Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-573(კ-20) 7 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „მ...ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 1 სექტემბერს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს „მ...ას“ მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის, კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით - 1 000 000 აშშ დოლარისა (ეკვივალენტი ლარში) და 1 646 549,49 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „მ...ას“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 1 000 000 აშშ დოლარისა (ექვივალენტის ლარში) და 1 646 549,49 ლარის გადახდა. საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...ამ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს „მ...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...ამ“.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს შემცირების დაუშვებლობის შესახებ, მცდარია და არ გამომდინარეობს კანონის სწორი განმარტებიდან, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილი სასამართლო პრაქტიკა, აღნიშნულ დავასთან მიმართებაში, არარელევანტურია.

კასატორის განმარტებით, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებით, ვინაიდან პირგასამტეხლო განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის №17/07/02 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №1434 განკარგულების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე უნდა ემსჯელა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეესაბამებოდა თუ არა პირგასამტეხლოს მიზანს, იყო თუ არა იგი დარღვეული ვალდებულების პროპორციული და არსებობდა თუ არა მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. დაკისრებული პირგასამტეხლო გამანადგურებლად არ უნდა მოქმედებდეს ვალდებული პირის ფინანსურ მდგომარეობაზე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მისი მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვს, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირებას. კასატორი ამავდროულად მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას კომპანია ვერ ასრულებდა 2014 წლიდან, ხოლო მოსარჩელემ 2017 წელს შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც პირგასამტეხლოს ხელოვნურად გაზრდის ხერხს წარმოადგენს.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ...ას“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ეთანხმება სამართლებრივი შეფასებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძვლით მოპასუხისათვის, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების კანონიერება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მ...ასათვის“ „პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის №17/07/02 განკარგულებით ქ. ფოთში, ...ის ...ზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ... კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 680 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „მ...ას“ (ს/კ ...). საპრივატიზებო პირობების შესაბამისად, საპრივატიზებო თანხის გადახდაზე შედგენილ იქნა გრაფიკი, რომელიც იწყებოდა 2013 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით (სულ 9 ტრანში). ამავე ხელშეკრულებით, კომპანიას დაევალა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ...ის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის უზრუნველყოფა, ხოლო კონტრაქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, ...ის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიების ქარხნის ასაშენებლად არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველი მყიდველს გადასცემს დარღვევის ხასიათის აღმწერ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებს პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე, საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, განსახორციელებელი ინვესტიციის (20 000 000 აშშ დოლარი) 0.1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებელ დღეზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მყიდველმა - შპს „მ...ამ“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, საპრივატიზებო საფასურის პირველი ტრანში გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მეორე ტრანში გადახდილია ვადაგადაცილებით (14.08.2013წ.), რისთვისაც კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო 13141.4 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო კომპანიის მიერ გადახდილია. მყიდველის მიერ ასევე ვადაგადაცილებით (29.01.2014წ.) არის გადახდილი საპრივატიზებო საფასურის მესამე ტრანში, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო 26581.45 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო კომპანიის მიერ არ არის გადახდილი. საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო 2012 წლის 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.1 ქვეპუნქტით დაკისრებული გადაუხდელი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა, მე-3 ტრანშის პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგენს 1 646 848.17 ლარს.

შპს „მ...ას“ მიერ ასევე არ შესრულდა, როგორც ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ...ის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის (ქვეპუნქტი 3.1.2.), ასევე აღნიშნული მიზნით 20 000 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ინვესტიციის განხორციელების (ქვეპუნქტი 3.1.3.) ვალდებულება. 2012 წლის 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.3 პუნქტით, საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო იანგარიშება ინვესტიციის სრული ოდენობიდან. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 28.07.2015 წლიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე მყიდველს დაეკისრა პირგასამტეხლო 13 940 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა იგი შემცირდა, რადგან ხელშეკრულების იმავე პუნქტის თანახმად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №1/1-1448 ბრძანებით, ცალმხრივად შეწყდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მ...ას“ შორის 2012 წლის 27 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სააგენტოს მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით ამოქმედდა ხელშეკრულების 5.2.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს სახით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობა. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართულნი, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.“ (სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად, მისი განსაზღვრულობაა - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის ან კონკრეტულ ოდენობას, ანდა წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს განსაზღვრული კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა (სუსგ №ას-1158-1104, 06.05.2015წ.). მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი - კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, მისი შემცირების შესაძლებობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძვლებია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულება, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის №17/07/02 განკარგულება და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №1434 განკარგულება.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე - საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). დასახელებული კანონით არ არის განსაზღვრული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი ნასყიდობის საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. იმავე დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. ამასთან, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს ხელშეკრულების მოშლის განსხვავებული სამართლებრივი შედეგები და პირობები. იმავე დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსხვავებული პირობა. გ) მყიდველის მიერ პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე) და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

სადავოდ არ არის ქცეული, რომ შპს „მ...ამ“ დაარღვია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების მოთხოვნები და დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა დასახელებული ბრძანების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვისას, მითითებული ნორმით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერების შესწავლისას, უნდა განისაზღვროს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება.

საკასაციო პალატა, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისას, მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება“ განსაზღვრავდა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს. ამავე დებულების 3.1 მუხლი ითვალისწინებდა სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში. ხსენებული ურთიერთობა წარმოიშობოდა არა ცალმხრივად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შეხედულებით, არამედ მხოლოდ ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე. ამდენად, მხარეთა შორის 2012 წლის 27 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად გამოვლენილი ნების შედეგია და წარმოადგენს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს.

ამრიგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ას“ შორის ურთიერთობა, სადავო შემთხვევაში, გამომდინარეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, რომლის დარღვევისთვისაც გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციების დაკისრების შესაძლებლობა. აღნიშნული საჯარიმო სანქციის ბუნების შესაფასებლად კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან... პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად... საურავი, ისევე როგორც ჯარიმა, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია“ (სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებით დამტკიცებული ”სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით და მხარეთა შორის 2012 წლის 27 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.1 და 5.2.3 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გამომდინარეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან და დაკავშირებულია ერთი მხრივ საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობასთან და მეორე მხრივ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობასთან. თუ სახელმწიფო ქონების შემძენი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მას დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა. ამდენად, შპს „მ...ასათვის“ დაკისრებული, სადავოდ გამხდარი სანქცია განხილულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილ პირგასამტეხლოდ. ასეთი პირგასამტეხლო კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს (შეადარე სუსგ №ბს-458(კ-19), 22.10.2020წ.; №ბს-390(კ-19), 07.12.2020წ.), თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი.

პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით კასატორის მოთხოვნაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა სახის პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად შპს "მ...ას" ქ. ფოთში, ...ის ...ზე მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2015 წლის 27 ივლისამდე უნდა აეშენებინა ...ის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიის ქარხანა, რისთვისაც უნდა განეხორციელებინა 20 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ერთი მხრივ განსაზღვრულია საპრივატიზებო თანხის სრულად გადაუხდელობით, რამაც შეადგინა 1 646 848.17 ლარი, ხოლო მეორე მხრივ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობით - 1 000 000 აშშ დოლარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით არსებული საჯარო ინტერესი მდგომარეობს ინვესტიციის მოზიდვაში, რაც გარკვეულწილად გააუმჯობესებდა ქ. ფოთის ეკონომიკურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობდა მოქალაქეთა დასაქმებას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება კი შესაბამისი პირგასამტეხლოს ოდენობის დაკისრებით არის უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, „პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (სუსგ №ას-1206-2018, 19.12.2018წ.)“.

განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამავე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე პერიოდში, 2014 წლის 22 თებერვალს, სააგენტოს მიერ შპს „მ...ას“ მიეთითა დარღვევის გამოსწორების შესახებ და გამოსწორების ვადად გაენსაზღვრა 14 კალენდარული დღე, ხოლო ამავე წლის 7 მაისს, კომპანიას მიეცა გაფრთხილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. თუმცა ვალდებულება კომპანიის მიერ კვლავ არ შესრულდა. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მეორე ტრანშიდან მეცხრე ტრანშის ჩათვლით შეადგენს 1 646 549,49 ლარს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის - 13 940 000 აშშ დოლარს, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.2.3 პუნქტის საფუძველზე შემცირდა 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, ხოლო ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთხელ შემცირებული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მოპასუხისათვის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „მ...ას“ საკასაციო საჩივარზე 31.07.2020წ. №9644405101 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „მ...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „მ...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება.

3. შპს „მ...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.07.2020წ. №9644405101 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70 პროცენტი - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე