Facebook Twitter

საქმე №ბს-918(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ღ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-იმა წარმომადგენლის მეშვეობით 2020 წლის 20 ნოემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 23 თებერვლის №გ-39.38210549 განკარგულების ბათილად ცნობა და თვითნებურად დაკავებულ 1480.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. ღ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 23 თებერვლის №გ-39.38210549 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასები შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ.

კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისაგან.

კასატორის წარმომადგენელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთიან პრაქტიკაზე (იხ. სუსგ 28.06.2021წ. №ბს-535(კ-20), სუსგ 28.10.2019წ. №ბს-504-501(კ-17)) მითითებით აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ა. ღ-ის მიმართ სახელმწიფომ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება, შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით - შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. სადავო შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, საკუთრების უფლების აღიარებას დაქვემდებარებული ქონების დანიშნულება სახელმწიფოს მიერ განისაზღვრა ისე, რომ მისი გამოყენება მხოლოდ სახელმწიფოს კომპეტენციას განეკუთვნება და ვერ იქნება გამოყენებული მესაკუთრის მიერ. შეზღუდვა ეხება სარგებლობის უფლებას, რაც საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსის მინიჭებით მოსარჩელეს ეკრძალება წარმოება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამ სტატუსის მინიჭება გულისხმობს, რომ მიწის ნაკვეთის განვითარება უნდა მოხდეს სარეკრეაციო მიზნებისთვის და ნაკვეთი გამოყენებული უნდა იქნეს პარკის, სკვერის, ბულვარის, გაზონის და სხვა ამგვარი დანიშნულების ობიექტის სახით, რაც შესაძლოა, აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას წარმოადგენდეს, თუმცა იმ ხარისხით ზღუდავს საკუთრების უფლებას, რომ შინაარსს უკარგავს მას, რადგან საკუთრება სარგებლობის უფლების გარეშე მხოლოდ ფორმალურად რეგისტრირებულ უფლებად იქცევა.

კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ როდესაც მოქალაქე 2007 წლამდე ფლობს მიწის ნაკვეთს, აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი, გაშენებული აქვს ბაღი და ვენახი და ყოველდღიურად სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, რომლის საკუთრებაში აღიარების კანონით მინიჭებული უფლებამოსილება აკისრია სახელმწიფოს, იგივე სახელმწიფო რატომ უნდა ახდენდეს ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ამ ტერიტორიისთვის ისეთი სტატუსის მინიჭებას, რომლითაც საკუთრების უფლების აღიარების მოლოდინში მყოფ მოქალაქეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეეზღუდება კანონით გათვალისწინებული სიკეთის მიღება, აღნიშნულით აშკარაა ა. ღ-ის უფლებების უკანონო შეზღუდვა და სხვა პირთა შედარებით არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა. ღ-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მართალია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებებს, თუმცა არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, რომელიც ეხება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, როგორც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების დამაბრკოლებელ გარემოებას, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედეგს შემდეგი დასაბუთებით:

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება. ხსენებული კანონის მიღებით სახელმწიფომ გარკვეული პირობების არსებობის დადგენისას დაუშვა თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე პირის საკუთრებად აღიარების შესაძლებლობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ მიწების თვითნებურად დაკავება და სარგებლობა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც არ არსებობდა განცალკევებულად ადგილობრივი თვითმმართველობის ქონება, მიწა იმყოფებოდა სახელმწიფო საკუთრებაში. მართალია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონის მიღების დროისათვის კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საკუთრებად გრადაციას, თუმცა რეალურად მიწაზე თვითმმართველობის საკუთრება არ გადაცემულა. ამ გარემოებით არის დეტერმინირებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება (სუსგ. 28.10.2019წ. საქმე №ბს-504-501(კ-17)).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, სააპელაციო პალატის მსჯელობა ზემოაღნიშნულ საკითხზე ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილ პრაქტიკას, თუმცა სააპელაციო პალატის მიერ დავა არსებითადაა გადაწყვეტილი და ა. ღ-ის საკასაციო საჩივარს, ისევე როგორც სარჩელს არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2021 წლის 23 თებერვლის №გ-39.38210549 განკარგულების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს როგორც ზემოაღნიშული კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა.

საქმეში დაცული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 02 დეკემბრის №05-3820337100 წერილით დგინდება, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილების შესაბამისად, სალეგალიზაციო ობიექტი ფუნქციური ზონების მიხედვით მდებარეობს გამწვანებულ ტერიტორიაზე (გტ)-ში. ამასთან მითითებულია, რომ გამწვანებული ტერიტორია არის ნაშენ გარემოში არსებული გამწვანების ობიექტი (მაგალითად ბულვარი პარკი, ბაღი, სკვერი, გაზონი), რომლის ფართობის არანაკლებ 70%-ზე დაცულია წყალგამტარიანობა (კ-3), სადაც შესაძლებელია მოეწყოს დასასვენებელი გასართობი ადგილები, სპორტული სათამაშო, საკემპინგე, საქალაქო მებაღეობა, საბანაო ადგილები. წერილის თანახმად, გამწვანებულ ტერიტორიებს ასევე მიეკუთვნება სასაფლაოები, რომლის მოწყობა დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. საჯარო რეეტრიდან ამონაწერის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის სტატუსად დაფიქსირებულია - ტყე-ჭალა.

კასატორი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ა. ღ-ის სადავო აქტით შეეზღუდა საკუთრების კონსტიტუციური უფლება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“' საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად (კანონიერი საფუძვლის გარეშე) დაკავება მასზე საკუთრების უფლების მოპოვების განზრახვით, შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურის დასრულებამდე განმცხადებელს, როგორც პოტენციურ მესაკუთრეს ქონების მიღების ლეგიტიმური მოლოდინს თავად ამ კანონის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაბამისი გარემოებების დადგენის გარეშე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ ანიჭებს, რამეთუ ამ სახის მოთხოვნის მხოლოდ ფორმალური გამართულობა (კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვა) არ არის საკმარისი დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ამ სახის დავებში ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ფართო დისკრეცია, მათ შორის კანონმდებელი უფლებას აძლევს გაითვალისწინოს სახელმწიფოს პრიორიტეტულობა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მიმართ (მაგ. სივრცის დაგეგმარება, ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობები და სხვა) და მხარეს უარი უთხრას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ან დააკმაყოფილოს ნაწილობრივ).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სტატუსის არსებობის პირობებში დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობის აღმოფხვრის შედეგად სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა