Facebook Twitter

საქმე №ბს-925(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ჭ...“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - სს „ ს...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჭ...მ“, შ.მ-მა და თ.ჯ-ემ 2017 წლის 21 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის №..., №..., №..., №..., №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ შპს „ჭ...სა“ და შ.მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

შპს „ჭ...სა“ და შ.მ-ის წარმომადგენლებმა 2017 წლის 14 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვეს სადავო აქტების მოქმედების შეჩერება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „ს...“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ჭ...სა“ და შ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ჭ...სა“ და შ.მ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 თებერვლის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, შ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. შესაბამისად მის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, შპს „ჭ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ჭ...ს“ წარმომადგენლის მიერ.

კასატორის - შპს „ჭ...ს“ წარმომადგენელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ იპოთეკის რეალიზაციის მოთხოვნას, მათ შორის, მხარეთა შეთანხმებას, წინ უნდა უსწრებდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება იპოთეკის საგნის სხვა ფორმითა და წესით რეალიზაციის თაობაზე და მოვალის თანხმობით, რეგისტრაციის მიზნით, ზემოაღნიშნული შეთანხმების საჯარო რეესტრში წარდგენა. სამოქალაქო სამართალში მოქმედი სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის მიუხედავად, სანივთო გარიგებების დროს სახელშეკრულებო თავისუფლება შეზღუდულია, ხელშეკრულების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ იმპერატიულ დანაწესს. წარმომადგენლის მოსაზრებით, მხარეთა შეთანხმებისთვის - აუქციონის სხვა ფორმაზე და წესით ჩატარებისთვის მხარეთა ნამდვილი ნებაა საჭირო, თუმცა მოცემულ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება ნაკლის მქონეა, ვინაიდან იგი კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, წინასწარ არის გამოვლენილი, ხოლო კერძო აუქციონის ჩატარებას წინ უნდა უძღოდეს ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც სადავო შემთხვევაში არ არსებობს.

კასატორის წარმომადგენელი სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სს „ს...სა“ და შპს „ჭ...ს“ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების კონკრეტული მუხლები, პუნქტები და ქვეპუნქტები კანონსაწინააღმდეგოა, რაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 302.4 მუხლზე მითითებით კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თუკი კრედიტორი ითხოვს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევას კერძო აუქციონის ჩატარების ან უძრავი ნივთის რეალიზაციის სხვა ფორმის გამოყენებით, აუცილებელია აღნიშნულის თაობაზე მას გააჩნდეს მოვალის თანხმობა, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია მიმართოს სასამართლოს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის საკითხი. ვინაიდან კასატორს კერძო აუქციონის ფორმით იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ კრედიტორისგან წინადადება არ მიუღია და არ არის შეწყვეტილი სესხის ძირითადი ვალდებულება, დაუშვებელია სხვა ფორმით, მათ შორის, აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის რეალიზაცია.

კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, სს „ს...ს“ წერილობითი შეტყობინება, მის მიერ გამოხატული ცალმხრივი ნება (შეთავაზებული ოფერტი - ცალმხრივი გარიგება) - იპოთეკის საგნის კერძო აუქციონის ფორმით რეალიზაციის თაობაზე, რომელიც კასატორის მიერ უარყოფილ იქნა შპს „თ...სთვის“ მიმართვით, ადასტურებს, რომ კასატორის გამოხატული ნება არ არის ნამდვილი. აღნიშნული გარემოებები კი სადავო რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „ჭ...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჭ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის №... გადაწყვეტილების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების რეგისტრაციას არეგულირებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, რომელიც იწყება განცხადების ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე არეგისტრირებს საკუთრების, იპოთეკისა და სხვა უფლებებს. აღნიშნულ უფლებათა ამომწურავ ჩამონათვალს შეიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნული კანონი შეიცავს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია ან უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა, გარდა ამისა, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, ისინი პასუხისმგებლები არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთ-შესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეფასების საგანია წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოშობს თუ არა უფლების რეგისტრაციის საფუძველს. უკეთუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას (სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ 15.01.2010 №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 18.1 მუხ.).

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ შპს „თ...ს“ 2017 წლის 12 ივლისის განკარგულებით, შპს „ჭ...ს“ საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად, იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გაიმართა პირველი საჯარო აუქციონი, რომლის შესაბამისად შპს „ჭ...ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შეიძინა სს „ს...მა“. შპს „თ...ს“ მიერ 2017 წლის 12 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, სს „ს...მა“ სრულად ჩარიცხა ქონების საფასური შპს „თ...ს“ ანგარიშზე. ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, სს „ს...მა“ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ს...ს“ მოთხოვნა და ქობულეთში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: № ...) აღირიცხა სს „ს...ს“ საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „თ...ს“ 2017 წლის 12 ივლისის განკარგულება წარმოადგენდა ქობულეთში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე სს „ს...ს“ საკუთრების უფლების წარმომშობ სარეგისტრაციო დოკუმენტს, რადგანაც შედეგნილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის შესაბამისად. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, აუქციონზე ქონების შემძენს გადაეცემა სპეციალისტის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, ფასი და აუქციონის პირობები. აუქციონთან დაკავშირებულ განკარგულებებზე სპეციალისტის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულოა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ აუქციონზე ქონების შემძენს საკუთრების უფლება წარმოეშობა მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ, ხოლო მე-6 ნაწილის შესაბამისად, უქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავო აქტის გამოცემისას მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველს. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას სს „ს...სა“ და შპს „ჭ...ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მისი შინაარსობრივი მხარის შეფასება არ წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შესაბამისად ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას. მხარეს შეეძლო კასაციაში მითითებული საფუძვლით აღნიშნული ხელშეკრულებისა და შპს „თ...ს“ 2017 წლის 12 ივლისის განკარგულების კანონიერება გაესაჩივრებინა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რისი გაუქმებაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, მის საფუძველზე არსებული რეგისტრაციის გაუქმებას გამოიწვევდა. ამდენად, ამ მიმართებით კასატორის მსჯელობები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით, ირელევანტურია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჭ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. დ.ბ-ეს (პ/ნ - ... ) დაუბრუნდეს მის მიერ 13.11.2021წ. N... საგადახდო დავალებით შპს „ჭ...ს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე