Facebook Twitter

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ

№ზ-639-6(2ა-22) 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის №ბს-592(კს-22) განჩინებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის №ბს-592(კს-22) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ეის განცხადებების დასაშვებობის საკითხი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო; გ. ბ-ეის კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბერის დამატებით განჩინებაზე დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო; გ. ბ-ეის კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

2022 წლის 24 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ეემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით განმცხადებელ გ. ბ-ეეს განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა საპროცესო ვადა 7 დღე, სააპელაციო პალატის განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან და დაევალა განცხადებაში მიეთითებინა: ა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებაზე; ბ. იმის შესახებ, თუ რა საფუძვლით და რა ფარგლებში მოითხოვდა განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას; გ. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. ამავე განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, განცხადება დარჩებოდა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეეს განცხადებაზე დადგენილი ხარვეზების შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო; ხოლო გ. ბ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - გ. ბ-ეეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული და ხელმოწერილი კერძო საჩივრის დედანი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში, ასევე - შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლე მაია ვაჩაძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ეის კერძო საჩივარი. ამავე განჩინებით გ. ბ-ეეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2022 წლის 12 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორმა - გ. ბ-ეემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება მოითხოვა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად გ. ბ-ეე გათავისუფლდება კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე. ამავე განცხადებით კერძო საჩივრის ავტორმა მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილება მოითხოვა. ამასთან, 2022 წლის 12 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორმა მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოადგინა განცხადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ეის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

2022 წლის 31 ოქტომბერს გ. ბ-ეემ განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოსამართლეების - მაია ვაჩაძის, გოჩა აბუსერიძისა და ბიძინა სტურუას აცილება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად განმცხადებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე მიუთითებს და საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს. მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად განმცხადებელი ასევე მიუთითებს მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილ განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ მოსამართლე გოჩა აბუსერიძე ე. წ-ის საქმის გამო დაინტერესებულია მოცემული საქმის არაპირდაპირი შედეგით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლეების - მაია ვაჩაძის, გოჩა აბუსერიძისა და ბიძინა სტურუას აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ეის განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადებები განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას. კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად განმცხადებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე მიუთითებს და საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს. მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად განმცხადებელი ასევე მიუთითებს მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილ განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ მოსამართლე გოჩა აბუსერიძე ე. წ-ის საქმის გამო დაინტერესებულია მოცემული საქმის არაპირდაპირი შედეგით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებლის მიერ მითითებულია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე, თუმცა კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, გ. ბ-ეისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების მიღების წინაპირობას თავად კერძო საჩივრის ავტორის - გ. ბ-ეის განცხადება წარმოადგენდა, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორმა – გ. ბ-ეემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება მოითხოვა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად გ. ბ-ეე გათავისუფლდებოდა კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ. აღნიშნული განჩინების მიხედვით, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის უსწორობას, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინებაში უსწორობის გასწორების პროცესუალური წინაპირობა. საკასაციო სასამართლომ გ. ბ-ეის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხზე და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის არსიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განხილვის უზრუნველსაყოფად გ. ბ-ეეს უნდა გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადებით გ. ბ-ეემ განახორციელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვა კერძო საჩივარზე, რაც კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად განმცხადებლის მიერ დასახელებულ გარემოებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილების შესახებ გ. ბ-ეის შუამდგომლობაზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლომ შეაფასა როგორც გ. ბ-ეის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი განცხადება მოსამართლეთა აცილების თაობაზე, ასევე, 2022 წლის 12 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოსამართლის აცილების საფუძვლების არსებობა. მოსამართლე გოჩა აბუსერიძის მონაწილეობა სხვა საქმის განხილვაში ასევე არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე მისი აცილების კანონისმიერ საფუძველს, ასევე დაუსაბუთებელია განმცხადებლის მითითება სხვა საქმის გამო მოცემული საქმის არაპირდაპირი შედეგით მოსამართლის დაინტერესების თაობაზე. ამდენად, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის პრეტენზია საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის - გოჩა აბუსერიძის აცილების საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და არა მითითებული კოდექსის 423-ე მუხლის მიხედვით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის №ბს-592(კს-22) განჩინებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის №ბს-592(კს-22) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ეის განცხადებები განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის №ბს-592(კს-22) განჩინებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის №ბს-592(კს-22) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ეის განცხადებები განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა