საქმე #ბს-993(3კ-22) 16 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 7 აგვისტოს კ. ა-იმა, გ. ა-იმა და შ. კ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და მესამე პირების - ი. ს-ეისა და ზ. ყ-ას მიმართ.
სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 7 ოქტომბერს მომზადებული ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ში, „...-ის“ I, II და III ...ის ამხანაგობის კორპუსების მიერ დაკავებული 25000 მ2 მიწის ნაკვეთის გეგმის, „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის #... გადაწყვეტილებისა და „კ. ა-იის, გ. ა-იისა და შ. კ-იის წარმომადგენლის - თ. ნ-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 ივლისის #309 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისათვის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წარმოადგენენ ქ. თბილისში, ... #7-ში, საკ. კოდი: #... და #... მიწის ნაკვეთებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს. აღნიშნულ ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანო გზა და ნაკვეთი საკადასტრო კოდით: #..., ზ. ყ-ამ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებული გეგმის ფარგლებში ისე დაისაკუთრა, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში არსებული ნაკვეთიდან და სახლიდან გამოსასვლელად სჭირდებათ ზ. ყ-ას ნაკვეთის გავლა საჯარო გზასთან დასაკავშირებლად. შესაბამისად, გზამდე მისასვლელად უწევთ ზ. ყ-ას ნაკვეთით სარგებლობა. თავის მხრივ, ზ. ყ-ა აღნიშნულის წინააღმდეგია და მოსარჩელეებს არ აძლევს მისი ნაკვეთის გამოყენების უფლებას. საკუთრების საზღვარი (წითელი ხაზები) გადის კ. ა-იის, გ. ა-იის, შ. კ-იის სახლის კედლის გაყოლებაზე, რითაც, მოსარჩელეთა მოსაზრებით, მათ ერღვევათ კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული საკუთრებით სარგებლობის უფლება.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2006 წლის 25 ოქტომბერს გაცემული გეგმის (ქალაქ თბილისის მთავრობის 1996 წლის 31 იანვრის #02.12.54 დადგენილება) მიხედვით, ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 4 ივლისს მომზადებულ გეგმაზე მონიშნულია გზა. შესაბამისად, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ არსებობდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა. მოსარჩელეები, ასევე, მიიჩნევენ, რომ ზ. ყ-ამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებული საკადასტრო გეგმა, სადაც არ არის დაფიქსირებული მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც აღნიშნულია 2006 წლის 25 ოქტომბერს გაცემულ გეგმაზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, ზ. ყ-ამ უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. თბილისი, ..., კორპუსი #..., კორპუსი #..., კორპუსი #..., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 25 000 კვ.მ, თარიღი: 25/10/2010; საკ.კოდი: #...) განახორციელა საზღვრის დაზუსტება #... განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოსარჩელეთა თანხმობის გარეშე, მიითვისა მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული გზა, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა და უკანონოდ შეზღუდა მოსარჩელეების საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შუამდგომლობა წინამდებარე საქმეში მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ა-იის, გ. ა-იისა და შ. კ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. ა-იმა, გ. ა-იმა და შ. კ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქმეში მოწინააღმდეგე მხარის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მოწინააღმდეგე მხარის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით კ. ა-იის, გ. ა-იისა და შ. კ-იის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ა-იის, გ. ა-იისა და შ. კ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 7 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის გეგმა ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ში, „...-ის“ I, II და III ...ის ამხანაგობის კორპუსების მიერ დაკავებული 25000 მ2 მიწის ნაკვეთის თაობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ში, „...-ის“ I, II და III ...ის ამხანაგობის კორპუსების მიერ დაკავებული 25000 მ2 მიწის ნაკვეთის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 ივლისის #309 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის #... გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უდავო იყო, რომ წითელი ხაზების დადგენას მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობის და საზღვრების გამიჯვნის დატვირთვა გააჩნდა. ამდენად, 2009 წლის 7 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის გასაჩივრებული გეგმის შედგენისას, 04.07.2007წ. და 24.04.2007წ. მიწის ნაკვეთის გეგმების ძალაში ყოფნის პირობებში, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სათანადო გამოკვლევას, შეფასებას და დასაბუთებას უპირობოდ უნდა დაქვემდებარებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორად იქნა დადგენილი ამხანაგობის კორპუსების მიერ დაკავებული 25 000 მ2 მიწის ნაკვეთის წითელი ხაზები, რატომ მოექცა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზა და გააჩნდა თუ არა ფუნქციური დანიშნულება ამ გზას მის მიმდებარედ განლაგებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებელთა მათ ბინამდე გადაადგილებისათვის. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე წონადი მტკიცებულება, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა/დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რა გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების სადავო გეგმაზე არსებული კონფიგურაციით დადგენა და რა არსებითი დამაბრკოლებელი გარემოება არსებობდა იმისა, რომ ვერ განხორციელდა ხსენებული ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართის უცვლელად კორექტირება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე არაერთი ნაკვეთის ფართის ხარჯზე, ისე, რომ დღის წესრიგში არ დამდგარიყო სადავოდ ქცეული ჩიხის მოქცევის აუცილებლობა ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში, თანაც საგამონაკლისო წესის გამოყენებითა და მასზე სერვიტუტის გავრცელების გზით.
სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელ ჩიხს 2003 წლიდან მინიჭებული აქვს ...ის ქუჩის სახელწოდება, ამასთან, იგი საკმაოდ გრძელია და პირდაპირ უერთდება ცენტრალურ გზას, ხოლო მოსარჩელეებს მათ ნაკვეთამდე მისასვლელი სხვა გზა არ გააჩნიათ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმჟამად მოქმედი „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის #49 ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებდა განაშენიანების საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის ტერიტორიების საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრებში მოქცევას მხოლოდ სერვიტუტებისა და სხვა შეზღუდვების დადგენის პირობებში, თუმცა აღნიშნული დანაწესი წარმოადგენდა საგამონაკლისო წესს და საჭიროებდა ადგილზე არსებული ვითარების არსობრივად შესწავლა-შეფასებას და სერვიტუტის კონკრეტული ფორმის განსაზღვრას, შესაბამისი დასაბუთებით. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთება, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო აპელანტთა საკუთრებაში მისასვლელი ერთადერთი ქუჩის 236 მ2-იან მონაკვეთზე მხოლოდ საფეხმავლო სერვიტუტის გავრცელება, მაშინ, როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინჟინერ-ექსპერტთა მიერ მომზადებული 2016 წლის 29 ივნისის #003798116 და 2017 წლის 18 მაისის #002772217 დასკვნებით დადასტურებული იყო, რომ ეს გზა, ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან ავტომანქანით მისასვლელადაც.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2009 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული, ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ში მდებარე „...“-ის ...ის ამხანაგობის I, II და III კორპუსების მიერ დაკავებული 25 000 მ2 მიწის ნაკვეთის გეგმის, ისევე, როგორც წინამორბედი 2009 წლის 24 აპრილის გეგმის შედგენისას, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ არ ყოფილა სათანადოდ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც ქმნიდა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 7 ოქტომბერს დამტკიცებული, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე I, II და III კორპუსებით დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. თავის მხრივ, სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ცხადყოფდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 ივლისის #309 ბრძანების უკანონობას.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ში, კორპუსი #..., კორპუსი #..., კორპუსი #...-ში მდებარე 25 000 მ2 მიწის ნაკვეთზე ფართობისა და საზღვრების დაზუსტება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მითითებული რეგისტრაციის განხორციელებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს წარმოადგენდა სწორედ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 7 ოქტომბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი გეგმის მომზადება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის #... გადაწყვეტილების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და დასაშვებად მიიჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მისი ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...მა“, ი. ს-ეემ და ზ. ყ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...ს“, ი. ს-ეისა და ზ. ყ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები; საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შუამდგომლობის განხილვა განისაზღვრა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი სასამართლოს აძლევს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის ფორმის არჩევის შესაძლებლობას, კონკრეტული საქმის თავისებურებების გათვალისწინებით. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით გადაწყვეტა, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი პრაქტიკის დამკვიდრება.
კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ სახით შევა კანონიერ ძალაში და არქიტექტურის სამსახურს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალება, ასეთი აქტი ჩაითვლება არარად, ვინაიდან იგი გამოცემული იქნება არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან არქიტექტურის სამსახურს მისი დებულებიდან გამომდინარე, არ გააჩნია მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადებისა და მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების დადგენის უფლებამოსილება.
კასატორის მითითებით, არქიტექტურის სამსახურის ფუნქციები განსაზღვრულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლში, რომელშიც დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ რისი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული არქიტექტურის სამსახურს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავალებული მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება და შესაბამისი წითელი ხაზების დადგენა კი სცდება სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებს, რამდენადაც აღნიშნული დღეის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს. ხსენებული დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მოწინააღმდეგე მხარედ ჩართულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 ივლისის #44-64 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც, მე-10 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადება/დადგენა; ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებასთან/დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება, მათი კორექტირება და სხვა; გ) საჭიროების შემთხვევაში, ქალაქგეგმარებითი მოწესრიგების მიზნით, მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიების დაგეგმარება; ვ) ტერიტორიის აზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიწის ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაციისა და ფართობის განსაზღვრა.“
ამასთან, კასატორი მიუთითებს „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის #49 ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, განაშენიანების საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის ტერიტორიების (ძირითადი გასასვლელები, შიდაკვარტალური გზები და საინჟინრო ქსელები, ბავშვთა მოედნები, სპორტული მოედნები და ნაგებობები, საერთო სარგებლობის სხვა ობიექტები) საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრებში მოქცევა შესაძლებელია მხოლოდ სერვიტუტებისა და სხვა შეზღუდვების დადგენის პირობებში. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, საქალაქო, რაიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სატრანსპორტო კვანძები, საინჟინრო მაგისტრალური კომუნიკაციები გასხვისების ზოლებით, სკვერები, პარკები, მწვანე ნარგავების მასივები არ შედის საცხოვრებელ შენობებზე მისაკუთვნებელ მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრებში არ შეიძლება მოექცეს საქალაქო, რაიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სატრანსპორტო კვანძები, განსხვავებით ძირითადი გასასვლელებისა და შიდა კვარტალური გზებისგან, რომელთა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საზღვრებში მოქცევა დასაშვებია მხოლოდ სერვიტუტის დადგენის პირობებში.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ასევე, სამსახურის ინტერაქტიული რუკით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზა, რომელიც მოქცეულია #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, წარმოადგენს შიდაკვარტალურ გზას. ასევე, დადგენილია, რომ ხსენებული ტერიტორია დატვირთულია სერვიტუტით.
შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სამსახურის მიერ 2009 წლის 7 ოქტომბრის ცვლილება კანონიერად განხორციელდა. ამასთან, ცვლილება არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებას აპელანტების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მხარეს. მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზა უკვე მოქცეული იყო #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში სერვიტუტის დატანით.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ძირითადად იმეორებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრის მოტივებს. ამასთან, კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #39-18 დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია გეგმარებითი მიზნების განსახორციელებლად სატრანსპორტო ქსელის ელემენტების სამ იერარქიულ დონედ დაყოფა: ა) პირველადი - მაღალი გამტარობისა და ჩქარი ბმების შემცველი ქალაქის ძირითადი სატრანზიტო ქსელი. უზრუნველყოფს გრძელ მანძილზე გადაადგილებას ქალაქის მოშორებით განთავსებულ ერთეულებსა და სტრუქტურულ ელემენტებს შორის. ასევე მოიცავს სატრანსპორტო სისტემის საქალაქთაშორისო ელემენტებს; ბ) მეორადი - უზრუნველყოფს პირველადი ქსელის სტრუქტურების კავშირს სატრანსპორტო ქსელის ლოკალურ ობიექტებთან და მიმართავს სატრანსპორტო ნაკადებს შიდასაუბნო და უბანთაშორის დონეზე; გ) მესამეული - დაბალი გამტარობის ქუჩათა ქსელი. უზრუნველყოფს შიდაკვარტალურ და სამეზობლო კავშირებს. მათი განვითარება მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს ფეხმავალთა ინტერესებისა და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფაზე.
ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 22 ოქტომბერს მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა დამტკიცებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, სადავო აქტით განხორციელდა მხოლოდ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 10 სექტემბერს დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის გეგმაში ცვლილების შეტანა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხსენებული ცვლილება არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებას საჩივრის ავტორების კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხარეს. მოცემული დროისათვის, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზა უკვე მოქცეული იყო #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, სერვიტუტის დატანით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კორექტირება მოიაზრებს მხოლოდ სერვიტუტის ფართობის გაზრდას, კასატორისათვის გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, რა გავლენა შეიძლება იქონიოს გასაჩივრებულმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა მოსარჩელეთა უფლებებსა და ინტერესებზე.
ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და დავის მის საფუძველზე გადაწყვეტას. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 7 ოქტომბერს მომზადებული ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ში, „...-ის“ I, II და III ...ის ამხანაგობის კორპუსების მიერ დაკავებული 25000 მ2 მიწის ნაკვეთის გეგმის, „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის #... გადაწყვეტილების, ასევე, „კ. ა-იის, გ. ა-იისა და შ. კ-იის წარმომადგენლის - თ. ნ-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 ივლისის #309 ბრძანების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კ. ა-იის, გ. ა-იისა და შ. კ-იის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ა-იის, გ. ა-იისა და შ. კ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 7 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის გეგმა. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, როგორც მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ასევე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმული ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...ს“, ი. ს-ეისა და ზ. ყ-ას მიერ. თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...ს“, ი. ს-ეისა და ზ. ყ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველად წარმოებაში მიღებული საკასაციო საჩივრების ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას. თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას.
ამასთან, რამდენადაც გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ხოლო მესამე პირების - ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...ს“, ი. ს-ეისა და ზ. ყ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიის პროცესუალურ შესაძლებლობას.
თავის მხრივ, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ არც მოსარჩელეებს, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის #49 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მრავალბინიანი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც გააჩნია საზღვარი, დადგენილი კოორდინატები, ადგილმდებარეობა და არის რეგისტრირებული. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობა და არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განაშენიანების საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის ტერიტორიების (ძირითადი გასასვლელები, შიდაკვარტალური გზები და საინჟინრო ქსელები, ბავშვთა მოედნები, სპორტული მოედნები და ნაგებობები, საერთო სარგებლობის სხვა ობიექტები) საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრებში მოქცევა შესაძლებელია მხოლოდ სერვიტუტებისა და სხვა შეზღუდვების პირობების დადგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, საქალაქო, რაიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სატრანსპორტო კვანძები, საინჟინრო მაგისტრალური კომუნიკაციები გასხვისების ზოლებით, სკვერები, პარკები, მწვანე ნარგავების მასივები არ უნდა იქნეს მოქცეული საცხოვრებელ შენობებზე მისაკუთვნებელ მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფიზიკური პირების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: #...) წითელი ხაზებშია მოქცეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელეების - კ. ა-იის, გ. ა-იის, შ. კ-იის, ასევე, ვასილ კახელიშვილის სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებამდე (საკადასტრო კოდი: #..., #...) მისასვლელი ჩიხი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელად და ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში სერვიტუტის დატანით (212 მ2), თავდაპირველად, ასახულ იქნა 2007 წლის 4 ივლისს, ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ, ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, წყნეთის გზატკეცილი მე-4 ჩიხის #7-ის სახლთმფლობელობის მიერ დაკავებული 2050 მ2 მიწის ნაკვეთის გეგმაზე, რომელიც მომზადებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 25.10.2006წ. გაცემული გეგმისა და ქალაქ თბილისის მთავრობის 31 იანვრის #02.12.54 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული ვითარება, ასევე, შენარჩუნებულ იქნა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, 2009 წლის 24 აპრილს მომზადებულ, ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ში მდებარე „...-ის“ I, II და III ...ის ამხანაგობის კორპუსების მიერ დაკავებული 25 000 მ2 მიწის ნაკვეთის გეგმაზეც, რომელზეც აღნიშნულ იქნა, რომ ეს უკანასკნელი უნდა განიხილებოდეს 2007 წლის 4 ივლისს, ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებულ გეგმასთან ერთად. ამასთან, სადავოდ ქცეული ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 7 ოქტომბერს მომზადებული, ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ში, მდებარე „...-ის“ I, II და III ...ის ამხანაგობის კორპუსების მიერ დაკავებული, 25 000 მ2 მიწის ნაკვეთის გეგმიდან კი ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთის გეგმა კორექტირებულია სერვიტუტის დატანით და უნდა განიხილებოდეს 2009 წლის 24 აპრილს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებულ გეგმასთან ერთად. ამავე გეგმის თანახმად, ფეხით მოსიარულეთა სერვიტუტი განისაზღვრა 236 მ2-ით (სავარაუდოდ, დამატებულია სს „თე...ის“ კუთვნილი ელექტო-ქვესადგურის წინ არსებული ფართი).
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გაკეთებულ შეფასებას, რომ სადავოდ ქცეულ - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 7 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის გეგმასთან ერთად, სამართლებრივი ძალა შეინარჩუნა 2007 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებულმა და 2009 წლის 24 აპრილს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილმა მიწის ნაკვეთის გეგმებმაც. ამასთან, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 7 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის გასაჩივრებული გეგმით უფრო წინარე პერიოდის მიწის ნაკვეთის გეგმების (04.07.2007წ., და 24.04.2007წ.) კორექტირება განხორციელდა მხოლოდ სერვიტუტის ფართობის ნაწილში. კერძოდ, ფეხით მოსიარულეთა სერვიტუტის ფართობი განისაზღვრა წინარე გეგმებზე დატანილ სერვიტუტთან შედარებით 24 მ2-ით მეტ ფართობზე და ჯამურად მოიცვა 236 მ2. ასევე, დაკონკრეტდა, რომ სერვიტუტი უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ მიმდებარედ არსებული ელექტროჯიხურის ტერიტორიამდე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უდავოა, რომ წითელი ხაზების დადგენას მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობის და საზღვრების გამიჯვნის დატვირთვა გააჩნდა. ამდენად, 2009 წლის 7 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის გასაჩივრებული გეგმის შედგენისას, 04.07.2007წ. და 24.04.2007წ. მიწის ნაკვეთის გეგმების ძალაში ყოფნის პირობებში, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სათანადო გამოკვლევას, შეფასებას და დასაბუთებას უპირობოდ უნდა დაქვემდებარებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორად იქნა დადგენილი ამხანაგობის კორპუსების მიერ დაკავებული 25 000 მ2 მიწის ნაკვეთის წითელი ხაზები, რატომ მოექცა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზა და გააჩნია თუ არა ფუნქციური დანიშნულება ამ გზას მის მიმდებარედ განლაგებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებელთა მათ ბინამდე გადაადგილებისათვის.
საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა/დასაბუთება, თუ რა გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების სადავო გეგმაზე არსებული კონფიგურაციით დადგენა და რა არსებითი დამაბრკოლებელი გარემოება არსებობდა იმისა, რომ ვერ განხორციელდა ხსენებული ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართის უცვლელად კორექტირება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე არაერთი ნაკვეთის ფართის ხარჯზე, ისე, რომ დღის წესრიგში არ დამდგარიყო სადავოდ ქცეული ჩიხის მოქცევის აუცილებლობა ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში, თანაც საგამონაკლისო წესის გამოყენებითა და მასზე სერვიტუტის გავრცელების გზით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელს ჩიხს 2003 წლიდან მინიჭებული აქვს ...ის ქუჩის სახელწოდება, ამასთან, იგი საკმაოდ გრძელია და პირდაპირ უერთდება ცენტრალურ გზას, ხოლო მოსარჩელეებს მათ ნაკვეთამდე მისასვლელი სხვა გზა არ გააჩნიათ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის #49 ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებდა განაშენიანების საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის ტერიტორიების საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრებში მოქცევას მხოლოდ სერვიტუტებისა და სხვა შეზღუდვების პირობების დადგენის შემდგომ, თუმცა აღნიშნული დანაწესი წარმოადგენდა საგამონაკლისო წესს და საჭიროებდა ადგილზე არსებული ვითარების არსობრივად შესწავლა-შეფასებას და სერვიტუტის კონკრეტული ფორმის განსაზღვრას, შესაბამისი დასაბუთებით. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე წარმოდგენილა ადმინისტრაციულ ორგანოთა დასაბუთება, თუ რამდენად მიზანშეწონილია მოსარჩელეთა საკუთრებაში მისასვლელი ერთადერთი ქუჩის 236 მ2-იან მონაკვეთზე მხოლოდ საფეხმავლო სერვიტუტის გავრცელება, მაშინ, როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინჟინერ-ექსპერტთა მიერ მომზადებული 2016 წლის 29 ივნისის #003798116 და 2017 წლის 18 მაისის #002772217 დასკვნებით დადასტურებულია, რომ ეს გზა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან ავტომანქანით მისასვლელადაც.
რაც შეეხება კასატორის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მსჯელობას იმის შესახებ, რომ იგი არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენაზე კომპეტენტურ ორგანოს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის #ბს-373(3კ-22) განჩინებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ საქმესთან მიმართებით განმარტა, რომ „მარტოოდენ ზემოაღნიშნული ვერ განაპირობებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივართა დასაშვებად ცნობას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების დროს, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად კონკრეტული კომპეტენციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაცემა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.“
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის #ბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).“
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) საკასაციო საჩივარზე 05.08.2022წ. #01271 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.08.2022წ. #01271 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა