№ბს-67(კ-23) 1 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის №04/22/შ/პ/ზ-014 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. შ-ას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2021 წლის 2 სექტემბრის №04/21/შ/პ-0298 გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. შ-ას მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. მოპასუხის 2022 წლის 7 აპრილის №04/22/შ/პ/ზ-014 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე.
მოსარჩელის განმარტებით, ორივე შემთხვევაში საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, კერძოდ: 1) დანაშაულის ხასიათი, რისთვისაც მოსარჩელე 2018 წლის 28 აპრილიდან იხდის სასჯელს; 2) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - მოსარჩელე დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად; 3) მსჯავრდებულის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები და ნასამართლობა - არ არსებობს; 4) ოჯახური პირობები - ა. შ-ას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სტაბილური ურთიერთობები ოჯახის წევრებთან; 5) მსჯავრდებულის პიროვნება - დასჯილი არ ყოფილა, ხოლო აქტივობებში ვერ იღებს მონაწილეობას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის №04/22/შ/პ/ზ-014 გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. შ-ას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა „პატიმრობის კოდექსის“ 41-ე მუხლზე, 43-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 და მე-13 მუხლებზე და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში და ის გარემოება, რომ ნასამართლევი არ არის, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ა. შ-ამ ალკოჰოლური ზემოქმედების მდგომარეობაში ჩაიდინა მძიმე კატეგორიის სატრანსპორტო დანაშაული, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მეორის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, რამეთუ დისკრეციული უფლებამოსილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ სრულ თავისუფლებას, რომლის დროსაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებსა და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით.
პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ერთი მხრივ, კანონმდებლობითვე არის გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, საყურადღებოა საბჭოს შექმნის მიზანი, როგორიცაა რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებული ა. შ-ა ნასამართლობის არმქონეა. ამასთან, სასჯელის მოხდის პერიოდში, მის მიმართ დისციპლინური სახდელი არ ყოფილა გამოყენებული. ასევე, იგი ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგის დარღვევაში არ არის შემჩნეული, ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს, ნორმალური ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან და თანამშრომლებთან, არ არის კონფლიქტური და აგრესიული. ა. შ-ას სამომავლო გეგმები დასაქმებას, ოჯახსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეზე ზრუნვას უკავშირდება, იგი გულწრფელად ნანობს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული. მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგის დადგენა აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება.
საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში და ის გარემოება, რომ ნასამართლევი არ არის, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მთვრალ მდგომარეობაში მან ჩაიდინა მძიმე კატეგორიის სატრანსპორტო დანაშაული, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო მეორის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. ამასთან, ადგილობრივი საბჭოს მიერ უარყოფითად შეფასდა ის გარემოებაც, რომ უცნობია დაზარალებული მხარის პოზიცია. შესაბამისად, ა. შ-ას საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომები დაშვებული არ ყოფილა, ადგილობრივმა საბჭომ იმსჯელა შუამდგომლობაზე, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონით გათვალისწინებული მიზნით.
კასატორი მიიჩნევს, რომ საბჭო უფლებამოსილია უარი დააფუძნოს ნებისმიერ სათანადოდ გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებაზე (მაგ: მხოლოდ დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე), რაც არ გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს უფლება აქვს პრიორიტეტი მიანიჭოს ერთ რომელიმე კრიტერიუმს. მხოლოდ საბჭოს მსჯელობის საგანია აქტის მიზანშეწონილობა, ხოლო სასამართლო მსჯელობს სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე. ამასთან, კანონმდებლობა არ აკისრებს საბჭოს უპირობო ვალდებულებას, დანიშნული სასჯელის შესაბამისი ნაწილის მოხდის შემთხვევაში, აუცილებლად შეუცვალოს სასჯელი მსჯავრდებულს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. საბჭო სხვა კრიტერიუმებთან ერთად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მსჯელობს, რამდენად ადეკვატურია რეალურად მოხდილი სასჯელი ჩადენილ ქმედებასთან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის №04/22/შ/პ/ზ-014 გადაწყვეტილების საფუძველზე ა. შ-ასთვის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის №04/22/შ/პ/ზ-014 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ა. შ-ა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 3 წლით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. დანაშაულის ხასიათი გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 28 აპრილს, ...ის რაიონის სოფელ ...ში გამავალ ...ის საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა. შ-ამ დაარღვია რა "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 33.1 მუხლის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის გვერდულაზე ქვეითად მოსიარულე: ნ. ფ-ესა და ლ. ხ-ეს. შეჯახებისას მიღებული დაზიანების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ნ. ფ-ე, ხოლო ლ. ხ-ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ა. შ-ას მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა განუსაზღვრა საშუალო რისკი და პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის №... თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება. ა. შ-ა ...ის №... დაწესებულებაში შეყვანილია 22.12.2018 წელს ქუთაისის №... დაწესებულებიდან, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 21.12.2018 წლის №2378 ბრძანების საფუძველზე. დანიშნული სასჯელის 1/2 მოიხადა - 28.07.2021 წელს, სასჯელის დასაწყისი - 28.04.2018 წელი, სასჯელის დასასრული - 28.10.2024 წელი (ს.ფ 112-115); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის №04/22/შ/პ/ზ-014 გადაწყვეტილების თანახმად, ა. შ-ა წარსულში ნასამართლევი არ არის. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე ცხოვრობდა ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №48-ში, მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შემდეგ იცხოვრებს იმავე მისამართზე. არის საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ოჯახთან ურთიერთობს ე.წ. პაემნებითა და სატელეფონო კომუნიკაციით. ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა არის საშუალო. მსჯავრდებულ ა. შ-ას სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. დაწესებულების ადმინისტრაციასთან არის ნორმალურ დამოკიდებულებაში, იგი სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა რაიმე სახის დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, არ არის კონფლიქტური და აგრესიული. მსჯავრდებულის განმარტებით, დაზარალებულის პოზიცია უცნობია, გათავისუფლების შემდეგ აპირებს მკურნალობას, დასაქმებას, ოჯახსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეზე ზრუნვას (ს.ფ 112-115); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში და ის გარემოება, რომ ნასამართლევი არ არის, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ა. შ-ამ მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა მძიმე კატეგორიის სატრანსპორტო დანაშაული, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მეორის - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. იმაზე მითითებით, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს მიერ უარყოფითად შეფასდა ის გარემოებაც, რომ უცნობია დაზარალებული მხარის პოზიცია (ს.ფ 109-111); დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ა. შ-ას უარი ეთქვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე (ს.ფ. 112-115); ე) ქ. ქუთაისის ...ის ტაძრის წინამძღვრის 08.04.2021 წლის დახასიათების თანახმად, ა. შ-ა ხასიათდება დადებითად, გამოირჩევა თავმდაბლობითა და სათნოებით, აღიარებს მის შეცოდებებს და არ წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებისთვის (ს.ფ. 116); ვ) საქმეში წარმოდგენილია ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩაზე მცხოვრები ა. შ-ას მეზობლების წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად ა. შ-ა არის მრავალმხრივ განათლებული, დადებითი პიროვნება, ჰუმანური და მოსიყვარულე ადამიანი (ს.ფ. 118-119); ზ) საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა № R29.233/2018, რომლის თანახმად, ა. შ-ას მდგომარეობა არის მძიმე, ის არის მაღალი რისკის კარდიოლოგიური პაციენტი და ყოველ წუთს შეიძლება მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდეს, შესაძლო ლეტალური გამოსავლითაც კი. იგი საჭიროებს სპეციალიზებულ კარდიოქირურგიულ კლინიკაში აორტ-კორონარული შუნტირების კარდიოქირურგიულ ოპერაციას, რომლის ჩატარებაზეც 2017 წ. თბილისში, კლინიკა ,,...ში’’ ოპერაციის მაღალი რისკის გამო ეთქვა უარი. საჭიროა, საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ კარდიოქირურგიული კლინიკის შერჩევა, მაღალი რისკის კარდიოქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რათა შენარჩუნებულ იქნეს ა. შ-ას სიცოცხლე. სასჯელაღსრულების სისტემაში ა. შ-ას მუდმივად უტარდება და მთელი სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება კარდიოლოგიური პროფილით მკურნალობა (პრეპარატებით) კარდიოლოგის დანიშნულების მიხედვით, რაც ატარებს შემანარჩუნებელ ხასიათს. მკურნალობის მიუხედავად მისი მდგომარეობა უარესდება, რასაც ხელს უწყობს მაღალ სტრესულ, დახურულ, არავენტილირებად გარემოში მისი იზოლაცია და სასჯელაღსრულების სისტემაში შეუძლებელია ა. შ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შეჩერება, რითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს (ს.ფ 132-143).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა პატიმრობის კოდექსი და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 აპრილის №04/22/შ/პ/ზ-014 გადაწყვეტილებით ა. შ-ას შუამდგომლობა დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ უცნობია დაზარალებული მხარის პოზიცია. შესაბამისად, საბჭომ საკითხის განხილვის ეტაპზე მიიჩნია, რომ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად, გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, დანარჩენი გარემოებების გაზიარებაზე უარის დასაბუთების გარეშე, არ პასუხობს ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის სზაკ-ით დადგენილ სტანდარტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, ასევე დაზარალებული მხარის პოზიციის წარმოუდგენლობაზე მითითება არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ფორმალური მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასა და მისი გამოცემისას კანონით რეგლამენტირებული პროცედურის დაცვაზე, საკმარისი არ არის. საყურადღებოა, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კასატორმა არ დაიცვა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობაა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილია შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იქნეს სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების/კვლევის შესაძლებლობას. ამდენად, არ არსებობს აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე