Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-747(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია"

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „შ...“

თავდაპირველი მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 15 იანვარს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,შ...მ“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო იბა ,,შ...ს“ დაჯარიმების თაობაზე“, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 მარტის N143 დადგენილების, 2017 წლის 25 აპრილის N25/6460 გადაწყვეტილების, 2017 წლის 27 ივნისის N394 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 25 აგვისტოს N02/214 ბრძანების ბათილად ცნობა.

ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 13 იანვრის N01-05/13 წერილის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, იბა „შ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო იბა „შ...ს“ დაჯარიმების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 მარტის N143 დადგენილება; მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 25 აპრილის N25/6460 გადაწყვეტილება, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 10 მარტის N143 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 27 ივნისის N394 დადგენილება და ა. ნ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 25 აგვისტოს N02/214 ბრძანება; ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (გადაწყვეტილება), იბა „შ...ს“ მიერ ჩადენილ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/ნ 445573488) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, იბა „შ...მ“ ქ.ბათუმში, დასახლება ...ში, სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 89-ე მუხლის მოთხოვნის მიუხედავად არ წარადგინა მშენებლობის ეტაპების დასრულების შესახებ ოქმი (იბა ,,შ...ს“ მიერ რეგისტრაციაში არ იყო გატარებული მშენებლობის ეტაპები).

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის 17 თებერვალს გამოავლინა სამშენებლო სამართალდარღვევა, დაიწერა შემოწმების აქტი, მის საფუძველზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 მარტის N143 დადგნილებით იბა „შ...” დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით. აღნიშნული ჯარიმის კანონმდებლობით დადგენილ 30 დღიან ვადაში გადაუხდელობის გამო, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 26-ე მუხლის შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 27 ივნისის N394 დადგენილებით, იბა „შ...ს“ დაეკისრა საურავი 4 000 ლარის ოდენობით, რაც 2017 წლის 12 ივლისს ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ა. ნ-ეემ და ითხოვა ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა შ...ს გათავისუფლება დაკისრებული ჯარიმისაგან.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 27 ივლისის N02/199 ბრძანების საფუძველზე, ა. ნ-ეეს დაევალა ბრძანების მისთვის ჩაბარებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 12 ივლისს წარმოდგენილ N21300/25 ადმინისტრაციულ საჩივარში მიეთითებინა ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ბათილად ცნობას ითხოვდა, ასევე წარმოედგინა მისი ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,შ...ს“ თავმჯდომარედ/ხელმძღვანელ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ეცნობა ა. ნ-ეეს, რომ თუ წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენდა ამავე პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველად დაეტოვებინა მისი ადმინისტრაციული საჩივარი. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 27 ივლისს N02/199 ბრძანება ა. ნ-ეეს ჩაბარდა 2017 წლის 31 ივლისს. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტების ადმინისტრაციულ ორგანოში წარუდგენლობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველად.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება წარიმართა კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით, შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, შესაბამისად, დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“. აღნიშნული კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას: 1 000 ლარით; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებული იყო როგორც სანებართვო პირობა, მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ შეედგინა მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, ხოლო ამავე დადგენილების 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულებამდე შვიდი დღით ადრე ნებართვის მფლობელი ვალდებული იყო შეტყობინება გაეგზავნა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსათვის მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ. თითოეული ეს ოქმი, მორიგი ეტაპის დასრულებამდე, ანუ, მომდევნო ოქმის შედგენამდე წარდგენილი უნდა ყოფილიყო უფლებამოსილ ორგანოსათვის. ამრიგად, მშენებლობის სანებართვო პირობები მოიცავდა სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე ოქმის შედგენის სავალდებულოობას. სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე, მშენებლობის მწარმოებელს აღნიშნული ოქმი, მორიგი ეტაპის დასრულებამდე, ანუ, მომდევნო ოქმის შედგენამდე უნდა წარედგინა უფლებამოსილი ორგანოსათვის. მითითებული დადგენილების 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ოქმის შემდგენელს. ოქმის შეუდგენლობა ან ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა იწვევდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ეს მუხლი არ ვრცელდებოდა იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდებოდა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი) და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდებოდა საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ან/და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით შერჩეული საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ ან დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული, სამსახურების მიერ.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობასა და ოქმების წარდგენის ვალდებულების გამომრიცხველი გარემოებების არსებობაზე, რაც დადგენილია 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 89-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ იბა „შ...მ“ N001943 მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის N...-ში (ყოფილი ...ს დასახლება) მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) ააშენა IV კლასის ობიექტი კერძოდ, საცხოვრებელი სახლი. იბა „შ...მ“ 2017 წლის 13 იანვარს, განცხადებით მიმართა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, ქ.ბათუმში, ...ს დასახლებაში, მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმების რეგისტრაციის მოთხოვნით. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 17 თებერვალს შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც გამოვლინდა, რომ იბა „შ...ს“ მიერ რეგისტრაციაში არ იყო გატარებული მშენებლობის ეტაპები; კერძოდ, განხორციელებული მშენებლობის შედეგად მოწყობილი იყო საძირკველი, თუმცა, არ იყო დადასტურებული (ნებართვის გამცემ ორგანოში არ არის წარდგენილი) მშენებლობის შემდეგი ეტაპები: ა.ა) მოსამზადებელი სამუშაოები; ა.ბ) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; ბ.ა) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები და ბ.ბ) შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები; ამავე სამსახურის 2017 წლის 17 თებერვლის Noნ25/2318 წერილით უარი ეთქვა იბა „შ...ს“ ეტაპების რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნაზე, იმ საფუძვლით, რომ ოქმები დაგვიანებით იყო წარდგენილი და ეტაპების ოქმებში მითითებული თარიღები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

იბა „შ...ს“ მიერ მშენებლობის ეტაპების კანონმდებლობით განსაზღვრულ დროში შეუდგენლობა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 მარტის N143 დადგენილებით მიჩნეულ იქნა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად და იბა „შ...“ დაჯარიმდა 4 000 ლარით - მშენებლობის ოთხი ეტაპის შესაბამისი აქტების წარუდგენლობა მიჩნეული იქნა, ცალკე აღებულ დამოუკიდებელ სამართალდარღვევად და იბა „შ...ს“ სახდელი თითოეულ ეტაპზე (სულ ოთხი ეტაპი) აქტის წარუდგენლობისათვის დაეკისრა ცალ-ცალკე, ჯარიმა 1000-1000 ლარის ოდენობით, რამაც მთლიანობაში შეადგინა 4 000 ლარი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სავარაუდო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა მოხდა 2017 წლის 17 თებერვალს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასებას მოითხოვდა ის გარემოება, სამართალდარღვევის გამოვლენის დროისათვის შენობა-ნაგებობის მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულების ოქმების უფლებამოსილ ორგანოში წარუდგენლობა ქმნიდა დამოუკიდებელ სამართალდარღვევებს და იწვევდა სუბიექტის მრავალჯერად, თითოეული აქტის წარუდგენლობისათვის ცალ-ცალკე სამართალდამრღვევად ცნობას, თუ ეს იყო რამდენიმე ეპიზოდისგან შემდგარი ერთი სამართალდარღვევა და შესაბამისად, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა დენადი, მაგრამ რამოდენიმე ეპიზოდისგან შემდგარი ერთიანი სამართალდარღვევისათვის, რა შემთხვევაშიც სახდელის ოდენობა იქნებოდა არა 4 000 ლარი, არამედ მხოლოდ 1 000 ლარი. გარდა ამისა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისას გამოსაკვლევი იყო არსებობდა თუ არა ოქმების წარდგენის ვალდებულების გამომრიცხველი გარემოებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას, სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს დარღვევის არსებობა და შესაბამისი პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ დააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული საკითხები, მათ შორის, გაითვალისწინოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ სადავო აქტები არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე