარის ოდენობით, როგორც სოციალურად დაუცველ და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლი უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს დედის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის გარდაცვლილ მეუღლეს ასპინძაში გააჩნია მამაპაპისეული სახლი, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 10.03.2021წ. ოქმის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელის დედის საკუთრებაში არსებული ბინა სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაშია. საჯარო რეესტრის 12.10.2021წ. წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით ი. ა-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. 21.10.2013წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტო გეგმის (ს.ფ. 116-117) თანახმად, შ. დ-ის თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2660 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სახნავი), რომელზეც საცხოვრებელი სახლი ან სხვა რაიმე შენობა-ნაგებობა არ არის განლაგებული. ამდენად, კასატორის მითითება მოსარჩელის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობასთან დაკავშირებით საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება, ხოლო დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). უფრო მეტიც, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 8 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნაქირავებ ბინაში ცხოვრებას, 2,5 ქულა მიენიჭა სოციალური კრიტერიუმის გამო (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით), 1,5 ქულა - მარჩენალ დაკარგულის - გარდაცვლილი ომის ვეტერანის გამო, 1,5 ქულა მიენიჭა იმის გამო, რომ არის მშობელი, ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილებზე, ხოლო 1 ქულა მიენიჭა ორი არასრულწლოვანი შვილის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. ა-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მის არასრუწლოვან შვილებს გ. დ-ეს და ქ. დ-ეს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. ა-ას (განცხადებით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი